№ას-513-513-2018 28 თებერვალი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები) – მ.ი. ,მ.ბ.
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - გ.ბ., მ.ბ., გ.ბ–ის უფლებამონაცვლეები ვ.კ–ძე, გ.ო–ძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივი არქივი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ საკომლო წიგნის ჩანაწერისა და არქივის ცნობის ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერის ნაწილობრივ ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ.ი. (შემდეგში: პირველი მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი), გ.ბ. (შემდეგში: პირველი მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან კომლის უფროსი), გ.ბ. (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) და მ.ბ. (შემდეგში: მესამე მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) ერთი კომლის წევრები არიან.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საარქივო სამმართველოს ქობულეთის არქივის 2007 წლის 12 სექტემბრის #ბ-118 ცნობის თანახმად, ქობულეთის რაონის ... სადაბო საბჭოს აღმასკომის საარქივო დოკუმენტებით, 1986-1996 წლების სოფელ ..... საკომლო წიგნში, კომლის უფროსად ჩაწერილია პირველი მოპასუხე. ოჯახს აწერია 1955 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი საერთო ფართობით - 30 კვ.მ და 0,22 ჰა მიწა.
2.1. 2001-2005 წლების ჩაქვის სადაბო საკრებულოს სოფელ .... საკომლო წიგნით, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: პირველი მოპასუხე (კომლის უფროსი), ცოლი - ნ.ა. ასული ბ., შვილები - პირველი მოსარჩელე (გათხოვდა),მ.ბ. (შემდეგში: მეორე მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი), (გადახაზულია და მიწერილია - წასულია კრასნოდარში, ამოწერის გარეშე), გ.გ. ძე ბ. (შემდეგში - მეორე და მესამე მოპასუხეების მამა), (გადახაზულია, გარდაიცვალა 01.04.2006წ), შვილიშვილები - მეორე და მესამე მოპასუხეები. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით - 140 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი - 26 კვ.მ და 0,22 ჰა მიწის ფართობი (შემდგომში - საკომლო ქონება) (იხ. საარქივო ცნობა, ს.ფ. 97, ტ.1).
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (შემდეგში - კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება): მოსარჩეელების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება; პირველი მოპასუხის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა სოფელ ... საკომლო წიგნში, კომლში 1986-1990 წლიდან მეორე მოსარჩელის სარეგისტრაციო ჩანაწერი; გაუქმდა ქობულეთის ადგილობრივი არქივის მიერ 2007 წლის 12 სექტემბერს გაცემული N.. ცნობა მეორე მოსარჩელის ნაწილში; გაუქმდა, ქობულეთში, სოფელ .... მდებარე უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით №..... მეორე მოსარჩელის თანასაკუთრება. სარჩელი პირველი მოსარჩელის მიმართ უარყოფილ იქნა (იხ. გადაწყვეტილება, ს.ფ. 37-49, ტ.1).
4. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქობულეთში, .... მდებარე უძრავი ქონება - სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 2200 კვ.მ, მასზე არსებულ #1-272.7 კვ.მ შენობა- ნაგებობებთან ერთად (მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №....), #ბ-118 საარქივო ცნობისა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, პირველი მოსარჩელისა და მოპასუხეების თანასაკუთრებაა (იხ. ს.ფ. 202 ტ.1).
5. მეორე და მესამე მოპასუხეები 2006 წლის 1 აპრილს გარდაცვლილი გ.ბ–ს შვილები და პირველი მოპასუხის შვილიშვილები არიან. მეორე მოპასუხე 1990 წლის 9 იანვარს ქობულეთში, სოფელ ..... დაიბადა, მესამე მოპასუხე კი - 1991 წლის 7 დეკემბერს ქალაქ რუსთავში და, მეორე მოპასუხესთან ერთად, ამავე მისამართზეა რეგისტრირებული და მამასთან ერთად პირველი მოპასუხის კომლში ცხოვრობდნენ.
6. 2015 წლის 3 ივნისს მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს პირველი, მეორე, მესამე მოპასუხეებისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივი არქივის (შემდეგში - მეოთხე მოპასუხე) მიმართ საკომლო წიგნის ჩანაწერისა და არქივის ცნობის ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრის ჩანაწერის ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნით. მათი მტკიცებით, მართალია, მეორე მოპასუხე სოფელ ..... დაიბადა, მაგრამ იგი 1991 წლიდან საცხოვრებლად დედასთან ერთად ქალაქ რუსთავში გადავიდა, სადაც დაიბადა მესამე მოპასუხეც. ისინი 1995-1996 წლამდე იქ ცხოვრობდნენ და კოლმეურნეობების გაუქმების დროს კომლის წევრები არ იყვნენ.
7. პირველმა, მეორე და მესამე მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, წარადგინეს მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მიუთითეს, რომ სადავო კომლი საკოლმეურნეო კომლია, რომლის უფროსი პირველი მოპასუხეა, ხოლო მეორე და მესამე მოპასუხეები კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან, მათ კომლის წევრობაზე უარი არ უთქვამთ და მამასთან ერთად პირველი მოპასუხის კომლში ცხოვრობდნენ.
7.1. სარჩელი არ ცნო მეოთხე მოპასუხემაც და წარდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საარქივო სამმართველოს ქობულეთის არქივის 2007 წლის 12 სექტემბრის #ბ-118 ცნობა, წარსულში შექმნილი დოკუმენტების შესახებ ინფორმაციაა და შექმნილია არქივში დაცული დოკუმენტების საფუძველზე.
8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (1964 წელს მოქმედი რედაქცია) 122-ე, 125-ე, 126-ე მუხლები, „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობის, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 22.09.1992 წლის 949-ე დადგენილება, სახელმწიფო საბჭოს 21.10.1993 წლის 29 დეკრეტი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი გამოიყენა.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
10. პირველი მოპასუხე 2016 წლის 27 ივლისს გარდაიცვალა (იხ. გარდაცვალების მოწმობა, ს.ფ. 87, ტ.2).
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 2 ნოემბრის განჩინებით, ვ.კ–ძე და გ.ო–ძე (შემდეგში - პირველი მოპასუხის უფლებამონაცვლეები) ცნობილ იქნენ პირველი მოპასუხის უფლებამონაცვლეებად.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 1 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
12.1. პალატამ დავის იურიდიულ ინტერესზე მიუთითა და განმარტა, რომ მოსარჩელეებსა და მოპასუხეებს შორის საზიარო უფლების გაუქმებასთან დაკავშირებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში არსებული დავის ფარგლებში, თუკი სარჩელი დაკმაყოფილდებოდა და მეორე და მესამე მოპასუხეები კომლიდან ამოირიცხებოდნენ, ქონება გაიყოფოდა არა ოთხ, არამედ ორ პირზე და ერთ-ერთი მოსარჩელის წილიც გაიზრდებოდა, რაც ადასტურებს პირველი მოსარჩელის ნამდვილ იურიდიულ ინტერესს განსახილველი დავის მიმართ. რაც შეეხება მეორე მოსარჩელეს, მართალია, იგი საკომლო ქონების თანამესაკუთრე არაა, თუმცა დედის, (პირველი მოპასუხის - ა/წ გარდაცვლილი მეუღლის) კანონისმიერი მემკვიდრეა, შესაბამისად, აღიარებითი სარჩელის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესიც აქვს.
12.2. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებას და დავის საგანთან მიმართებით მხარეთა განმარტებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ მეორე და მესამე მოპასუხეები იყვნენ პირველი მოპასუხის (კომლის უფროსის) კომლის წევრები, სახელდობრ - რეგისტრირებული იმ კომლის წევრებად, რომლის წევრიც მათი მამა იყო და პერიოდულად დედასთან ცხოვრება ავტომატურად კომლის წევრობას არ წყვეტდა. კომლის ყველა წევრს კი, მათ შორის - არასრულწლოვნებსაც თანაბარი წილი ეკუთვნოდათ.
13. კასატორებმა აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შემდეგი საფუძვლებით:
13.1. კასატორების მტკიცებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მეორე მოპასუხის მიმართ ჩანაწერი ფიქსირდება 1990-1997 წლებში, მართალია, იგი დაბადებულია სოფელ ...., მაგრამ 1991 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა დედასთან, ქალაქ რუსთავში, სადაც დაიბადა მესამე მოპასუხეც და წლების მანძილზე იქ ცხოვრობდნენ. როდესაც საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრისა და 15 ოქტომბრის დადგენილებით გაუქმდა კოლმეურნეობები, ისინი კომლის წევრები აღარ იყვნენ და, შესაბამისად, რაიმე უფლება კომლზე არ გააჩნდათ. 1996-1997 წლებში კომლის მისამართზე რეგისტრაცია კი, კომლის ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებას არ იწვევდა.
13.2. კასატორების მითითებით, 1992 წლის შემდგომ კომლის ქონებაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი ვრცელდება, შესაბამისად, სადავო კომლში რეგისტრაციაც მისი ყველა წევრის თანხმობით უნდა მომხდარიყო. მეორე და მესამე მოპასუხეებს 1992 წლიდან კომლთან კავშირი გაწყვეტილი აქვთ, შესაბამისად, კომლში დარეგისტრირდნენ კანონის დარღვევით.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
17. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკომლო ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები გვარდებოდა 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსით, რომლის 122-ე მუხლის თანახმად, კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით, ამავე კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად, საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს კომლის ქონება თანაბარი წილით ეკუთვნის. „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის # 949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის # 29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის #48 დადგენილებით, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბარე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადიოდა მათ კერძო საკუთრებაში. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის #128 დადგენილების მეორე პუნქტით კი, დადგინდა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები უნდა გაცემულიყო 1992 წლის 1 იანვრის მონაცემებით რიცხული კომლების მიხედვით.
19. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მეორე და მესამე მოპასუხეები 1992 წლამდე გახდნენ პირველი მოპასუხის (კომლის უფროსი) კომლის წევრები და იმავე უფლებით სარგებლობდნენ, როგორც კომლის სხვა წევრები, სახელდობრ, რეგისტრირებულები იყვნენ და ცხოვრობდნენ მამასთან ერთად სადავო ქონებაში, რომელიც კომლის წევრი იყო. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკომლო ქონებაზე, უფლება მათაც შეიძინეს, ვინაიდან, 1992 წლის 1 იანვრის ვითარებით, ისინი პირველი მოპასუხის კომლის წევრები იყვნენ.
20. ზემოაღნიშნული ფაქტობრივ-სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 1513-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია: საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, სსკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამავე კოდექსის 1513-ე მუხლის მიხედვით, ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები. სსკ-ის 953-ე მუხლის მიხედვით, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ამავე კოდექსის 954-ე მუხლის თანახმად, თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი. განსახილველ შემთხვევაში, მეორე და მესამე მოპასუხეების თანასაკუთრების უფლება წარმოიშვა კანონის საფუძველზე, კერძოდ, სსკ-ის 1513-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან, 1992 წლის 1 იანვრის მონაცემებით, ისინი იყვნენ პირველი მოპასუხის (კომლის უფროსის) ოჯახის წევრები და მათ კომლის ქონებაზე თანასაკუთრების უფლება წარმოეშვათ.
21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: „საქართველოში საკოლმეურნეო კომლი 1993 წლამდე არსებობდა. საკოლმეურნეო კომლის ერთ-ერთი და ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი შრომით-საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი. საკოლმეურნეო კომლის წევრები დამხმარე მეურნეობას კომლისათვის განკუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საერთო ძალებით აწარმოებდნენ და ამ კომლის ქონების თანამესაკუთრეებად გვევლინებოდნენ. თუ ოჯახში კოლმეურნეობის არცერთი წევრი არ რჩებოდა, საკოლმეურნეო კომლი ისპობოდა და მუშა-მოსამსახურის ოჯახი იქმნებოდა, ხოლო დამხმარე მეურნეობის ადგილს მუშა-მოსამსახურის მეურნეობა იკავებდა. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდა. აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად კი, კომლის ყველა წევრს, მათ შორის - არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, თანაბარი წილი ეკუთვნოდა. „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენენ. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი“ (შდრ. სუსგ №ას-1778-1756-2011, 29.06.2012წ).
22. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
24. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ი–ისა დამ.ბ–ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორებს: მ.ი–სა და მ.ბ–ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.ბ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, გადახდის თარიღი 12.05.2018), 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი