საქმე №ას-1456-2018 11 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ბ. მ–ი (განმცხადებელი)
მოწინააღმდეგე მხარე – კ. ლ-ე (მოპასუხე)
მოსარჩელე - შ. მ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უფლებამონაცვლედ ცნობა, საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2011 წლის 22 ივლისს შ. მ–მა (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. ლ-ის (შემდგომში − „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულებიდან გასვლა და უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, გ. (საკადასტრო კოდი: №0-...), საკუთრების უფლებით მის სახელზე აღრიცხვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
8. 2017 წლის 27 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ბ. მ–მა (შემდგომში − „განმცხადებელი“) სამოქალაქო საქმეში (№2ბ/971-12) მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობის და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით განმცხადებლის განცხადება მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
10. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტზე, ამავე კანონის 24-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე აღარ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დაშვებული მხარის უფლებამონაცვლით შეცვლის საფუძველი.
11. სააპელაციო პალატის მითითებით, გარდა იმისა, რომ მოცემული დავა დასრულდა და აღარ არსებობდა სამართლებრივი ურთიერთობა, აღნიშნულ საქმეზე ვერ გაიცემოდა სააღსრულებო ფურცელი და ვერ მოხდებოდა მისი აღსრულება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო. ამდენად, განმცხადებელს არ გააჩნდა აღნიშნულ საქმეში მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობის კანონიერი ინტერესი. შესაბამისად, არ არსებობდა უფლებამონაცვლეობის დადგენის სამართლებრივი საფუძველი. სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ უფლებამონაცვლეობის დადგენის შემთხვევაში ვერ მიიღწეოდა რაიმე სამართლებრივი შედეგი.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა განმცხადებელმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
13. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
13.1. საქმეს განიხილავდა სააპელაციო სასამართლო, თუმცა განხილვა შეჩერდა მოსარჩელის (განმცხადებლის მამის) გარდაცვალების გამო;
13.2. მას შემდეგ, რაც მიიღო მემკვიდრეობა და სამემკვიდრეო მოწმობა, განმცხადებელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და გამოითხოვა საქმის მასალები. განმცხადებელს გადასცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხე მ. ო–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 12 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;
13.3. სააპელაციო სასამართლომ დაუშვა ტექნიკური შეცდომა და სხვა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იმსჯელა.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
18. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საქმის განხილვისას, ისევე, როგორც მისი დასრულების შემდეგ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზეც დასაშვებია კანონით დადგენილ შემთხვევაში ერთ-ერთი მხარის შეცვლა სხვა პირით. მოდავე მხარის ნაცვლად მისი უფლებამონაცვლის ჩაბმა დაკავშირებულია ამა თუ იმ საფუძვლით მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან მის გასვლასთან, რა დროსაც მხარე კარგავს და სხვა პირს გადასცემს თავის საპროცესო სტატუსს. ამგვარი საპროცესო უფლებამონაცვლეობა მჭიდროდაა დაკავშირებული მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობებში შესაძლო უფლებამონაცვლეობასთან, კერძოდ, თუ უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით, იგი დასაშვებია პროცესუალურადაც. ამდენად, საპროცესო უფლემონაცვლეობა შეუზღუდავი არ არის და ხორციელდება კანონით დადგენილ ფარგლებში.
19. სხვა პირის უფლებამონაცვლედ დავაში ჩაბმულ მხარეს იგივე საპროცესო უფლებები და მოვალეობანი გააჩნია, რაც მის წინამორბედ პირს, რომლის მონაწილეობითაც მანამდე მიმდინარეობდა საქმის წარმოება. ამავდროულად, საქმის წარმოების პროცესში უფლებამონაცვლეობის დადგენამდე მხარედ ჩაბმული პირის მიერ განხორციელებული ყველა საპროცესო მოქმედება ძალაში რჩება უფლებამონაცვლის მიმართაც, ხოლო წინამორბედი მხარის მიერ შესრულებული მოქმედებები შესრულებულად ეთვლება უფლებამონაცვლესაც.
20. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრით სადავოდაა გამხდარი საკითხი იმის შესახებ, არსებობდა თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელის უფლებამონაცვლედ განმცხადებლის ცნობის საფუძველი.
21. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი მოპასუხის მიმართ არ დაკმაყოფილდა (საქმე №2/8197-11). თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 21 ივნისის განჩინებით უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება (საქმე №2ბ/971-12). უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 12 დეკემბრის განჩინებით კი მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად (საქმე №ას-1255-1184-2012). შესაბამისად, კანონიერ ძალაში შევიდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
22. დადგენილია ასევე, რომ 2017 წლის 27 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა განმცხადებელმა და მოითხოვა სამოქალაქო საქმეში − №2ბ/971-12, მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობა და საქმის წარმოების განახლება (იხ. ტ.3. ს.ფ. 2). თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით განცხადება მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
23. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და მიუთითებს, რომ რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (შესაბამისად, არც სააღსრულებო ფურცლის ამოწერის საფუძველი არსებობდა) და დავა დასრულდა, მოცემულ საქმეზე აღარ არსებობდა მხარის უფლებამონაცვლით შეცვლის საფუძველი. ამდენად, განმცხადებელს მართებულად ეთქვა უარი მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე.
24. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ მისი განცხადების განხილვისას დაუშვა ტექნიკური შეცდომა და იმსჯელა სხვა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
25. კერძო საჩივრის ავტორი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად უთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხე მ. ო–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 12 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი თან ერთვის კერძო საჩივარს (იხ. ტ.3. ს.ფ. 12-18). წარმოდგენილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხე მ. ო–ს მოსარჩელის სასარგებლოდ მართლაც დაეკისრა 12 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, თუმცა საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ნომერია − №2/7802-13, განმცხადებელმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე წარდგენილი შუამდგომლობით კი მოითხოვა მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობა სამოქალაქო საქმეში − №2ბ/971-12 (იხ. ტ.3. ს.ფ. 2).
26. საქმის მასალებით დადგენილია, რომ №2ბ/971-12 სააპელაციო სასამართლოში მიენიჭა იმ საქმეს, რომლითაც განიხილებოდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებაზე, საქმე №2/8197-11 (იხ. წინამდებარე განჩინების 21-ე პუნქტი).
27. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ მიმართვაზე, რომლითაც ირკვევა, რომ მოსამართლის თანაშემწემ განმცხადებლის განცხადების განხილვის მიზნით სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივის განყოფილებიდან გამოითხოვა სამოქალაქო საქმე − №2ბ/971-12 (იხ. ტ.3. ს.ფ. 4), რის საპასუხოდაც სააპელაციო სასამართლოში გადაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2011 წელს განხილული სამოქალაქო საქმე − №2/8197 (სამოქალაქო საქმის − №2ბ/971-12, შესაბამისი საქმის ნომერი პირველი ინსტანციის სასამართლოში) (იხ. ტ.3. ს.ფ. 5).
28. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ სააპელაციო სასამართლომ უფლებამონაცვლეობის დადგენის თაობაზე სწორედ იმ გადაწყვეტილებასთან მიმართებით იმსჯელა, რომლის ნომერიც იყო მითითებული განცხადებაში.
29. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თუკი განმცხადებელს უფლებამონაცვლეობის დადგენა სურს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებასთან მიმართებით (საქმის ნომერი − №2/7802-13), მას შეუძლია განმეორებით მიმართოს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, რომელშიც სწორად იქნება მითითებული საქმის ნომერი.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე. ამდენად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ბ. მ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე