Facebook Twitter

№ას-160-2019 29 მარტი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ლ.ფ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – დ.ფ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება), დ.ფ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა საჯარო რეესტრში ლ.ფ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, განმცხადებელი ან კერძო საჩივრის ავტორის) სახელზე ლანჩხუთის რაიონის სოფელ ...... მდებარე უძრავი ქონების რეგისტრაცია, საკადასტრო კოდით №.....; გაუქმდა პირველ განმცხადებელსა და ლ.კ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, განმცხადებელი ან კერძო საჩივრის ავტორი) 2012 წლის 30 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულება და მის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაცია საჯარო რეესტრში; სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე უარყოფილ იქნა.

2. 2018 წლის 2 ოქტომბერს მოპასუხეებმა განცხადებით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლება მოითხოვეს. მათი მითითებით, ოზურგეთის რაიონულ პროკურატურაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის სიყალბესთან დაკავშირებით, რომელზეც შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. საქმეში წარდგენილია ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის გადაცემაზეც მათი მოთხოვნა პროკურატურამ უარყო.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით, მოპასუხეების განცხადება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმისწარმოების განახლების თაობაზე, უარყოფილ იქნა. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში, სსსკ-ის, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით.

3.1. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, საქმის მასალებით დადგენილია და არც განმცხადებლები უარყოფენ, რომ სამკვიდრო მოწმობის სიყალბის თაობაზე მართალია მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, საპროცესო კანონმდებლობა კი, დოკუმენტის სიყალბის საფუძვლით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის აუცილებელ და სავალდებულო წინაპირობად, სწორედ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის არსებობას მიიჩნევს.

4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

4.1. კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებით, შსს ლანჩხუთის რაიონულ სამმართველოში ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის სიყალბესთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ემუხლის 1-ლი ნაწილით, რაც საქმისწარმოების განახლების საფუძველია.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 თებერვლის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლებმა საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით მოითხოვეს, რომ შსს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოში, ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის სიყალბესთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება.

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმისწარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება, ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმისწარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.

8. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლში. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მითითებული საფუძვლით დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.

9. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განმცხადებლების მიერ მითითებული საფუძვლით, საქმის წარმოების განახლება დასაშვები იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარმოადგენდნენ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს მათ მიერ მითითებული დოკუმენტების სიყალბის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლებს ასეთი განაჩენი არ წარმოუდგენიათ, შესაბამისად, ამ საფუძვლით საქმის წარმოების განახლება დაუშვებელია (შდრ. სუსგ. #ას-609-576-2015 , 28.12.2015წ).

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

11. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.ფ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი