Facebook Twitter

საქმე №ას-252-2019 8 მაისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ „შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ. ს.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სსიპ „შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ. ს.“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ პირგასამტეხლოს – 11 812 ლარის დაკისრების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 25 ივნისს მხარეებს შორის დაიდო №336 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის საგანია რუსთავში, თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის 21-ე კილომეტრზე მდებარე სააგენტოს ტერიტორიაზე ასაშენებელი შენობის (საწყობის) სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა. სამუშაოების ღირებულებაა 946 900 ლარი. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო ხელშეკრულების დადებიდან 240 კალენდარული დღის ვადაში. ხელშეკრულების 9.1 პუნქტის მიხედვით, სამუშაოთა დასრულების ვადის გადაცდენის გამო, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.5%-ის ოდენობით.

3. მოპასუხემ მითითებულ ვადაში სამუშაო ვერ დაასრულა, 2017 წლის 27 მარტის მდგომარეობით მას შესასრულებელი ჰქონდა 191 185.5 ლარის სამუშაოები, საიდანაც 102 419.27 ლარის სამუშაო სააგენტოს ჩაბარდა 2017 წლის 8 აპრილს. გადაცილებამ შეადგინა 12 დღე, შესაბამისად, პირგასამტეხლოა 11 471.13 ლარი, 34 91394 ლარის სამუშაო სააგენტოს ჩაბარდა 2016 წლის 10 მაისს, 32 დღის გადაცილებით (2016 წლის 9 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით), პირგასამტეხლოა 14202.60 ლარი. 53 852.29 ლარის სამუშაოები სააგენტოს ჩაბარდა 2016 წლის 23 ივლისს, 74 დღის გადაცილებით 10 მაისიდან 2016 წლის 23 ივლისამდე. პირგასამტეხლომ შეადგინა 19 925.35 ლარი. სულ დარიცხული პირგასამტეხლოა 45 599.08 ლარი, თუმცა, მომსახურების სააგენტოს მიერ დაშვებული ტექნიკური შეცდომის გამო, მოპასუხეს წერილობით მოეთხოვა 33 786.67 ლარის გადახდა, რაც მან სრულად გადაიხადა. სახელმწიფო აუდიტის 2017 წლის 22 ივნისის შემოწმების აქტში აისახა ამ შეცდომის შესახებ და მიეთითა, რომ სხვაობა საწარმოსათვის მოთხოვნილ თანხასა და რეალურად მოსთხოვონ თანხას შორის – 11 812.67 ლარი გადაუხდელია. ამდენად, 2017 წლის 15 აგვისტოს წერილით მოსარჩელემ მოპასუხეს მოსთხოვა დავალიანების გადახდა, რაზეც უარი ეთქვა.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ გაუგებარია, რატომ მოუვიდა შეცდომა მოპასუხეს, მათ მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო გადახდილია, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ყოველდღიური პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით, რაც მაღალი თანხაა და მისი შემცირების შემთხვევაში გადახდილი პირგასამტეხლო საკმარისი სანქცია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. 2015 წლის 25 ივნისს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა რუსთავში, თბილისი - წითელი ხიდის გზატკეცილის 21-ე კილომეტრზე მდებარე სააგენტოს ტერიტორიაზე შენობის (საწყობის) სამშენებლო სამუშაოები. სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 946 900 ლარს.

8. მოპასუხეს სამუშაოები უნდა დაესრულებინა ხელშეკრულების დადებიდან 240 კალენდარული დღის ვადაში, 2016 წლის 21 თებერვლამდე. 2016 წლის 25 თებერვლის შეთანხმებით სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 27 მარტით. 2016 წლის 20 ივლისის შეთანხმებით, შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებად დადგინდა 1 026 231.29 ლარი.

9. ხელშეკრულების 9.1 პუნქტის მიხედვით, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო შეადგენდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.5%-ს.

10. მოპასუხემ სამუშაოები ვერ დაასრულა ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში: 2016 წლის 27 მარტის მდგომარეობით მოსარჩელეს შესასრულებელი ჰქონდა 191 185.5 ლარის სამუშაო, საიდანაც 102 419.27 ლარისა მოსარჩელეს ჩაბარდა 2017 წლის 8 აპრილს, ანუ ვადა გადაცილებულ იქნა 12 დღით და დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 11 471.13 ლარს.

11. 34 91394 ლარის სამუშაოები სააგენტოს ჩაბარდა 2016 წლის 10 მაისს. ანუ ვადა გადაცილებულ იქნა 32 დღით (2016 წლის 9 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით) და დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 14202.60 ლარს.

12. 53 852.29 ლარის სამუშაოები სააგენტოს ჩაბარდა 2016 წლის 23 ივლისს. ვადა გადაცილებულ იქნა 74 დღით (10 მაისიდან 2016 წლის 23 ივლისამდე) და დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 19 925.35 ლარს.

13. სულ მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 45 599.08 ლარს.

14. 2016 წლის 15 აგვისტოს მოსარჩელემ წერილით მოპასუხეს აცნობა, რომ 2016 წლის 18 აპრილის მდგომარეობით შესრულებელი სამუშაოების ღირებულებაა 835 045.76 ლარი. 18 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით შესრულებელი სამუშაოებისა – 191 185.50 ლარი. 8 ვადაგადაცილებულ დღეში დარიცხული პირგასმატეხლოა 7647.42 ლარი. 26 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულება – 88 766.23 ლარი, 14 დღეში დარიცხული პირგასამტეხლო – 6213.64 ლარი, 10 მაისიდან 23 ივნისის ჩათვლით შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულებაა 53 852.29 ლარი. ვადაგადაცილებული დღეებია 74 დღე, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლო – 19 925.35 ლარი.

15. ანუ სულ მოსარჩელემ მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით 33 786,41 ლარის გადახდა.

16. 2016 წლის 16 აგვისტოს მოპასუხემ პირგასამტეხლოს სახით გადაიხადა 33 786.41 ლარი.

17. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის 22 ივნისის ანგარიშის თანახმად, 2015 წლის 25 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე შეცდომით დარიცხულია 33.8 ათასი ლარი პირგასამტეხლო, დასარიცხი საურავია 45.6 ათასი ლარი. დამატებით გადასახდელია 11.8 ათასი ლარი.

18. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ დარიცხული პირგასამტეხლო წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, არსებობდა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 420-ე მუხლის შესაბამისად, მისი შემცირების საფუძველი და შესაბამისად, მოპასუხის მიერ უკვე გადახდილი პირგასამტეხლო წარმოადგენდა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერ, გონივრულ ოდენობას.

19. სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტი პრეტენზიას აცხადებს გადაწყვეტილებაზე იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის მხრიდან 33 786.67 ლარის გადახდის ფაქტი გავლენას ვერ მოახდენს წინამდებარე დავაში განსახილველ საკითხზე და სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 420-ე მუხლი.

20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივრის განსახილველად სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2018 წლის 6 ნოემბერს, 15:00 საათზე.

21. სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა აპელანტის წარმომადგენელი, არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე – მოპასუხე, რომელსაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომისა და არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესაძლო შედეგების თაობაზე. აპელანტის წარმომადგენელმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 387-ე მუხლის მეორე, მესამე ნაწილების, 230-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის საწინააღმდეგო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა და გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

23. წინამდებარე სააპელაციო საჩივრით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შედავებული არ არის, სადავოა მხოლოდ მათი სამართლებრივი შეფასება, რა შემთხვევაშიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 3761 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია სააპელაციო სასამართლოს უფლება, საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშეც. შესაბამისად, მაშინაც, როცა ასეთ საქმეზე სხდომა დანიშნულია, მხარის გამოუცხადებლობა არ შეიძლება შეფასდეს მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის საკმარის საფუძვლად.

24. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ამ თუ იმ ოდენობის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, სამართლებრივი შეფასების საკითხია, შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, მოპასუხის არგამოცხადების პირობებშიც იმსჯელოს მისი გონივრულობის საკითხზე (იხ. სუსგ საქმეზე №ას-1125-1072-2014; 29 მაისი, 2015 წელი).

25. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრით საქმის ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ გამხდარა, ამდენად, აპელანტის მოთხოვნის იურიდიულ მართებულობასთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები, სსკ-ის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლების შესაბამისად, იურიდიულად არ ამართლებს აპელანტის მოთხოვნას სარჩელის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასება უნდა მოხდეს სააპელაციო მოთხოვნის სამართლებრივი (იურიდიული) მართებულობის შემოწმების ჭრილში.

26. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებით. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

27. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი განაკვეთი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

28. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო, ხელშეკრულების საერთო ღირებულების, შეუსრულებელი ვალდებულების ნაწილის და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე, მართებულად მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და სწორად განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ ამავე ვალდებულების ფარგლებში პირგასამტეხლოს სახით უკვე გადახდილი თანხა – 33 786.41 ლარის ოდენობით წარმოადგენდა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერ, გონივრულ ოდენობას და აღარ არსებობდა პირგასამტეხლოს დამატებით დაკისრების მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

29. ამდენად, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის შუამდგომლობა, მოწინააღმდეგე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და აპელანტს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

30. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

31. კასატორმა მიიჩნია, რომ ვალდებულებით სამართალში მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, შესაბამისად, მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად შეთანხმებული პირობები, მოცემულ შემთხვევაში – შეთანხმება პირგასამტეხლოსა და მის ოდენობაზე, გამორიცხავს შემდგომ მოპასუხის მხრიდან აღნიშნულ საკითხზე პრეტენზიის წარდგენას.

32. კასატორის მოსაზრებით, სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება ვერ გავრცელდება უკვე გადახდილ პირგასამტეხლოზე.

33. სააპელაციო სასამართლოს მიერ სსკ-ის 420-ე მუხლზე აპელირება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას №ას-1451-1371-2017 საქმეზე.

34. კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნა არაგონივრულია, რადგან მისი გადაუხდელი ნაწილი მოსარჩელემ მოითხოვა ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევიდან ერთი წლისა და 7 თვის შემდეგ, როცა შესრულებული სამუშაო მიღებულ იქნა დამკვეთის პრეტენზიის გარეშე. კასატორმა მიუთითა სსკ-ის 129-ე მუხლზე და ჩათვალა, რომ მისი მოთხოვნა ხანდაზმული არ იყო.

35. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

36. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

37. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

38. 2015 წლის 25 ივნისს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა რუსთავში, თბილისი - წითელი ხიდის გზატკეცილის 21-ე კილომეტრზე მდებარე სააგენტოს ტერიტორიაზე შენობის (საწყობის) სამშენებლო სამუშაოები. სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 946 900 ლარს.

39. მოპასუხეს სამუშაოები უნდა დაესრულებინა ხელშეკრულების დადებიდან 240 კალენდარული დღის ვადაში, 2016 წლის 21 თებერვლამდე. 2016 წლის 25 თებერვლის შეთანხმებით სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 27 მარტით. 2016 წლის 20 ივლისის შეთანხმებით, შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებად დადგინდა 1 026 231.29 ლარი.

40. ხელშეკრულების 9.1 პუნქტის მიხედვით, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო შეადგენდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.5%-ს.

41. მოპასუხემ სამუშაოები ვერ დაასრულა ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში: 2016 წლის 27 მარტის მდგომარეობით მოსარჩელეს შესასრულებელი ჰქონდა 191 185.5 ლარის სამუშაო, საიდანაც 102 419.27 ლარისა მოსარჩელეს ჩაბარდა 2017 წლის 8 აპრილს, ანუ ვადა გადაცილებულ იქნა 12 დღით და დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 11 471.13 ლარს.

42. 34 91394 ლარის სამუშაოები სააგენტოს ჩაბარდა 2016 წლის 10 მაისს. ანუ ვადა გადაცილებულ იქნა 32 დღით (2016 წლის 9 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით) და დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 14202.60 ლარს.

43. 53 852.29 ლარის სამუშაოები სააგენტოს ჩაბარდა 2016 წლის 23 ივლისს. ვადა გადაცილებულ იქნა 74 დღით (10 მაისიდან 2016 წლის 23 ივლისამდე) და დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 19 925.35 ლარს.

44. სულ მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 45 599.08 ლარს.

45. 2016 წლის 15 აგვისტოს მოსარჩელემ წერილით მოპასუხეს აცნობა, რომ 2016 წლის 18 აპრილის მდგომარეობით შესრულებელი სამუშაოების ღირებულებაა 835 045.76 ლარი. 18 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით შესრულებელი სამუშაოებისა – 191 185.50 ლარი. 8 ვადაგადაცილებულ დღეში დარიცხული პირგასმატეხლოა 7647.42 ლარი. 26 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულება – 88 766.23 ლარი, 14 დღეში დარიცხული პირგასამტეხლო – 6213.64 ლარი, 10 მაისიდან 23 ივნისის ჩათვლით შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულებაა 53 852.29 ლარი. ვადაგადაცილებული დღეებია 74 დღე, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლო – 19 925.35 ლარი.

46. ანუ სულ მოსარჩელემ მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით 33 786,41 ლარის გადახდა.

47. 2016 წლის 16 აგვისტოს მოპასუხემ პირგასამტეხლოს სახით გადაიხადა 33 786.41 ლარი.

48. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის 22 ივნისის ანგარიშის თანახმად, 2015 წლის 25 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე შეცდომით დარიცხულია 33.8 ათასი ლარი პირგასამტეხლო, დასარიცხი საურავია 45.6 ათასი ლარი. დამატებით გადასახდელია 11.8 ათასი ლარი.

49. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივრის განსახილველად სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2018 წლის 6 ნოემბერს, 15:00 საათზე.

50. სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა აპელანტის წარმომადგენელი, არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე – მოპასუხე, რომელსაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომისა და არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესაძლო შედეგების თაობაზე. აპელანტის წარმომადგენელმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.

51. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ განმარტა, რომ მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად შეთანხმდნენ პირგასამტეხლოსა და მის ოდენობაზე, რაც გამორიცხავს შემდგომ მოპასუხის მხრიდან აღნიშნულ საკითხზე პრეტენზიის წარდგენას. ამასთან, გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას №ას-1451-1371-2017 საქმეზე.

52. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

53. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

54. სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

55. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარის საქმის განხილვაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტი თავისთავად დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას არ გამოიწვევს, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც სასამართლო ვალდებულია, სამართლებრივად შეაფასოს სარჩელში მითითებული, დადასტურებულად ცნობილი გარემოებები და გამოარკვიოს, შეესაბამება თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა კანონით ამ ტიპის ურთიერთობათა მომწესრიგებელი ნორმების დანაწესს. თუ აღმოჩნდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უკანონოა, სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებს.

56. ანალოგიური პრინციპით სსსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. აღნიშნული ნორმით კანონმდებელი უშვებს შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე, დადგენილ და გაზიარებულ იქნას სააპელაციო საჩივარში დასახელებული გარემოებანი. თუ ისინი იურიდიულად ამართლებენ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდება.

57. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარისათვის საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით შეტყობინება; 2. მისი არასაპატიო გამოუცხადებლობა; 3. სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტების იურიდიული მართებულობა აპელანტის მოთხოვნასთან მიმართებით (სუსგ 11.10.2017წ. საქმე №ას-531-497-2017).

58. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, რომელსაც კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა სასამართლოს სხდომის შესახებ, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის პირობებშიც აპელანტის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

59. წინამდებარე დავა შეეხება, მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრას.

60. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

61. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

62. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

63. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

64. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

65. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

66. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

67. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

68. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, შ.1197).

69. ამდენად, პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

70. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

71. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

72. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

73. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ – გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით).

74. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

75. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.

76. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.

77. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.

78. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად გამოიყენა ზემოაღნიშნული შესაძლებლობა და სადავო პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება კანონიერად ჩათვალა, რა დროსაც მხედველობაში მიიღო მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო, ხელშეკრულების საერთო ღირებულების, შეუსრულებელი ვალდებულების ნაწილისა და ვადის დარღვევის ხარისხი. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ამავე ვალდებულების ფარგლებში პირგასამტეხლოს სახით უკვე გადახდილი 33 786.41 ლარი წარმოადგენდა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერ, გონივრულ ოდენობას.

79. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის არგუმენტი, რომ გასაჩივრებული განჩინება განსხვავდება სსკ-ის 420-ე მუხლთან დაკავშირებულ საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან. მხარე აპელირებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განხილულ №ას-1451-1371-2017 საქმეზე და მიიჩნევს, რომ ვალდებულებით სამართალში მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, შესაბამისად, მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა გამორიცხავს შემდგომ მოპასუხის მხრიდან აღნიშნულ საკითხზე პრეტენზიის წარდგენას.

80. საკასაციო სასამართლომ დასახელებულ განჩინებაში მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირებაზე უპირობოდ უარი კი არ განაცხადა, არამედ მიიჩნია, რომ მხარის მოთხოვნა სადავო ოდენობის შემცირების შესახებ სარწმუნოდ დასაბუთებული არ იყო.

81. ამდენად, აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგოდ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.

82. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

83. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

84. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

85. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

86. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

87. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2019 წლის 1 თებერვლის №02513 საგადახდო დავალებით გადახდილი 472,48 ლარის 70% – 330,73 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ „შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სსიპ „შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №205190513) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2019 წლის 1 თებერვლის №02513 საგადახდო დავალებით გადახდილი 472,48 ლარის 70% – 330,73 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური