საქმე №ას-174-2019 8 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ფ--ა, ნ. ფ-ა (მოსარჩელეები, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - თავდებობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. ლ. ფ-ამ (შემდეგში: პირველი მოსარჩელე ან პირველი მოწინააღმდეგე მხარე) და ნ. ფ-ამ (შემდეგში: მეორე მოსარჩელე ან მეორე მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრეს სსიპ შემოსავლების სამსახურის (შემდეგში: მოპასუხე ან კასატორი) მიმართ, რომლითაც მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი პირველ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 18 ნოემბერს გაფორმებული N2016-304.2 თავდებობის ხელშეკრულება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი მეორე მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 18 ნოემბერს გაფორმებული N2016-304.3 თავდებობის ხელშეკრულება.
2. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მოსარჩელეები არიან არასრულწლოვნები. კანონიერმა წამომადგენელმა - დედამ მათი სახელით 2016 წლის 18 ნოემბერს დადო თავდებობის ხელშეკრულებები მოპასუხესთან. სადავო ხელშეკრულებებით, მოსარჩელეებმა ერთ-ერთი კომპანიის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იკისრეს ვალდებულება პასუხი აგონ მთელი თავისი ქონებით. რაც ეწინააღმდეგება არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებს. მოსარჩელეთა წარმომადგენლების განმარტებით, ის რომ ზიანი უკვე სახეზეა და მიმდინარეობს ქონების რეალიზაცია მოწმობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოცემული ბრძანებები დაყადაღებული ქონების რეალიზაციის თაობაზე. ამდენად, თავდებობის ხელშეკრულებებით შეიქმნა რეალური საფრთხე მოსარჩელეთა ქონების შემცირების ან საერთოდ მოსპობის.
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა შეზღუდული ქმედუნარიანობა, რაც არ უკარგავს უფლებას მოსარჩელეთა კანონიერ წარმომადგენელს მათი სახელით მართოს და კანკარგოს ქონება. ვინაიდან ნება გამოავლინა არასრულწლოვანთა კანონიერმა წარმომადგენელმა (დედამ) სადავო გარიგებები არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ბათილად.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად: ბათილად იქნა ცნობილი პირველ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 18 ნოემბერს გაფორმებული #2016-... თავდებობის ხელშეკრულება. ასევე, ბათილად იქნა ცნობილი მეორე მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 18 ნოემბერს გაფორმებული #2016-... თავდებობის ხელშეკრულება.
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 18 ნოემბერს, თავდებობის ხელშეკრულებ(ებ)ის დადების დროისათვის, თავდები პირები მეორე მოსარჩელე (10 წლის) და პირველი მოსარჩელე (12 წლის) არასრულწლოვნები იყვნენ.
8. ლ. გ-ი მოსარჩელეთა დედაა (შემდეგში - არასრულწლოვნების დედა).
9. 2016 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით შპს „გ. ...‘’ -ს (შემდეგში: მოვალე კომანია) საგადასახადო დავალიანება 14 731.42 ლარს შეადგენს. 2016 წლის 18 ნოემბერს მოპასუხესა და მოვალეს შორის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ N2016-304 ხელშეკრულება დაიდო, რომლის თანახმად, მოვალის მიმართ რიცხული 14731.42 ლარი N2016-304. 1, N2016-304.2 და 2016-304.3 თავდებობის ხელშეკრულებებით არის უზრუნველყოფილი. ამავე ხელშეკრულების მიხედვით, თავდები პირების - არასრულწლოვნების დედის და არასრულწლოვვნების საკუთრებაში არსებული ქონების საბაზრო ღირებულება 19 400 ლარს შეადგენს.
10. 2016 წლის 18 ნოემბერს, მოპასუხეს პირველი მოსარჩელის კანონიერ წარმომადგენელს (დედა) შორის თავდებობის N2016-... და N2016-... ხელშეკრულებები დაიდო, რომლის თანახმად, თავდები სოლიდარულად კისრულობს ვალდებულებას, გადასახადის გადამხდელის მოვალე კომპანიის საგადასახადო დავალიანება სრული მოცულობით დაფაროს, თუ მოვალე დადგენილ ვადაში გადასახადის კუთვნილ თანხას და შესაბამის სანქციას არ გადაიხდის. თავდებობის ხელშეკრულება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების უზრუნველსაყოფად ფორმდება. თავდებობის მაქსიმალური თანხა 16523.99 ლარს შეადგენს. ხელშეკრულებების 2.1. პუნქტის თანახმად, თავდები იღებს ვალდებულებას კრედიტორის წინაშე, მოვალესთან ერთად, იმავე მოცულობით სოლიდარულად იყოს პასუხისმგებელი ამ უკანასკნელის მიერ ნაკისრი ვალდებულებისათვის. 2.2. პუნქტის შესაბამისად, თავდებს შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა კრედიტორის მხრიდან მოვალის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელების გარეშეც, თუ მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას ან კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია. 2.3 პუნქტის შესაბამისად, თავდები ვალდებულია მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში თავდებობის თანხის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე განთავსება უზრუნველყოს. 2.3. პუნქტის მიხედვით, ამავე ხელშეკრულების 2.3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში თავდების მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კრედიტორს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები განახორციელოს.
11. მოპასუხის ადმინისტრირების დეპარტამენტის N21-05/.. და 21-05/... წერილებიდან ირკვევა, რომ მოვალე კომპანიის მიერ 2016 წლის 18 ნოემბრის N2016-... ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტით გათვალისწინებული პირობა დაირღვა, კერძოდ, დადგენილ ვადაში მოვალის მიერ გრაფიკით გათვალისწინებული თანხა გადახდილი არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, თავდებ პირებს სამი სამუშაო დღის ვადაში თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა და 16 523.99 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში განთავსება დაევალათ.
12. მოპასუხის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 13 იანვრის N021-... და N021...1 ბრძანების საფუძველზე, საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელების მიზნით, თავდები პირების - პირველი და მეორე მოსარჩელის უძრავ ქონებას ყადაღა დაედო.
13. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 აპრილის და 2017 წლის 19 ივნისის ბრძანებების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის - მოვალე კომპანიის დავალიანების აღსასრულებლად, თავდები პირების, პირველი და მეორე მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული დაყადაღებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია დადგინდა.
14. დადგენილია, რომ 2018 წლის 18 ნოემბერს პირველ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის N2016-... და ამავე დღეს, მეორე მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული N2016-... თავდებობის ხელშეკრულებები უცილოდ ბათილ გარიგებებს წარმოადგენს.
15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 54-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
16. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ზნეობის საწინააღმდეგო გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სსკ-ის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს.
17. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გარიგების ბათილობისას უნდა არსებობდეს ამ ნორმის რომელიმე კომპონენტის დარღვევით დადებული ხელშეკრულება.
18. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ამგვარი კატეგორიის დავებში, შემოწმების საგანი არის არა გარიგების მონაწილეთა ქცევა ზნეობასთან მიმართებაში, არამედ გარიგების, მისი შინაარსის მიმართება ზნეობასთან. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია, როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნულ სამოქალაქო სამართალში მოქმედ ბავშვის საუკეთესო ინტერესის ცნებას. აღნიშნული ცნების დეფინიცია რეგლამენტირებული არ არის, იგი კომპლექსური ხასიათისაა და მისი შეფასებისას მრავალი ფაქტორი მიიღება მხედველობაში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სასამართლო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ბავშვის საუკეთესო ინტერესს, რომელიც მისი ხასიათიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე შეიძლება მშობლის ინტერესების მიღმა არსებობდეს, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, მშობელს არ აქვს უფლება მიიღოს ისეთი ზომა, რომელიც რაიმე სახით ვნებას მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობას ან/და მის განვითარებას. ამავე სასამართლოს მიერ სხვა გადაწყვეტილებებში განვითარებული მსჯელობის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესისა და მშობლის ქმედების პროპორციულობის შესაფასებლად სასამართლომ მხედველობაში მრავალი ფაქტორი უნდა მიიღოს, ამგვარი ფაქტორების ამომწურავი ჩამონათვალი რეგლამენტირებული არ არის, შესაბამისად, მათი იდენტიფიცირება ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარეობს, თუმცა, ფაქტორები, რომლებსაც სასამართლო გვერდს ვერ აუვლის, არის ასაკი, ბავშვის მოწიფულობა, მისი გამორჩეული სურვილები, ბავშვის მშობლებთან და ნათესავებთან კავშირი და ა.შ.
19. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ი სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპს ამკვიდრებს, რომელიც არასრულწლოვანის ქონებრივი ინტერესების უზრუნველყოფისკენ არის მიმართული. სსკ-ის 1198-ე მუხლი, რომელიც დასათაურებულია, როგორც „მშობელთა მოვალეობანი შვილების მიმართ“, ერთმანეთისგან მიჯნავს მშობლის უფლება-მოვალეობებს შვილების მიმართ (პირველი-მეხუთე ნაწილები) და მშობლის, როგორც კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილებას (მეექვსე ნაწილი). მიუხედავად იმისა, რომ მშობლის უფლება შვილის მიმართ და მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირების მიმართ ერთმანეთისგან სამართლებრივი შინაარსით განსხვავებული ცნებებია, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას მშობელი, იმავდროულად, ატარებს საკუთრივ მშობლის უფლება-მოვალეობებს შვილის მიმართ. შედეგად, შვილის ქონებასთან დაკავშირებული გარიგების დადებისას იგი ვალდებულია, არასრულწლოვანი შვილის საუკეთესო ინტერესები დაიცვას. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ერთ-ერთ საქმეზე განვითარებულ მსჯელობას, რომლის თანახმად, ბავშვის უფლებების საერთაშორისო კონვენციის მე-3 მუხლის მიზანია, უზრუნველყოფილი იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო, თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები.
20. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას, დაცული იყოს ეკონომიკური ექსპლუატაციისაგან. სასამართლო განმარტავს, რომ ეკონომიკურ ექსპლუატაციაში სხვა მრავალს შორის მისი ქონებით არამიზნობრივად, ბავშვის ინტერესების საზიანოდ სარგებლობა, ბავშვის ქონების ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოდ განკარგვა იგულისხმება. ბავშვის ქონებით არამიზნობრივი სარგებლობა სახეზეა, როდესაც სარგებლობას ბავშვის ქონების შემცირება ან მისი სრული მოსპობა სდევს თან და, ამასთან, ამგვარი სარგებლობის მიზანს ბავშვის ინტერესი არ ამართლებს. მშობლის უფლება-მოვალეობების სისტემა ქონებრივი და არაქონებრივი შინაარსით განიხილება, თუმცა, ორივე შემთხვევაში, მათი რეალიზაცია „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის განუხრელი დაცვით უნდა ხორციელდებოდეს.
21. მოცემულ შემთხვევაში, ერთმნიშვნელოვნად იქნა მიჩნეული, რომ არასრულწლოვნების კანონიერი წარმომადგენლის - დედის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება, არასრულწლოვან შვილებთან თავდებობის ხელშეკრულებების გაფორმების გზით იქნა უზრუნველყოფილი. ვალდებულების შესრულება ვერ მოხერხდა, რამაც შედეგად ჯერ არასრულწლოვანების თანასაკუთრებაში არსებული ქონების დაყადაღება, ხოლო შემდგომ, მისი სარეალიზაციოდ მიქცევა გამოიწვია. უდავოა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი აქვს ბავშვის ეკონომიკურ ექსპლუატაციას, რომელსაც მათთან დადებული გარიგებების ბათილად ცნობაზე უდიდესი გავლენა აქვს.
22. ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით მიღებული გადაწყვეტილება ეს არის გადაწყვეტილება, რომლითაც მხედველობაში არის მიღებული ბავშვისთვის უკეთესი გარემოს შექმნა,
23. მის განვითარებაზე, ჯანმრთელობასა და ღირსეულ პირობებში ცხოვრებაზე ზრუნვა. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა თავდებობის ხელშეკრულებები, რომელთა გაფორმების დროს მსესხებლის შვილები (თავდებები) არასრულწლოვანები იყვნენ. თავისი შინაარსიდან გამომდინარე, თავდებობის ხელშეკრულება წარმოუდგენელია ბავშვისთვის რაიმე სახის, მატერიალური თუ არამატერიალური სიკეთის მომტანი იყოს. იგი ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას ისეთ მნიშვნელოვან ვალდებულებას უკავშირდება, როგორიც მის მაგივრად ნაკისრი ვალდებულების შესრულებაა, ხოლო აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების დაცვითი მექანიზმების ამოქმედება ხდება. მოცემულ შემთხვევაში, ასეთ მექანიზმს, ბავშვების თანასაკუთრებაში არსებული ქონების დაყადაღება და შემდეგ მისი სარეალიზაციოდ მიქცევა წარმოადგენდა. შესაბამისად, ცალსახაა, რომ აღნიშნული ტიპის ხელშეკრულება ბავშვს გადამეტებულ პასუხისმგებლობას აკისრებს, რაც მისი სტაბილური განვითარებისთვის, ფსიქოემოციური და ეკონომიური მდგომარეობისთვის ცალსახა უარყოფით შედეგს იწვევს. არასრულწლოვანი ბავშვისთვის, რომელიც თავად მოვლასა და მზრუნველობას საჭიროებს, ასეთი ვალდებულების დაკისრება, ზნეობის ნორმებს ეწინააღმდეგება და სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 61-ე მუხლების თანახმად, უცილოდ ბათილ გარიგებას წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ სადავოდ ქცეული გარიგება საზოგადოებაში მოქმედ ზნეობის ნორმებს ეწინააღმდეგება, იგი ასევე კეთილსინდისიერების პრინციპის სრული იგნორირებითაა დადებული, რაც მას საჯარო წესრიგის საწინააღმდეგოდ დადებულ გარიგებადაც აქცევს. გარიგების მონაწილეთა ქცევის კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვას სამი ფუნქცია გააჩნია: 1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე; 2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის ხარვეზის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე ხელშეკრულების პირობათა (რომლებიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია; 3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქცია. კეთილსინდისიერების ზემოაღნიშნული ფუნქციებიდან გამომდინარეობს, რომ ნებისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში კრედიტორს არ შეუძლია, უარი თქვას მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მცირე ხელშეწყობაზე, როდესაც მოვალეს კრედიტორის მხრიდან ესაჭიროება ასეთი ხელშეწყობა მასზე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვისაა საჭირო. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იქნა, რომ კრედიტორი თავდებობის ხელშეკრულების დადებისას ინფორმირებული იყო თავდებების ასაკის შესახებ, ასევე იგი ინფორმირებული იყო, რომ არასრულწლოვანი შვილები დედის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ, მათი ასაკიდან გამომდინარე, მცირე ფინანსური ვალდებულების შესრულების ვალდებულების დაკისრებაც კი არაგონივრულია. ასევე, კრედიტორმა იცოდა, რომ ვალდებულების შესასრულებლად არასრულწლოვნების თანასაკუთრებაში არსებული ერთადერთი ქონება სარეალიზაციოდ მიექცეოდა. ამ მოქმედებას, ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი, საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა, რაც, რა თქმა უნდა, სახელშეკრულებო სამართალში მოქმედ კეთილსინდისიერების პრინციპს ეწინააღმდეგება. სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა საჯარო წესრიგის დარღვევას და შესაბამისად ასეთი პირობის შემცველი გარიგების ბათილად ცნობას იწვევს.
24. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელშიც შედავებული იყო ბანკსა და არასრულწლოვანთა კანონიერ წარმომადგენლებს (მშობლებს) შორის დადებული სესხის უზრუნველყოფის შესახებ გარიგება (იპოთეკის ხელშეკრულება), როგორც მართლსაწინააღმდეგო გარიგება (სსკ-ის 1198-ე მუხლის მეექვსე ნაწილი, 289-ე მუხლის პირველი ნაწილი, 3111 მუხლი, 54-ე მუხლი). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში, საკასაციო პალატამ სადავო გარიგებათა მართლოზომიერების შემოწმების კრიტერიუმად კრედიტის გამცემის კეთილსინდისიერად მოქმედების აუცილებლობა მიიჩნია.
25. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ gანხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სსსკ-ის 105-ე მუხლისა. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს, მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.
26. განსახილველი დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ დაადასტურა სადავო გარიგების ბათილობის წარმომშობი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა.
27. მოსარჩელემ სადავო თავდებობის გარიგებები წარმოადგინა, ასევე, დაადასტურა გარიგების დადების პერიოდში ბავშვების არასრულწლოვანების ფაქტი.
28. მტკიცების ტვირთის ობიექტურად განაწილების პირობებში, მოპასუხეს გარიგებების მართლზომიერების საფუძვლების მტკიცება ევალებოდა, რაც წარდგენილი შესაგებლითა და სააპელაციო საჩივრით ვერ განახორციელა.
29. აპელანტის შედავება მასზედ, რომ სადავო გარიგება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, ხოლო ერთ-ერთი მხარე საჯარო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენდა, რაც მოცემულ საქმეს არა სამოქალაქო, არამედ ადმინისტრაციულ კოლეგიის განსახილველ დავად აქცევდა, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავოდაა გამხდარი თავდებობის ხელშეკრულება, რომელიც სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებაა და სსკ-ის 891-905-ე მუხლებით რეგულირდება, სასარჩელო მოთხოვნას თავდებობის გარიგებების ბათილად ცნობა წარმოადგენს, რაც ასევე სამოქალაქო კოლეგიის უწყებრივად ქვემდებარე დავად განიხილება. რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში მოყვანილ მსჯელობას არასრულწლოვნების დედის არაკეთილსინდისიერი გადამხდელის სტატუსისა და მისი საგადასახადო ვალდებულებების დარღვევის შესახებ, იგი მოცემულ დავასთან მიმართებით არარელევანტურად იქნა მიჩნეული.
30. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, რადგან სადავო გარიგებები ბავშვის საუკეთესო ინტერესების სრული იგნორირებითაა დადებული. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ თავდებობის ინსტიტუტი, არასრულწლოვნის თავდებობის პირობებში, ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინების შესაძლებლობას სრულად გამორიცხავს, ვინაიდან მას გადაჭარბებულ და არაგონივრულ ვალდებულებას აკისრებს, რითაც არასრულწლოვნების ქონებრივ უფლებებს ხელყოფს. არასრულწლოვნების ქონებრივი უფლებების ხელყოფა კი მათ ეკონომიკურ ექსპლუატაციას ნიშნავს, მით უფრო, სოლიდარული თავდებობის პირობებში და, ამასთან, სახელმწიფოს, როგორც კრედიტორის სტატუსის გათვალისწინებით, მაშინ როდესაც არასრულწლოვანთათვის ეკონომიკური გარანტიების შექმნა სწორედ სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა.
31. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
32. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შედავებულია შემდეგი საფუძვლებით:
33. კასატორი მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: რომლის მიხედვით დადგენილია, რომ მოვალე კომპანიის მიერ 2016 წლის 14 ნოემბერს წარმოდგენილ იქნა განცხადება (N236055/...), რომლითაც მოთხოვნილი იქნა დარღვეული გრაფიკის აღდგენა და მასზე რიცხული აღიარებული საგადასახადო დავალიანების (14.000 ლარი) გადახდევინების გადავადება თანდართული გრაფიკის მიხედვით. მოვალე კომპანიის მიერ 2016 წლის 19 აგვისტოს განცხადებასთან (აღიარებული საგადასახადო დავალიანების, 8453 ლარის, გადახდევინების გადავადების თაობაზე) ერთად წარმოდგენილია თავდები პირის პირველი და მეორე მოსარჩელის დედის განცხადება თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ და აუდიტორული დასკვნა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ (19400 ლარი). საჯარო რეესტრის მონაცემებით, უძრავი ქონება წარმოადგენს პირველი და მეორე მოსარჩელის, ასევე, მათი დედის თანასაკუთრებას. კასატორის განმარტებით, 2016 წლის 18 ნოემბერს არასრულწლოვნების წარმომადგენელთან გაფორმდა ხელშეკრულება თავდებობის შესახებ, რომლითაც თავდებმა პირმა სოლიდარულად იკისრა პასუხისმგებლობა სრული მოცულობით დაეფარა მოვალე კომპანიის საგადასახადო დავალიანება, თუ იგი დადგენილ ვადაში არ გადაიხდიდა გადასახადის კუთვნილ თანხას. ამავე ხელშეკრულების 1.3. ქვეპუნქტის თანახმად მაქსიმალური თანხა შეადგენს 16523,99 ლარს. დედასთან, როგორც მისი არასრულწლოვანი შვილების მინდობილ პირთან და კანონიერ წარმომადგენელთან 2016 წლის 18 ნოემბერს გაფორმდა N2016-304.2 და N2016-304.3 ხელშეკრულებები თავდებობის შესახებ.
34. 2016 წლის 18 ნოემბერს გამოცემულ იქნა N-021-2016-366 ბრძანება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე, რომლის თანახმადაც მოვალე კომპანიის მიმართ 2016 წლის 18 ნოემბრის მდგომარეობით არსებული საგადასახადო დავალიანების (14731.42 ლარი) გადახდევინება გადავადდა 2018 წლის 28 მაისის ჩათვლით. ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იქნა 2016 წლის 18 ნოემბრის N2016-..., N2016-... და N2016-... ხელშეკრულებებით.
35. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ 18.11.16 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო, 2016 წლის 22 დეკემბერს გამოიცა ადმინისტრაციული დეპარტამენტის N6-644 ბრძანება, რომლის თანახმადაც გაუქმდა საგადასახადო დავალიანების გადავადების თაობაზე 2016 წლის 18 ნოემბრის ბრძანება და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ 18.11.16 წლის N2016-304 ხელშეკრულება.
36. ამავე ბრძანებით ადმინისტრაციული დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს დაევალა მოვალე კომპანიის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 13.01.2017 წლის ბრძანება, ხოლო 16 იანვარს შედგა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი, რომლის თანახმადაც მოვალე კომპანიის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ყადაღა დაედო თავდები პირის ქონებას. ყადაღა დაედო ასევე თავდები პირების - არასრულწლოვნების უძრავ ქონებას. კასატორი მიუთითებს, რომ არასრულწლოვნების დედა ბოროტად იყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებას, არასრულწლოვანი შვილების სახელით წარმოადგინოს მათი ინტერესები. განსახილვევლ შემთხვევაში, მისი თანხმობით და მისივე წარმომადგენლობით გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისას კი, სამართლებრივი შედეგის დადგომის შემდეგ, თავისი არასრულწლოვანი შვილების სახელით წარმოადგინა სასარჩელო მოთხოვნა. კასატორის განმარტებით, ხსენებული გადაწყვეტილებების ძალაში დატოვების შემთხვევაში, შეიქმნება არასწორი სამართლებრივი ბერკეტი, რომლითაც გადასახადის არაკეთილსინდისიერ გადამხდელებს მიეცათ საშუალება ბოროტად გამოიყენონ მათთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები და მოითხოვონ თავისივე განცხადების საფუძველზე დადებული გარიგებების ბათილად ცნობა. დაუშვებელია არასრულწლოვანი ბავშვები გამოყენებულ იქნან „ფარად“ სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობისას. განსახილველ შემთხვევაში კი, სწორედ აღნიშნულთან გვაქვს საქმე. კოდექსის ნორმათა ამგვარი განმარტება სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას შეუქმნის საფრთხეს.
37. გარდა აღნიშნულისა, კასატორი მიუთითებს, რომ განსახილვევი სამართალურთიერთობა წარმოშობილია ადმინისტრაციული სამართლიდან, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 249-ე მუხლის საფუძველზე. ამ სამართალურთიერთობის მიზანი ასევე არის საჯაროსამართლებრივი. საგადასახადო თავდებობით ხდება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდის უზრუნველყოფა, ხოლო გადასახადის გადახდის ვალდებულება არის საჯარო სამართლებრივი ვალდებულება, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით.
სამოტივაციო ნაწილი:
38. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
39. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის შედავება წარმოდგენილია, როგორც საპროცესო (სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი), ისე მატრიალურ-სამართლებრივი კუთხით (სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
40. საპროცესო სამართლებრივი კუთხით წარმოდგენილი პრეტენზიის ნაწილში, კასატორი სადავოდ ხდის მოცემული დავის განსჯადობას და მიიჩნევს, რომ ვინაიდან სადავო გარიგება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს, ხოლო ერთ-ერთი მხარედ პროცესში გამოდის საჯარო სამართლის იურიდიულ პირი, მოცემული საქმე განსახილველად უნდა დაქვემდებარებოდა არა სამოქალაქო, არამედ ადმინისტრაციულ კოლეგიას.
41. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას განსჯადობის წესების დარღვევასთან მიმართებით და უწინარესად, ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის არსს და მიზანს, რომელიც საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, კერძოდ, დადგენილია, რომ მოსარჩელეები არიან არასრულწლოვნები; კანონიერმა წამომადგენელმა - დედამ მათი სახელით 2016 წლის 18 ნოემბერს დადო თავდებობის ხელშეკრულებები მოპასუხესთან. სადავო ხელშეკრულებებით, მოსარჩელეებმა ერთ-ერთი კომპანიის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იკისრეს ვალდებულება პასუხი აგონ მთელი თავისი ქონებით. მაშასადამე, სარჩელით შედავებულია მოთხოვნის უზრუნველყოფის სამოქალაქო სამართლებრივი საშუალება - თავდებობა (სსკ-ის 851-905 მუხლები). თავდებობა კი, თავისი არსით წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ ხელშეკრულებას და ადმინისტრაციული ხელშეკრულებისაგან განსხვავებით არ უკავშირდება საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას. ადმინისტრაციული ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, სადაც ხელშემკრველი სუბიექტები აღიჭურვებიან საჯარო სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების დადებისას მხარეები გვევლინებიან სამოქალაქო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობების მქონე სუბიექტებად (განსჯადობასთან დაკავშირებით შდრ: სუსგ №ას-318-301-2017, 05 მაისი, 2017 წელი. პპ: 25-28). მაშასადამე, განსახილველი სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, ხოლო საქართველოს ადინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძო სამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. აღნიშნული დასკვნა კი, კასატორის პრეტენზიის გაზიარების ვარგის სამართლებრივ საფუძველს არ წარმოშობს. აღნიშნულთან დაკავშირებით აგრეთვე დადგენილია სასამართლო პრაქტიკა სუსგ Nბს-364-360(გ-14), 10 ივლისი, 2014 წელი.
42. კასატორის მომდევნო პრეტენზია წარმოდგენილია სამართლის ნაწილში, კერძოდ, კასატორი სადავოდ ხდის სასამართლოს დასკვნას სადავო გარიგებების ბათილობის თაობაზე და მიუთითებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იყო წარმოშობილი სადავო გარიგებათა ბათილად ცნობის განმაპირობებელი გარემოებები. კასატორი მიუთითებს, რომ არასრულწლოვნების დედა ბოროტად იყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებას, არასრულწლოვანი შვილების სახელით წარმოადგინოს მათი ინტერესები. განსახილვევლ შემთხვევაში, მისი თანხმობით და მისივე წარმომადგენლობით გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისას კი, სამართლებრივი შედეგის დადგომის შემდეგ, თავისი არასრულწლოვანი შვილების სახელით წარმოადგინა სასარჩელო მოთხოვნა. გასაჩივრებული განჩინების და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებების ძალაში დატოვების შემთხვევაში, შეიქმნება არასწორი სამართლებრივი ბერკეტი, რომლითაც გადასახადის არაკეთილსინდისიერ გადამხდელებს მიეცათ საშუალება ბოროტად გამოიყენონ მათთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები და მოითხოვონ თავისივე განცხადების საფუძველზე დადებული გარიგებების ბათილად ცნობა (იხ., საკასაციო საჩივრის საფუძვლები ამ განჩინების პ-26).
43. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას გასაჩივრებული განჩინებით დამდგარი იურდიული შედეგით არაკეთილსინდისიერი გადამხდელების წახალისების თაობაზე და პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ყოველ კონკრეტულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი კვალიფიკაციის შედეგია. ერთ-ერთ განჩინებაში საკასაციო პალატამ არ გაიზიარა კასატორის შედავება ზოგადად არაკეთილსინდისიერ გადამხდელთა წახალისებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „...სხვა არაკეთილსინდისიერ მოვალეთა პასუხისმგებლობისაგან უსაფუძვლო გათავისუფლების შესახებ დეკლარირებული სახის მსჯელობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სასამართლოს, როგორც მიუკერძოებელი და ობიექტური არბიტრის როლს, ისე, სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციური ფუნქციის სრულფასოვან განხორციელებას, ვინაიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული „სამართლიანი სასამართლოს უფლება“ მოითხოვს ყოველ კონკრეტულ საქმეზე უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას და არა ზოგადი ხასიათის პრევენციების გატარებას“ (შდრ: სუსგ №ას-1199-1127-2015; 13 აპრილი, 2016 წელი, პ-25).
44. იმავდროულად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის შედავებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემებები არ წარმოშობდნენ სადავო გარიგებათა ბათილობის საფუძვლებს და დადგენილად მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნების კანონიერი წარმომადგენლის - დედის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება, არასრულწლოვან შვილებთან თავდებობის ხელშეკრულებების გაფორმების გზით იქნა უზრუნველყოფილი. ვალდებულების შესრულება ვერ მოხერხდა, რამაც შედეგად არასრულწლოვანების თანასაკუთრებაში არსებული ქონების დაყადაღება. აღნიშნული არც კასატორს გაუხდია სადავოდ, კერძოდ, ამ განჩინების პ-36-ში (საკასაციო საჩივრის საფუძვლები) კასატორი აღნიშნავს, რომ გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 13.01.2017 წლის ბრძანება, ხოლო 16 იანვარს შედგა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი, რომლის თანახმადაც მოვალე კომპანიის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ყადაღა დაედო თავდები პირის ქონებას. ყადაღა დაედო ასევე თავდები პირების - არასრულწლოვნების უძრავ ქონებას.
45. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო გარიგებებით შეილახა არასრულწლოვანთა კანონით დაცული ინტერესები, რადგან თავდებობის ხელშეკრულება წარმოუდგენელია ბავშვისთვის რაიმე სახის, მატერიალური თუ არამატერიალური სიკეთის მომტანი იყოს. იგი ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას ისეთ მნიშვნელოვან ვალდებულებას უკავშირდება, როგორიც მის მაგივრად ნაკისრი ვალდებულების შესრულებაა, ხოლო აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების დაცვითი მექანიზმების ამოქმედება ხდება. მოცემულ შემთხვევაში, ასეთ მექანიზმს, ბავშვების თანასაკუთრებაში არსებული ქონების დაყადაღება და შემდეგ მისი სარეალიზაციოდ მიქცევა წარმოადგენდა. შესაბამისად, ცალსახაა, რომ აღნიშნული ტიპის ხელშეკრულება ბავშვს გადამეტებულ პასუხისმგებლობას აკისრებს, რაც მისი სტაბილური განვითარებისთვის, ფსიქოემოციური და ეკონომიური მდგომარეობისთვის ცალსახა უარყოფით შედეგს იწვევს. არასრულწლოვანი ბავშვისთვის, რომელიც თავად მოვლასა და მზრუნველობას საჭიროებს, ასეთი ვალდებულების დაკისრება, ზნეობის ნორმებს ეწინააღმდეგება და სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 61-ე მუხლების თანახმად, უცილოდ ბათილ გარიგებას წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ სადავოდ ქცეული გარიგება საზოგადოებაში მოქმედ ზნეობის ნორმებს ეწინააღმდეგება, იგი ასევე კეთილსინდისიერების პრინციპის სრული იგნორირებითაა დადებული, რაც მას საჯარო წესრიგის საწინააღმდეგოდ დადებულ გარიგებადაც აქცევს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ერთ-ერთ პრეცედენტულ საქმეზე, რომელშიც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იმსჯელა საკრედიტო დაწესებულების (მიკროსაფინანსო ორგანიზაციის) წინადახედულობის მასშტაბებსა და რისკებზე. საქმე შემთხვევა შეეხებოდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის დაბრუნების უზრუნველყოფის საშუალებად მსესხებლის შვილის - მცირეწლოვანის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე გამოყენებული იპოთეკის ბათილად ცნობის მოთხოვნას. მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, კრედიტორის მოთხოვნით განხორციელებული იყო იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია. საკასაციო საჩივრის განხილვის არსებით ეტაპზე საკასაციო პალატამ იმსჯელა მშობლების მიერ არასრულწლოვანის ქონებრივი უფლებების განკარგვის საკითხსა და, აქედან გამომდინარე, იპოთეკის ხელშეკრულებების ნამდვილობაზე. ერთმნიშვნელოვანი იყო, რომ არასრულწლოვნის მშობლებმა (კანონიერმა წარმომადგენლებმა) დაარღვიეს შვილის ქონებრივი უფლებები. მათი უფლება ამ ნაწილში ქონების მართვითა და გამოყენებით შემოიფარგლებოდა, სინამდვილეში კი, მათ იპოთეკით დატვირთეს ქონება, რამაც განაპირობა შემდგომში მისი რეალიზაცია და მასზე მოსარჩელის საკუთრების უფლების დაკარგვა ანუ, საქმეში გამოიკვეთა ვლინდებოდა ინტერესთა კონფლიქტი ბავშვსა და მშობლებს შორის (იხ., სუსგ №ას-1221-1146-2015, 20 მაისი, 2016 წელი). მნიშვნელოვანია საჯარო წესრიგის ფუნქციასთან დაკავშირებული საკასაციო პალატის მიერ ჩამოყალიბებული მსჯელობაც, რომლის მიხედვით, ,,..სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს,როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომკერძოსამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირებისპრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევისსტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურადკანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევსდა სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს“ (იხ. საქმე № ას-15-15-2016, 1 მარტი 2016 წელი).
46. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებს და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
47. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
49. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე