საქმე №ას-773-773-2018 14 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ს-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ--ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2014 წლის 4 ოქტომბერს მ. ს-მა (შემდგომში - „მოპასუხე“) შპს „გ-ისაგან“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) შეიძინა სტომატოლოგიური ვაკუუმური ღუმელი 5600 ლარად.
2. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 4000 ლარის დაკისრება.
3. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ საქონლის ღირებულებიდან გადაიხადა მხოლოდ 1600 ლარი, ხოლო დარჩენილი 4000 ლარის გადახდას თავს არიდებს.
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მის მიერ სრულად არის ანაზღაურებული ღუმელის ღირებულება.
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ვალდებულება სრულად ჰქონდა შესრულებული.
7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4000 ლარის გადახდა.
9. სააპელაციო სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი ჰქონდა მარტივი (არაკვალიფიციური) შესაგებელი, რომელშიც მხოლოდ იმ გარემოებაზე უთითებდა, რომ მას სრულად ჰქონდა ანაზღაურებული მოსარჩელისაგან ნაყიდი ნივთის ღირებულება. ამასთან, მოპასუხეს შესაგებელში არ ჰქონდა მითითებული ამ გარემოების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებაზე. შესაბამისად, მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი (პასუხი) არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების მოთხოვნებს.
10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილი იყო ნასყიდობის ხელშეკრულებიდან [სსკ-ის 477.1 მუხლი]. სადავო არ იყო, რომ გამყიდველმა (მოსარჩელემ) 5600 ლარად ღირებული სტომატოლოგიური ვაკუუმური ღუმელი მიაწოდა მოპასუხეს და ამ უკანასკნელს წარმოეშვა დასახელებული თანხის გადახდის ვალდებულება. სააპელაციო პალატამ მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტიდან გამომდინარე, აღნიშნა, რომ მოსარჩელემ დაადასტურა ნასყიდობის ხელშეკრულების დადება და ვადამოსული ვალდებულების არსებობა. შესაბამისად, მტკიცების ტვირთი გადავიდა მოპასუხეზე, რომელსაც კანონით დადგენილი სახის მტკიცებულებებით უნდა დაედასტურებინა ვალდებულების შესრულების ფაქტი.
11. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილით [კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი], მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის №ას-1541-1547-2011 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა დამოკიდებულია მოვალის სურვილზე. არსებობს უამრავი ფაქტორი, რამაც შესაძლოა განაპირობოს მოვალის მიერ ამ საბუთის მიუღებლობა, მაგალითად, მისი წინდაუხედობა, პარტნიორის მიმართ გადამეტებული ნდობის არსებობა და ა.შ. საბოლოო ჯამში ეს ფაქტორები უკავშირდება მხარის რისკს და მთლიანად განაპირობებს მისი პასუხისმგებლობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. იგივე შეიძლება ითქვას სამოქალაქო კოდექსის 431-ე მუხლზეც, რომლის თანახმად მოვალეს შესრულების შესახებ დოკუმენტთან ერთად შეუძლია მოითხოვოს სავალო დოკუმენტის დაბრუნება ან გაუქმება. ასეთი დოკუმენტის გაცემის შეუძლებლობის შემთხვევაში კი, მოვალეს უფლება აქვს, მოითხოვოს ოფიციალურად დამოწმებული ცნობა იმის თაობაზე, რომ ვალდებულება შეწყვეტილია. ყველა მითითებულ შემთხვევაში კანონი მოვალეს აღჭურავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენლობა კი წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დასახელებული ნორმით განსაზღვრული მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ფაქტს (ნასყიდობის თანხის გადახდას), საქმეში წარდგენილი არ იყო, რაც აღძრული სარჩელის საფუძვლიანობას ადასტურებდა.
12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
13. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
13.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაამახვილა ყურადღება მხოლოდ იმაზე, რომ მოპასუხეს არ გააჩნია ნივთის საფასურის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება;
13.2. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა ვალდებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და, შესაბამისად, ვერ დაადასტურა მოპასუხის მხრიდან ვალდებულების არსებობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის მოთხოვნა;
13.3. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მოპასუხეს გააჩნდა ვალდებულება მის წინაშე, კერძოდ, ის, რომ მოპასუხეს ნივთის ღირებულების საფასური დარჩა გადასახდელი კონკრეტული ოდენობით. სსკ-ის 506-ე მუხლის თანახმად, განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით და ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს: ა ) ნაღდი გადახდის ოდენობა; ბ ) ნაწილ-ნაწილ გადასახადი თანხის ოდენობა და გადახდის დრო; გ ) წლიური პროცენტის ოდენობა. ასეთი მტკიცებულება მხარემ ვერ წარმოადგინა. სასამართლოს უნდა გამოეკვლია მოპასუხის მხრიდან ვალდებულების არსებობა და არა ის, გააჩნდა, თუ არა მოპასუხეს მტკიცებულება თანხის გადახდის შესახებ;
13.4. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინა სარჩელის ადეკვატური შესაგებელი. გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხე უარს ამბობდა სასარჩელო მოთხოვნაზე და ითხოვდა ვალდებულების დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენას, გაუგებარია, რატომ უნდა ჩაეთვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული ყველა ფაქტობრივი გარემოება დადგენილად;
13.5. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. სსკ-ის 431-ე მუხლზე აპელირება აბსულუტურად არ შეესაბამება მხარეთა შორის არსებულ სამართალურთიერთობას, ვინაიდან მხარის მიერ ვალის არსებობის დასადასტურებლად წარმოდგენილია სასაქონლო ზედნადების ელექტრონული ვერსია, რომელიც მუდმივად ინახება შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე, რომლის გაუქმებას მოპასუხის მოთხოვნის მიუხედავად, მოსარჩელე მხარე ვერ შეძლებდა, მისი ამობეჭდვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს. მოპასუხის ვალდებულების დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს, შესაბამისად, მხარეს არ შეეძლო მოეთხოვა სავალო დოკუმენტის არც დაბრუნება და არც გაუქმება.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
19. კასატორის პრეტენზიის თანახმად, სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მხრიდან ვალდებულების არსებობა.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის [თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს] შესაბამისად, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
21. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტისას აღნიშნული სტანდარტის გამოყენება დამოკიდებულია იმ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის შინაარსზე, რომლიდანაც გამომდინარეობს სასარჩელო მოთხოვნა, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განისაზღვრება ის ფაქტები, რომლებიც თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს. აღნიშნული ნორმით შეიძლება დადგენილი იყოს ასევე ზოგადი სტანდარტისაგან განსხვავებული მტკიცების წესი.
22. წინამდებარე დავა წარმოშობილია მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან. ნასყიდობა ორმხრივი, კონსესუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე - მყიდველს გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების [ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება] თანახმად, სსკ-ის 477-ე მუხლიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი ნაწილდება შემდეგი სახით: ხელშეკრულების დადების და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს; ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავს შესრულებას ან აძლევს შესრულების დაყოვნების (შესრულების გადადების) უფლებას.
23. აღნიშნულ დასკვნას აძლიერებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლიც [კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი], რომელიც ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია სწორედ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რომლის თანახმად, შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას იმიტომ წარმოადგენს მოვალისათვის, რომ საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მას ეკისრება. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე, რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება (იხ. სუსგ №ას-970-935-2016, 2017 წლის 18 დეკემბერი; №ას-570-541-2015, 2015 წლის 11 ნოემბერი; სუსგ №ას-1541-1547-2011; 2012 წლის 19 აპრილი).
24. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინა არაკვალიფიციური შესაგებელი, რომლითაც სადავო გახადა მხოლოდ მის მიერ საქონლის ღირებულების გადაუხდელობის ფაქტი. თუმცა სასამართლოს ვერ წარუდგინა თანხის სრულად გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება და ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება.
25. კასატორის პრეტენზია, რომ სასამართლოს უნდა გამოეკვლია არა ის, გააჩნდა, თუ არა მოპასუხეს მტკიცებულება თანხის გადახდის შესახებ, არამედ - მოპასუხის მხრიდან ვალდებულების არსებობა, დაუსაბუთებელია, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
26. ამდენად, კასატორი ვერ უთითებს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთ დარღვევაზე, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
27. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
28. კასატორს დასაბუთებული პოზიცია არ წარმოუდგენია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი აღნიშნული საფუძვლითაც არ არის დასაშვები.
29. გამომდინარე აქედან, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.
30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ. ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს მ. ს-ს (პ/ნ: 1-...) დაუბრუნდეს დ. ს-ს (პ/ნ: 3-...) მიერ 2018 წლის 25 ივნისს №12 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე