Facebook Twitter

№ას-389-389-2018 18 მაისი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ.პ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ქონების (მოძრავი ნივთების) ყადაღისგან გათავისუფლება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელის მიერ, 2015 წლის 16 ოქტომბერს აღიწერა და დაყადაღდა ქალაქ ქუთაისში, ...... მოვალის საცხოვრებელ სახლში არსებული მოძრავი ნივთები:

ა) შავი პლაზმური ტელევიზორი „prime“;

ბ) ტელევიზორის სადგამი შავი მინის კარებით;

გ) ხის ყავისფერი ჟურნალის მაგიდა;

დ) ხის ყავისფერი გასაშლელი მაგიდა;

ე) ყავისფერი კედლის კარადა დახურული სათავსებითა და მინის კარებით ე.წ „სტენკა;

ვ) ვერცხლისფერი მუსიკალური ცენტრი „SONY“, ორი დინამიკით;

ზ) ორკარებიანი თეთრი მაცივარი „Wagner“ ;

თ) სარეცხი მანქანა „LG“; (იხ. აქტი, ს.ფ. 11-13).

2. შპს „ა.ფ–ის“ 2015 წლის 13 ნოემბრის #98 დასკვნის თანახმად, დაყადაღებული მოძრავი ნივთების ღირებულება - 735 ლარია (იხ. დასკვნა, ს.ფ.14).

3. 2015 წლის 16 ნოემბერს გ.პ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა გ.პ–ძისა (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან მოვალე) და სსიპ შემოსავლების სამსახურის (შემდეგში - მეორე მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან კრედიტორი) მიმართ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნივთები ეკუთვნოდა არა მოვალეს, არამედ მოსარჩელეს, აქედან გამომდინარე, ყადაღისაგან გათავისუფლდა 2015 წლის 16 ოქტომბრის აქტებით დაყადაღებული მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნივთები.

5. მეორე მოპასუხემ/კრედიტორმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო:

6.1. პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივია. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო ნივთების ფასი/დავის საგნის ღირებულება - 735 ლარია, რაც სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილ - 1000 ლარზე ნაკლებია, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო.

7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება მეორე მოპასუხემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრით გაასაჩივრა, შემდეგ გარემოებაზე მითითებით:

7.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, დავის საგნის ღირებულება არა დაყადაღებული ქონების ღირებულებით, არამედ ინდმეწარმე „გ.პ–ძის“ საგადასახადო დავალიანების, 115 519,44 ლარით, უნდა განისაზღვროს.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აპრილის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.

9. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

10. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ საჩივრის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ოდენობას. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს დავის საგნის ღირებულება, არა დაყადაღებული ქონების ღირებულებით, არამედ საგადასახადო დავალიანებით -115 519,44 ლარით, უნდა განესაზღვრა.

11. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. განსახილველ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელის კუთვნილი ნივთები, რომელთა ღირებულებაც 735 ლარია, გათავისუფლდა ყადაღისაგან. საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო საჩივრით. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივრის ღირებულებაც 735 ლარია, შესაბამისად, საჩივარი არ პასუხობს სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობას და იგი მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო სასამართლომ.

12. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ამ განჩინების 6.1 პუნქტში ასახულ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დამატებით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 365-ე მუხლი ადგენს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობას ქონებრივ დავაში, რაც, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის ფასიდან გამომდინარე, არ შეესაბამება ამ საპროცესო ნორმის მოთხოვნას.

13. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილია სააპელაციო საჩივრის ღირებულება, რომელიც არ შეიძლება, იყოს 1000 (ათასი) ლარზე ნაკლები. სააპელაციო საჩივრის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმით ქონებრივ დავებთან მიმართებით, კანონმდებელმა დაადგინა, თუ რა კატეგორიის საქმის მიმართ დაიშვება სააპელაციო საჩივრის შეტანა. აღნიშნულ კრიტერიუმს წარმოადგენს დავის საგნის ღირებულება და დადგენილია, რომ იმ გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც მხარე სადავოდ ხდის და მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 1 000 ლარს, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ განიხილება, რადგანაც მას აქვს საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). საკასაციო სასამართლო, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში, დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, განაცხადის დასაშვებობისას, ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (იხ. ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვ; იხ. სუსგ # ას- 230-218-2016, 28.04.2017წ.). სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის ფასი, მხარისათვის მინიჭებული გასაჩივრების უფლების ერთ-ერთ კანონიერი წინაპირობაა, რომელიც სამართალწარმოების დროულ და ეფექტურ ორგანიზებასა და განხორციელებას ემსახურება, რაც არ შეიძლება, ისეთ დანაწესად შეფასდეს, რომელიც არასამართლიანად ართმევს მომჩივანს სასამართლოსადმი წვდომის უფლებას (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR)“ -იხ. სუსგ ას-692-646-2017, 14.07.2017წ.)

14. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომელიც დავის საგნის ღირებულების განსაზღვრას უკავშირდება, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია მისი კუთვნილი მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლებისკენ, შპს „ა.ფ–ის“ 2015 წლის 13 ნოემბრის #98 დასკვნის თანახმად, ამ ნივთების ღირებულება - 735 ლარია (აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსთვის არ წარუდგენია), აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივრის ღირებულებაც სწორედ ამ თანხით უნდა განისაზღვროს.

15. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 დეეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი