საქმე №ას-1857-2018 7 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. ბ–ი (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - მ. გ-ე, ნ. დ-ე, ზ. ფ-ე (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – მორალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. მ. ბ–მა (შემდეგში - მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) თბილისის საქალაქო სასამართლოში მ. გ-ის (შემდეგში - პირველი მოპასუხე), ნ. დ-ისა (შემდეგში - მეორე მოპასუხე) და ზ. ფ-ის (შემდეგში - მესამე მოპასუხე) წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მორალური ზიანის სახით 6000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
6. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა შემდეგ გარემოებათა და სამართლებრივ მოსაზრებათა გამო:
7. მოსარჩელე და მოპასუხეები მეზობლები არიან.
8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მიხედვით, პირს ეკისრება სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა. ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) მე-18 მუხლის თანახმად, კერძო პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან დაიცვას. ასევე, სსკ-ის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
9. სპეციალური კანონით საჯარო და კერძო პირის ცილისწამება გამიჯნულია და სხვადასხვა მუხლებითაა მოწესრიგებული („სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 და მე-14 მუხლები). აღნიშნულს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა გააჩნია, ვინაიდან კერძოსამართლებრივ ურთიერთობებს, ჩვეულებრივ, შესაძლოა, თან ახლდეს მორალური ტკივილი, სულიერი განცდები, მაგრამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეუძლია დაზარალებულს, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. განსახილველი სამართლებრივი დანაწესის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი უზრუნველყოფილი იქნეს. ასევე, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი, რომელიც კერძო პირის ცილისწამებისთვის სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, საჯარო პირის ცილისწამებისგან განსხვავებით, შეურაცხმყოფელი განცხადების გავრცელების ფაქტის დადგენას სავალდებულოდ არ მიიჩნევს. შესაბამისად, კერძო პირის შემთხვევაში, მას უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს თავისი პატივისა და ღირსების დასაცავად, მაშინაც კი, როდესაც ცილისმწამებლური ინფორმაცია არ გავრცელებულა. თუმცა, ასეთ დროს, მან უფრო მაღალი სტანდარტით უნდა დაადასტუროს პატივისა და ღირსების შელახვის ვარაუდი. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ, ზოგადად, შეურაცხმყოფელი ფაქტების ფართო მასებში გავრცელება პირის პატივსა და ღირსებას საზოგადოების თვალში აკნინებს, შესაბამისად, მას უფრო მეტ ზიანს აყენებს ვიდრე პირად სივრცეში, თუნდაც, იმავე სახის შეურაცხყოფის მიყენება.
10. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ემყარებოდა ფაქტობრივ გარემოებებს იმის თაობაზე, რომ მოპასუხეები, რომლებიც მოსარჩელის მეზობლები არიან, მის პატივსა და ღირსებას სისტემატურად ლახავენ, შეურაცხყოფას აყენებენ, მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ აძლევენ, ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოსდა, მოსარჩელე ფსიქიკურად დაავადებული, ანუ, მისივე თქმით, „გიჟია“. შესაბამისად, დავის საგანში შედიოდა ის ფაქტობრივი გარემოები, წარმოადგენდა თუ არა მოპასუხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოსარჩელის სსკ-ის მე-18.2 მუხლითა და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაცულ სფეროში იმგვარ ჩარევას, რასაც სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება შეიძლება მოჰყვეს.
11. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის ასამოქმედებლად, აუცილებელია, დადგინდეს, რომ მოპასუხის განცხადება უშუალოდ მოსარჩელის შესახებ არსებითად მცდარ ფაქტს შეიცავს და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა.
12. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლზე, რომლის თანახმად ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას ჰქონდეს მოსაზრებანი და მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად.... ამ თავისუფლებათა განხორციელება, იმის გამო, რომ იგი მოიცავს ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ ფორმალობებს, შეზღუდვებს ან სასჯელს, რომლებიც გათვალისწინებული არიან კანონით და აუცილებლობას წარმოადგენენ დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებიდან გამომდინარე, უწესრიგობისა და დანაშაულის აღკვეთისათვის, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დაცვისათვის, კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილებისა და სასამართლო ხელისუფლების უზრუნველსაყოფად. უდავოა, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენს და მისი რეგლამენტირების დროს მაქსიმალური ყურადღება უნდა იქნეს გამოჩენილი.
13. სპეციალური სამართლებრივი მოწესრიგების გათვალისწინებით, განსახილველ დავაში, იმის გადასაწყვეტად, მოპასუხის გამონათქვამი შეიცავს, თუ არა, ცილისმწამებლურ განცხადებას, უნდა გაირკვეს მოპასუხის მსჯელობა წარმოადგენს „აზრს“ თუ „არსებითად მცდარ ფაქტს“. მათ შორის, განსხვავების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ „აზრის თავისუფლება“ მიჩნეულია კერძო საკითხად, რომელიც გონების სფეროს მიეკუთვნება და ამდენად, იგი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და სხვა უფლებებისაგან განსხვავებით, არ შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ ფორმალობებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვისათვის. აზრის საწინააღმდეგოდ კი, „ფაქტში“ იგულისხმება ნამდვილი, რეალური ან არსებული გარემოებები და საგნები, რომლებიც ექვემდებარება მტკიცებულებებით დადასტურებას და იგი მიეკუთვნება რელატიურ (შეფარდებით) უფლებათა კატეგორიას. აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო, მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, ის თუ გამონათქვამი რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანი განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითებაა, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე - სუბიექტური, და, რაც მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია.
14. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ძირითადად იმ ფაქტობრივ გარემოებას ემყარება, რომ მოპასუხეები მოსარჩელეს „გიჟს“ ეძახიან.
15. სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მითითებული გარემოება არ დასტურდება. თუმცა, მისი დადასტურების პირობებშიც კი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ტერმინის გამოყენება მორალურად დასაძრახი ქმედებაა, თუმცა, იგი მოპასუხეების სუბიექტურ დამოკიდებულებას ასახავს, არ არის დამყარებული კონკრეტულ ფაქტებზე და, რაც მთავარია, იგი რეალობას არ შეესაბამება (რასაც მოსარჩელე თავადაც ადასტურებს). გამოთქმის კონტექსტის შეფასების, შინაარსისა და ნამდვილი აზრის გათვალისწინებით, მოპასუხის გამონათქვამი აზრის გამოთქმად უნდა ჩაითვალოს, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად, რადგან არასახარბიელო სამეზობლო ურთიერთობის ფარგლებში აღნიშნული ტერმინით პირებს, როგორც წესი, მათი გულისწყრომის გამოხატვა სურთ. სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხის სუბიექტური შეფასების გამომხატველი სადავო გამონათქვამი, შეურაცხმყოფელი, მტკივნეული, უარყოფითი ემოციისა და გარკვეული დისკომფორტის შემქმნელია მოსარჩელისათვის, წინამდებარე განჩინებაში განვითარებული მოტივაციით, ცილისწამების გამო, სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივ შესაძლებლობას გამორიცხავს.
16. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის გამოსაყენებლად საჭირო ერთ-ერთი წინაპირობა - არსებითად მცდარი ფაქტის გავრცელება არ დასტურდება, რაც მოთხოვნის დაკმაყოფილებას საფუძველშივე გამორიცხავს, ამიტომ სააპელაციო სასამართლო ნორმის დისპოზიციით განმტკიცებული მეორე ელემენტის - მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტის გამოკვლევასა და მის სამართლებრივ შეფასებას აღარ შეუდგება.
17. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს განამტკიცებს, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი მთლიანად მოსარჩელეს ეკისრება, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას მოსარჩელეა ვალდებული, ამტკიცოს შემდეგი: ა) მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია; გ) განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი, ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა; დ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებასა ან/და საქმიან რეპუტაციას.განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება ვერ მოახდინა, მოპასუხის მიერ არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გაკეთება, რომელიც ცილისწამებას გაუთანაბრდებოდა არ დადასტურდა, რაც შეეხება ზიანის მიყენების ფაქტს სასამართლომ მისი შეფასება უმნიშვნელოდ მიიჩნია, ვინაიდან ნორმის დისპოზიციაში მითითებული კუმულაციური ელემენტებიდან პირველი სახეზე არ იყო.
18. სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარმოადგინა მოსარჩელემ.
19. კასატორის მოსაზრებით, მართალია სასამართლომ გამოიყენა სპეციალური კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, კონსტიტუციის შესაბამისი ნორმები, თუმცა, არა მოსარჩელის სასიკეთოდ, არამედ მოპასუხეთა დასაცავად. კასატორის მითითებით, უდავოა რომ მოსარჩელეს „გიჟს“ ეძახიან. სააპელაციო სასამართლომ კი, მხოლოდ ამ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება და სხვა გარემოებები არ გამოუკვლევია. გასაჩივრებული გადაწყვეტილება ძირითადად ემყარება იმ დასაბუთებას, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მცდარი ფაქტის არსებობა, ხოლო მოსაზრება კი, დაცულია სპეციალური კანონით. კასატორი აღნიშნავს, რომ ამით სასამართლომ სტიმული მისცა მოპასუხეებს კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელონ უკანონო და დამამცირებელი მიუღებელი, ამორალური ქმედებები, რადგან გასაჩივრებული განჩინებით ეს ქმედებები ჩათვალა სიტყვის თავისუფლებად.
სამოტივაციო ნაწილი:
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2019 წლის 01 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილის საპროცესო სამართლებრივი საფუძვლით.
21. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
22. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში იხილავს მორალური ზიანის ანაზღაურების უარყოფის კანონიერებას.
23. განსახილველი დავის საგნის, სასარჩელო მოთხოვნისა და მის საფუძვლად მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი, საკასაციო პალატას აძლევს იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სსკ-ის მე-18 მუხლი, რომელიც ბლანკეტური შინაარსისაა და შეიცავს დათქმას სპეციალურ კანონზე, რომელიც საქართველოში ძალაშია 2004 წლის 16 ივლისიდან, კერძოდ, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი. სსკ-ის მე-18 მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს, რომ ,,პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან“. შესაბამისად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სადავო საკითხის გადასაწყვეტად, პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტობრივი გარემოებების გამოსარკვევად და დასადგენად სსკ-ის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე, უნდა ვიხელმძღვანელოთ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ სპეციალური კანონით, რომელიც წარმოადგენს ღირსების და პატივის სამოქალაქო რეგულირების შემავსებელ ნორმას და საბოლოოდ, ქმნის საკითხის სამოქალაქო კოდექსით გადაწყვეტის წინაპირობას.
24. საკასაციო განაცხადის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, პალატა უპირველესად ყურადღებას გაამახვილებს სადავო ურთიერთობის დასადგენად მტკიცებულებათა შეფასების მნიშვნელობაზე და აღნიშნავს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი (პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა), თანმიმდევრობით განხორციელებული უნდა იყოს მოთხოვნის საფუძვლის განმაპირობებელი შემდეგი წინაპირობები: ა) მოპასუხეებმა მოსარჩელის შესახებ გაავრცელა ეს სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია; გ) განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხეებისათვის წინასწარ იყო ცნობილი, ან მოპასუხეებმა ეს აშკარა და უხეში დაუდევრობა; დ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მოსარჩელის პატივს, ღირსებასა ან/და საქმიან რეპუტაციას.
25. ზემოთ მითითებული კომპონენტების მტკიცების ვალდებულებას რაც შეეხება, ამ მხრივ, ყურადსაღებია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური საკანონმდებლო რეგულირება. პალატა აღნიშნავს, რომ სამართალწარმოებაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ორი ძირითადი წესი: ზოგადი წესი, რომელიც სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად ეკისრება თითოეულ მხარეს, და სპეციალური წესი, რომელსაც თავად გამოსაყენებელი მატერიალური ნორმა აწესებს. განსახილველ შემთხვევაში, სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს განამტკიცებს, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი მთლიანად მოსარჩელეს ეკისრება, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას მოსარჩელეა ვალდებული, ამტკიცოს ამ განჩინების პ-24-ში მითითებული კომპონენტების განხორციელება.
26. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს არ მიუთითებია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საპროცესო ნორმების დარღვევით (სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-3 ნაწილი). კასატორი პრეტენზიას მხოლოდ განჩინების დაუსაბუთებლობაზე ამყარებს და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია; ძირითადად განჩინება ემყარება იმ დასაბუთებას, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მცდარი ფაქტის არსებობა, ხოლო მოსაზრება კი, დაცულია სპეციალური კანონით. კასატორი აღნიშნავს, რომ ამით სასამართლომ სტიმული მისცა მოპასუხეებს კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელონ უკანონო და დამამცირებელი მიუღებელი, ამორალური ქმედებები, რადგან გასაჩივრებული განჩინებით ეს ქმედებები ჩათვალა სიტყვის თავისუფლებად (იხ., საკასაციო შედავება - ამ განჩინების პ-19). ზოგადი შედავების საფუძველზე კი, საკასაციო პალატა ვერ მიიჩნევს, რომ სპეციალური კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე მოსარჩელემ ჯეროვნად შეასრულა მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დამაჯერებლად მტკიცების ვალდებულება, ხოლო სააპელაციო სასამართლომ მათი არასწორად დადგენის პროცესში დაარღვია პროცედურული წესი (სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3).
27. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ სახეზეა მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობები. მისი სასარჩელო მოთხოვნა ემყარებოდა იმ გარემოებებს, რომ მოპასუხეები, რომლებიც მისი მეზობლები არიან, მის პატივსა და ღირსებას სისტემატურად ლახავენ, შეურაცხყოფას აყენებენ, მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ აძლევენ, ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოსდა, მოსარჩელე ფსიქიკურად დაავადებული, ანუ, მისივე თქმით, „გიჟია“. სარჩელის ამგვარ ფაქტობრივ მოცემულობაში მხედველობაშია მისაღები დადგენილი სასამართლო პრაქტიკა, რომელის მიხედვითაც მსგავსი კატეგორიის დავებზე ერთმანეთისაგან იმიჯნება ფაქტი და მოსაზრება. მართალია კასატორი პრეტენზიას გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული განჩინების არგუმენტი ემყარება სწორედ ფაქტის აზრისაგან გამიჯვნის პრობლემას, თუმცა, აღნიშნულს საკასაციო პალატა ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების დაუსაბუთებლობად და აღნიშნავს, რომ ამგვარი მოთხოვნა გამომდინარეობს სპეციალური კანონიდან, ასევე, დამკვიდრებული საერთაშორისო თუ ეროვნული სასამართლო პრაქტიკიდან. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად კი, ამ კანონის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად. პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით აზრი განიმარტება, როგორც შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს, ხოლო განცხადებაა, ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო. ამასთან, ცილისწამება – არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადებაა. კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პირს უფლება აქვს სარჩელით მიმართოს სასამართლოს ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ხელყოფის თავიდან აცილების ან აღკვეთის, აგრეთვე უკანონო ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით. ამასთან, სარჩელის აღძვრისას მოსარჩელემ უნდა ადასტუროს, რომ მოპასუხეებმა გაავრცელეს არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.
28. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ აზრის გამოხატვის თავისუფლებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძალზე ფართოდ განმარტავს. თავისი პრინციპული პოზიცია მან ასახა ერთ-ერთ პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში (LINGENCE v. AUSTRIA, სტრასბურგი, 08 ივლისი, 1986 წელი, განაცხადის N9815/82), რომელშიც განმარტა, რომ უდიდესი სიფრთხილით უნდა შეფასდეს „ფაქტები“ და „მოსაზრება“/ „მსჯელობა“. თავის მხრივ, „ფაქტების“ არსებობა დასაშვებად მიიჩნევდა მათ დადასტურებას, მაშინ როდესაც „მოსაზრების“/„შეხედულების“ დადასტურება პრაქტიკულად შეუძლებელია და ამდენად, იგი განეკუთვნება შეხედულებათა თავისუფლების სფეროს და დაცულია კონვენციის მე-10 მუხლის პირველი ნაწილით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სხვა პრეცედენტულ საქმეშიც განმარტა, რომ გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების არსებობისა და თითოეული ინდივიდის განვითარების უმთავრეს საფუძველს. კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით დაშვებული ჩარევის აუცილებლობის არარასებობისას, ნორმით დაცულ სფეროში ხვდება არა მხოლოდ „უწყინარი“, „უვნებელი“ გამონათქვემები, არამედ „შეურაცხმყოფელი“, აღმაშფოთებელი“, „შოკისმომგვრელი“ მოსაზრებები. ეს არის პლურალიზმის, ტოლერანტობისა და ლიბერალიზმის მოთხოვნები, რომლის გარეშეც, წარმოუდგენელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა (იხ., OTTO PREMINGER INSTITUTE v. AUSTRIA, სტრასბურგი, 20 სექტემბერი, 1994 წელი, განაცხადის N13470/87). ამ საკითხთან მიმართებაში, თავისი პრინციპული პოზიცია სასამართლომ უფრო ადრე დააფიქსირა საქმეში ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (HANDYSIDE v. UNITED KINGDOM, სტრასბურგი, 07 დეკემბერი, 1976 წელი განაცხადის N 5493/72). აზრის ფაქტისაგან გამიჯვნის პრობლემის და აუცილებლობის შესახებ დამატებით იხილეთ სასამართლო პრაქტიკა - სუსგ, №ას-1278-1298-2011, 20 თებერვალი, 2012 წელი; №ას-1304-1242-2014, 27 მაისი, 2015 წელი, №ას-53-49-2017, 07 აპრილი, 2017 წელი და ა.შ., რომელსაც ეფუძნება გასაჩივრებული განჩინება და ამიტომაც საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნულ სამართლებრივ საკითხს აღარ განმარტავს.
29. მაშასადამე, მოსარჩელის ვალდებულებაა ადასტუროს გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს „ფაქტს“/„განცხადებას“ თუ იგი არის „მოსაზრება“, რადენადაც, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა რომ მოპასუხეებმა მის შესახებ განცხადება გააკეთეს, რომელიც ცილისწამებას გაუთანაბრდებოდა და მას წარმოუშობდა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლებას. ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვისას ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ამ უფლებების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.
30. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას, რომ საქმის მასალებით დაუდასტურებელია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის დისპოზიციაში მითითებული კუმულაციური კომპონენტებიდან პირველის განხორციელება (იხ., ამ განჩინების პ-24).
31. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელში მითითებული მოპასუხის განცხადებები არ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულ ადამიანის პატივისა და ღირსების დაცულ სფეროში ჩარევას, არამედ მასში ასახულია მოპასუხის შეფასებები პიროვნებისა და მოვლენის მიმართ შესაბამისად, არ არსებობს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის წინაპირობები. ამდენად, საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ბ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე