№ ას-1618-2018 28 თებერვალი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ჭ-ე (მოსპასუხე)
II საკასაციო საჩივრის ავტორი - ნ. გ–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება
I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ნ. გ–სა (შემდგომში − „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“, ან „მეორე კასატორი“) და მ. ჭ-ეს (შემდგომში − „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“, ან „პირველი კასატორი“) ჰყავთ ორი შვილი: 2010 წლის 3 სექტემბერს დაბადებული დ. ჭ-ე და 2015 წლის 27 აპრილს დაბადებული ვ. ჭ-ე. არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ დედასთან, მოსარჩელესთან ერთად.
2. 2017 წლის 23 მაისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა:
2.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2008 წლის 15 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა;
2.2. მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 600-600 ლარის, სულ 1200 (ათასორასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან, 2017 წლის 23 მაისიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.
3. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო. იგი დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას ქორწინების შეწყვეტისა და არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100-100, სულ 200 (ორასი) ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.
4. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა შეგებებული სარჩელით მოსარჩელისათვის არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობისათვის წესის განსაზღვრა ყოველი კვირის პარასკევს 18:00 საათიდან კვირა დილის 13:00 საათამდე თავის საცხოვრებელ ადგილზე წაყვანისა და ღამე დარჩენის უფლებით; ასევე ზაფხულის არდადეგების პერიოდში - ორი კვირით, ივლისის თვეში - თვის მესამე კვირის ორშაბათი დღის 11:00 საათიდან მეოთხე კვირის კვირა დღის 11:00 საათამდე და ორი კვირით აგვისტოს თვეში - თვის მესამე კვირის ორშაბათი დღის 11:00 საათიდან მეოთხე კვირის კვირა დღის 11:00 საათამდე; ზამთრის არდადეგებზე 7 იანვრის დილის 11:00 საათიდან 15 იანვრის 11:00 საათამდე.
5. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის განჩინებით საქმეში ჩაება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 სექტემბრის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი ქორწინების შეწყვეტასთან დაკავშირებით. შეწყდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2008 წლის 15 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება, გაუქმდა ქორწინების სააქტო ჩანაწერი №მ-....
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200-200 (ორასი-ორასი) ლარის, სულ 400 (ოთხასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან - 2017 წლის 23 მაისიდან, მათ სრულწლოვანების მიღწევამდე. შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობა განესაზღვრა შემდეგი სახით: ყოველი თვის მეორე და მესამე კვირის პარასკევი დღის 18:00 საათიდან იმავე კვირის კვირა დღის 13:00 საათამდე, ხოლო თვის დანარჩენი კვირის პარასკევი დღის 18:00 საათიდან იმავე კვირის შაბათი დღის 20:00 საათამდე არასრულწლოვანი ბავშვების წაყვანის და უკან დედასთან, მოსარჩელესთან დაბრუნების ვალდებულებით. მოპასუხეს არასრულწლოვან შვილებთან ზამთრის და ზაფხულის არდადეგების პერიოდში ურთიერთობა განესაზღვრა შემდეგი სახით: ზამთრის არდადეგების პერიოდში 7 იანვრის 12:00 საათიდან 14 იანვრის 20:00 საათამდე, ხოლო, ზაფხულის არდადეგების პერიოდში ივლისის თვეში მესამე კვირის ორშაბათი დღის 12:00 საათიდან მეოთხე კვირის კვირა დღის 11:00 საათამდე, აგვისტოს თვეში მესამე კვირის ორშაბათი დღის 12:00 საათიდან მეოთხე კვირის კვირა დღის 11:00 საათამდე არასრულწლოვანი ბავშვების წაყვანის და უკან დედასთან, მოსარჩელის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით. დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული (მითითებული) დროის გარდა დანარჩენ პერიოდს არასრულწლოვანი ბავშვები გაატარებდნენ დედასთან, მოსარჩელესთან. დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში თუ მოპასუხე ვერ შეძლებდა ზემოაღნიშნული დროის მონაკვეთში არასრულწლოვან შვილებთან მისვლას ურთიერთობის მიზნით, იგი ვალდებული იქნებოდა სატელეფონო შეტყობინებით (სმს გზავნილის სახით) ეცნობებინა მოსარჩელისთვის აღნიშნულის შესახებ არანაკლებ 4-5 საათით ადრე. დადგინდა, რომ მოსარჩელეს და მოპასუხეს უნდა უზრუნველეყოთ არასრულწლოვანი შვილი დ. ჭ-ე ტელეფონით - მშობლების შვილებთან ურთიერთობის მიზნით. დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული ურთიერთობის წესი შეიძლებოდა შეცვლილიყო მშობლების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილებით მოსარჩელის წარმომადგენლის მოთხოვნა სასამართლოსგარეშე ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით გაწეული თანხის, 150 ლარის გადახდა.
10. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების პირველი და მე-4 პუნქტები და ამავე სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 150-150 ლარის, სულ 300 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან - 2017 წლის 23 მაისიდან, მათ სრულწლოვანების მიღწევამდე.
12. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ფაქტები და დამატებით დაადგინა, რომ:
12.1. არასრულწლოვანი დ. ჭ-ე სწავლობს №1-... საჯარო სკოლაში, სადაც გაკვეთილები მთავრდება 13:00 საათზე. ხოლო გახანგრძლივებულ ჯგუფში სწავლა სრულდება 17:00 საათზე. იგი დადის ხატვის, მათემატიკისა და ინგლისურის შემსწავლელ წრეებზე;
12.2. არასრულწლოვანი ვ. ჭ-ე რეგისტრირებულია №3-... საჯარო ბაღში. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ არასრულწლოვანს ჰყავს ძიძა, რომლის მომსახურებისთვის მოსარჩელე იხდის 500 ლარს;
12.3. მოპასუხეს სტაბილური შემოსავალი არ გააჩნია. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის 2017 წლის 12 ივნისის მონაცემებით, მოპასუხის მიერ 2008 წლიდან 2017 წლის ჩათვლით მიღებული შემოსავალი შეადგენს 148249,69 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადის თანხაა 29 971,78 ლარი. 2015 წელს მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 17 663,31 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადის თანხა − 3532,66 ლარს. 2016 წელს მიღებული შემოსავალი შეადგენს 1500 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადის თანხა − 300 ლარს. 2017 წელს მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. მოპასუხე არის შპს „პ-ს“ პარტნიორი და ამ საწარმოს ხელმძღვანელი. საწარმოს რეგისტრაცია გაუქმებული არ არის. საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება მოპასუხე მხარის, როგორც შპს „პ-ს“ პარტნიორის ან ხელმძღვანელის მიერ შემოსავლის მიღება. რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს აქვს სტაბილური შემოსავალი, საქმეში წარმოდგენილი არ არის. ასეთის არსებობას არ ადასტურებს წლის განმავლობაში რამდენჯერმე (2017 წლის აპრილსა და ივლისში), მოპასუხის საადვოკატო საქმიანობის ფარგლებში, სახელმწიფო ბაჟის გადახდა;
12.4. მოსარჩელე 2018 წლის მარტიდან დასაქმებულია საქართველოს უზენაეს სასამართლოში და მისი დარიცხული ხელფასი თვეში შეადგენს 2500 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები თანხა - 2000 ლარს;
12.5. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და შედავებული არ არის, რომ მხარეებს მატერიალურ დახმარებას უწევენ ოჯახის წევრები.
13. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე და 1214-ე მუხლებით, ასევე „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლით და განმარტა, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. კანონმდებლობით განსაზღვრულია მშობელთა ვალდებულება არჩინონ თავიანთი შვილები და ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იყოს მხოლოდ მშობლების ფინანსურ მდგომარეობაზე.
14. სააპელაციო სასამართლომ იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის ყოველთვიური შემოსავალი შეადგენდა ხელზე ასაღებ 2000 ლარს, ხოლო მოპასუხეზე საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, მატერიალური შემოსავალი არ ფიქსირდებოდა, მიიჩნია, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად უნდა დაკისრებოდა 150-150 ლარის, სულ 300 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან - 2017 წლის 23 მაისიდან, მათ სრულწლოვანების მიღწევამდე.
15. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
16. პირველმა კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
16.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ნორმა და არ დააკმაყოფილა მოპასუხის არსებითი ხასიათის შუამდგომლობები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში სრულად დაკმაყოფილდებოდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი. კერძოდ, მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით სასამართლოს აცნობა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების დროისთვის (2018 წლის 31 იანვარი) მოსარჩელე უკვე დასაქმებული იყო ანაზღაურებად სამსახურში უზენაეს სასამართლოში, რაც მან პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუმალა. შესაბამისად, ლოგიკური იყო მოპასუხეს სააპელაციო სასამართლოსგან მოეთხოვა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი ან გამაქარწყლებელი ინფორმაციის წარმოდგენა. მოპასუხე სააპელაციო სასამართლოს სხდომამდე ვერ მოითხოვდა მოსარჩელის სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაციას უზენაესი სასამართლოდან, რადგან მისთვის შუამდგომლობის წარდგენის ობიექტური საფუძვლების შესახებ უშუალოდ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა იმ საკითხზე თუ რამდენად იმოქმედებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სასამართლოსთვის ცნობილი რომ ყოფილიყო მოსარჩელის ანაზღაურებად სამსახურში დასაქმების თაობაზე;
16.2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტაცია, რომ იგი ვერ ახორციელებს და ვერც მომავალში განახორციელებს საადვოკატო საქმიანობას მის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის გამო. გარდა ამისა, გავრცელებულია მოპასუხის სახელის, პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობები, რაც ხელს შეუშლის მას საადვოკატო საქმიანობის განხორციელებაში. შესაბამისად, მოპასუხე დგას არათუ სტაბილური, არამედ ელემენტარული შემოსავლის პრობლემის წინაშე.
17. პირველი კასატორი შუამდგომლობს უზენაესი სასამართლოს კადრების განყოფილებიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების დროისთვის (31 იანვარი, 2018 წელი) მოსარჩელის ანაზღაურებად სამსახურში დასაქმების თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, ვინაიდან მოპასუხის აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ.
18. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემაც, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოპასუხისათვის ალიმენტის სახით თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 200-200 ლარის, ჯამში 400 ლარის გადახდის დაკისრება.
19. მეორე კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
19.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით განსაზღვრა სასამართლომ ალიმენტის ოდენობად 150-150 ლარი. გადაწყვეტილებაში არ არის წარმოდგენილი დასაბუთება იმის თაობაზე, თუ მხარეთა რომელი პოზიცია გაიზიარა ან არ გაიზიარა სასამართლომ. ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და სათანადოდ შეფასების გარეშე. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ არის დათვლილი და შეჯამებული ბავშვების საჭიროებისათვის გასაწევი ხარჯები (რაზეც მოსარჩელე უთითებდა ორივე ინსტანციის სასამართლოში), რის შედეგადაც მიღებულია არასწორი გადაწყვეტილება. თითოეული ბავშვის აუცილებელი ხარჯი საკვების, მედიკამენტების, სამოსის, ჰიგიენური საშუალებების შესაძენად თვეში მინიმუმ 500 ლარია. უფროსი ვაჟის საგნებში მომზადების საფასური ჯამში არის 400 ლარი, ხოლო უმცროსი ვაჟის ძიძის ანაზღაურება - 500 ლარი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ გარემოებებზე მსჯელობის გარეშე შეამცირა ალიმენტის ოდენობა;
19.2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოპასუხეს არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი და არ შეაფასა ის გარემოება, რომ მოპასუხე დღემდე მოქმედი ადვოკატია, მას საადვოკატო საქმიანობა არ აქვს შეჩერებული ან შეწყვეტილი. შეფასება არ მიეცა მოპასუხის მიერ წარდგენილ ხელშეკრულებებს, საბანკო ამონაწერებით დადასტურებულ ინფორმაციას მოპასუხის მიერ ანაზღაურების მიღების, ასევე მის მიერ ბაჟის გადახდის შესახებ;
19.3. არასწორია მხოლოდ მოსარჩელის სახელფასო თანხაზე მითითებით მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება. შვილების მიმართ მამის ვალდებულებებზე გავლენას ვერ მოახდენს მოსარჩელის ხელფასის ოდენობა. მოსარჩელის ხელფასის 90% ხმარდება ბავშვების საჭიროებებს, რომლის გონივრულ ფარგლებში მამაზე გადანაწილების ვალდებულება დადგენილია კანონმდებლობით. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობა ბავშვების ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის აუცილებელ ხარჯებს არ შეესაბამება;
19.4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეფასება არ მისცემია მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას იმის შესახებ, რომ მას არასტაბილური ფსიქოემოციური მდგომარეობის გამო არ შეუძლია საადვოკატო საქმიანობის გაგრძელება. შეფასება არ მისცემია იმ გარემოებასაც, რომ მოპასუხის კმაყოფაზე არ არის არცერთი პირი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ არის დაცული ბავშვების საუკეთესო ინტერესები, რომელიც დადგინდა საქმეზე „ნ.წ. საქართველოს წინააღმდეგ“.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით პირველი კასატორის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით მეორე კასატორის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
22. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ორივე საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
26. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით ვერ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
27. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება პირველი კასატორის შედავება, რომ იგი ვერ ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას და არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი.
28. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მშობლები ვალდებულნი არიან არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იყოს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად.
29. პირველი კასატორი შუამდგომლობს უზენაესი სასამართლოს კადრების განყოფილებიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების დროისთვის (31 იანვარი, 2018 წელი) მოსარჩელის ანაზღაურებად სამსახურში დასაქმების თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ. აღნიშნული შუამდგომლობით მოპასუხემ მიმართა სააპელაციო სასამართლოსაც, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის საოქმო განჩინებით მას უარი ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე (იხ. ტ.3. ს.ფ. 73). კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა ნორმის არასწორად განმარტების შედეგად, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს.
30. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის საოქმო განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა დასაბუთებულია იმით, რომ მოპასუხემ ვერ მიუთითა რაიმე საპატიო მიზეზზე, რის გამოც მან აღნიშნული შუამდგომლობა ვერ წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას (იხ. 2018 წლის 17 ივლისის სასამართლოს სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი − 11:32:35-11:33:24). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის წინააღმდეგაც დასაბუთებული შედავება არ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის საოქმო განჩინება კანონიერია.
31. ამასთან, ვერც საკასაციო პალატა დააკმაყოფილებს პირველი კასატორის ზემოაღნიშნულ შუამდგომლობას და განუმარტავს მხარეს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა კრძალავს საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითებასა და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. ასეთი დანაწესი განპირობებულია საკასაციო განხილვის თავისებურებით, რაც, უპირველესად, გულისხმობს იმას, რომ საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტების დამდგენი სასამართლო. მას შეუძლია იმსჯელოს მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც დადგენილია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით და შეამოწმოს ეს გადაწყვეტილება მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით.
32. პირველი კასატორის პრეტენზია, რომ სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა იმ საკითხზე, თუ რამდენად იმოქმედებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელის ანაზღაურებად სამსახურში დასაქმების შესახებ ინფორმაციის ფლობა, არ წარმოადგენს იმგვარ საკასაციო შედავებას, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას. მით უმეტეს, რომ მოსარჩელის ანაზღაურებად სამსახურში დასაქმების ფაქტი 2018 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილების (გასაჩივრებული გადაწყვეტილება) მიღების პროცესში მხედველობაში მიიღო სააპელაციო სასამართლომ.
33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პირველი კასატორის პრეტენზიას ალიმენტის ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მოპასუხისათვის, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 150-150 ლარის დაკისრების თაობაზე.
34. რაც შეეხება მოსარჩელის საკასაციო საჩივარს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არც იგი აკმაყოფილებს დასაშვებობის წინაპირობებს.
35. დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეფასდება მოსარჩელის მითითება, რომ ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და სათანადოდ შეფასების, მათ შორის ბავშვების საჭიროებისათვის გასაწევ ხარჯებზე მსჯელობის გარეშე.
36. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, ასევე მართებულად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე მუხლები და „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ დებულებები.
37. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება ალიმენტის მიმღები პირის აუცილებლობისა და ალიმენტვალდებული პირის შესაძლებლობის მხედველობაში მიღებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩო, რომლის მიღების უფლებაც არასრულწლოვანს მშობლისგან გააჩნია, უნდა წარმოადგენდეს სარჩენი პირის მოთხოვნილებათა მინიმალური დაკმაყოფილების საფუძველს მაინც. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამდენად, კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
38. მოსარჩელე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ მოპასუხეს არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი.
39. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება, რაც მოპასუხის მიერ სტაბილური შემოსავლის ქონას დაადასტურებდა, საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას. ამასთან, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ წლის განმავლობაში რამდენჯერმე (2017 წლის აპრილსა და ივლისში), მოპასუხის საადვოკატო საქმიანობის ფარგლებში, სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ ადასტურებს, რომ ამ უკანასკნელს სტაბილური შემოსავალი აქვს.
40. ამგვარად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, შვილების ცხოვრებისათვის ნორმალური პირობების უზრუნველსაყოფად, ალიმენტის სახით, თითოეული ბავშვის სასარგებლოდ, 150-150 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება ადეკვატური და სამართლიანია.
41. ამგვარად, კასატორები ვერ უთითებენ მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთ დარღვევაზე, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
42. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორებს დასაბუთებული პოზიცია არ წარმოუდგენიათ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით, შესაბამისად, საკასაციო საჩივრები აღნიშნული საფუძვლითაც არ არის დასაშვები.
43. ამასთან, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
44. გამომდინარე აქედან, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებს. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
45. რაც შეეხება პირველი კასატორის შუამდგომლობას საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილება შეუძლებელია საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო.
46. საკასაციო პალატა აგრეთვე ვერ დააკმაყოფილებს პირველი კასატორის შუამდგომლობებს მტკიცებულებათა წარმოდგენის თაობაზე, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტების დამდგენი ინსტანციის სასამართლო (იხ. წინამდებარე განჩინების 31-ე პუნქტი). ამავე მიზეზის გამო, საკასაციო სასამართლო საქმეს ვერ დაურთავს კასატორების მიერ თავიანთ საკასაციო შესაგებლებთან ერთად საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო სასამართლოში მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
47. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ლ. გ–ის (პ/ნ: 5-...) მიერ 2018 წლის 20 აგვისტოს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი.
48. რაც შეეხება მოსარჩელეს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ. ჭ-ისა და ნ. გ–ის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორ მ. ჭ-ის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
3. კასატორ მ. ჭ-ეს (პ/ნ: 5-...) დაუბრუნდეს ლ. გ–ის (პ/ნ: 5-...) მიერ 2018 წლის 20 აგვისტოს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. კასატორ მ. ჭ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (რეაგირების ოქმი, ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, მოკლეტექსტური შეტყობინების ამონაწერი, სსიპ ადვოკატთა ასოციაციის წერილი, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულებები, მოვალის მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი, მ. ჭ-ის განცხადებები, განცხადების მიღების ბარათები, ნ. გ–ის განცხადებები, აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 15 ივნისის მიმართვა, ამონაწერი ელექტრონული აუქციონის ვებ-გვერდიდან) მთლიანობაში „37“ ფურცლად (ტ. 3. ს.ფ. 175-176, 189-194, 198-201, 206-230);
5. კასატორი ნ. გ–ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
6. კასატორ ნ. გ–ს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (განცხადება, წერილობითი ინფორმაცია ადვოკატის ტრენინგების თაობაზე), მთლიანობაში „3“ ფურცლად (ტ. 3. ს.ფ. 162-164);
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე