№ ას-1340-1260-2017 7 მარტი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ-ი“ (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე – გ. მ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2010 წლის 9 სექტემბერს, ერთის მხრივ, სს „თ-სა“ (შემდგომში „მოსარჩელე“ ან „კრედიტორი“) და, მეორეს მხრივ, ნ. მ–ს (შემდგომში „პირველი მოპასუხე“, „მოვალე“ „კლიენტი“, „აპელანტი“, „საკასაციო საჩივრის ავტორი“ ან „კასატორი“) შორის გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, კლიენტს გამოეყო საკრედიტო ლიმიტი 30 000 აშშ დოლარი. გარიგების 16.6 პუნქტის თანახმად, თუკი წინამდებარე ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული ხელშეკრულების საგნების რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ იქნებოდა ხალშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესასრულებლად, კლიენტს პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა ნებისმიერ ასეთ ნაშთზე (იხ. ს.ფ 13-20).
2. 2010 წლის 9 სექტემბერს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე კლიენტს კრედიტის სახით გამოეყო 16 800 ლარი. კრედიტი გაიცა 36 თვის ვადით, წლიური სარგებლის - 24%-ის დარიცხვით, ხოლო ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.5%-ით. ხელშეკრულების თანახმად, მოვალე ვალდებული იყო კრედიტის მოქმედების პერიოდში, კრედიტის მიმდინარე ოდენობაზე ბანკის სასარგებლოდ სიცოცხლის დაზღვევა განეხორციელებინა (იხ. ს.ფ 21-24).
3. 2010 წლის 9 სექტემბრის სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებით, გ. მ–მა (შემდგომში „მეორე მოპასუხე“ ან „თავდები“) მოვალესთან ერთად იკისრა კრედიტორის მიმართ არსებული ვალდებულების სოლიდარულად შესრულება. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ფარგლები 30 000 აშშ დოლარით განისაზღვრა (იხ. ს.ფ 34-37).
4. კრედიტორსა და მოვალეს შორის 2010 წლის 9 სექტემბერს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, 2010 წლის 9 სექტემბრის საკრედიტო ხაზის მომსახურების და მის ფარგლებში გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, კლიენტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ 5-... დებარე გურჯაანის რ. სოფ. ვ-ი) დაიტვირთა იპოთეკით (იხ. ს.ფ 27-32).
5. კრედიტორმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოვალისა და თავდების (შემდგომში „მოპასუხეები“) მიმართ, მოითხოვა 2010 წლის 9 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების მოპასუხეთათვის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.
6. სარჩელის თანახმად, მოვალემ არ შეასრულა 2010 წლის 9 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მართალია, მისი მხრიდან ხდებოდა გარკვეული თანხების მოსარჩელისათვის გადარიცხვა, მაგრამ აღნიშნული არ იყო საკმარისი დავალიანების სრულად დაფარვისათვის. მოსარჩელის მითითებით, დავალიანება შეადგენს 16 261.04 ლარს, საიდანაც საბანკო კრედიტის ძირითადი თანხაა - 8 467.54 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 2 789.25 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 5 000 ლარი, ხოლო დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში გადასახდელი თანხა - 4.25 ლარი.
7. სარჩელზე შესაგებელი წარადგინა პირველმა მოპასუხემ, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში კანონიერი იყო, თუმცა პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი, ძირითად თანხაზე 3-ჯერ მეტი იყო და იგი 100 ლარამდე მაინც უნდა შემცირებულიყო.
8. სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია მეორე მოპასუხეს.
9. 2016 წლის 16 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე გამოძახებულმა პირველმა მოპასუხემ შეცვალა პოზიცია და განაცხადა, რომ სასარჩელო მოთხოვნებს არ ცნობს.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 11 761.04 ლარის გადახდა; სარჩელი მოპასუხეებისათვის 4 500 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეთა დავალიანების დაფარვის მიზნით დადგინდა გურჯაანში, სოფ. ვ-ში მდებარე მოვალის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (ს/კ N: 5-...) სარეალიზაციოდ მიქცევა; იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ იქნებოდა მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, დადგინდა მოვალის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა.
11. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს კრედიტორმა და მოვალემ.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 სექტემბრის განჩინებით კრედიტორის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინებით მოვალის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
14. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
15. საპროცესო სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა პირველი მოპასუხის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილის ცნობაზე ძირითადი დავალიანებისა და სარგებლის ნაწილში, ასევე პირგასამტეხლოს 100 ლარამდე შემცირების მოთხოვნაზე. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარე მოკლებული იყო საპროცესოსამართლებრივ შესაძლებლობას ახალი ფაქტების თაობაზე, მათ შორის, ვალდებულების შესრულების შეუძლებლობაზე, მთავარ სხდომაზე მიეთითებინა.
16. სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით და აღნიშნა, რომ პირველი მოპასუხის მიერ შესაგებელში მითითებული აღიარება ძირითადი დავალიანებისა და სარგებლის ნაწილში კანონით დადგენილი წესით არ გაქარწყლებულა. უფრო მეტიც, მხარე დამატებით წარდგენილ ახსნა-განმარტებაში, სადაც იგი დაუძლეველ ძალაზე აპელირებს, თავადვე მიუთითებს, რომ დაუძლეველი ძალა მისთვის ვალდებულების შეჩერების საფუძველი იყო და გარკვეული პერიოდი იგი ვალდებულებას კრედიტორთან შეთანხმებითა და მისი თანხმობით (კეთილი ნებით) არ ასრულებდა. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოვალე არ უთითებდა, რომ მას გადახდილი ჰქონდა რაიმე თანხა, რომელიც ძირითად თანხას არ გამოაკლდა. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება პირველი ინსტანციის წესით სასამართლოს კვლევის საგანი არ გამხდარა.
17. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მოთხოვნაზე პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელით მოთხოვნილი (უკვე შემცირებული) პირგასამტეხლო, 5000 ლარი 10-ჯერ შეამცირა და მოპასუხეებს პირგასამტეხლოს სახით 500 ლარი დააკისრა, პირგასამტეხლოს აღნიშნული ოდენობა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ ვეღარ მიიჩნეოდა, რაც სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის კონტექსტში მისი კიდევ უფრო შემცირების შესაძლებლობას გამორიცხავდა.
18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
19. კასატორის განცხადებით, სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს, რომ იგი აპელირებდა არა მოსარჩელის მიმართ დავალიანების არარსებობაზე, არამედ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა სასამართლოში დავის დაწყების სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ, კახეთში მომხდარი სტიქიური მოვლენების შემდგომ მოვალეს დააწერინეს განცხადება, რომლის საფუძველზეც მოითხოვა კრედიტის გადახდის დროებით შეჩერება. ტელეფონის საშუალებით მოვალეს ეცნობა, რომ მისი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია და დავალიანების დარიცხვის გაგრძელებისთანავე დაუკავშირდებოდნენ ხელსაყრელი გრაფიკის შედგენის შესათანხმებლად. აღნიშნული დაპირება კი მოსარჩელემ არ შეასრულა და მოვალის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა სასამართლოში დავალიანების დაფარვის მოთხოვნით, რაც სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის (უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა) მოთხოვნათა უგულებელყოფით დააკმაყოფილა სასამართლომ.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
24. მოცემულ დავაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით მოვალემ აღიარა კრედიტორის წინაშე არსებული დავალიანება და სარჩელი ნაწილობრივ ცნო. მოგვიანებით კი, საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მართალია განაცხადა, რომ სარჩელს არ ცნობდა, თუმცა მის მიერ შესაგებელში მითითებული აღიარება ძირითადი დავალიანებისა და სარგებლის ნაწილში კანონით დადგენილი წესით არ გაუქარწყლებია.
25. განსახილველ შემთხვევაშიც, კასატორი სადავოდ ხდის არა მოსარჩელის მიმართ მისი დავალიანების არარსებობას, არამედ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულების შეჩერება გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალით - კახეთში მომხდარი სტიქიური მოვლენებით. სწორედ აღნიშნულ გარემოებაზე მიუთითებდა იგი საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზეც.
26. საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ საპროცესო სამართალში აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპი, რომლის ფარგლებშიც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსსკ-ის 4.1. მუხლი). შეჯიბრებითობის პრინციპი წარმოადგენს რა სამოქალაქო საქმის გადაწყვეტის ქვაკუთხედს, მისი არა მხოლოდ მხარეთა, არამედ, სასამართლოს მხრიდან განუხრელი დაცვა პირდაპირ და უშუალო ინდიკატორად გვევლინება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებისა. სწორედ შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე ხდება მხარეთა შედავების საფუძვლიანობის კვლევა და მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების სადავო და უდავო ფაქტებად კვალიფიცირება, კერძოდ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსი საპროცესო თავდაცვის საშუალებად ადგენს მოპასუხის მხრიდან შესაგებლის წარდგენის უფლებას, რომელიც საქმის მომზადების ეტაპზე უნდა იქნეს წარდგენილი და პასუხობდეს კანონის მოთხოვნებს: მოპასუხე ვალდებულია, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე, თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ. პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს (სსსკ-ის 201-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილები). აღნიშნული საპროცესო წესი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, სწორედ შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, შესაგებლით შეუდავებელ ფაქტებს სასამართლოს მოსამზადებელი ეტაპის ამოწურვის შემდგომ ვეღარ გახდის სადავოდ მოპასუხე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. ბუნებრივია, ამ საპროცესო სტანდარტის დადგენა გავლენას ახდენს სასამართლო კვლევის საგანზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე, როგორც ნეიტრალური არბიტრი, მტკიცებულებათა კვლევას ახორციელებს არა საკუთარი, არამედ, მხარეთა მიერ განხორციელებული შედავების ფარგლებში და ამ მხრივ ადგენს საქმის გადაწვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობა-არარსებობას (იხ. სუსგ საქმე №ას-1100-1057-2016, 9 ივნისი, 2017 წელი).
27. ამასთან, საპროცესო ურთიერთობის მიზნებისათვის საგულისხმოა, აღიარების სამართლებრივი მნიშვნელობა, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე და 132-ე მუხლების თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. საპროცესო სამართლის თეორიაში აღიარების განსაკუთრებული მნიშვნელობა განმარტებულია იმგვარად, რომ ფაქტს, რომელსაც უნდა ადასტურებდეს დავის სუბიექტი, ადასტურებს მისი მოწინააღმდეგე მხარე. ფაქტის აღიარების დროს მხარე ცნობს დავის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, რაც სასამართლომ შეიძლება საკმარის საფუძვლად მიიჩნიოს გადაწყვეტილების გამოტანისას და დაეყრდნოს ამ აღიარებას (იხ. სუსგ საქმე №ას-361-343-2015,14 დეკემბერი, 2015 წელი).
28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
29. საკასაციო პალატა, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით ვერ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.
30. კასატორის მითითება, რომ კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალით, ვერ მიიჩნევა იმგვარ საკასაციო პრეტენზიად, რაც გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. იმ პირობებში, როდესაც სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით მხარემ აღიარა მოსარჩელის წინაშე დავალიანების არსებობა, ამასთან, არ მიუთითებია, მის მიერ მოსარჩელისათვის გარკვეული თანხების გადახდისა და არც ვალდებულების შესრულების შეუძლებლობაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარის განმარტება ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის თაობაზე მართებულად მიიჩნია ახალ ფაქტებზე მითითებად, რაც აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე სასამართლოს მსჯელობას გამორიცხავდა.
31. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
32. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
33. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 588.05 ლარის 70% - 411.635 ლარი
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ. მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს ნ. მ–ს (პ/ნ: 0-...) დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 15 ნოემბერს №7 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 588.05 ლარის 70% - 411.635 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე