საქმე #ა-1745-შ-44-2019 16 აპრილი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქე ლ. კ-ის შუამდგომლობის წარმოებაში მიღების საკითხი ისრაელის სახელმწიფოს აშდოდის რეგიონალური რაბანუთის სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის (ხელმოწერის თარიღი: 26.11.2018) განკარგულების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
ისრაელის სახელმწიფოს აშდოდის რეგიონალური რაბანუთის სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის (ხელმოწერის თარიღი: 26.11.2018) განკარგულებით განისაზღვრა გარდაცვლილ ო. გ-ის მემკვიდრეთა წრე და სამკვიდროს მიღების საკითხი.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ლ. კ-მა და მოითხოვა ზემოხსენებული განკარგულების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობა და აღსრულება. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, მამკვიდრებელს, რომელიც სიცოცხლის ბოლო წლებში საქართველოში ცხოვრობდა, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე საკუთრებაში ერიცხება უძრავ-მოძრავი ქონება და წილი სამეწარმეო საზოგადოებაში. წინამდებარე განკარგულების საქართველოს ტარიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შემთხვევაში, მემკვიდრე მიიღებს გარდაცვლილი პირის დანაშთი სამკვიდროდან მოძრავ ქონებას საკუთრებაში.
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ არ არსებობს ლ. კ-ის შუამდგომლობის განსახილველად მიღების წინაპირობები შემდეგ გარემოებათა გამო:
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალების შესწავლით ირკვევა, რომ აწ გარდაცვლილი მამკვიდრებელი რუსეთის მოქალაქე იყო, ხოლო მისი მემკვიდრე _ შუამდგომლობის ავტორი ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეა. წარმოდგენილი დადგენილების თანახმად, რაბანუთის სასამართლომ გადაწყვიტა მემკვიდრეთა წრე და თითოეულის წილი, ასევე, საქმის მასალებში მოიპოვება საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობების ასლები და სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი შპს „ჯ. ტ.“ პარტნიორების თაობაზე.
მოხმობილი გარემოებების ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასების, ასევე, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი წერილობითი განმარტების შესწავლის შედეგად პალატა მიდის დაკვნამდე, რომ შუამდგომლობის ავტორის იურიდიულ ინტერესს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების მიმართ სამკვიდროს (მოძრავი ქონება) საკუთრებაში მიღება წარმოადგენს.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საპროცესო საკითხები განიხილება სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის (შუამდგომლობის) ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ სარჩელი (შუამდგომლობა) არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის (შუამდგომლობას) მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს (შუამდგომლობის ავტორს), რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი ადგენს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ განსახილველ საქმეთა ზოგად ჩამონათვალს, რომელთა შორის არის, როგორც ქონებრივი, ისე _ საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავები, ასევე, დავები, როგორც საქართველოს, ისე _ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მონაწილეობით, თუმცა, ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, მასში ჩამოთვლილ საქმეებს სასამართლოები განიხილავენ, თუ მათი განხილვა, კანონის თანახმად, სხვა ორგანოს კომპეტენციაში არ შედის.
მოცემულ შემთხვევაში, მხარის იურიდიული ინტერესის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ. კ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილება სანოტარო ორგანოს და არა სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე კოდექსის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, დადგენილია, რომ მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის #71 ბრძანების 77-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სამკვიდრო მოწმობას, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში იღებს ზომებს სამკვიდრო ქონების დასაცავად, აღწერს სამკვიდრო ქონებას, ნიშნავს სამკვიდროს მმართველს. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ფუნქციებს ასრულებს ნოტარიუსი სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობისა და სამკვიდროს გახსნის ადგილის მიუხედავად. ამავე ბრძანების 91-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულია შემდეგი: თუ მამკვიდრებელი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე (მინსკის კონვენციის წევრი სახელმწიფოს მოქალაქის გარდა) და სამკვიდრო მასაში არის ქონება, რომლის ადგილსამყოფელი არის საქართველო, ნოტარიუსი სამკვიდრო მოწმობას გასცემს შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის (ან სხვა დოკუმენტის, რომელიც სამკვიდრო მოწმობას ცვლის) საფუძველზე. ამ შემთხვევაში ნოტარიუსს უნდა წარედგინოს მამკვიდრებლის გარდაცვალების მოწმობა და საქართველოში შესაბამისი ქონების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ნოტარიუსთან წარდგენილი დოკუმენტები უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შუამდგომლობის განსახილველად მიღების წინაპირობები, რადგანაც საკითხის გადაწყვეტა (სამკვიდროზე საკუთრების მოპოვება) სანატორო ბიუროს და არა სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. კ-ს უარი ეთქვას ისრაელის სახელმწიფოს აშდოდის რეგიონალური რაბანუთის სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის (ხელმოწერის თარიღი: 26.11.2018) განკარგულების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.
2. მასვე დაუბრუნდეს შუამდგომლობაზე დართული მასალები და განემარტოს, რომ მისი მოთხოვნის (ინტერესის) დაკმაყოფილება სანოტარო ორგანოს და არა სასამართლოს კომპეტენციაა.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ.ალავიძე