Facebook Twitter

№ ას-1511-1431-2017 15 თებერვალი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (შემდგომში „მოსარჩელე“, „შემსყიდველი“ „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ქ-ის“ (შემდგომში „მოპასუხე“ ან „მიმწოდებელი“) მიმართ და მოითხოვა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება.

2. სარჩელის თანახმად, 2014 წლის 30 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფაზე. ხელშეკრულების თანახმად, თუ შემსყიდველი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოაჩენდა მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების არაჯეროვან ან უხარისხო შესრულებას (კერძოდ: მენიუ-განწილვის არასწორად შევსება, კალორაჟის დარღვევა, იჯარით გათვალისწინებული ნორმის არასრულად გაცემა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, უხარისხო საკვები პროდუქტების გამოყენება, უხარისხო საკვების მომზადება, მომსახურების გაწევის ვადის დარღვევა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობა) მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა, რაც 2014 წლის 24 ივლისის #488-1 აქტით შეადგენდა 10 000 ლარს, #488-2 აქტით -10 000 ლარს და #488-3 აქტით - 10 000 ლარს, ჯამში - 30 000 ლარს. მოსარჩელის განცხადებით, მოპასუხეს გაეგზავნა შეტყობინება დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა მას აღნიშნული ვალდებულება არ შეუსრულებია, რაც სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველი გახდა.

3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ სრულად მიიღო მოპასუხე კომპანიისაგან შესრულება და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება არ გააჩნდა. მოპასუხის განცხადებით, იგი მოსარჩელისათვის კვებითი მომსახურების გაწევისას მოქმედებდა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით, ამდენად, მას ხელშეკრულება არ დაურღვევია, შესაბამისად, პირგასამტეხლოს დარიცხვის შესახებ აქტების ობიექტურობის გამოსავლენად საჭირო იყო მათი დეტალური განხილვა მოქმედ კანონმდებლობასა და ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის კუთხით.

4. თბილისის საქალაქო სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 30 ივნისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა #488 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მოსარჩელის სამხედრო მოსამსახურეთა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფაზე. ხელშეკრულების თანახმად, თუ შემსყიდველი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოაჩენდა მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების არაჯეროვან ან უხარისხო შესრულებას, მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა.

7. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავად განსაზღვრონ აღძრან თუ არა დავა სასამართლოში, როგორ წარმართონ ან როგორ დაასრულონ იგი, ამასთან, მიუთითონ სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინონ დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სასამართლო სარჩელს იხილავს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, სარჩელში მითითებული ფაქტებიდან გამომდინარე, სასამართლოს პრეროგატივას კი წარმოადგენს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მოთხოვნებისა და მოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება.

8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, რომლის გადახდევინებაც ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე არ შეასრულებს მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას. ვალდებულების დარღვევა კი წარმოადგენს შეფასებით კატეგორიას, რასაც განაპირობებს შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა. ამდენად, ვინაიდან მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ისე მათი მტკიცების ტვირთი, მოსარჩელემ კონკრეტულად უნდა მიუთითოს და დაამტკიცოს, თუ რაში გამოვლინდა მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი. ამ სახის ფაქტების მიუთითებლობა კი, თავის მხრივ, შეუძლებელს ხდის სარჩელის საფუძვლიანობის დადგენის შესაძლებლობას, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

9. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მოსარჩელე სარჩელში უთითებდა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევის ფაქტებზე, რაც მისი განმარტებით, წარმოადგენდა პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძველს, თუმცა არ უთითებდა, კონკრეტულად რა სახის დარღვევებს ჰქონდა ადგილი, რაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. სააპელაციო პალატამ აქვე აღნიშნა, რომ მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარში მიუთითა იმ გარემოებებზე, რაზეც ამყარებდა თავის მოთხოვნას, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას აღნიშნული ფაქტების შეფასების შედეგად ემსჯელა სარჩელის საფუძვლიანობაზე.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

11. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა იმ ფაქტობრივ-სამართლებრივ გარემოებებზე, რაც მოპასუხისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს ქმნიდა. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, სამხედრო ნაწილის სასადილოების შემოწმებისას გამოვლინდა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და პროდუქტის შენახვის პირობების დარღვევა: კერძოდ, სასადილოში მომრავლებული იყო ბუზები; ცხელ საამქროში დაზიანებული იყო მეტლახი; სასადილოს მომსახურე პერსონალს არ ეცვა სპეციალური სანიტარული ტანსაცმელი; საყინულე მაცივარში თევზი და ხორცი ინახებოდა ერთად; საწყობში, სადაც ინახებოდა ბოსტნეული, განთავსებული იყო ცხრა მაცივარი და ირღევოდა პროდუქტების შენახვის პირობები; სამზარეულოში არ მუშაობდა სავენტილაციო სისტემა და ა.შ.. აღნიშნული ნორმების დარღვევა, საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, ქმნიდა მოპასუხისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს.

12. კასატორის განცხადებით, წარდგენილი სარჩელი ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებული იყო, ვინაიდან მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევის ფაქტებზე და იმ ოქმებზე, რომლებშიც ასახული იყო კონკრეტული დარღვევის ფაქტები. შესაბამისად, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მითითება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლზე, ვინაიდან სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა ახალ ფაქტობრივ გარემოებებს.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 იანვრის განჩნებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

17. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მართალია, მოსარჩელე სარჩელში უთითებდა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევის ფაქტებზე, რაც წარმოადგენდა პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძველს, თუმცა არ უთითებდა, კონკრეტულად რა სახის დარღვევებს ჰქონდა ადგილი, რაც სასამართლოს მოსაზრებით, გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

18. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეებს შეუძლიათ, თავად განსაზღვრონ, აღძრან თუ არა დავა სასამართლოში, როგორ წარმართონ ან როგორ დაასრულონ იგი. მათ ასევე შეუძლიათ, თავად გადაწყვიტონ საქმის რომელი ფაქტობრივი გარემოებები მოახსენონ და რომელი მტკიცებულებები წარუდგინონ სასამართლოს. მხარეთა მიერ წარდგენილი მოთხოვნებისა და მოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება კი მხოლოდ მოსამართლის პრეროგატივაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულებასთან ერთად მხარეებმა მოსამართლეს უნდა მოახსენონ საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზეც მხარე თავის მოთხოვნას ამყარებს და მოთხოვნის შინაარსი. მოსარჩელე ვალდებულია სარჩელში სრულყოფილად და თანამიმდევრობით ასახოს მისი მოსაზრებები საქმის თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით [სსსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილი]. მხარე, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, თვითონვე განსაზღვრავს, თუ რომელ კონკრეტულ ფაქტს დაამყაროს თავისი სასარჩელო მოთხოვნა, ამასთან სარჩელის საფუძველი იმ ფაქტების ერთობლიობაა, რომლებიც ასაბუთებენ, ფაქტობრივად ამართლებენ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელის საგანს. ამდენად, სარჩელის ფაქტობრივი დასაბუთება განაპირობებს სარჩელის მოთხოვნის კანონიერებას, ვინაიდან სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს, ხოლო დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა (იხ. სუსგ №ა941-979-2011, 1 ნოემბერი, 2011 წელი; სუსგ №ა877-825-2010, 28 დეკემბერი, 2010 წელი).

19. ამასთან, მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პროცესუალური წესი მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მხარეს, რომელმაც სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, აწევს როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების, ანუ მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი [სსსკ მე-4 მუხლი] (იხ. სუსგ №ას-1485-1401-2012, 2013 წლის 11 ნოემბერი).

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ დავაში იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა - შესყიდვის ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრება - მას უნდა ემტკიცებინა ყველა იმ გარემოების (დარღვევის) არსებობა, რომელმაც მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვა განაპირობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოსარჩელეს შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით უნდა განესაზღვრა კონკრეტული დარღვევის შინაარსი (მაგ. კონკრეტულად რაში გამოიხატა მოპასუხის მხრიდან სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, უხარისხო საკვები პროდუქტების გამოყენება, უხარისხო საკვების მომზადება და ა.შ.), რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მხოლოდ მითითება იმისა, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების 15.1 პუნქტის მოთხოვნები [თუ შემსყიდველი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოაჩენს მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების არაჯეროვან ან უხარისხო შესრულებას (კერძოდ: მენიუ-განწილვის არასწორად შევსება, კალორაჟის დარღვევა, იჯარით გათვალისწინებული ნორმის არასრულად გაცემა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, უხარისხო საკვები პროდუქტების გამოყენება, უხარისხო საკვების მომზადება, მომსახურების გაწევის ვადის დარღვევა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევა) მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე დაეკისრება პირგასამტეხლო 10 000 ლარი], არ იძლეოდა ამ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგის დადგომის - პირგასამტეხლოს მხარისათვის დაკისრების - შესაძლებლობას.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე სარჩელში არ უთითებდა კონკრეტულად რა გარემოებებს ეყრდნობოდა იგი მოთხოვნის ფორმულირებისას და მან მხოლოდ სააპელაციო საჩივარში ასახა თავისი მოსაზრება თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის დანაწესის [სააპელაციო სასამართლოში შესაძლებელია ახალი ფაქტების მოყვანა და ახალი მტკიცებულებების წარდგენა, თუმცა სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა ისინი] შესაბამისად, არ არსებობდა მათი შეფასების შედეგად სარჩელის საფუძვლიანობაზე მსჯელობის შესაძლებლობა.

22. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

23. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული მსჯელობა სრულად შეესაბამება წინამდებარე განჩინებაში მოყვანილ განმარტებებს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკას. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე