საქმე №ას-248-2019 8 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. ჩ-ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ბ-ია (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა, საპროცენტო განაკვეთის შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მ. ჩ-იამ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. ბ-იას (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანისა და კრედიტორის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის 2100 აშშ დოლარით და 2550 ლარით განსაზღვრის, ასევე, 2016 წლის 2 მარტს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის – 2%-ის 1%-მდე შემცირების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 2 მარტს მოპასუხესთან გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ისესხა 3000 აშშ დოლარი 6 თვის ვადით, თვეში 2% სარგებლის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება.
3. მოსარჩელე სარგებელს ყოველთვიურად იხდიდა და 2018 წლის 16 მარტსაც გადაიხადა. მიუხედავად ამისა, 2018 წლის 26 მარტს მოპასუხემ სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით მიმართა ნოტარიუსს და მოსარჩელეს დაეკისრა 3000 აშშ დოლარისა და 2500 ლარის გადახდას.
4. მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულება ითვალისწინებს შეუსაბამოდ მაღალ საპროცენტო განაკვეთს – თვეში 2%-ს, რაც წლიურ 24%-ია, აღნიშნული კი ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას. წლიური 24% იპოთეკური სესხი საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად უნდა შეფასდეს. მოპასუხემ, შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი ისე განსაზღვრა, რომ არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 54-ე მუხლის მიხედვით, უცილოდ ბათილია.
5. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სულ მოპასუხისთვის სარგებლის სახით გადახდილი აქვს 1800 აშშ დოლარი. ყოველთვიურად გადასახდელი პროცენტის ოდენობის 1%-მდე შემცირების შემთხვევაში, პროცენტის სახით ზედმეტად გადახდილი 900 აშშ დოლარი უნდა ჩაითვალოს სესხის ძირითად თანხაში გადახდილად. შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელში ძირითადი თანხა უნდა შემცირდეს 2100 აშშ დოლარამდე.
მოპასუხის პოზიცია:
6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე ცდილობდა არასწორი და დამახინჯებული ფაქტების გადმოცემით სასამართლოს შეცდომაში შეყვანას. თავად მოსარჩელის დაჟინებული მოთხოვნით მოხდა ხელშეკრულებაში 2017 წლის 23 მარტის ცვლილების შეტანა, რომლის თანახმად გაგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა და გაიზარდა სესხის ოდენობა (დამატებით 2550 ლარით). მოსარჩელის მიერ სასესხო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, იგი იძულებული გახდა, მოეთხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 2 მარტს მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელემ მოპასუხისგან ისესხა 3000 აშშ დოლარი 6 თვის ვადით, თვეში 2% სარგებლის, ხოლო სესხის და/ან სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.1% პირგასამტეხლოს დარიცხვის პირობით.
10. მოპასუხეს სარგებელი უნდა მიეღო 2016 წლის 2 აპრილს, 2 მაისს, 2 ივნისს, 2 ივლისს, 2 აგვისტოსა და 2 სექტემბერს. სულ სესხი და ექვსი თვის პროცენტი შეადგენს 360 აშშ დოლარს. სესხის გადახდა უზრუნველყოფილი იყო მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით.
11. 2017 წლის 23 მარტს მხარეთა შეთანხებით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომელიც შეეხო მხოლოდ სესხის ვადას და იგი გაგრძელდა 2018 წლის 2 მარტამდე. ასევე, გაიზარდა სესხის თანხის ოდენობა და 3000 აშშ დოლართან ერთად მსესხებლის მიერ აღებულ თანხას წარმოადგენდა 2550 ლარი. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დანარჩენი პუნქტები დარჩა უცვლელად.
12. 2018 წლის 26 მარტს კრედიტორის – მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც მოვალის – მოსარჩელის მიმართ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 3000 აშშ დოლარითა და 2550 ლარით. ასევე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი – 124.36 ლარი. სააღსრულებო ფურცელში აღნიშნულია, რომ პირგასამტეხლოს კრედიტორი მოვალეს პატიობს. სააღსრულებო ფურცლის თანახმად, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მოხდეს იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
13. სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით კრედიტორმა ნოტარიუსს მიმართა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. ამავდროულად, სააღსრულებო ფურცლის კერძო აღმასრულებელთან წარდგენა მოხდა დროულად, რომელმაც წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ მოსარჩელეს გაუგზავნა 2018 წლის 26 მარტს.
14. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2016 წლის 2 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელზე შეთანხმება – ყოვეთვიურად სესხის ძირითადი თანხის 2%-ის ოდენობით არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ საპროცენტო სარგებელს, არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს.
15. საჯარო წესრიგისა და ზნეობის ნორმების საწინააღმდეგო შინაარსის გარიგებას ადგილი აქვს იმ დროს, როდესაც გარიგების კონკრეტული პირობები არსებითად არღვევს ერთ-ერთი მხარის ინტერესებს და ამით არათანაბარ პირობებში აყენებს მას გარიგების მონაწილე მეორე მხარესთან მიმართებაში. შეუსაბამოდ მაღალ საპროცენტო სარგებელზე მითითებისას და ამ მოტივით მის ბათილად ცნობაზე მსჯელობისას, აუცილებელია დადგინდეს თუ რამდენად ეწინააღმდეგება იგი საჯარო წესრიგს და აყენებს თუ არა ხელშეკრულების მხარეს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში.
16. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების თანახმად, საპროცენტო სარგებელი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა 2%-ის ოდენობით, რაც შეადგენს წლიურ 24%-ს. მოსარჩელის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებით, ამ ოდენობით საპროცენტო სარგებლის გადახდა ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვას და შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა, შესაბამისად, ამ პირობის წარდგენისას მოპასუხე მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი მოპასუხე განმარტავს, რომ საპროცენტო სარგებელზე შეთანხმება მოხდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ოდენობაზე უფრო ნაკლებზე და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. გარდა ამისა, თავად სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ შეთანხმებული პროცენტი არ აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთებს.
17. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას (№ას-663-629-2015; 28.07.2015 წელი), აღნიშნული განმარტება შეეხებოდა ხელშეკრულების მხარეთა შორის არსებული სესხის იმ პირობის სამართლიანობას, რომელიც სესხისთვის არაგონივრულ სარგებელს ითვალისწინებდა და ამით არღვევდა კრედიტორის ქცევის კეთილსინდისიერების სტანდარტს („.... თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობა იკვეთებოდა და სარგებლის მიმღები მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა“). ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებელი შემცირდა წლიურ 48%-მდე. კონკრეტულ შემთხვევაში, კი წლიური საპროცენტო სარგებელი 24%-ს არ აღემატება.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) მე-4, 102-ე და 105-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, თითოეულ მხარეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადასტურების ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ზნეობის ნორმების საწინააღმდეგო შეთანხმების გამო საპროცენტო სარგებელზე შეთანხმება, წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას და მისი მტკიცების ვალდებულება აკისრია სწორედ მოსარჩელე მხარეს.
19. ამდენად, მოსარჩელემ უნდა ადასტუროს საპროცენტო სარგებლის ოდენობის შეუსაბამობა საჯარო წესრიგისადმი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება საპროცენტო სარგებლის შეთანხმების ნაწილში გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე, ვინაიდან საპროცენტო სარგებელზე შეთანხმება არ ეწინააღმდეგება სსკ-ის 625-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ ოდენობას და, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად აღიარების სამართლებრივი საფუძველი.
20. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მხარეთა შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ის პირობა, რომლითაც სარგებელი განისაზღვრა ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის 2%-ით, წარმოადგენს ამორალურ და შესაბამისად, ბათილ გარიგებას.
21. სსკ-ის 54-ე, 625-ე მუხლების შესაბამისად, კანონმდებელი სესხის წლიურ საპროცენტო განაკვეთს 50%-ის ოდენობით კანონზომიერად მიიჩნევს, განსახილველ შემთხვევაში კი, მხარეებს შორის გაფორმებული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 24%-ს შეადგენს, რაც სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილ ზღვრულ ოდენობას არ აღემატება.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის პრეტენზია მხარეთა შორის შეთანხმებული სესხის სარგებლის ოდენობის ამორალურობასთან დაკავშირებით.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
23. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
24. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მხარის პოზიცია, რომ სარგებლის სახით გადახდილი შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო სარგებელი ჩაეთვალა სესხის ძირ თანხაში. სარგებლის შეთანხმებული ოდენობა ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას. თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.
25. აღნიშნულ შემთხვევაში შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და სარგებლის მიმღები მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად. მან არ გაითვალისწინა ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი იპოთეკური სესხის წლიური სარგებლის 30%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა.
26. ამრიგად, მხარეთა შორის დადებული 2015 წლის 22 სექტემბრის ხელშეკრულების დებულება, რომლითაც მოპასუხემ სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა მაშინ, როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და, სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით, უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას, სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე (იხ. საქმე №ას-663-629-2015, 28 ივლისი 2015 წელი). კასატორმა მოითხოვა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთი – თვეში 2%, შემცირდეს თვეში 1%-მდე. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სარგებლის სახით გადახდილი 1800 აშშ დოლარიდან 900 აშშ დოლარი ჩაითვალოს სესხის ძირ თანხაში, სესხის ძირი თანხა, ნაცვლად 3000 აშშ დოლარისა, განისაზღვროს 3000-900=2100 აშშ დოლარით.
27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
28. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
29. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 2 მარტს მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელემ მოპასუხისგან ისესხა 3000 აშშ დოლარი 6 თვის ვადით, თვეში 2% სარგებლის, ხოლო სესხის და/ან სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.1% პირგასამტეხლოს დარიცხვის პირობით.
30. მოპასუხეს სარგებელი უნდა მიეღო 2016 წლის 2 აპრილს, 2 მაისს, 2 ივნისს, 2 ივლისს, 2 აგვისტოსა და 2 სექტემბერს. სულ სესხი და ექვსი თვის პროცენტი შეადგენს 360 აშშ დოლარს. სესხის გადახდა უზრუნველყოფილი იყო მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით.
31. 2017 წლის 23 მარტს მხარეთა შეთანხებით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომელიც შეეხო მხოლოდ სესხის ვადას და იგი გაგრძელდა 2018 წლის 2 მარტამდე. ასევე, გაიზარდა სესხის თანხის ოდენობა და 3000 აშშ დოლართან ერთად მსესხებლის მიერ აღებულ თანხას წარმოადგენდა 2550 ლარი. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დანარჩენი პუნქტები დარჩა უცვლელად.
32. 2018 წლის 26 მარტს კრედიტორის – მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც მოვალის – მოსარჩელის მიმართ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 3000 აშშ დოლარითა და 2550 ლარით. ასევე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი – 124.36 ლარი. სააღსრულებო ფურცელში აღნიშნულია, რომ პირგასამტეხლოს კრედიტორი მოვალეს პატიობს. სააღსრულებო ფურცლის თანახმად, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მოხდეს იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
33. სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით კრედიტორმა ნოტარიუსს მიმართა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. ამავდროულად, სააღსრულებო ფურცლის კერძო აღმასრულებელთან წარდგენა მოხდა დროულად, რომელმაც წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ მოსარჩელეს გაუგზავნა 2018 წლის 26 მარტს.
34. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ განმარტა, რომ სააპელაციო პალატას უნდა შეემცირებინა შეუსაბამოდ მაღალი სარგებლის ოდენობა და მხარის მიერ სარგებლის ანგარიშში გადახდილი თანხის ნაწილი ჩაეთვალა სესხის ძირ თანხად.
35. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
36. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
37. წინამდებარე საკასაციო საჩივრის არგუმენტს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სესხის ხელშეკრულების დებულება სარგებლის ოდენობის ყოველთვიურად 1%-ის დაკისრების ნაწილში ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და პროცენტის მოცულობა შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან.
38. აღნიშნული მოსაზრების საფუძვლად მხარემ მიუთითა საკასაციო სასამართლოს №ას-663-629-2015 განჩინებაზე, საიდანაც გაიზიარა საკასაციო პალატის ზოგადი მსჯელობა პროცენტის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმების შესახებ, თუმცა აღნიშნული საპროცესო აქტით დადგენილი პრაქტიკის ანალიზისათვის მნიშვნელოვანია საკასაციო სასამართლოს მსჯელობის სრულად შეფასება.
39. მითითებულ განჩინებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება, თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან, გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კასატორი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 6%. მართალია, ამ შეთავაზებას გ. ს.-ე დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც კასატორი მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.“
40. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და კასატორი [სარგებლის მიმღები] მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი კასატორს აწევს, სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა. ამრიგად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების დებულება, რომლითაც კასატორმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა მაშინ, როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე“.
41. ამდენად, საკასაციო სასამართლოს განჩინებით დადგენილი პრაქტიკა მიმართულია მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების ავტონომიის პრინციპის გარკვეულწილად შეზღუდვისაკენ იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრულია სესხის სარგებელის მიუღებელი, არაგონივრულად გაზრდილი ოდენობა (როგორიცაა, თუნდაც ზემოთ მოყვანილი გარიგებით დადგენილი სესხის წლიური სარგებელი – 72%).
42. მოცემულ შემთხვევაში კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია გასაჩივრებული განჩინების იმ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, რომ 2016 წლის 2 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი – ყოვეთვიურად სესხის ძირითადი თანხის 2% მხარეთა უთანასწორო მდგომარეობაში ჩაყენების შესახებ დასკვნის საფუძველს არ იძლევა, არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, შესაბამისად, არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს.
43. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
44. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
45. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
46. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
48. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით შორენა კაიშაურის მიერ 2019 წლის 1 მარტის №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ჩ-იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ მ. ჩ-იას (პირადი №01029003123) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით შორენა კაიშაურის მიერ 2019 წლის 1 მარტის №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური