Facebook Twitter

საქმე №ას-477-477-2018 25 იანვარი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ი. მ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ხ-ვი, ა. ა-ი (მოპასუხე)

კასატორი – ლ. ხ-ვი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. მ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა _ 1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სხეულის დაზიანების შედეგად მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ი. მ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, პირველი კასატორი ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ხ-ვისა და ა. ა-ის (შემდგომში _ პირველი და მეორე მოპასუხე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეები, ლ.ხ-ვი ასევე წოდებული, როგორც მეორე კასატორი ან მოვალე) მიმართ და მოითხოვა სხეულის დაზიანების შედეგად გამოწვეული მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხეებისათვის 3 181.79 ლარისა და მორალური ზიანის საკომპენსაციოდ 2 000 ლარის დაკისრება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 10 ივლისს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ში მოსარჩელეს საცხოვრებელ სახლში მიუცვივდნენ მოპასუხეები. პირველმა მოპასუხემ მოსარჩელეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო, მეორემ _ მის ქალიშვილს. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 დეკემბრის განაჩენით მოპასუხეები ცნობილ იქნენ დამნაშავედ და თითოეულს მიესაჯა 1 000-1 000-ლარიანი ჯარიმა. მომხდარმა ინციდენტმა ძლიერ იმოქმედა მოსარჩელეზე, ნერვიულობის ნიადაგზე დაეწყო გულის შეტევები. 2015 წლის 4 აგვისტოს გახდა ცუდად და მოხვდა საგარეჯოს მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში, სადაც დაუდგინეს მწვავე ინფარქტი და ვინაიდან მდგომარეობა იყო სერიოზული, სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს შპს „კ-ში“, სადაც 5 აგვისტოდან 7 აგვისტოს ჩათვლით იმყოფებოდა. დაზარალებულს ჩაუტარდა გამოკვლევა და შესაბამისი მკურნალობა, გაუკეთდა გულის სტენდირება, მიეცა დანიშნულება და გაეწერა ბინაზე. მკურნალობის ხარჯმა შეადგინა 3 181 ლარზე მეტი. მოპასუხეთა მხრიდან განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად მოსარჩელეს ასევე მიადგა მორალური ზიანი: სრულიად ჯანსაღ ადამიანს გაურთულდა ჯანმრთელობა, დაკარგა შრომისუნარიანობა და შეუმცირდა შრომითი შემოსავლები, მიიღო ფიზიკური და სულიერი ტრავმა.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის წინააღმდეგ მარტივი შედავება წარადგინეს, შესაგებლის თანახმად, 2015 წლის 26 ოქტომბერს მოსარჩელე სისხლის სამართლის საქმეზე ცნობილ იქნა დაზარალებულად, მასვე განემარტა საკუთარი უფლება-მოვალეობები და იმავე დღეს დაიკითხა დაზარალებულის სტატუსით. მის ავადმყოფობასთან მოპასუხეთა ქმედებებს კავშირი არ ჰქონდათ. სარჩელი დელიქტიდან გამომდინარე მოთხოვნას ემყარება, ხოლო მას არ ერთვის სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების დამადასტურებელი მტკიცებულებები. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტს, ბუნებრივია, იგი არ წარმოადგენს წინასწარ განსაზღვრული იურიდიული ძალის მქონე მტკიცებულებას, რადგანაც, ეს უკანასკნელი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმის მასალებთან ერთად.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაზარალებულმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის _ 1 000 ლარის, ასევე, იურიდიული მომსახურეის ხარჯის _ 600 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, მოსარჩელემ მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, პირველმა მოპასუხემ _ სარჩელის უარყოფა, ასევე, იურიდიული მომსახურების ხარჯისაგან გათავისუფლება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ მატერიალური მოთხოვნის ნაწილში ისინი დაუშვებელია, ხოლო, პროცესის ხარჯების (იურიდიული მომსახურების ხარჯის) განსაზღვრის ნაწილში მეორე საკასაციო საჩივარი დასაშვებია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2015 წლის 26 ოქტომბერს მოსარჩელე ი. მ-ი სისხლის სამართლის საქმეზე ცნობილ იქნა დაზარალებულად, მასვე განემარტა საკუთარი უფლება-მოვალეობები და იმავე დღეს დაკითხულ იქნა დაზარალებულის სტატუსით;

1.2.2. დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, დაზარალებულის დაკითხვის ოქმითა და სასამართლოს 2015 წლის 10 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დასტურდება, რომ ი. -ს ლ. ხ-ვმა თავის არეში მიაყენა ფიზიკური დაზიანებები. განაჩენის თანახმად, 2015 წლის 10 ივლისს, დაახლოებით დღის 12:00 საათზე, გარდაბნის რაიონის სოფ. მ-ში, ე. მ-ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ლ. ხ-ვმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თავის არეში მუშტის მრავალჯერადი დარტყმის შედეგად ცემა ი. მ-ი, რის შედეგადაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი... ა. ა-მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გულ-მკერდის არეში მუშტის მრავალჯერადი დარტყმის შედეგად ცემა შ. ყ-ა, რის შედეგადაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი. ა. ა-ს ი. მ-ისათვის ფიზიკური ზიანი არ მიუყენებია;

1.2.3. მოსარჩელეს დაემართა გულის მწვავე ინფარქტი და 2015 წლის 4 აგვისტოს მოხვდა საგარეჯოს მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში, საიდანაც გააგზავნეს ქ.თბილისში, კლინიკა „ჰ-ში“. კლინიკაში მას ჩაუტარდა გულის სტენდირება, მკურნალობა, მისცეს შესაბამისი დანიშნულება და გაეწერა ბინაზე. სპეციალისტის _ ექიმ მ. ა-ის დაკითხვის შედეგად არ დადგინდა მოპასუხეთა მხრიდან განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად მოსარჩელის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი. ექიმმა განმარტა, რომ პაციენტის გულ-სისხლძარღვთა მდგომარეობა ერთი თვის წინ დაწყებული პროცესი არ იყო, არამედ, მის ქრონიკულ დაავადებას წარმოადგენდა, რაც, შეიძლება, გამოეწვია როგორც ემოციურ, ისევე ფიზიკურ დატვირთვას. კორონალური არტერიების დაავადებით პაციენტი მომხდარ ფაქტამდე, შეიძლება, წლებით ადრე ყოფილიყო დაავადებული. ექიმის განმარტებით, „... მ-ს რომ ეთქვა ჩემთვის სტრესი გადავიტანე ემოციურ ფონზეო, ის აუცილებლად ჩაწერდა ფორმა 100-ში“. ჯანმრთელობის შესახებ ცნობის მე-11 პუნქტში მითითებულია პაციენტის განმარტება მისი ჩივილების შეხახებ („პაციენტის გადმოცემით, უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში აღინიშნება სხვადასხვა ინტენსიობის ტკივილი რეტროსტერნულად, ძირითადად ფიზიკურ დატვირთვაზე. მისი გადმოცემით, რამდენჯერმე მიმართა ექიმს, თუმცა ტკივილი არ იქნა შეფასებული როგორც ანგინური...“);

1.2.4. კლინიკებში მოსარჩელის ყოფნის, გამოკვლევებისა და შემდგომი მკურნალობის ხარჯებმა შეადგინა 3 189,79 ლარი;

1.2.5. მოსარჩელის მიერ გაწეულია წარმომადგენლის მომსახურების ხარჯი 600 ლარი.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. ამდენად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორთა პრეტენზიებს და განმარტავს, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიუყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი, ხოლო, მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს _ ამავე კოდექსის 413.2 მუხლი წარმოადგენს. პირველ შემთხვევაში, მოსარჩელეს ეკისრება დელიქტური ქმედების შემადგენლობის მითითების/მტკიცების ტვირთი (მართლსაწინააღმდეგო ქმედება; შედეგი; მიზეზობრივი კავშირი ამ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის), ხოლო, მას შემდეგ, რაც მოსარჩელე თავს გაართმევს ხსენებულ საპროცესო ვალდებულებას, მოპასუხეზე გადადის იმისი მტკიცება, რომ მისი ქმედება იყო მართლზომიერი, ან შედეგი არ არის ამ ქმედებით განპირობებული. განსახილველ შემთხვევაში, პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას იმის თაობაზე, რომ დაზარალებულმა ვერ წარადგინა ჯანმრთელობის გაუარესებასა და დანაშაულებრივ ქმედებას შორის მიზეზობრივი კავშირის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებები, ამ მხრივ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ პრეტენზიას, მით უფრო მეორე მოპასუხის მიმართ, რომელთან მიმართებაშიც სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული შემაჯამებელი განაჩენით არ არის მოსარჩელის მიმართ დელიქტური ქმედების ჩადენის ფაქტი დადგენილი (საკასაციო შესაგებლით მოპასუხეები, მართალია, შუამდგომლობენ მოსარჩელის მხრიდან საყოველთაო დაზღვევით სარგებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოთხოვას, თუმცა, პალატა ამ შუამდგომლობას არსებითად არ აფასებს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილი საკასაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას გამორიცხავს), ამდენად, მატერიალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა. რაც შეეხება მორალურ ზიანს, ნორმის ელემენტებიდან გამომდინარე უნდა არსებობდეს სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი და ამით განცდილი სულიერი ტანჯვა. საკასაციო პალატა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილის განმარტებასთან დაკავშირებით, მოიშველიებს ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას, სადაც ხსენებული ნორმის წინაპირობები შემდეგნაირადაა გადმოცემული: კერძოსამართლებრივ ურთიერთობებს ჩვეულებრივ, შესაძლოა, თან ახლდეს მორალური, სულიერი განცდები, მაგრამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ე.ი კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეუძლია დაზარალებულს, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. განსახილველი ნორმის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი. სამართლის მიერ დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ანაზღაურება, წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა. სხეულის დაზიანება ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება ადამიანის სიცოცხლის იმგვარი ხელყოფაა, რომელიც დაზარალებულს არასრულფასოვნად და ზოგ შემთხვევაში, არაშრომისუნარიანად აქცევს, სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ მისი თანმდევი შედეგი იყოს (როგორიცაა: უშედეგო მკურნალობა, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგობის გამო ცხოვრების ხალისის დაქვეითება, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს), თუმცა, ასეთ დროს, სავალდებულოა, დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის შედეგია. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის მახასიათებელი თვისება არის ადამიანის ფსიქიკური და სულიერი ბუნების სფეროში ნეგატიური ზემოქმედების მოხდენა, რაც გამოიხატება ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში (იხ. სუსგ №ას-979-940-2014, 10 სექტემბერი, 2015 წელი). სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დადგენილია, რომ პირველი მოპასუხის მიერ ჩადენილ ქმედებას წარმოადგენდა მოსარჩელისათვის თავის არეში მუშტის მრავალჯერადი ჩარტყმა, რასაც შედეგად მოჰყვა ფიზიკური ტკივილი, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილის წინაპირობები, რომლის ფარგლებშიც სააპელაციო პალატამ პირველი მოპასუხის პასუხისმგებლობა სამართლიანად განსაზღვრა 1 000 ლარით, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც მოსარჩელის დარღვეული უფლების კომპენსირებას, ისე _ ინარჩუნებს პრევენციულ ფუნქციას, რაც შეეხება მეორე მოპასუხეს, დადგენილია, რომ მას მოსარჩელის მიმართ მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია, შესაბამისად, სწორად არ დაეკისრა პასუხისმგებლობა მოსარჩელის წინაშე, რაც თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელის შვილმა, თუკი ამ ქმედების შედეგად განიცდის სულიერ ტანჯვას, დაკარგა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მეორე მოპასუხისაგან. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ კასატორები ვერ ამტკიცებენ დავის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც დანაშაულით მიყენებული მატერიალური/მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორები ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორები ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებენ მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ ნაწილში, დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პირველი კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, რაც შეეხება მეორე კასატორს, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), უნდა დაუბრუნდეს მაია ჯულაყიძის მიერ 03.04.2018წ. #25 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრების ნაწილში მეორე საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის დასაბუთება:

3.1. განსახილველ შემთხვევაში, მეორე კასატორი სადავოდ ხდის ასევე სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას იურიდიული მომსახურების ხარჯების მისთვის დაკისრების თაობაზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა პროცესის ხარჯების განსაზღვრის/დაკისრების ნაწილში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა (სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე).

3.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.

3.3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განხილულ უნდა იქნას მხარეთა დაუსწრებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. ლ. ხ-ვის საკასაციო საჩივარი იურიდიული მომსახურების ხარჯების განსაზღვრის ნაწილში მიჩნეულ იქნას დასაშვებად, ხოლო, დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

3. ლ. ხ-ვის საკასაციო საჩივარი განხილულ იქნას ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც მხარეებს ეცნობოთ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

4. კასატორ ლ. ხ-ვს (პ/#1--...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მაია ჯულაყიძის მიერ 03.04.2018წ. #25 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე