საქმე №ას-1567-2018 5 თებერვალი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – თ. და თ. ნ-ები (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ნ-ი (მოსარჩელე)
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ვ. ნ-მა (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ნ-ასა (შემდგომში − „პირველი მოპასუხე“) და თ. ნ-ას (შემდგომში − „მეორე მოპასუხე“) (შემდგომში ერთობლივად − „მოპასუხეები“, „აპელანტები“ ან „კერძო საჩივრის ავტორები“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 ოქტომბრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხეთა წარმომადგენლის შუამდგომლობა და საქმეში მოპასუხის მხარეს მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაერთო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა უძრავი ქონების, მდებარე, ქალაქი თბილისი, ვ., ფართი: 86,13 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0-..., მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.
5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 აპრილის განჩინებით აპელანტებს უარი ეთქვათ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე, ასევე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზეც და გაუგრძელდათ საპროცესო ვადა ხარვეზის შესავსებად. სააპელაციო პალატამ საქმეში წარდგენილი საფოსტო უკუგზავნილებით გამოარკვია, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება 2018 წლის 6 ივნისს პირადად ჩაბარდა მეორე მოპასუხეს, 2018 წლის 7 ივნისს კი − პირველი მოპასუხის დედას, ნ ქ-ს.
8. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ხარვეზის შევსების 7-დღიანი საპროცესო ვადის ათვლა მეორე მოპასუხისათვის დაიწყო 2018 წლის 7 ივნისიდან, პირველი მოპასუხისათვის კი − 2018 წლის 8 ივნისიდან და იგი მეორე მოპასუხისათვის ამოიწურა 2018 წლის 13 ივნისს, ხოლო პირველი მოპასუხისათვის − 2018 წლის 14 ივნისს, თუმცა აპელანტებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოასწორეს ხარვეზი, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
10. კერძო საჩივრის ავტორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითეს, რომ მათ ჩაბარდათ ხარვეზის დადგენის შესახებ პირველი განჩინება. მეორე განჩინება (ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ) კი არ ჩაბარებიათ.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
14. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
16. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
17. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და ხარვეზის შესავსებად აპელანტებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 3 დღე (იხ. ტ. 2. ს.ფ. 3-5). ხარვეზის შევსებისთვის დადგენილ ვადაში აპელანტებმა განცხადებით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს და იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე (იხ. ტ. 2. ს.ფ. 9-10).
18. დადგენილია, ასევე რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 აპრილის განჩინებით აპელანტებს უარი ეთქვათ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე, ასევე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზეც და ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდათ 7 დღით. ამასთან, აპელანტებს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი (იხ. ტ. 2. ს.ფ. 12-15).
19. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზიას, რომ მათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 5 აპრილის განჩინება ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ არ ჩაბარებიათ.
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
21. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
22. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული საფოსტო უკუგზავნილებით ირკვევა, რომ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება 2018 წლის 6 ივნისს პირადად ჩაბარდა მეორე მოპასუხეს (იხ. ტ. 2. ს.ფ. 18), 2018 წლის 7 ივნისს კი − პირველი მოპასუხის დედას, ნ. ქ-ს (იხ. ტ. 2. ს.ფ. 19).
23. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მოქმედი მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. მოცემულ შემთხვევაში აპელანტებს საკუთარი პოზიციის დამადასტურებელი და სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტების გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენიათ.
24. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება აპელანტებს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდათ.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებით განსაზღვრული 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს: მეორე მოპასუხის შემთხვევაში − 2018 წლის 7 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 13 ივნისს, ხოლო პირველი მოპასუხისათვის აღნიშნული ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 8 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 14 ივნისს. ამ დროის განმავლობაში აპელანტებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუმდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსთვის.
26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
27. მოცემული ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ საპროცესო ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც სასამართლოსთვის მიუმართავს შუამდგომლობით, არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მიხედვით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები. ამდენად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორების ზემოაღნიშნული პრეტენზია.
28. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მესამე ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).
30. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, რადგან აპელანტებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ გამოასწორეს ხარვეზი, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მათი სააპელაციო საჩივარი. ამდენად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თ. და თ. ნ-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე