Facebook Twitter

საქმე №ას-1407-2018 28 იანვარი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი/მ ჯ. ჭ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ „ქ.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ი/მ ჯ. ჭ-ემ (შემდგომში − „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ „ქ-ის“ (შემდგომში − „მოპასუხე“) მიმართ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის გამოსასწორებლად აპელანტს დაევალა 7 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა დაზუსტებული და დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 2018 წლის 27 ივნისს პირადად.

7. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 73-ე მუხლების პირველი ნაწილებით, ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით, 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 28 ივნისს და ამოიწურა 2018 წლის 4 ივლისს. სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ აპელანტის წარმომადგენელმა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ წარადგინა განჩინებით დადგენილი ვადის დარღვევით, 2018 წლის 6 ივლისს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

9. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

9.1. გასაჩივრებულ განჩინებაში არასწორად არის მითითებული, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის განჩინება აპელანტს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 2018 წლის 27 ივნისს პირადად. 2018 წლის 31 მაისის განჩინება აპელანტს პირადად არ ჩაბარებია. აპელანტი 2018 წლის 27 ივნისს იმყოფებოდა შპს „ა------ს“ კლინიკაში, სადაც მას მარცხენა თვალზე ჩაუტარდა ფაკოემულსიფიკაცია უკანა საკნის ხელოვნური ბროლის იმპლანტაციით;

9.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გზავნილი 2018 წლის 27 ივნისს ჩაიბარა აპელანტის შვილმა, ჯ. ჭ-ემ, რომელმაც განჩინება აპელანტს გადასცა 2018 წლის 4 ივლისის საღამოს. აპელანტმა მეორე დღესვე გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დაზუსტებულ სააპელაციო საჩივართან ერთად სააპელაციო სასამართლოში გააგზავნა 2018 წლის 5 ივლისს.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

15. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი, სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

16. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და ხარვეზის შესავსებად აპელანტს განესაზღვრა 7-დღიანი საპროცესო ვადა. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი (იხ. ტ. 2. ს.ფ. 3-7).

17. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის გასაჩივრებულ განჩინებას იმ საფუძვლით, რომ 2018 წლის 31 მაისის განჩინება (ხარვეზის დადგენის შესახებ) აპელანტს პირადად არ ჩაბარებია და აღნიშნული განჩინება ჩაიბარა აპელანტის შვილმა, ჯ. ჭ-ემ.

18. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის აღნიშნულ პრეტენზიას და მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ საფოსტო უკუგზავნილზე, რომლითაც დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე და 2018 წლის 27 ივნისს ჩაბარდა პირადად, რაც დადასტურებულია გზავნილის მიმღების ხელმოწერით (იხ. ტ. 2. ს.ფ. 9).

19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მოქმედი მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორს საფოსტო უკუგზავნილით დადგენილი გარემოების გამაქარწყლებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

20. კერძო საჩივრის ავტორი საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად უთითებს, რომ აპელანტი 2018 წლის 27 ივნისს იმყოფებოდა შპს „ა-ს“ კლინიკაში, სადაც მას მარცხენა თვალზე ჩაუტარდა ფაკოემულსიფიკაცია უკანა საკნის ხელოვნური ბროლის იმპლანტაციით, რის შესახებაც წარმოადგინა სამედიცინო ცნობა.

21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობა არ გამორიცხავს აპელანტის მიერ განჩინების პირადად ჩაბარების შესაძლებლობას, რამდენადაც აღნიშნულ ცნობაში პაციენტის გაწერის დროდ მითითებულია 2018 წლის 27 ივნისის 13:00 საათი, საფოსტო უკუგზავნილიდან კი ირკვევა, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე კურიერის ვიზიტი განხორციელდა 2018 წლის 27 ივნისს, 15:13 საათზე.

22. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თუნდაც დასტურდებოდეს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების აპელანტის შვილისათვის ჩაბარების ფაქტი, აღნიშნული გარემოება მაინც არ წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.

23. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე აპელანტის ოჯახის წევრის მიერ სასამართლო გზავნილის ჩაბარება და აღნიშნულის საკუთარი ხელმოწერით დადასტურება წარმოშობს პრეზუმფციას, რომ სასამართლო უწყება ჩაიბარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა პირმა. აღნიშნული პრეზუმფციის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი ეკისრება კერძო საჩივრის ავტორს. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი ვერ აქარწყლებს სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ გზავნილი ჩაიბარა პირადად აპელანტმა, თუმცა რომც დასტურდებოდეს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების აპელანტის შვილის მიერ ჩაბარების ფაქტი, კერძო საჩივრის ავტორს შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის გზით (რაც მის მოვალეობას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად) არ დაუსაბუთებია თუ რატომ არ უნდა ყოფილიყო მიჩნეული მოსარჩელის შვილი გზავნილის ჩაბარებაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ უფლებამოსილ სუბიექტად.

25. ამდენად, დადასტურებულია, რომ აპელანტს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

27. ზემოაღნიშნულ ნორმათა ურთიერთშეჯერებისა და საქმეში არსებული მასალების შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ აპელანტისთვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი 7-დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო ხარვეზის განჩინების მისთვის ჩაბარების მომდევნო დღეს − 2018 წლის 28 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 4 ივლისს. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის. ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარსა და დაზუსტებულ სააპელაციო საჩივართან ერთად, აპელანტის წარმომადგენელმა მერაბ დაღელაშვილმა სააპელაციო სასამართლოში ფოსტის მეშვეობით გააგზავნა საპროცესო ვადის ამოწურვის შემდეგ, ერთი დღის დაგვიანებით, 2018 წლის 5 ივლისს (იხ. ტ. 2. ს.ფ. 23).

28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

29. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, შესაბამისად, მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც საჩივრის ავტორმა წარდგენილი კერძო საჩივრით ვერ გააქარწყლა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მის მიერ ხარვეზის დაგვიანებით შევსების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი/მ ჯ. ჭ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე