№ას-1265-1185-2017 30 ნოემბერი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) – ბ.გ., ზ.გ.
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ა.გ.
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა.გ–ას (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი დაკმაყოფილდა:
1.1. ბათილად იქნა ცნობილი ბ.გ–ას (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი), ზ.გ–ას (შემდეგში - მეოთხე მოპასუხე), ზ.გ–ას (შემდეგში - მეორე მოპასუხე საჩივრის ან კერძო სჩივრის ავტორი), ფ.გ–ასა (შემდეგში - მეხუთე მოპასუხე) და ზ.გ–ას (შემდეგში: მესამე მოპასუხე ან საჩივრის ავტორი) შორის, 2014 წლის 22 ოქტომბერს მარტვილის რაიონში, სოფელ ..... მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი №....) დადებული ჩუქების ხელშეკრულება;
1.2. ბათილად იქნა ცნობილი, პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის 2015 წლის 11 სექტემბერს დადებული გარიგება, ავტოსატრანსპორტო საშუალების (სკანია R124 ..... 400, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 1998, სანომრე ნიშანი - ....., საიდენტიფიკაციო ნომერი - ....., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - ....) საკუთრებაში გადაცემის შესახებ;
1.3. მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 40 000 ამერიკული დოლარის გადახდა.
2. სასამართლომ მიუთითა, რომ სენაკის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოსარჩელემ მოპასუხეების მიმართ ზემოაღნიშნული გარიგებების ბათილად ცნობისა და 40 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
3. სარჩელი თანდართული დოკუმენტებით მოპასუხეებს გაეგზავნათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, თუმცა გზავნილის მათთვის ჩაბარება ვერ მოხერხდა, მისამართზე არყოფნის გამო. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ, მიუხედავად გზავნილის (რეგისტრაციისა და მათთვის ცნობილ საცხოვრებელ მისამართზე) არაერთხელ გაგზავნისა, ადრესატამდე კორესპონდენცია ვერ მივიდა, 2016 წლის 27 აგვისტოს კანონის მოთხოვნათა დაცვით მიღებულ იქნა განჩინება, მოპასუხეთათვის სარჩელისა და თანდართული მასალების, სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების წესით ჩაბარების თაობაზე. განჩინება სასამართლოში თვალსაჩინო ადგილასა და ვებგვერდზე, 2016 წლის 27 აგვისტოს განთავსდა. ამდენად, მოპასუხეებს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ჩაჰბარდათ განჩინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს, 2016 წლის 3 სექტემბერს. მათ სასამართლოში უნდა წარედგინათ შესაგებელი, სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში. მოპასუხეებმა შესაგებელი არ წარადგინეს და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ აცნობეს სასამართლოს. ამასთან, არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით არ მიუმართავთ სასამართლოსათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნია, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დააკმაყოფილების წინაპირობაა.
4. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 56-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, მე-400, 464-ე, 623-ე და 1170-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას.
5. მეორე და მესამე მოპასუხეებმა საჩივარი (იხ. ს.ფ. 104) წარადგინეს სენაკის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, მისი გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით. საჩივრის ავტორების მტკიცებით, არც სარჩელი თანდართული მტკიცებულებებით და არც დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არცერთ მოპასუხეს არ ჩაჰბარებია, შესაბამისად, არაფერი იცოდნენ მათ და მოსარჩელეს შორის სასამართლოში დავის არსებობის თაობაზე. სწორედ ამის გამო ვერ წარადგინეს თავიანთი მოსაზრება სარჩელთან დაკავშირებით.
6. სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინებით (იხ. ს.ფ. 166-173) , დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების თაობაზე მეორე და მესამე მოპასუხის საჩივარი უარყოფილ იქნა. შესაბამისად, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
7. საქმეში წარდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაჰბარდათ საჯარო შეტყობინების გზით, 2016 წლის 3 სექტემბერს, რაც დასტურდებოდა საქმეში არსებული, განჩინების სასამართლოში თვალსაჩინო ადგილას და ვებგვერდზე განთავსების შესახებ აქტით, შესაბამისად, გზავნილი მათთვის ჩაბარებულად ითვლებოდა.
8. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პირველმა და მეორე მოპასუხეებმა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: აპელანტების მტკიცებით, სასმართლო ვალდებულია, შეამოწმოს სარჩელის საგანი, საფუძველი და მოპასუხეთა წრე. განსახილველ შემთხვევაში, დარღვეულია არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები, არამედ სარჩელის წარმოებაში მიღების წინაპირობებიც. მოსარჩელეს არ გააჩნდა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის აღძვრის უფლებამოსილება, რადგან გარიგება ორმხრივი ნების გამოვლენაა და მესამე პირს არ შეეძლო, სადავოდ გაეხადა. სასამართლომ, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით, შელახა მოპასუხეთა უფლებები, გარდა პირველი მოპასუხისა, რომელმაც სანოტარო წესით დამოწმებული ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებით აღიარა ვალის არსებობა, სასამართლომ კი, თანხის გადახდა მოვალის ოჯახის წევრებს დააკისრა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 აგვისტოს განჩინებით, პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად; სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 265-ე, 364-ე, 372-ე, 374-ე და 187.2 მუხლებით. ამასთან, მოცემულ განჩინებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდა მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული სამოქალაქო საქმისწარმოება.
10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველ მოპასუხეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, სსსკ-ის 237-ე მუხლის შესაბამისად, საჩივარი არ წარუდგენია, შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მის მიმართ შესულია კანონიერ ძალაში, რაც გამორიცხავდა პირველი მოპასუხის ნაწილში სააპელაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობას და იგი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
11. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს პირველმა და მეორე მოპასუხეებმა, მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: სასამართლოს პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა და უნდა განეხილა მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივართან ერთად, ასევე, არ უნდა შეეჩერებინა საქმისწარმოებაც, გამომდინარე იქიდან, რომ დაირღვა მოპასუხეთა სამოქალაქო უფლებები, მათი საქმე არ განიხილა კვალიფიციურმა სასამართლომ, ვინაიდან, სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს სარჩელის აღძვრის წინაპირობები, განსაზღვროს მოპასუხეთა წრე და მიუთითოს მოსარჩელეს, სწორად აღძრა თუ არა სარჩელი იმ მოპასუხეების მიმართ, რომელთაც პასუხი უნდა აგონ სარჩელზე.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ნოემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების შესწავლისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
13. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისა და მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარზე საქმისწარმოების შეჩერების შესახებ განჩინებების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ამ უკანასკნელს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი, სსსკ-ის 237-ე მუხლის შესაბამისად, არ წარუდგენია, შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მის მიმართ შესული იყო კანონიერ ძალაში, რაც გამორიცხავდა გასაჩივრების შესაძლებლობას სააპელაციო წესით.
14. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სსსკ-ის 78-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ჩაჰბარდა პირველ მოპასუხეს. ამ უკანასკნელს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი არ წარუდგენია, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მის მიმართ შევიდა კანონიერ ძალაში, თანახმად სსსკ-ის 237-ე მუხლისა. პირველი მოპასუხის კერძო საჩივარი არ შეიცავს რაიმე პრეტენზიას მისთვის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ჩაბარების წესის დარღვევის თაობაზე. ეს უკანასკნელი არც იმას უთითებს, რომ მან დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრა. იგი მხოლოდ იმას დავობს, რომ სასამართლოს სარჩელი არ უნდა მიეღო წარმოებაში და დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა გამოეტანა, ვინაიდან მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სინამდვილეს არ შეესაბამებოდა და, შესაბამისად, იურიდიულად არ ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას. კერძო საჩივრის ავტორის ამ პრეტენზიაზე საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაზე პირველი მოპასუხის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის და არა თავად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის კანონიერების შემოწმება. ამ გარემოებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეამოწმებდა სასამართლო, თუ პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. მოცემულ შემთხვევაში, პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან მას, კანონით დადგენილი წესით, არ გაუსაჩივრებია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება მის მიმართ შევიდა კანონიერ ძალაში.
15. სსსკ-ის 265-ე მუხლის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმისწარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი), ან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმება ან შეცვლა დაუშვებელია იმ წესით, რაც დადგენილია სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრებისათვის სსსკ-ის 364-ე, 391-ე, 414-ე მუხლებით. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო წესით დაუშვებელია, ხოლო, თუ დაინტერესებული პირი მაინც შეიტანს საჩივარს, სასამართლომ განუხილველად უნდა დატოვოს.
16. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება პირველი მოპასუხის მიმართ შესულია კანონიერ ძალაში, შესაბამისად, მას ამ გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება აღარ შეუძლია. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
17. კერძო საჩივრის ავტორთა ერთ-ერთი პრეტენზია ისიცაა, რომ სააპელაციო პალატას პირველი მოპასუხის მიმართ მიღებული განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე არ უნდა შეეჩერებინა მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განხილვა. კერძო საჩივრის ავტორთა მითითებულ პრეტენზიას საკასაციო პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ პირველი და მეორე მოპასუხეების სააპელაციო საჩივრების ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განხილვა ეწინააღმდეგება საპროცესო ეკონომიის პრინციპს, შესაბამისად, ეს პრინციპი დაირღვეოდა პირველი მოპასუხის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 7.2-ე და 279-ე მუხლების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, შეეჩერებინა საქმისწარმოება მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარზე.
18. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ.გ–ასა და ზ.გ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 აგვისტოს განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე.გასიტაშვილი