საქმე №ას-1486-2018 23 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ძ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „კ-მა“ (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ძ-ს“ (შემდგომში − „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 88 163,41 ლარის გადახდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის პირველი თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად, აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის − 3526,54 ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაზუსტება. აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10-დღიანი ვადა განჩინების ასლის გადაცემიდან. 2018 წლის პირველი თებერვლის განჩინება 2018 წლის 2 მაისს ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს (დირექტორს) − გ. ს-ეს, პირადად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით.
7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლებით, ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით, 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და მიუთითა, რომ ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის დენა 2018 წლის 3 მაისიდან დაიწყო და 2018 წლის 14 მაისს ამოიწურა. აპელანტს მითითებული ხარვეზი არ შეუვსია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
9. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
9.1. სააპელაციო საჩივარში მითითებული იყო, რომ აპელანტი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა სრულად, ითხოვდა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას. ნათელია, რომ აპელანტი, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თავისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას ითხოვდა. ამდენად, აპელანტს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნები სრულად აქვს დაცული და გაუგებარია თუ რატომ მოითხოვა სააპელაციო სასამართლომ იმ მოთხოვნის დაზუსტება, რომელიც ისედაც მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული;
9.2. სააპელაციო საჩივარში აპელანტმა იშუამდგომლა სასამართლო პროცესის დასრულებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ, ვინაიდან კომპანიაში შექმნილია მძიმე ფინანსური მდგომარეობა და მას არ აქვს შემოსავალი. ამასთან, კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დიდი დავალიანება აქვს, რის გამოც მთელი მისი ქონება დაყადაღებულია და საბანკო ანგარიშებზე წარდგენილია ინკასო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა აპელანტს უარი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობაზე, რის გამოც აპელანტს არ მიეცა თავისი ინტერესების დაცვის შესაძლებლობა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
14. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი, სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
15. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის პირველი თებერვლის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამავე განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს დაევალა 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის − 3526,54 ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაზუსტება. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი (იხ. ტ.2. ს.ფ. 4-6).
16. დადგენილია ასევე და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება 2018 წლის 2 მაისს ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს (დირექტორს) − გ. ს-ეს, პირადად (იხ. ტ.2. ს.ფ. 16). სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა ამოიწურა 2018 წლის 12 მაისს, რომელიც იყო შაბათი, შესაბამისად, აპელანტს ხარვეზის გამოსწორება შეეძლო 2018 წლის 14 მაისის ჩათვლით, თუმცა მას დაკისრებული საპროცესო მოვალეობა არ შეუსრულებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ საპროცესო ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც სასამართლოსთვის მიუმართავს შუამდგომლობით, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები.
18. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა აპელანტს უარი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობაზე.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკითხს იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი სასამართლოს მიერ მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
20. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი. სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს. მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
21. მოცემულ შემთხვევაში, მხარემ (აპელანტმა), მართალია, იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე მძიმე ფინანსური მდგომარეობის საფუძვლით სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, თუმცა გადახდისუუნარობის დასადასტურებლად მან სასამართლოს მხოლოდ შემოსავლების სამსახურის შედარების აქტი წარუდგინა (იხ. ტ.1. ს.ფ. 156). სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტი ვერ ასაბუთებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძვლების არსებობას. აღნიშნულს იზიარებს საკასაციო სასამართლოც, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ შემოსავლების სამსახურის შედარების აქტი არ შეიძლება მივიჩნიოთ მხარის ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად. მისი განხილვა შესაძლებელია მხოლოდ მხარის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რომლებიც სააპელაციო საჩივრის ავტორს არ წარუდგენია. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, რადგან აპელანტმა ვერ დაასაბუთა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძვლების არსებობა, სააპელაციო სასამართლომ მას მართებულად უთხრა უარი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
22. რაც შეეხება კერძო საჩივარზე დართულ მტკიცებულებებს − შემოსავლების სამსახურის შედარების აქტი (განახლებული), ზოგადი ინფორმაცია შემოსავლების სამსახურიდან და ინფორმაცია გადამხდელის შესახებ (იხ. ტ.2. ს.ფ. 28; 29; 30), საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ამ მტკიცებულებებიდან აპელანტს სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ შემოსავლების სამსახურის შედარების აქტი ჰქონდა წარდგენილი, რომელიც, როგორც აღინიშნა, უტყუარად არ ადასტურებს მხარის მძიმე ქონებრივ მდგომარეობას. ის მტკიცებულებები კი, რომლებიც მხარეს სააპელაციო სასამართლოსთვის არ წარუდგენია (ზოგადი ინფორმაცია შემოსავლების სამსახურიდან და ინფორმაცია გადამხდელის შესახებ), საკასაციო ინსტანციაში სამართალწარმოებისათვის დადგენილი თავისებურების გათვალისწინებით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილი), ამასთანავე, რადგანაც ეს დოკუმენტები კერძო საჩივრის საფუძვლიანობას არ ადასტურებს (არ მიუთითებს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მიღებული განჩინების უსწორობას), საკასაციო სასამართლოს შეფასებისა და მსჯელობის საგანი ვერ გახდება.
23. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი კერძო საჩივრის ავტორის ვერც ის შედავება გახდება, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული და არ საჭიროებდა დაზუსტებას. აღნიშნული პრეტენზია ვერ გადაფარავს იმ ფაქტს, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარი მხოლოდ ამ ნაწილში არ ყოფილა მიჩნეული ხარვეზიანად და 2018 წლის პირველი თებერვლის განჩინებით (ხარვეზის დადგენის შესახებ) აპელანტს ასევე დავალებული ჰქონდა სააპელაციო სასამართლოში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, თუმცა აპელანტს ხარვეზი არც ამ ნაწილში შეუვსია. შესაბამისად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნული პრეტენზია.
24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, დასახელებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
26. მოცემული ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ საპროცესო ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც სასამართლოსთვის მიუმართავს შუამდგომლობით, სააპელაციო პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას საკუთარი ინიციატივით გაეგრძელებინა ვადა აპელანტისთვის, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობებს ქმნიდა.
27. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).
28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მესამე ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).
29. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად. ამგვარად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ძ-ს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე