№ ას-1299-1219-2017 7 მარტი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2012 წლის 12 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა (შემდგომში „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) და შპს „ე-ს“ (შემდგომში მოპასუხე) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მოპასუხემ იკისრა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუშაოების წარმოების ვალდებულება.
2. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 1 849 000 ლარით, ხოლო ხელშეკრულების ვადა - 2012 წლის 20 აგვისტომდე.
3. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა გრაფიკით გათვალისწინებული ვადის გადაცილების შემთხვევაში, რაც შეადგენდა შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0,2%-ს.
4. 2012 წლის 17 აგვისტოს შეთანხმების შესაბამისად, მხარეებმა სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადა გააგრძელეს 2012 წლის 25 სექტემბრამდე.
5. მოპასუხემ სამუშაო დაასრულა 78 დღის დაგვიანებით.
6. მოსარჩელემ მოპასუხეს დაარიცხა პირგასამტეხლო, 95 486 ლარი, საიდანაც მოპაუსხემ გადაიხადა 35 000 ლარი.
7. მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა დარჩენილი აუნაზღაურებელი პირგასამტეხლოს, 60 486 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება, ასევე მხარეთა შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დროს ხელშეკრულების ფასსა და მიღებული სამუშაოს ფასს შორის დაფიქსირებული სხვაობის - 30 292.23 ლარისა და 531 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
8. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფასსა და მიღებული სამუშაოს ფასს შორის დაფიქსირებული სხვაობის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილება გამოიწვია მოსარჩელის მიერ სამუშაოების შეჩერების შესახებ სიტყვიერმა განკარგულებამ და სამუშაოების წარმოების აღდგენის შემდეგ შესრულების ვადამდე დარჩენილი დროის მცირე მონაკვეთში წარმოქმნილმა ჭარბნალექიანობამ. კერძოდ, 2012 წლის მაისში შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიცვალა ხელმძღვანელობა და მათი სიტყვიერი განკარგულებით შეჩერდა სამშენებლო სამუშაოები თითქმის ორი თვით იმ მოტივით, რომ სწავლობდნენ ტენდერის ჩატარების პირობებს. 2012 წლის 17 აგვისტოს შეთანხმების საფუძველზე კი გაგრძელდა ხელშეკრულების შესრულების ვადა 2012 წლის 25 სექტემბრამდე. დარჩენილი მცირე დროის შუალედში მოპასუხემ ჭარბნალექიანობის გამო ვერ შეძლო სამუშაოების დასრულება, ვადის გაგრძელებაზე კი უარი ეთქვა. ამრიგად, სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, უსაფუძვლოა, ამასთან, დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი ოდენობისაა.
9. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ხელშეკრულების ვადაში შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს 15 121,50 ლარის გადახდა; ასევე 2012 წლის 12 მარტს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფასსა და მიღებული სამუშაოს ფასთა შორის დაფიქსირებული სხვაობის, 30 292.23 ლარისა და 531 ლარის გადახდა.
10. რაიონულმა სასამართლომ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და აღნიშნა, რომ დარიცხული პირგასამტეხლო 60 486 ლარი უნდა შემცირებულიყო მეოთხედამდე, ვინაიდან ხელშეკრულების შესრულების ვადის გდაცილებას არსებითი ზიანი არ მოჰყოლია, ამასთან, გასათვალისწინებელი იყო ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს ნაწილი, 35 000 ლარი მოპასუხეს უკვე გადახდილი ჰქონდა.
11. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთან, დამატებით აღნიშნა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით მოსთხოვა 95 486 ლარის გადახდა, მაშინ როდესაც ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების მომენტისათვის მოპასუხის მიერ შეუსრულებელი იყო დაახლოებით 612 090 ლარის ღირებულების სამუშაო.
14. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 417-ე, 420-ე მუხლებით და დაასკვნა, რომ 612 090 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულების ვადის 78 დღით გადაცილებისათვის საერთო ჯამში 50 121,5 ლარის (მოპასუხის მიერ გადახდილ 35000ლარს + პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის დაკისრებული 15 121.5 ლარი = 50 121,5 ლარს) პირგასამტეხლო სავსებით შეესაბამებოდა დარღვეული ვალდებულების მოცულობას და ჯეროვნად უზრუნველყოფდა მის შესრულებას. შესაბამისად, არ არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის გაზრდის საფუძველი.
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
16. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე არის სახელმწიფო დაწესებულება, რომლისთვისაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა პირნათლად შესრულებას, პირგასამტეხლო კი ერთგვარ ბერკეტს წარმოადგენს ხელშეკრულების არაკეთილსინდისიერი შემსრულებლისათვის. სასამართლოებმა დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირებით ფაქტობრივად შესაძლებლობა მისცეს ხელშეკრულების პირობათა დამრღვევ მხარეს, თავი აერიდებინა იმ პასუხისმგებლობისაგან, რაც მას ეკისრება ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
21. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება, ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
23. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
24. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
25. საგულისხმოა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ: „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ.“ (იხ. სუსგ საქმე Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; საქმე №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; საქმე №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს საქმის კონკრეტულ გარემოებებს, შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად მიიჩნიეს გონივრულად მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს 15 121.50 ლარით განსაზღვრა მხარის მიერ უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს - 35 000 ლარის გათვალისწინებით.
27. გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული სამართლებრივი მსჯელობა სრულად შეესაბამება ზემოაღნიშნულ განმარტებებს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკას. ამდენად, კასატორის დასახელებული არგუმენტი, რომ ვინაიდან მოსარჩელე სახელმწიფო დაწესებულებაა, არსებითი მნიშვნელობა აქვს მისთვის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა პირნათლად შესრულებას, რაც უნდა გაეთვალისწინებინა სასამართლოს პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობა ვერ გახდება და სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო პირგასამტეხლოს ოდენობაზე გავლენას ვერ მოახდენს.
28. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
29. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე