Facebook Twitter

საქმე №ას-1887-2018 15 მარტი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.გ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ქონების ყადაღისგან გათავისუფლება

საკითხი რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ.გ–ძე (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) და ი.ჭ. (შემდეგში: პირველი მოპასუხე, მოვალე, მოსარჩელის მეუღლე, ინდმეწარმე) 1979 წლის 25 აპრილიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ (იხ. ტ.1, ს.ფ. 26).

2. მოვალეს (მოსარჩელის მეუღლეს) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ აღიარებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება - 97371.89 ლარი ერიცხება (იხ. განჩინება, ტ.1, ს.ფ. 141).

3. სსიპ შემოსავლების სამსახურმა (შემდეგში: მეორე მოპასუხე, აპელანტი, კასატორი), 2017 წლის 18 მაისს N021-515 ბრძანება გამოსცა, მოვალის კუთვნილ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რომლის საფუძველზეც, 2017 წლის 19 ივნისს ყადაღა დაედო მოვალის ქონებას, მათ შორის - მოვალის სახელზე აღრიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას - მერსედეს ბენცი E230, სახელმწიფო ნომრით IUZ ..., გამოშვების წელი - 1995, საიდენტიფიკაციო N ....., ფერი - რუხი 1/8, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - ....(იხ. ტ.1, ს.ფ. 24-25).

4. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის ბრძანებით, შემოსავლების სამსახურის (მეორე მოპასუხის) შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და, ღია აუქციონის წესით, იმ დროისათვის არსებული დავალიანების ფარგლებში, მოვალის ქონების რეალიზაცია დადგინდა (იხ. ტ.1, ს.ფ. 15-18).

5. სარჩელის საფუძვლები

5.1 მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ, მოითხოვა მოძრავი ქონების ½ წილის მესაკუთრედ ცნობა და ამ წილის ყადაღისაგან გათავისუფლება.

5.2 მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მითითებით განმარტა, რომ სადავო მოძრავი ნივთის თანამესაკუთრეს წარმოადგენს.

6. მოპასუხეების პოზიცია

6.1 მოპასუხეებმა წერილობით წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.

6.2 მოვალემ (მოსარჩელის მეუღლემ) განმარტა, რომ მოსარჩელე არ არის სადავო ქონების თანამესაკუთრე, ვინაიდან მან შეიძინა მოძრავი ქონება და საკუთრების უფლებაც მის სახელზეა აღრიცხული. მოსარჩელეს კი არსად უმუშავია, შვილების აღზრდით იყო დაკავებული.

6.3 მეორე მოპასუხემ განმარტა, რომ მოვალის საკუთრებად რეგისტრირებულ ქონებას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის დაცვით დაედო ყადაღა.

6.4 შემოსავლების სამსახურმა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 180-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ ამ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, რადგან მოსარჩელეს შეეძლო, ქონების დაყადაღებამდე თანასაკუთრება გაეყო.

6.5 მეორე მოპასუხის მტკიცებით, სარჩელის მიზანია გადასახადის გადახდისაგან თავის არიდება.

7. სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

7.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

7.2 მოსარჩელე ცნობილ იქნა სადავო მოძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ.

7.3 მეორე მოპასუხის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 18 მაისის N021-515 ბრძანებით, დაყადაღებული მოძრავი ქონების ½ ნაწილი ყადაღისგან გათავისუფლდა.

7.4 რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170-ე, 1151-ე, 1158-ე, 1159-ე, 1164-ე, 1168-ე მუხლებით; საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლით; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული ,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 41-ე და 42-ე მუხლებით; საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით; ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლით.

8. სააპელაციო საჩივარი

8.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

9.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით, შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

9.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები, მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, შემდეგში: სსსკ 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

9.3 სააპელაციო სასამართლომ აპელანტის პოზიცია არ გაიზიარა, რომლის თანახმად, მოსარჩელის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე დაუშვებელია და სადავო ქონებაზე აღსრულება სსკ-ის 1170-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უნდა მიექცეს.

9.4 სააპელაციო სასამართლომ, საკასაციო სასამართლოს მსგავს საქმეებზე დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე მიუთითა, რომლის თანახმად - ,,სსკ-ის 1158-ე მუხლი წარმოადგენს საკუთრების კონსტიტუციური უფლების წარმოშობის წინაპირობას და კანონის ძალით აღჭურავს მეუღლეს ამ უფლებით, თუკი ქონება მეორე მეუღლის მიერაა შეძენილი და ქონებრივი ნამატი რეგისტრირებული ქორწინების პერიოდს ემთხვევა, რადგანაც სწორედ ქორწინების ფაქტის რეგისტრაცია წარმოშობს ქონებრივ უფლებებს (სსკ-ის 1151-ე მუხლი).

9.5 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი სასამართლო პრაქტიკით, ,,ქონების დაყადაღების საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით განხორციელბის შემთხვევაში სსკ-ის 312-ე მუხლით გათვალისწინებული მესამე პირის დაცვითი ფუნქცია არ გამოიყენება, რამდენადაც სპეციალური კანონი - „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი პირდაპირ ითვალისწინებს სასარჩელო წარმოების გზით მესაკუთრის უფლების დაცვის გარანტიას (იხ. სუსგ № ას-621-588-2015წ.).

9.6 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საკასაციო სასამართლომ მსგავს საქმეში სსკ-ის 1170-ე მუხლის დისპოზიციაზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ ,,მოხმობილი ნორმის მე-2 ნაწილით სარგებლობისათვის, სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან იმის დადგენა, რომ ვალდებულება, რომელსაც მოვალეს ედავებიან, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის. „მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს შეგებებული სარჩელის უფლებით არ უსარგებლია, რის გამოც, მხოლოდ შესაგებლის ფარგლებში სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის გამოყენება დაუშვებელია“ (იხ. სუსგ № ას-621-588-2015წ.)“.

9.7 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ავტომობილი მოპასუხის საკუთრებადაა რეგისტრირებული, თუმცა, დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, მოძრავი ნივთის შეძენის წესებს არეგულირებს სამოქალაქო კოდექსი და არა საჯარო სფეროს მიკუთვნებული რომელიმე კანონი ან კანონქვემდებარე აქტი (იხ. სუსგ - საქმე №ას-1107-1027-2017, 23.02.2018 წელი).

9.8 სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალება, სსკ-ის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს.

9.9 სააპელაციო სასამართლომ, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1 ნაწილის „ლ“ და „უ“ ქვეპუნქტებზე მითითებით, განმარტა, რომ აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, თუმცა, სსკ-ის 53-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მას მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა მართებულად დაეკისრა.

10. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

10.1 აპელანტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინება, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

10.2 კასატორის განმარტებით, განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. ამასთან, სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის საწინააღმდეგოდ, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები.

10.3 კასატორი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–91 მუხლზე მითითებით ,,საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლება წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში–საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან“, განმარტავს, რომ მოვალე, სადავო მოძრავი ქონების მესაკუთრეა. ამასთან, შემოსავლების სამსახურმა, სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალება, შესაბამისი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე დააყადაღა.

10.4 კასატორის მტკიცებით, მოსარჩელის აღიარებითი სარჩელი სამართლებრივად დაუსაბუთებელია, ვინაიდან მას უფლება ჰქონდა მეუღლეთა საერთო საკუთრებაში არსებული ქონება გაეყო და თავის საკუთრებად დაერეგისტრირებინა.

10.5 კასატორის განმარტებით, მოსარჩელეს რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოში, რაც დაადასტურდებდა, რომ სადავო ქონება ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებითაა შეძენილი.

10.6 კასატორის განმარტებით, მოვალე სადავო მოძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებდა, რაც მისი მეუღლისათვისაც (მოსარჩელისათვისაც) ცნობილი იყო. აღნიშნული კი მეუღლის დავალიანებაზე მოსარჩელის ვალდებულებას განაპირობებს. კასატორის მტკიცებით, ამ მსჯელობასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება (იხ. სუსგ N ას-1035-1228-08).

10.7 კასატორის მტკიცებით, სასამართლოს, თავდაპირველად სადავო ქონებაზე ყადაღის დადების კანონიერებაზე უნდა ემსჯელა და შემდეგ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, სადავო ქონებაზე საკუთრების აღიარების მოთხოვნაზე უნდა მიეღო გადაწყვეტილება.

10.8 კასატორის განმარტებით, ქონება საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაყადაღდა, შესაბამისად, ქონებაზე საგადასახადო კანონმდებლობით დადებული ყადაღის პირობებში, ამ ქონების ყადაღისგან გათავისუფლების საკითხი უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული და არა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

10.9 კასატორის დავობს მისთვის, როგორც საგადასახადო ორგანოსათვის, სახელმწიფო ბაჟის დაკისრებაზე.

11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

11.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აპელანტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები: №ას-494-494-2018, 13.07.2018წ;; №ას-586-561; 29.07.2016წ; №ას-1777-1755-2011, 04.06.2012წ.).

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იმ პრეტენზიებზე არ იმსჯელებს, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა არ აქვს საქმის გადაწყვეტისათვის.

17. მოცემული დავა მოძრავი ნივთის ყადაღისგან გათავისუფლებას შეეხება. სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ დაყადაღებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას წარმოადგენს და, შესაბამისად, აღნიშნული მეუღლეთა თანასაკუთრებაა.

18. განსახილველ დავაში უდავოა, რომ სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალება შეძენილია მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში და მათ შორის არ ყოფილა შეთანხმება (საქორწინო კონტრაქტი - სსკ-ის 1158-ე მუხლის მე-2 ნაწილი), რაც ქონების განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმზე მიუთითებდა.

19. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 1158-ე მუხლი ადგენს მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების მათ საერთო ქონებად, თანასაკუთრებად არსებობის პრეზუმფციას. ნორმა განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების მიმართ და ემსახურება ოჯახის ინტერესების დაცვის მიზანს, კერძოდ, ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის, საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამდენად, დავის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი (კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა) საკმარისი საფუძველია ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის (შდრ: სუსგ №ას-7-7-2016, 16 მარტი, 2016 წელი).

20. ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების თანასაკუთრებად არსებობის პრეზუმფციას რაც შეეხება, აღსანიშნავია, რომ სამართალწარმოებაში პრეზუმფციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 1158-ე მუხლი „წარმოადგენს საკუთრების კონსტიტუციური უფლების წარმოშობის წინაპირობას და კანონის ძალით აღჭურავს მეუღლეს ამ უფლებით, თუკი ქონება მეორე მეუღლის მიერაა შეძენილი და ქონებრივი ნამატი რეგისტრირებული ქორწინების პერიოდს ემთხვევა, რადგანაც სწორედ ქორწინების ფაქტის რეგისტრაცია წარმოშობს ქონებრივ უფლებებს (სკ-ის 1151-ე მუხლი). განსახილველ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ქონების დაყადაღება საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდა, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ასეთ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით გათვალისწინებული მესამე პირის დაცვითი ფუნქცია არ გამოიყენება, რამდენადაც სპეციალური კანონი _ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი პირდაპირ ითვალისწინებს სასარჩელო წარმოების გზით მესაკუთრის უფლების დაცვის გარანტიას“ (იხ. სუსგ # ას-621-588-2015წ.);

22. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა დაყადაღებული ქონების სამართლებრივი რეჟიმი, რომლის თანახმადაც, სსკ-ის 1151-ე და 1158-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, ქონება მოსარჩელისა და პირველი მოპასუხის (მეუღლეების) საერთო ქონებას (თანასაკუთრებას) წარმოადგენს. სასამართლო კასატორის ამ განჩინების 10.5 ქვეპუნქტში მითითებული პრეტენზიის პასუხად დამატებით განმარტავს, რომ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი (სსკ-ის 1158.2 მუხლი).

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლით დადგენილია აღსრულების საგანზე მესამე პირის უფლების დაცის გარანტია და ნორმის პირველი და მეორეპუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება (იხ. სუსგ-ები: №ას-262-253-2012, 25 ივნისი, 2012 წელი; №ას-305-293-2012, 7 მაისი, 2012 წელი; №ას-1522-1529-2011, 29 დეკემბერი, 2011 წელი; №ას-1777-1755-2011, 4 ივნისი, 2012 წელი; №ას-1101-1050-2014, 6 თებერვალი, 2015 წელი).

24. კასატორის პრეტენზია, როდესაც ის აღნიშნავს, რომ სასამართლოს თავდაპირველად უნდა ემსჯელა სადავო ქონებაზე ყადაღის დადების კანონიერების შესახებ და შემდეგ უნდა მიეღო გადაწყვეტილება, რამდენად მართებული იყო სასარჩელო მოთხოვნა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში დავის საგანია არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის კანონიერება, არამედ მესაკუთრის უფლებების დაცვა დაუშვებელი ხელყოფისაგან. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის სააღსრულებო მოქმედებების კანონიერებას, ამ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს. ამასთან, კასატორის პრეტენზია, რომლის თანახმადაც, დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საკითხს წარმოადგენდა, უსაფუძვლოა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა კერძოსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობს, რადგან მოსარჩელემ საკუთრების უფლების დასაცავად მიმართა სასამართლოს და მიკუთვნებითი მოთხოვნაც დაყენებული აქვს, შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად იქნება თუ არა ცნობილი, მოცემული დავის გადასაწყვეტად, მნიშვნელობა არ აქვს.

25. უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 23 მარტის განჩინებაზე (საქმე #ას-1035-1228-08), კასატორის მითითების შესახებ, საკასაციო სასამართლო სსკ-ის 1170-ე მუხლის დისპოზიციაზე ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმის მე-2 ნაწილით სარგებლობისათვის, სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან იმის დადგენა, რომ ვალდებულება, რომელსაც მოვალეს ედავებიან, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის. „მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს შეგებებული სარჩელის უფლებით არ უსარგებლია, რის გამოც, მხოლოდ შესაგებლის ფარგლებში სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის გამოყენება დაუშვებელია“ (იხ. სუსგ # ას-621-588-2015წ.).

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „კრედიტორის წინაშე მოვალის ვალდებულება - საგადასახადო დავალიანება წარმოიშვა საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე, რაც საჯარო მართლწესრიგის სფეროს განეკუთვნება და მეუღლეთა თანასაკუთრების სამართლებრივი რეჟიმის შეფასებისას ვერ გახდება მხარეთა კერძოსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი“ (შდრ: სუსგ №ას-569-540-2015, 1 ივლისი, 2016 წელი).

27. საკასაციო სასამართლო, კასატორისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების შესახებ პრეტენზიას არ იზიარებს, რომელიც ამ განჩინების 10.9 ქვეპუნქტშია მითითებული და სსსკ-ის 53.1 მუხლზე მითითებით ,,იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან“, განმარტავს, რომ კანონი პირდაპირ უთითებს მოგებული მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მეორე მხარისათვის დაკისრებას, ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია თუ არა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რაზეც სააპელაციო სასამართლომ მართებულად იმსჯელა.

28. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე