Facebook Twitter

№ას-75-2019 29 მარტი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ნ.კ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქალაქ გარდაბანში, ...... მდებარე უძრავი ქონება 2006 წლის 26 ივნისიდან, სამკვიდრო მოწმობის (#1-14 სანოტარო აქტი) საფუძველზე, ნ.კ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კერძო საჩივრის ავტორი) საკუთრებაა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ტ. 2. ს.ფ. 134).

2. 2013 წლის 14 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს მოსარჩელემ წარუდგინა განცხადება გარდაბანში ...... 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტების მოთხოვნით. სარეგისტრაციოდ წარდგენილ იქნა მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ქაღალდის და ელვერსია), (იხ. განცხადება, ს.ფ. 53, ტ.2.).

3. მარეგისტრირებელი ორგანოს 2013 წლის 20 თებერვლის #882013059965-03 გადაწყვეტილებით, მოსარჩელის განცხადებაზე, მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტების თაობაზე, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და დაინტერესებულ პირს, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, დაევალა კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარდგენა, ვინაიდან, სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, სახელდობრ, განცხადებაზე დართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი), (იხ. გადაწყვეტილება, ს.ფ. 60, ტ.1).

4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის #882013059965-04 გადაწყვეტილებით, აღნიშნულ მოთხოვნაზე 2013 წლის 29 ივლისს შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან დაინტერესებულმა პირმა (მოსარჩელემ) არ წარადგინა შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი), (იხ. გადაწყვეტილება, ს.ფ. 62. ტ.1).

5. ქალაქ გარდაბანში მდებარე უძრავი ქონება - არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 4063 კვ.მ, მასზე არსებულ #1, #2 და #3 (მშენებარე) შენობა- ნაგებობებთან ერთად (მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდით №.....), (შემდეგში - სადავო უძრავი ქონება), შპს „აუდიტი-გ.მ“ 2009 წლის 14 აგვისტოს #19 დასკვნისა და სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2009 წლის 13 ოქტომბრის #1-3/491 ბრძანების საფუძველზე, სს „თ–ის“ საკუთრებად დარეგისტრირდა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 47, ტ.1).

6. სადავო უძრავი ქონება სს „თბილსრესის“ სამეურვეო ქონების აუქციონის ფორმით რეალიზაციის შედეგების დამტკიცების 2010 წლის 23 მარტის #1 ოქმის (#100160568), სამეურვეო ქონების მიღება-ჩაბარების #100160572 აქტისა (23.02.2010წ) და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2009 წლის 4 დეკემბრის #8821/04/19 დასკვნის საფუძველზე, შპს „ს.ს.ე.კ–იის“ შემდეგში (პირველი მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) საკუთრებაა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 48, ტ.1).

7. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა პირველი მოპასუხისა და სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ (შემდეგში - მეორე მოპასუხე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2009 წლის 13 ოქტომბრის #1-3/491 ბრძანების ნაწილობრივ (იმ ნაწილში, რომელიც მოიცავს მის საკუთრებაში არსებულ 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და 48 კვ.მ მშენებარე საცხოვრებელ სახლს) ბათილად ცნობისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო ბრძანება იმ ნაწილში, რომელიც მოიცავდა გარდაბანში, სს „თ–ის“ მიმდებარედ ....... მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და 48 კვ.მ მშენებარე საცხოვრებელ სახლს, ბათილად იქნა ცნობილი; სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამთხოვის თაობაზე უარყოფილ იქნა.

8.1. სასამართლოს დასკვნით, პირველი მოპასუხე უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენია, ვინაიდან საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უფლებაში ხარვეზის არსებობის თაობაზე მისთვის ცნობილი არ იყო.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მეორე მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელი დარჩა განუხილველად.

10.1. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელეს აღძრული ჰქონდა აღიარებითი სარჩელი და, სსსკ-ის 180-ე მუხლზე მითითებით, განმარტა, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა და, რაც ყველაზე მთავარია, აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ანუ ამ გადაწყვეტილებას სრულიად გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის.

10.2. სასამართლომ მიუთითა, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული იურიდიული ინტერესი უნდა იყოს ნამდვილი და სწორი, ანუ მიღწევადი. ერთია, მოსარჩელის სურვილი, ხოლო მეორე კი - სარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რომელთა ერთმანეთთან გაიგივება დაუშვებელია. იურიდიული ინტერესის ცნებაში ყოველთვის იგულისხმება ის მატერიალურსამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი. აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ შესაძლებელია, აღიძრას მიკუთვნებითი სარჩელი. ამდენად, მატერიალურსამართლებრივი უფლების დაცვა შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრის გზით, მაგრამ ასეთი სარჩელი უნდა უზრუნველყოფდეს სადავოდ ქცეული უფლების დაცვას და უნდა გამორიცხავდეს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრას.

10.3. პალატამ მიიჩნია, რომ ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნა, საბოლოოდ არ იწვევდა მოსარჩელისათვის სასარგებლო იურიდიულ შედეგს, ვინაიდან უდავოა, რომ სადავო ბრძანებით, სს ,,თ–თვის’’ გადაცემული ნივთი აუქციონზე რეალიზაციის შედეგად გასულია ამ უკანასკნელის საკუთრებიდან, ნივთის ამჟამინდელი მესაკუთრისგან მისი გამოთხოვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში კი, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, სადავო ბრძანების ბათილად ცნობით არ მიიღწევა მოსარჩელის საკუთრების უფლების მოპოვება სადავო ფართზე.

11. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრით გაასაჩივრა შემდეგ გარემოებაზე მითითებით:

11.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მისი მიზანია, აღდგეს 2006 წლის 26 ივნისის მონაცემებით არსებული ვითარება, როცა სამკვიდრო მოწმობის საფუძვეზე სადავო ქონება მიღებული ჰქონდა საკუთრების უფლებით. ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, გამოიწვევდა რეგისტრაციის ბათილად ცნობასა და ზიანის ანაზღაურებას. მოთხოვნის იურიდიული ინტერესიც სწორედ ესაა. სარჩელის განუხილველად დატოვებით, საბოლოოდ, მოესპო სასამართლოსათვის მიმართვის უფლება, რითაც ილახება მისი კანონიერი ინტერესი.

11.2. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, საჭიროების შემთხვევაში, გაასაჩივრებს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 იანვრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

13. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

14. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სარჩელი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი, რაც, სსსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი წინაპირობაა.

15. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას აღიარებითი სარჩელის განხილვისას იურიდიული ინტერესის არსებობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და, აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად: მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება, დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს, ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე # ას-664-635-2016, 02.03.2017წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: # ას-437-409-17 29.09.17, #-ას 916—857-17 12.09.17, #ას-302-285-17, 16.06.17, #ას-244-232-17 19.05,17 #ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; # ას- 17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; # ას- 773-730-2015, 08.09.205წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; # ას- 323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ.)

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის სახეებად დაყოფა (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობისაა და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და, ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელი არ პასუხობდა სსსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი შემდეგი კრიტერიუმები: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად, მხარე სრულად გარკვეულ შედეგს უნდა იღებდეს, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა... (შდრ.სუსგ # ას-838-802-2014, 19.03.2015წ.).

17. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, რაკი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში იმ დასაბუთებით, რომ შემძენი, კეთილსინდისიერი შემძენია, ცხადია, სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2009 წლის 13 ოქტომბრის #1-3/491 ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაშიც, მოსარჩელე სადავო ნივთს ვეღარ დაიბრუნებს, ხოლო, თუ მისი იურიდიული ინტერესი ზიანის ანაზღაურებაა, მას შეუძლია, აღძრას მიკუთვნებითი სარჩელი იმ საფუძვლით, რომ სადავო ბრძანებით, ქონებაზე საკუთრება უკანონოდ ჩამოერთვა.

18. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების, საჭიროების შემთხვევაში, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრების შესახებ, კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს: სსსკ-ის, 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმისწარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება, ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმისწარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.

19. აქვე, საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას გაამახვილებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციაზე, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტურ და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (შდრ. სუსგ №ას-302-285-2017, 16.06.2017).

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია, რომლის წინააღმდეგაც არ არის წარმოდგენილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული შედავება.

21. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.კ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი