საქმე №ა-1225-ა-3-2019 7 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ინდივიდუალური მეწარმე გ. გ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 თებერვლის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდგომ – მოსარჩელე, განმცხადებელი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ინდივიდუალური მეწარმე გ. გ-ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 474,27 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 1653,83 ლარის გადახდა.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად საკასაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.
8. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლით:
9. განმცხადებელმა განმარტა, რომ მოსარჩელეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჩაბარდა 2018 წლის 26 დეკემბერს. მისი გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 27 დეკემბერს და დასრულდა 2019 წლის 16 იანვარს. მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2019 წლის 16 იანვარს, 16:00 საათზე, რაც დასტურდება 2019 წლის 16 იანვრის №9 რეესტრით, რომელზეც განთავსებულია შსს იურიდიული დეპარტამენტისა და შპს „ს. ფ.“ შტამპები, ხოლო აღნიშნული კორესპონდეცნიის მიმღებად დასახელებულია თბილისის სააპელაციო სასამართლო. აღნიშნული რეესტრის ასლი დაერთო განცხადებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და საქმის წარმოება განახლდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
12. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.
13. სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა და მესამე ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
14. მითითებული ნორმის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად შეიძლება დაედოს ისეთი გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომელიც მხარის ინტერესების სასარგებლოდ არსებითად გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე.
15. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელმა ასეთ მტკიცებულებად მიიჩნია 2019 წლის 16 იანვრის №9 რეესტრი, რომელზეც განთავსებულია შსს იურიდიული დეპარტამენტისა და შპს „ს. ფ.“ შტამპები. მხარის მოსაზრებით, დასტურდება, რომ საკასაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2019 წლის 16 იანვარს, 16:00 საათზე. აღნიშნული კორესპონდეცნიის მიმღებად დასახელებულია თბილისის სააპელაციო სასამართლო.
16. შესაბამისად, მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას საკასაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინება განმცხადებლისათვის სასურველ შედეგს გამოიღებდა და საკასაციო საჩივარი განუხილველად არ დარჩებოდა.
17. აღსანიშნავია, რომ გასაჩივრებული განჩინებით საკასაციო სასამართლომ განუხილველად დატოვა მოსარჩელის საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 397-ე მუხლით დადგენილი ვადის დარღვევის გამო, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გასაჩივრებული განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით კასატორს ჩაბარდა 2018 წლის 26 დეკემბერს (იხ. ტ.2, ს.ფ.70). სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 21-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 27 დეკემბერს და ამოიწურა 2019 წლის 16 იანვარს, ხოლო საკასაციო საჩივარი კასატორმა შეიტანა 2019 წლის 17 იანვარს (იხ. ტ.2, ს.ფ.71-82), ე.ი. გასაჩივრების საპროცესო ვადის დარღვევით.
18. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ სააპელაციო სასამართლომ საკასაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით გამოაგზავნა კანონით დადგენილ ვადაში, რაც დასტურდება წარმოდგენილ განცხადებაზე დართული მტკიცებულებით (ტომი 2, ს.ფ 108) – მოსარჩელე სამინისტროს №9 რეესტრით.
19. საკასაციო სასამართლო იზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე მსჯელობისას მითითებული აქტის შინაარსის გათვალისწინება განმცხადებლის სასარგებლოდ გავლენას იქონიებდა საკასაციო საჩივრის სამართლებრივ ბედზე და მის განუხილველად დატოვებას არ გამოიწვევდა.
20. სსსკ-ის 430-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით.
21. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 თებერვლის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმის წარმოება განმცხადებლის საკასაციო საჩივარზე განახლდეს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მეორე ნაწილით, 284-ე მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 თებერვლის განჩინება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და საქმის წარმოება განახლდეს.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური