№ ას-323-306-2017 15 თებერვალი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. ტ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ბ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – კრების ოქმის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. რ. ბ–მა (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ტ-ისა (შემდგომში „მოპასუხე“, „საჩივრის ავტორი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) და ბმა „ც.“-ის მიმართ და მოითხოვა ბმა „ც.“-ის 2012 წლის 24 დეკემბრის კრების ოქმის ბათილად ცნობა.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. 2015 წლის 29 ივნისს გორის რაიონული სასამართლოს მიერ მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ბმა „ც.“-ის 2012 წლის 24 დეკემბრის კრების ოქმი, რომლის სფუძველზე ნ. ტ-ეს საკუთრებაში გადაეცა ქ. გორში, ც-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი - ავტოფარეხი #3.
4. რაიონული სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საჩივარი, რაც ამავე სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
5. რაიონული სასამართლოს განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს განჩინების გაუქმება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
9.1. გორის რაიონული სასამართლოში 2015 წლის 29 ივნისს დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ უწყება პირადად ჩაბარდა მოპასუხეს 2015 წლის 5 ივნისს;
9.2. 2015 წლის 29 ივნისის სხდომაზე მოპასუხე მხარე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსთვის, ხოლო გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე;
9.3. 2015 წლის 6 ნოემბერს მოპასუხემ სასამართლოს მიმართა განცხადებით, რომელსაც დაურთო შპს „ნ-ს“ მიერ 2015 წლის 29 ივნისს გაცემული ცნობა სამედიცინო დაწესებულებაში ამბულატორიულ მიღებაზე ყოფნის თაობაზე და მოითხოვა სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევა;
9.4. შპს „ნ-ს“ 2015 წლის 29 ივნისის ცნობის შესაბამისად, ცნობის გაცემის დღეს მოპასუხე იმყოფებოდა კლინიკაში ამბულატორულ მიღებაზე ნევროპათოლოგთან;
9.5. შპს „ნ-ს“ 2016 წლის 26 სექტემბრის ცნობის შესაბამისად, მოპასუხე კლინიკაში ამბულატორიულ მკურნალობას გადიოდა 2015 წლის 25 ივნისიდან 3 ივლისამდე;
9.6. მოსარჩელის მიერ წარდგენილი, შპს „ნ-ს“ 2016 წლის 2 ნოემბრის წერილის თანახმად, მოპასუხე 2015 წლის 25 ივნისიდან 2015 წლის 3 ივლისამდე იმყოფებოდა ამბულატორულ მკურნალობაზე ექიმ ნევროპათოლოგთან დიაგნოზით - ქალა-ტვინის პოსტტრავმული ენცეფალოპათია მე-2 სტადია, ბავშვობაში გადატანილი მენინგიტის მყარი ნარჩენი მოვლენები, უცხო სხეული (ტყვია) ბეჭის არეში. ცნობაში მითითებულია, რომ აღნიშნული დროისათვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სიარულის და გადაადგილების საშუალებას იძლეოდა, შეზღუდვა არ აღენიშნებოდა;
9.7. შპს „გორმედის“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N IV100/ა) თანახმად, 2015 წლის 29 ივნისს, 13:00 საათზე მოპასუხემ მიმართა სამედიცინო დაწესებულებას და დაესვა დიაგნოზი - გასტროენტერიტი. ცნობაში მითითებულია, რომ ობიექტური მონაცემები ნორმის ფარგლებშია, პაციენტს გადაუდებელი დახმარება არ ესაჭიროება.
10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე, 215-ე, 241-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ საქმეში წარდგენილი არცერთი სამედიცინო ცნობა არ შეიცავდა მითითებას იმის შესახებ, რომ მოპასუხეს 2015 წლის 29 ივნისისათვის შეზღუდული ქონდა თავისუფლად გადააგილების შესაძლებლობა, ცნობებში ასახული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დიაგნოზი არ იძლეოდა იმგვარი დასკვნის საფუძველს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ისეთი დამაბრკოლებელი გარემოებით, რომელიც უპირობოდ საპატიო მიზეზად უნდა ჩაითვალოს. უფრო მეტიც, სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 29 ივნისს მოპასუხემ დამოუკიდებლად მიმართა ორ სხვადასხვა მისამართზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებას, რომლებიც ადასტურებენ, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლეოდა სიარულისა და თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას. შესაბამისად, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხის მითითება, რომ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.
8. სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზეც, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, შესაბამისად, სახეზე იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მეორე პროცესუალური წინაპირობაც.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
10. კასატორი არ იზირებს სააპელაციო პალატის დასკვნას მისი სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის არასაპატიოდ მიჩნევის თაობაზე და აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაერთი ცნობით დასტურდებოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის იმგვარი გაუარესების ფაქტი, რაც შეუძლებელს ხდიდა პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, აღნიშნული ცნობები გაცემული იყო კანონით დადგენილი წესით - დამოწმებული იყო შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ბეჭდით.
11. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარდგენილ 2016 წლის 2 ნოემბრის ცნობაზეც და აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიოობის კვლევისას სააპელაციო პალატა არასწორად დაეყრდნო აღნიშნულ ცნობაში ასახულ ინფორმაციას, ვინაიდან მასში არ არის კონკრეტულად მითითებული, თუ რა პერიოდში შეეძლო ან არ შეეძლო მოპასუხეს გადაადგილება. ამდენად, სასამართლოს მოსაზრება, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მისი სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, მცდარია. კასატორის განცხადებით, იგი არის ხანში შესული პენსიონერი, ბავშვობიდან ინვალიდი (ეპილეფსიით დაავადებული უვადოდ), ამასთან, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს ზურგის არეში მოხვედრილი ტყვია დღემდე ორგანიზმში აქვს და უზღუდავს გადაადგილებას.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 აპრილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
17. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
18. კასატორის პრეტენზია ძირითადად იმ გარემოებას ემყარება, რომ სასამართლოს სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით.
19. კასატორის პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, საჭიროდ მიიჩნევს განმარტოს მოპასუხის პროცესზე გამოუცხადებლობის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგები.
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
21. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ მოპასუხე, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლოს სხდომაზე და არც თავისი გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე აცნობა სასამართლოს. საქმის განხილვაზე მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს გარკვეულ სანქციას ისეთი მხარის მიმართ, რომელიც არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს.
22. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) მოპასუხისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოპასუხის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
23. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას (იხ. სუსგ №ას-152-148-2016, 3 ივნისი, 2016 წელი). ამასთან, სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული, შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ სახეზე ხომ არ არის შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
24. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და კასატორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015 წლის 29 ივნისს დანიშნული სხდომის შესახებ მოპასუხისათვის ცნობილი იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ მოპასუხე სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულა და მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა, მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით. შესაბამისად, წარმოდგენილი საკითხის სწორად შესაფასებლად უნდა გაირკვეს, რა სახის გარემოება შეიძლება ჩაითვალოს საპატიოდ.
25. იმას, თუ რა განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
26. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის დათქმა – „პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე“, გულისხმობს, რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს მხარეს გადაადგილებაში და სასამართლოსთან კომუნიკაციაში. აღნიშნული ეჭვს არ იწვევს, როდესაც დგინდება მხარისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი ან მკურნალი ექიმის რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე, თუმცა გასათვალისწინებელია ისეთი შემთხვევაც, როდესაც სამედიცინო დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ პაციენტისათვის დასმულ დიაგნოზს. ეს დიაგნოზი კი, თავისთავად მეტყველებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეზე.
28. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ წარდგენილ, სამედიცინო დაწესებულება შპს „ნ-ს“ 2015 წლის 29 ივნისითა და 2016 წლის 21 სექტემბრით დათარიღებულ ცნობებში აღნიშნულია, რომ 2015 წლის 25 ივნისიდან ამავე წლის 3 ივლისამდე მოპასუხე მითითებულ კლინიკაში იმყოფებოდა ამბულატორიულ მიღებაზე ნევროპათოლოგთან დიაგნოზით - პოსტტრავმული ენცეფალოპათია მე-2 სტადია, ბავშვობაში გადატანილი მენინგიტის მყარი ნარჩენი მოვლენები, უცხო სხეული (ტყვია) ბეჭის არეში (იხ. ტ. 1, ს.ფ 137, 142). მოცემულ დოკუმენტებში არ არის მითითება სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ამავე დროს, არც დოკუმენტებში აღნიშნული დიაგნოზიდან ირკვევა სასამართლო პროცესზე მხარის გამოცხადების შეუძლებლობა. უფრო მეტიც, მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარდგენილი შპს „ნ-ს“ 2016 წლის 2 ნოემბრის ცნობაში მითითებულია, რომ 2015 წლის 25 ივნისიდან 3 ივლისამდე პერიოდში მოპასუხე კლინიკაში გადიოდა ამბულატორიულ მკურნალობას, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სიარულის, გადაადგილების საშუალებას იძლეოდა და შეზღუდვა არ აღენიშნებოდა (იხ. ტ. 1, ს.ფ 157). ამრიგად, ზემოაღნიშნული სამედიცინო დოკუმენტები არ ადასტურებს საქმის განხილვის დღეს მოპასუხის ისეთი ავადმყოფობის ფაქტს, რაც მხარეს თავისი საპროცესო მოვალეობის შესრულებაში ხელს შეუშლიდა.
29. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებში არ არის პირდაპირი მითითება სასამართლო პროცესზე მხარის გამოცხადების შეუძლებლობაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ დასტურდება პროცესზე მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიო გარემოება, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მართებულად მიღების წინაპირობებს ქმნის.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც საკასაციო პალატა დადასტურებულად ვერ მიიჩნევს საჩივარსა და საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებს სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი. ამასთან, არ იკვეთება ხსენებული მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის განმაპირობებელი გარემოება. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმეზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი არცერთი გარემოება არ დადგენილა.
31. კასატორი ვერ უთითებს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთ დარღვევაზე, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს დასაბუთებული პოზიცია არ წარმოუდგენია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი აღნიშნული საფუძვლითაც არ არის დასაშვები.
33. ამასთან, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ავადმყოფობის გამო მხარის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს მყარი პრაქტიკა, რომლის შესაბამისად, დადგენილია, რომ სასამართლო სხდომაზე მხარის ავადმყოფობის გამო გამოუცხადებლობის შემთხვევაში ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნას სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთიუთებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე (იხ. სუსგ №ას-500-468-2017, 30 ივნისი, 2017 წელი; №ას-206-195-2017, 16 მაისი, 2017 წელი; №ას-668-639-2016, 13 მარტი, 2017 წელი; №ას-594-560-2012, 7 ივნისი, 2012 წელი; №ას-519-754-08, 16 ივლისი, 2008 წელი). სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
34. გამომდინარე აქედან, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ. ტ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე