საქმე №ას-1851-2018 2 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ. ლ-ე (მოპასუხე, პირველი აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - ა. ს-ე (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. 2011 წლის 4 ოქტომბერს, მ-–ის ქ.№1ა მდებარე არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრე, ფიზიკურ პირს - ა. ს-ეს (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) და მოპასუხეს შორის ქ.ქუთაისში, მ-ის ქ.№1ა მდებარე ქონებაზე დაიდო იჯარის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა მარკეტის დანიშნულებით. მეიჯარე ვალდებული იყო: გადაეცა მ–ის ქ.№1ა მდებარე ქონება გამოსაყენებლად ვარგის მდგომარეობაში. მეიჯარეს უფლება ჰქონდა: მოეთხოვა მოიჯარისთვის იჯარით გადაცემული ქონების ექსპლუატაციის წესების, ხანძარსაწინააღმდეგო და სანიტარული ნორმების დაცვა; მოეთხოვა მოიჯარის მიერ ყოველი მომდევნო თვის ათ რიცხვამდე ამ ხელშეკრულებით დადგენილი საიჯარო ქირის გადახდა; მეიჯარეს უფლება ჰქონდა არ დაეშვა მოიჯარის მხრიდან საიჯარო ქონების მესამე პირზე გადაცემა მეიჯარის თანხმობის გარეშე; მეიჯარეს უფლება ჰქონდა მოეთხოვა საიჯარო ხელშეკრულების ვადამდე გაუქმება იმ შემთხვევაში, თუ ის ორი თვით ადრე აცნობებს მოიჯარეს ამის შესახებ. მოიჯარე ვალდებული იყო: ეზრუნა იჯარით აღებულ ქონებაზე საკუთარი სახსრებით (ანაზღაურების გარეშე), ჩაეტარებინა კაპიტალური და მიმდინარე რემონტი, საიჯარო ფართის ექსპლოატაციისას დაეცვა ხანძარსაწინააღმდეგო და სანიტარული წესები; აენაზღაურებინა საიჯარო ქონების გაუარესებით გამოწვეული ზარალი, თუ ვერ დაამტკიცებდა, რომ გაუარესება მისი მიზეზით არ იყო გამოწვეული; გადაეხადა მის მიერ გახარჯული ელექტროენერგიისა და მოხმარებული წყლის ღირებულება და კომუნალური გადასახადები, თავად მოეწესრიგებინა ურთიერთობები საგადასახადო და საჯარო სუბიექტებთან; თვითონ ეგო პასუხი ვაჭრობისა და სხვა წესების დარღვევისათვის. მოიჯარეს უფლება ჰქონდა მოეთხოვა მეიჯარისაგან ქონების გამოსაყენებლად ვარგის მდგომარეობაში ჩაბარება; საიჯარო ქონება გამოეყენებინა მხოლოდ სამეწარმეო საქმიანობისათვის; მოეთხოვა საიჯარო ხელშეკრულების ვადამდე გაუქმება, თუ საიჯარო ქონება გამოუსადეგარი გახდა იმ გარემოებათა გამო, რომლისთვისაც მოიჯარეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა. საიჯარო ქირის გადასახადი შეადგენდა 500 ლარს. მოიჯარეს საიჯარო ქირა უნდა შეეტანა ყოველი მომდევნო თვის ათ რიცხვამდე ნოემბრიდან დაწყებული. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა მასზე მხარეთა ხელმოწერიდან ერთი წლით. ხელშეკრულება ძალაში შევიდა ხელმოწერიდან. მეიჯარეს უფლება ჰქონდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში შეეცვალა საიჯარო ქირის ოდენობა და ამის შესახებ ერთი თვით ადრე ეცნობებინა მოიჯარისათვის. სხვა შემთხვევაში, ხელშეკრულების ვადამდე მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ მხარეებმა ერთმანეთს წინასწარ, ორი კვირით ადრე უნდა აცნობონ. ხელშეკრულების მოთხოვნათა შეუსრულებლობა ,,მოიჯარეს მხრიდან მეიჯარეს უფლებას აძლევს გაფრთხილების გარეშე, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. თუ ვადის გასვლის შემდეგ, არც ერთი მხარე არ დასვამდა საკითხს ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ, იგი გაგრძელებულად ჩაითვლებოდა მომდევნო ერთი წლით.
2. 2012 წლის 10 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება №1, რომლის საგანს წარმოადგენდა მეიჯარის კუთვნილი, ქ. ქუთაისში, მ-ს ქ.№1ა მიმდებარე არასაცხოვრებელი ფართის ნაწილის 90 კვ.მ. იჯარით, სარგებლობის უფლებით გადაცემა სამეწარმეო საქმიანობის დანიშნულებით საზღაურის აღების პირობით. საიჯარო ქირის ყოველთვიური გადასახადი საშემოსავლო გადასახადის გარეშე შეადგენს 625 (ხუთას) ლარს. მოიჯარეს ქირა უნდა შეეტანა ყოველი თვის 5 რიცხვამდე. მეიჯარის მიერ საიჯარო თანხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო უნაღდო ანგარიშსწორების გზით მეიჯარის საბანკო ანგარიშზე.
3. 2012 წლის 10 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება №12, ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა მეიჯარის კუთვნილი, ქ. ქუთაისში, მ–ის ქ.№1ა მდებარე ქონების იჯარით, სარგებლობის უფლებით გადაცემა მარკეტის დანიშნულებით. ერთი თვის საიჯარო ქირის მთლიანი ოდენობა განისაზღვრება 500 ლარით. მოიჯარეს მეიჯარისათვის საიჯარო ქირა უნდა გადაეხადა ყოველი მომდევნო დღის 5 რიცხვამდე. მეიჯარის მიერ საიჯარო თანხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო უნაღდო ანგარიშსწორების გზით მეიჯარის საბანკო ანგარიშზე;
4. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა:
- ქ. ქუთაისში, მ–ის ქ. №1ა-ში მდებარე ქონებაზე საიჯარო ქირის დავალიანების - 4100 ლარის დაკისრება; მიყენებული ზიანის, კერძოდ, წლიური 18%-ის 4 წლის განმავლობაში 2952 ლარის გადასახდელად დაკისრება;
- მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული საქონლის და თანხის (4650.8+3000) 7650 ლარის დაკისრება; ზიანის, კერძოდ, წლიური 18%-ის 4 წლის განმავლობაში 5508 ლარის დაკისრება; საიჯარო ქონების ღირებულების - 8020 ლარის დაუბრუნებლობით მიყენებული ზიანის წლიური 18% -ის დაკისრება 4 წლის განმავლობაში 5774,4 ლარის ოდენობით;
- ქ. ქუთაისში, მ-ს ქ.№1-ში ორივე ხელშეკრულებაზე გადასახადი ჯამში 3975 ლარის, ზიანი 18% წლიურად 4 წელი, 2862 ლარის - გადასახდელად დაკისრება;
- იპოთეკის მოხსნისათვის 2015 წლის 20 იანვარს გადახდილი თანხის, 2450 ლარის - გადასახდელად დაკისრება;
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: დაეკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ქ.ქუთაისში, მ–ის ქ.№1ა-ში იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 4400.00 ლარის გადახდა; დაეკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ქ.ქუთაისში, მ-ს ქ.№1-ში მდებარე ქონების იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 3975.00 ლარის გადახდა; დაეკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ იპოთეკის მოხსნისათვის გადაცემული თანხის 2450.00 ლარის გადახდა; სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იჯარის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების 8375 ლარის წლიური 7% - 586.25 ლარი, 2013 წლის 05 იანვრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი და ამ განჩინების პპ: 1-5-ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
9. იმავდროულად სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშების მიხედვით საიჯარო ვალდებულება განისაზღვრება 2011 წლის 4 ოქტომბრიდან და მთავრდება 2013 წლის იანვარში. ჯამში 16 თვე. 16*500=8000 ლარი. ჩარიცხულია მხოლოდ 3900. დარჩა ჩასარიცხი 4100 ლარი. სახეობა - 04.10.2011 მიღება-ჩაბარების აქტი; ძირითადი თანხა - 7650; წლიური % - 18; ჯამი - 1377; წლები - 4; სულ - 5508. სახეობა - საიჯარო ქირის დავალიანება; ძირითადი თანხა - 4100; წლიური % - 18; ჯამი - 758; წლები - 4; სულ - 2952.სახეობა - საიჯარო ქონების ღირებულება; ძირითადი თანხა - 8020; წლიური % - 18; ჯამი - 1443.6; წლები - 4; სულ - 5774.4. სულ -19770. 14234.4 მოსათხოვია ძირითადი თანხა - 19770 ლარი დარიცხული ზარალი -14234.4 ლარი. სულ - 34.004.4 ლარი.
10. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2012 წელს ორი საიჯარო ხელშეკრულების მიხედვით ჩასარიცხი იყო ერთ თვეში 500+625=1125 ლარი, ანუ 1125*11 თვეზე=12375 ლარი. სულ ჩარიცხულია - 8500 ლარი. დარჩა 3975 ლარის ძირითადი თანხის დავალიანება. ძირითადი თანხა - 3975; წლიური% - 18; ჯამი - 715.5; წლები - 4; სულ 2862. მოსათხოვია 3975+2862=6837 ლარი. ასანაზღაურებელია - 2450 (ანგარიშზე ჩარიცხული)-490 (სამხარაულის ექსპერტიზის) სულ=34004+6837+2450+490=43. 781 ლარი.
11. საგადასახადო ბრუნვის უწყისით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს 2011 წლის 04 ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრის ჩათვლით მოსარჩელისაგან რაიმე სახის საქონელი არ მიუღია. ასევე, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე სარგებლობაში გადაცემული ლუდის ვიტრინა მაცივარი იყო სს ,,ლ-ი“-ს საკუთრება. გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციით დადგენილია, რომ 2012 წელს რვა თვის განმავლობაში მოპასუხესთან დასაქმებული იყო ხელფასს იღებდა ოთხი თანამშრომელი: ი. ნ-ა; მ. თ.; ა.; ბ–ი ც–ა; ხოლო იმავე წელს ექვსი თვე ასევე - მოსარჩელე.
12. მოპასუხის განმარტებით, იგი ნაქირავებ ობიექტში არ ეწეოდა ჩამოსასხმელი ლუდის რეალიზებას და წარმოადგინა სასაქონლო ზედნადებები.
13. მოსარჩელის შუამდგომლობით მოწვეულმა მოწმე ლ. განმარტა, რომ პროფესიით არის ბუღალტერი. ზედნადებების საფუძველზე აწარმოებდა მოპასუხის ბუღალტერიას. მოწმის განმარტებით, თვითონ იხდიდნენ საშემოსავლოს. შემდეგ, მოსარჩელეს უხდიდნენ თანხას და იგი იხდიდა საშემოსავლო გადასახადს. მოწმემ განმარტა, რომ გადასახადის გადაუხდელობის გამო, საგადასახადო გირავნობა - იპოთეკა დაედო ქონებას. იპოთეკის მოსახსნელი თანხა 2450 ლარი, გადაიხადა მოსარჩელემ. მოწმის განმარტებით, კერძო პირებისგან ყიდულობდნენ პროდუქციას. მოწმის განმარტებით, მ–ის ქ.№1ა-ში, ჩამოსასხმელი ლუდი არ იყო.
14. მოსარჩელის შუამდგომლობით მოწვეულმა მოწმე მ. კ-ემ განმარტა, რომ 2011-2012 წლებში მუშაობდა ლუდის ჩამომსხმელად და ხელფასს ხელზე აძლევდა მოპასუხე. რომელი დასახელების ლუდს ჰყიდდა არ ახსოვს. ჰქონდა სალარო აპარატი.
15. მოპასუხის შუამდგომლობით მოწვეულმა მოწმე რ. მ-ემ განმარტა, რომ მუშაობდა მ–ის ქ.№1ა-ში მდებარე ობიექტში გამყიდველად (მაღაზია), რომელიც იჯარით ჰქონდა აღებული მოპასუხეს. მაღაზიაში იყიდებოდა სურსათი. ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო ჩატარდა აღწერა და აღწერისას ყველაფერი დატოვეს მაღაზიაში. ასევე, დარჩა ნაშთი. ერთი კვირის ნავაჭრი დაუტოვეს მოსარჩელეს. მოწმემ განმარტა, რომ ინვენტარი მაღაზიიდან არ წაუღიათ. მაცივრები სხვისი იყო და დარჩა მაღაზიაში. 2014 წელს ერთ დღეში აღწერა მაღაზია და ჩააბარა მოსარჩელეს.
16. მოწმე მ. თ-მ განმარტა, რომ იცნობს მოდავე მხარეებს. მუშაობდა ქ. ქუთაისში მ–ის ქ.№1ა-ში მდებარე ობიექტში გამყიდველად (მაღაზია), რომელიც იჯარით ჰქონდა აღებული მოპასუხეს. მოწმის განმარტებით, ინვენტარი ეწყო საწყობებში. მაღაზიაში იყო დახლ-მაცივარი, რომელიც შემდეგ გაფუჭდა. დარჩა მაღაზიაში. საყინულე, ვიტრინა მაცივრები ეკუთვნოდა პროდუქციის, სასმელების შემომტან ფირმას. მოსარჩელე ითხოვდა დაზიანებული მაცივრის შეკეთებას. ყველა ინვენტარი იყო მაღაზიაში. აღწერა არ ჩაუტარებია. მაღაზიის გასაღები ჩააბარა ს. კ-ეს, რომელიც ადრე იყო მაღაზიის მენეჯერი. მოწმის განმარტებით, შემდეგ თვითონ გაიფორმა იგივე მაღაზია, როგორც ინდ. მეწარმემ და გააფორმა იჯარის ხელშეკრულება. იმის გამო, რომ არ იყო მუშაობა შეწყვიტა ხელშეკრულება. აღწერისას განულებული იყო ყველაფერი.
17. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ იყო, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 129-ე მუხლის პირველი მეორე ნაწილებით სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია;
18. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სახეზე იყო პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება. მოპასუხეს ეკისრებოდა სახელშეკრულებო ვალდებულება ყოველთვიურად შეეტანა მოსარჩელის სასარგებლოდ საიჯარო თანხა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ბანკის ცნობის მიხედვით, მოპასუხემ ბოლო გადახდა განახორციელა 2012 წლის 22 ნოემბერს (ტ.1. ს.ფ. 21-23) ხოლო სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილი იყო 2015 წლის 02 ოქტომბერს (ტ.1. ს/ფ. 2-12). შესაბამისად, სარჩელი სასამართლოს წარედგინა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დაცვით.
19. 2011 წლის 4 ოქტომბერს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, მხარეთა შორის, მასზედ, რომ საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებასთან ერთად ჩაატარეს მ–ის ქ.№1ა მდებარე სავაჭრო ობიექტში არსებული სასაქონლო ნაშთის ინვენტარიზაცია, რომლის შედეგების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 4650.8 ლარი და 80 თეთრის საქონელს დანართის შესაბამისად და 3000 ლარი. აქტის გაფორმების მომენტისათვის: 1. დ. გ-ის მიერ გადასახდელია დენის გადასახადი 178.4 ლარი. 2.გადახდილია ტელეფონის გადასახადი. 3.დ. გ-ის მიერ გადასახდელია წყლის გადასახადი 8.52 ლარი. 4.დ. გ-ის მიერ გადასახდელია დასუფთავების გადასახადი. 5.გადასახდელია დაცვის გადასახადი. ასევე, შედგა მეორე მიღება-ჩაბარების აქტი იგივე მხარეებს შორის, რომლის მიხედვით, საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით ჩატარდა მ–ის ქ.№1ა-ში მდებარე სავაჭრო ობიექტში არსებული ინვენტარის აღწერა, რომლის შედეგების საფუძველზე გ. ლ-ემ სარგებლობისათვის მიიღო შემდეგი ქონება: 1.დახლ-მაცივარი - 2 ცალი; 2.საყინულე მაცივარი - 3 ცალი; 3.ვიტრინა მაცივარი - 4 ცალი; 4.სასწორი - 1 ცალი; 5.ელექტრო მრიცხველი - 4 ცალი; 8.პოდნოსი - 7 ცალი; 9.მინის ვიტრინა დიდი - 1 ცალი; 10.მინის მრგვალი ვიტრინა - 1 ცალი; 11.სკამი - 4 ცალი; 12.კედლის საათი - 1 ცალი; 13.კედლის თაროები - 4 კომპლ.; 14.ყველის ჯამი - 1 ცალი; 15.ყველის ვედრო - 1 ცალი; 16.რეკლამა - 4 ცალი; 17.ვიტრინა მაგიდა - 4 ცალი; 18.ტელევიზორი - 1 ცალი; 19.კონდიციონერი - 1 ცალი (დაზიანებული); 20.სასწორის მაგიდა - 1 ცალი; 21.ტელეფონის აპარატი - 1 ცალი; 22.წყლის ავზი - 1 ცალი; 23.წყლის გამაცხელებელი - 1 ცალი; 24.საწერი მაგიდა - ცალი; 25.მაგიდა სკამებით - 2 კომპლ.;
20. 2012 წლის 10 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება №1, რომლის საგანს წარმოადგენდა მეიჯარის კუთვნილი, ქ. ქუთაისში, მ-ს ქ. №1ა მიმდებარე არასაცხოვრებელი ფართის ნაწილის 90კვ.მ. იჯარით გადაცემა სამეწარმეო საქმიანობის დანიშნულებით საზღაურის აღების პირობით. საიჯარო ქირის ყოველთვიური გადასახადი საშემოსავლო გადასახადის გარეშე შეადგენს 500 ლარს. მოიჯარეს ქირა უნდა შეეტანა ყოველი თვის 5 რიცხვამდე. მეიჯარის მიერ საიჯარო თანხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო უნაღდო ანგარიშსწორების გზით მეიჯარის საბანკო ანგარიშზე. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა ერთი წლით (იხ. ტომი 1, ს/ფ 18-19);
21. 2012 წლის 03 დეკემბერს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხემ საკუთრებაში დაირეგისტრირა ქ.ქუთაისი, მ-ს ქ. №1-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ.: 03.01....), რომელზეც იმ დროისათვის სასამართლოს განჩინების საფუძველზე რეგისტრირებული იყო ყადაღა.
22. 2014 წლის 10 დეკემბერს მოსარჩელემ, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრის ლ. ს-ის მინდობილმა პირმა, წერილით მიმართა ი/მ მ. თ-ს, რომელსაც თხოვდა 2013-2014 წლებსა და 2015 წლის 28 იანვრამდე პერიოდში იჯარით გაცემული ქ.ქუთაისში, მ–ის ქ. №1ა-ში მდებარე უძრავ ქონებაში არსებული ინვენტარის დაზიანებისათვის ანაზღაურებას.
23. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული ხელშეკრულებების მიხედვით, მოსარჩელეს 2011-2012 წლებში მოპასუხესთან გაფორმებული ჰქონდა საიჯარო ხელშეკრულებები ქ. ქუთაისში, მ-ს ქ.№1-ში მდებარე კომერციულ ფართებზე. კერძოდ, 05.01.2011 წლის ხელშეკრულებით საიჯარო ქირა ქონების ნაწილზე შეადგენდა ყოველთვიურად 500 ლარს, ხოლო 10.01.2012 წლის საიჯარო ხელშეკრულებით ქირა ქონების ნაწილზე - 625 ლარს.
24. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ბანკის ცნობებით და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საიჯარო ფართში ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე დარიცხული თანხების გაანგარიშებით, ქ. ქუთაისში, მ–ის ქ.№1ა-ში მდებარე კომერციულ ფართზე მოპასუხის ძირითადი დავალიანება შეადგენს 4400.00 ლარს, ხოლო მოპასუხის მიერ მ-ს ქ. №1-ში იჯარით აღებულ კომერციულ ფართში - 3975.00 ლარს.
25. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 394-ე, 408-ე, 411-ე და 412-ე მუხლებით და დაადგინა რომ იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
26. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ დაარღვია და სრულად არ შეასრულა იჯარის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, კერძოდ სრულად არ გადაიხადა საიჯარო ქირა, ჯამში 8375 ლარის ოდენობით (4400+3975=8375). შესაბამისად, მასვე უნდა დაეკისროს მის მიერ აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო - იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის სრულად გადაუხდელობის გამო, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 18% ზიანის ანაზღაურების არაგონივრული ოდენობაა, აღნიშნულ თანხაზე ზიანის გონივრულ ოდენობად მიჩნეული უნდა იქნეს მიუღებელი თანხების 4400 ლარის და 3975 ლარის, ჯამში - 8375 ლარის წლიური 7%-586.25 ლარი, 2013 წლის 05 იანვრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
27. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 583-ე მუხლზე და დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 4 ოქტომბერს მხარეებმა საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით ჩაატარეს მ–ის ქ. №1ა-ში მდებარე სავაჭრო ობიექტში არსებული სასაქონლო ნაშთის ინვენტარიზაცია, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 4650.8 ლარის საქონელი. ამდენად, დადგენილია, რომ მხარეებს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება ინვენტართან ერთად.
28. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსკ-ის 581-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581–606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამავე კოდექსის 573-ე მუსლის თანახმად, გაქირავებული ნივთის შეცვლის ან გაუარესების გამო გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, ხოლო დამქირავებელს უფლება აქვს წაუყენოს მას პრეტენზია გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ექვსი თვის განმავლობაში. ზიანის ანაზღაურების გამო გამქირავებლის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება გაქირავებული ნივთის დაბრუნების მომენტიდან, ხოლო დამქირავებლის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადისა – ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მხარეთა შორის იჯარის ხელშეკრულება შეწყდა ვადის გასვლით - 2013 წლის 10 იანვარს. ამასთან, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა 2013 წლის 10 იანვრიდან 6 თვის ვადაში პირველადი მოთხოვნის (მისთვის ინვენტარის დაბრუნება) წაყენების შესახებ, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში, ხანდაზმული იყო.
29. მოსარჩელემ ინვენტარის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 2015 წლის 02 ოქტომბერს. ამასთან, მოსარჩელე ითხოვს ინვენტარის ღირებულების დაბრუნებას ისე, რომ საქმის მასალებიდან არ იკვეთებოდა მან მოპასუხეს წაუყენა თუ არა პირველ რიგში მოთხოვნა - ნივთების დაბრუნების თაობაზე. პალატამ მიიჩნია, რომ გადაცემული ნივთების დაბრუნების მოთხოვნის პირობებში თუ არ იარსებებდა დასაბრუნებელი ნივთები, მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი მოსარჩელეს მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება. საქმეში წარმოდგენილი, 2014 წლის 10 დეკემბრის მოსარჩელის წერილებით დასტურდებოდა, რომ იგი ი/მ მ. თ-ს თხოვს 2013-2014 წლებსა და 2015 წლის 28 იანვრამდე პერიოდში იჯარით გაცემული, ქ.ქუთაისში, მ–ის ქ. №1ა-ში მდებარე, უძრავ ქონებაში განთავსებული დაზიანებული ინვენტარისათვის ანაზღაურებას, რაც საერთოდ დაუსაბუთებელს ხდიდა მოსარჩელის მოთხოვნას აღნიშნული ინვენტარის ღირებულების მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში. საქმის მასალებიდან არ დასტურდებოდა, რომ ინვენტარი მოსარჩელეს არ დაბრუნებია. მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე, მისი მოთხოვნა ამ ნაწილში, უსაფუძვლობის გამო იქნა უარყოფილი.
30. უარყოფილი იქნა მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მან სესხად გადასცა მოპასუხეს 3000 ლარი შემდეგ გარემოებათა გამო: საქმეში არსებული 2011 წლის 4 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული იყო, რომ წინამდებარე აქტი შეადგინეს მხარეებმა საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, მათ ჩაატარეს მ–ის №1ა-ში მდებარე სავაჭრო ობიექტში არსებული სასაქონლო ნაშთის ინვენტარიზაცია, რომლის შედეგების საფუძველზე ა. ს-ე გ. ლ-ეს გადასცემს 4650.8 ლარის საქონელს დანართის შესაბამისად და 3000 ლარს. ამდენად, აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს იჯარის ხელშეკრულების არსებით შემადგენელ ნაწილს, მისი დადებისათვის საჭირო არსებით პირობას, რომლის გარეშეც ეს ხელშეკრულება არ დაიდებოდა. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ ეს თანხა მან გადასცა მოპასუხეს იმ მიზნით, რომ მას ჰქონოდა მაღაზიაში საბრუნავი თანხა ანუ საწყისი კაპიტალი, რათა მას შესძლებოდა მაღაზიის ამუშავება და ამ გზით სარგებლის მიღება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 50-ე, 623-ე და 327-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სწორედ აღნიშნული მიზნით გადაეცა მოპასუხეს ინვენტარი და 3000 ლარი. ამასთან, მიღება-ჩაბარების აქტში არ იყო მითითება იმაზე, რომ მოსარჩელემ სესხად გადასცა აღნიშნული თანხა, ასევე არ იყო მითითებული მისი დაბრუნების დრო. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სესხის ხელშეკრულების არსებობის ფაქტი.
31. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარმოადგინა მოპასუხემ.
32. საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია, როგორც მატერიალურ სამართლებრივი ნორმების არასწორი გამოყენებისა და განმარტების (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 393-ე მუხლის პირველი ნაწილი), ისე, საპროცესო სამართლებრივი დარღვევების არსებობის საფუძვლებით (სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი) - იხ., საკასაციო საჩივრის საფუძვლები.
33. კასატორი სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 248-ე მუხლი გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელე მოითხოვდა იჯარის ღირებულებას 4100 ლარის ოდენობით ქუთაისში, მ–ი ქ.N1ა-ში მდებარე კომერციული ფართიდან, ხოლო სასამართლომ კი, მოპასუხეს დააკისრა 4400 ლარი, რითაც გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს. სულ, მოსარჩელე ითხოვდა იჯარის ქირის სახით 8075 ლარს, სასამართლომ კი, მოპასუხეს დააკისრა 300 ლარით მეტი - 8375 ლარი. კასატორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო საჩივარი მოპასუხის მხრიდან ემყარებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევას, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულზე ყურადღება არ გაამახვილა და საერთოდ არ იმსჯელა.
34. კასატორი არ ეთანხმება მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის 7%-ის დაკისრებას და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა.
35. კასატორი აღნიშნავს, რომ მას სრულად აქვს შესრულებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და არასწორად დაადგინა თითქოს იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2011-2013 წწ-ის დავალიანება შეადგენდა 8375 (4400+3975) ლარს.
36. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ მტკიცებულებად არ მიიღო ბანკიდან ამონაწერი, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ ი.მ გ. ლ-ის ანგარიშიდან 2011-2013წწ-ში ჩაირიცხა თანხა ა. ს-ის ანგარიშზე. ჯამურად ჩარიცხული თანხა შეადგენს 17700 ლარს.
37. იმავდროულად, კასატორი შუამდგომლობს ზემოაღნიშნული ცნობის საქმისათვის დართვაზე იმ საფუძვლით, რომ საკასაციო პალატისათვის ნათელი იყოს საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობა.
სამოტივაციო ნაწილი:
38. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2019 წლის 1 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის (საკასაციო საჩივარი ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია თუ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) საპროცესო სამართლებრივი საფუძვლით.
39. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში (სსსკ-ის 404-ე მუხლი) საკასაციო პალატა იმსჯელებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ იმ ნაწილის მართლზომიერებაზე, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილებულია.
40. საქმის მასალებით დადგენილია და კასატორს სადავოდ არ გაუხდია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილია იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა (სსკ-ის 581-ე მუხლი) შემდეგ უძრავ ქონებაზე: 1. 2011 წლის 4 ოქტომბრის საიჯარო ხელშეკრულება დადებულია ქ.ქუთაისში, მ–ის ქ.№1ა მდებარე არასაცხოვრებელ ფართზე; 2. 2012 წლის 10 იანვრის საიჯარო ხელშეკრულება №1 დადებულია ქ.ქუთაისში, მ-ს ქ.№1ა მიმდებარე არასაცხოვრებელი ფართის ნაწილზე -90 კვ.მ-ზე. 3. 2012 წლის 10 იანვრის საიჯარო ხელშეკრულება №12 დადებულია ქ.ქუთაისში, მ–ის ქ.№1ა მდებარე ქონებაზე (იხ., ამ გადაწყვეტილების პპ-2-4). საკასაციო პალატის შემოწმების საგანია ამ სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე კრედიტორის - მეიჯარის, როგორც პირველადი (საიჯარო ქირის დავალიანების გადახდა - 581-ე მუხლი) ისე, მეორადი (საიჯარო ქირის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანის ანაზღაურების (სსკ-ის 394-ე და 411-ე მუხლები) შესახებ მოთხოვნის კანონიერება სარჩელის იმ მოთხოვნის ნაწილში, რომელიც შეეხება ა) ქ. ქუთაისში, მ–ის ქ.№1ა-ში მდებარე ქონების საიჯარო თანხის - 4100 ლარის, მიყენებული ზიანის 18% წლიურად, 4 წელი, 2952 ლარის - გადასახდელად დაკისრებას (იხ., მოსარჩელის მოთხოვნები - ამ გადაწყვეტილების პ- 5).
41. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა მხოლოდ ქ.ქუთაისში, მ–ის ქ.№1ა-ში იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 4400.00 ლარის გადახდის; ქ.ქუთაისში, მ-ს ქ.№1-ში მდებარე ქონების იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3975.00 ლარის გადახდის; იპოთეკის მოხსნისათვის გადაცემული თანხის 2450.00 ლარის გადახდის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში. ამ გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შედეგად გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იჯარის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების 8375 ლარის წლიური 7% - 586.25 ლარი, 2013 წლის 05 იანვრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
42. მაშასადამე, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ პირველ ინსტანციაში სარჩელი დაკმაყოფილდა საიჯარო ქირის დავალიანების და იპოთეკის მოხსნისათვის გადაცემული თანხის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში, ხოლო სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა აგრეთვე, მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში და ზიანის ოდენობა განსაზღვრა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი დავალიანებიდან - 4400 ლარის და 3975 ლარის ჯამი (8375 ლარის წლიური 7%-586.25 ლარი). სწორედ ამ ნაწილშია წარმოდგენილი კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია (სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი). კასატორი სადავოდ ხდის სსსკ-ის მე-3 და 248-ე მუხლების დარღვევას და საკასაციო შედავებას აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ ქ.ქუთაისში, მ–ის ქ.N1ა-ში მდებარე კომერციულ ფართზე წარმოშობილი საიჯარო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მეიჯარე, რომელიც განსახილველ დავაში გვევლინება მოსარჩელედ, მოითხოვდა საიჯარო ქირის დავალიანების დაკისრებას 4100 ლარის ოდენობით. სასამართლო კი, გასცდა სარჩელის მოთხოვნის ფარგლებს და მოსარჩელეს მიაკუთვნა თანხის ის ოდენობა, რომელიც მას სარჩელით მოთხოვნილი არ ჰქონდა, სახელდობრ, ნაცვლად 4100 ლარისა პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა 4400 ლარი, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილში უცვლელად დატოვა გადაწყვეტილება, უფრო მეტიც, ზიანის ოდენობის დაანაგრიშებისას მხედველობაში იქნა მიღებული სწორედ მოთხოვნის ფარგლებს მიღმა დაკისრებული 300 ლარიც (4400 ლარის და 3975 ლარის ჯამი).
43. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს და აპელანტს (მოსარჩელე) მიაკუთვნა ის, რასაც მხარე არ მოითხოვდა, შესაბამისად, ამ ნაწილში, კასატორმა წარმოადგინა დასაბუთებული (დასაშვები) საკასაციო პრეტენზია (შედავება).
44. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. ამასთან, საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით. სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.
45. ამასთან, სასამართლო მკაცრად შეზღუდულია მოთხოვნის ფარგლებით. სახელდობრ, სსსკ-ი პრინციპების სახით უზრუნველყოფს ყოველი პირისათვის უფლების სასამართლო წესით დაცვას, რაც იწყება უშუალოდ იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად [სსსკ-ის მე-2 მუხლი]. ფუძემდებლური პრინციპებითაა უზრუნველყოფილი პირის უფლება და ვალდებულება განსაზღვროს სასამართლო დავის საგანი [სსსკ-ის მე-3 მუხლი]. ამ პრინციპების კონკრეტულ გამოხატულებას ვხვდებით სსსკ-ის 178-ე მუხლის დისპოზიციურ დანაწესში, რომელიც ადგენს სარჩელის შინაარსობრივ მოთხოვნებს და მოსარჩელისაგან მოითხოვს, რომ მან სარჩელში აღნიშნოს დავის საგანი, მოთხოვნა, ფაქტობრივი გარემოებები და სხვა [სსსკ-ის 178-ე მუხლის „გ“, „ზ“, „ე“]. თავის მხრივ, სასამართლო შებოჭილია სარჩელის მოთხოვნის ფარგლებით და უფლებაშეზღუდულია მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა [სსსკ-ის მე-3 და 248-ე მუხლები].
46. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო პალატამ განმარტა: ,, ... სსსკ-ის 248-ე მუხლით იმპერატიულადაა დადგენილი სასამართლო გადაწყვეტილების ფარგლები, რომლის თანახმადაც, სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. მითითებული ნორმის დანაწესი არა მარტო პირველი ინსტანციის, არამედ, სააპელაციო და საკასაციო განხილვის წესებზეც ვრცელდება, რამდენადაც, ამავე კოდექსის 384-ე და 409-ე მუხლების თანახმად, ზემდგომი სასამართლო უფლებამოსილია, გადაწყვეტილება მხოლოდ მხარის მოთხოვნის ფარგლებში შეცვალოს, ხოლო საქმის ზემდგომ სასამართლოში განხილვისას დავის საგნის გადიდება დაუშვებელია (სსსკ-ის 381-ე და 406-ე მუხლები). ამდენად, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, გასცდენოდა სასარჩელო მოთხოვნას და თუნდაც იმ პირობებში, თუკი ჩათვლიდა, რომ არსებობდა დივიდენდის განაწილების წინაპირობა, მას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში უნდა ემსჯელა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე (სსსკ-ის 377-ე მუხლი) (შდრ: სუსგ №ას-863-813-2015, 17 დეკემბერი, 2015, პ-1.4). სხვა საქმეშიც იმსჯელა საკასაციო პალატამ მოთხოვნის ფარგლებში სასამართლოს მოქმედების ვალდებულებაზე და აღნიშნა, რომ ,, ... დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ (სსსკ 3.1), ამდენად, როგორც სასამართლოში დავის დაწყება, ისე მოთხოვნის ჩამოყალიბება თუ დავის საგნის განსაზღვრა მხოლოდ მხარის პრეროგატივაა, სასამართლოს როლი, სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში, განისაზღვრება მხარეთა მიერ განსაზღვრული მოთხოვნის საფუძვლიანობის მათ მიერვე წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში გამოკვლევასა და სამართლებრივ შეფასებაში. ამ მოსაზრებას საფუძვლად უდევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა (შდრ: სუსგ №ას-395-374-2013, 23 სექტემბერი, 2013 წელი).
47. ამასთან, საგულისხმოა, რომ კასატორი, რომელმაც სააპელაციო საჩივარი წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სააპელაციო პრეტენზიად მიუთითებდა სარჩელის მოთხოვნის ფარგლების დაუცველობასა და ამ ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის არსებობაზე (იხ., სააპელაციო საჩივარი - ტ.2. ს.ფ. 73), თუმცა, სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის (აპელანტის) აღნიშნული არგუმენტი საერთოდ არ განიხილა.
48. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია, თუ გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, ხოლო სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. შესაბამისად, ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც ქ. ქუთაისში, მ–ის ქ.N1ა-ში იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება განისაზღვრა 4400 ლარით და დავალიანების თანხად უნდა განისაზღვროს სარჩელით მოთხოვნილი 4100 ლარი (იხ., სარჩელის მოთხოვნა - ტ.1. ს.ფ. 6).
49. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული მსჯელობა გავლენას ახდენს აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილის იურიდიული დასაბუთებულობაზე, რომელიც შეეხება ზიანის ოდენობის დაანგარიშებას, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ კასტორის მეორე შედავება შეეხება არა მხოლოდ ზიანის ოდენობის არასწორ გაანგარიშებას, არამედ, საერთოდ ზიანის წარმოშობის კანონიერებას, ამიტომ საკასაციო პალატა ქვემოთ იმსჯელებს მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანის ოდენობასა და მისი დაკისრების კანონიერებაზე.
50. საგულისხმოა, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორედ მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი (სარჩელი), რადგან მიიჩნია, რომ საიჯარო ქირის გადაუხდელობით მოპასუხემ მოსარჩელეს მიაყენა ზიანი (სსკ-ის 394-ე და 411 მუხლები). კასატორი არ ეთანხმება მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის დაკისრებას და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა. საკასაციო პლატა აღნიშნავს, რომ კასატორმა ამ ნაწილშიც დასაშვები საკასაციო პრეტენზია წარმოადგინა.
51. ამ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით დადგენილია სასამართლო პრაქტიკა, სახელდობრ, საკასაციო პალატის არაერთ გადაწყვეტილებაში განიმარტა რა არის მიუღებელი შემოსავალი, როდის არის მოვალე ვალდებული მის ანაზღაურებაზე და ა.შ. ერთ-ერთ საქმეში, სადაც დადებული იყო საიჯარო ხელშეკრულება ინვენტარზე, და მოსარჩელე მოითხოვდა ხელეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ინვენტარის დაუბრუნებლობით მიყენებული ზიანის- მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ: ,,...მიუღებელი შემოსავალი, წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შემთხვევაში. საქმის მასალებით არ არის სათანადოდ დასაბუთებული და სარწმუნოდ დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო პერიოდში მოსარჩელე ნამდვილად მიიღებდა შემოსავალს კაფეტერიის სადავო ინვენტარითა და მოწყობილობებით სარგებლობის ხელშეშლის არარსებობის პირობებში” (შდრ:სუსგ №ას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015 წელი). სხვა საქმეში კი, მოსარჩელე ითხოვდა უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე და უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების შეწყვეტას, საცხოვრებელი ფართის შესაძენად გადახდილი თანხის - 38 416 აშშ დოლარის დაბრუნებას და მიყენებული ზიანის ანაზღაურებას (მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია: 405-ე 352-ე 394-ე 411-ე 412-ე მუხლები), საკასაციო პალატამ მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანის ანაზღაურების შესახებ უარყო და თავისი გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ ,, ... სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება“ (იხ. სუსგ ,№ ას-945-895-2015, 14 მარტი, 2016 წელი; აგრეთვე შდრ: სუსგ-ები #ას-307-291-2011, 24 ოქტომბერი, 2011 წელი; #ას-899-845-2012, 22 ნოემბერი, 2012 წელი).
52. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ იარსებებდა ვალდებულების დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, ე.ი. ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან მიმართებით, სასამართლომ უპირველესად, უნდა შეაფასოს ზიანის, როგორც მეორადი მოთხოვნის, წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლების არსებობა (შდრ. სუსგ -ები №ას-1843-2018 , 5 მარტი, 2019 წელი, პ-14.2; №ას-167- 163-2016, 01.07.2016).
53. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა (შდრ. სუსგ Nას-191-183-2016, 19.04.16). ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუარსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით დამართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ამასთან, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. განსახილველ შემთხვეაში, მოსარჩელე ზიანს ითხოვს არა ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისათვის. მაშასადამე, მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სსკ-ის 411-ე, ასევე, 394.1 მუხლები. მოსარჩელეს იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარმოედგინა, რომელიც შექმნიდა ობიექტურ, რეალურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით და არა ვარაუდს, ალბათობას შემოსავლის მიღების თაობაზე, გამომდინარე იქიდან, რომ 411-ე მუხლი მხოლოდ იმ შემოსავლის ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც ობიექტური მოცემულობითაა ნაკარნახევი და არა კრედიტორის სუბიექტური შეფასებით. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს 411-ე მუხლის მეორე წინადადებას, რომლის თანახმად, „მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო“. საგულისხმოა უშუალოდ ტერმინი „მიუღებელი შემოსავალი“, სახელდობრ შინაარსი, რომელიც მის მიღმა დგას. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილია იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა; დადგენილია, რომ მოიჯარეს გააჩნია საიჯარო ქირის დავალიენება მეიჯარის მიმართ, თუმცა, გარემოება იმის თაობაზე, რომ ამგვარი დავალიანების არსებობით მეიჯარეს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება მიუღებელ შემოსავალზე დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს სსკ-ის 394-ე და 411-ე მუხლების ერთობლივი დანაწესიდან.
54. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილშიც, წარმოშობილია სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება და უარი უთხრას მოსარჩელეს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრებაზე.
55. ამასთან, კასატორი მოითხოვს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულების საქმისათვის დართვაზე იმ საფუძვლით, რომ საკასაციო პალატისათვის ნათელი იყოს საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობა.
56. სსსკ-ის 104.1 მუხლის შესაბამისად (სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ), საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულება უნდა დაუბრუნდეს კასატორს, რამდენადაც ამავე კოდექსის 407.1 მუხლიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები), საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია უფლებამოსილება, მიიღოს და შეფასება მისცეს ახალ მტკიცებულებებს, არამედ, იგი შემოიფარგლება საქმეში არსებული დოკუმენტებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების შემოწმებით, ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ არ არსებობს მტკიცებულების საქმისათვის დართვის საფუძველი, რის გამოც, იგი უნდა დაუბრუნდეს მის წარმომდგენს.
57. ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილებით შეიცვალა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, სსსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად (იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც), საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს უნდა აუნაზღაუროს სააპელაციო და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 102 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 411-ე მუხლით და
გადაწყვიტა:
1. გ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტები და სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
3. ნაწილობრივ გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი და გ. ლ-ეს ა. ს-ის სასარგებლოდ დაეკისროს იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 4100 ლარის გადახდა;
4. დაეკისროს გ. ლ-ეს ა. ს-ის სასარგებლოდ იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 3975.00 ლარის გადახდა;
5. დაეკისროს გ. ლ-ეს ა. ს-ის სასარგებლოდ იპოთეკის მოხსნისათვის გადაცემული თანხის 2450.00 ლარის გადახდა;
6. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება;
7. გ. ლ-ის შუამდგომლობა მტკიცებულების საქმისათვის დართვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს და მას უკან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული ცნობა N74/103-01 ერთ ფურცლად;
8. დაეკისროს ა. ს-ეს გ. ლ-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის ანაზღაურება 102 ლარის ოდენობით;
9. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე