№ას-1609-2018 12 აპრილი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) – დ.დ., ლ.დ., დ.დ., მ.ს–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ს.რ.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ინვისის განჩინება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქალაქ თბილისში, .... კორპუსში მდებარე ბინა #2, მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდით №..... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება ან სადავო ქონება), 2017 წლის 26 იანვრიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულების საფუძველზე, ს.რ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) საკუთრებაა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ. 27-28, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).
2. მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ სადავო უძრავ ქონებას დ.დ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი), ლ.დ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი), მ.ს–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) და დ.დ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეოთხე მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ.
3. უძრავ ნივთს მოპასუხეები არ ათავისუფლებენ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მფლობელობა მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.
4. 2017 წლის 14 თებერვალს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 172-ე მუხლის პირველი ნაწილი). ის ამტკიცებდა, რომ 2017 წლის 26 იანვრიდან სადავო ქონების მესაკუთრეა, თუმცა მოპასუხეები მაინც განაგრძობენ მისი ნივთის უკანონოდ ფლობას და, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებენ მას.
5. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 168-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-ე და 312-ე მუხლები გამოიყენა.
7. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ, სსკ-ის 172.1 მუხლის საფუძველზე, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან კუთვნილი ნივთის გამოთხოვა.
8. მოპასუხეებმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტები, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარემ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იშუამდგომლა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 387-ე მუხლის პირველი ნაწილი).
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა აპელანტების გამოუცხადებლობის გამო; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
11. აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხეების/აპელანტების წარმომადგენელმა. მისი მითითებით, სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, სახელდობრ, ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, რაც დასტურდებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემული პაციენტის სამედიცინო ბარათით. ამასთან, აღნიშნა, რომ, ასეც რომ არ ყოფილიყო, მაინც შეეშლებოდა ხელი სხდომაზე გამოცხადებაში, ვინაიდან, იმავე დღეს, 11:00 სთ-ზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ჰქონდა სხდომა, რომელიც რამდენიმე საათი უნდა გაგრძელებულიყო.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, იმ მიზეზით, რომ არ დასტურდებოდა სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო გარემოების არსებობა.
13. 2018 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე წლის 13 ივნისის განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საკასაციო წესით გაასაჩივრეს კასატორებმა, მოითხოვეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვა, შემდეგი დასაბუთებით :
13.1. კასატორების მტკიცებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან 2018 წლის11 აპრილის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი მათი წარმომადგენლის ავადმყოფობა იყო, სახელდობრ, ჰქონდა საკვებისგან გამოწვეული ინტოქსიკაცია და გადაადგილება არ შეეძლო. სასამართლომ კი, ეს გარემოება არ გაითვალისწინა. მათი მითითებით, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კი - დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი სააპელაციო პალატის სხდომაზე მოპასუხის/აპელანტის გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერებაა.
16. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორების პრეტენზიას და განმარტავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის ვლინდებოდა ყველა კანონისმიერი წინაპირობა, კერძოდ, სსსკ-ის 387-ე მუხლი არეგულირებს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და წინაპირობებს. აღნიშნული ნორმით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში კი, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე და არც გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე არ აცნობა სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს. ამავდროულად, ზემოაღნიშნული საპროცესო ღონისძიება ერთგვარი სანქციაა ისეთი მხარისათვის, რომელიც არასაპატიოდ არ ცხადდება საქმის განხილვაზე. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 387-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) აპელანტის გამოუცხადებლობა; ბ) გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზი; გ) მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
17. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეების/აპელანტების სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და 2018 წლის 28 მარტის განჩინებით, 2018 წლის 11 აპრილს, 15:30 საათზე დაინიშნა სასამართლოს მთავარის სხდომა (სსსკ-ის 373-ე და 376-ე მუხლები). სასამართლო უწყება აპელანტების წარმომადგენელს (სადაც განმარტებულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები), ჩაჰბარდა 2018 წლის 29 მარტს (ამაზე არც კასატორები არ დავობენ), ამდენად, ადრესატები 12 დღით ადრე გააფრთხილეს სხდომის დანიშვნის შესახებ (იხ. ხელწერილი, ს.ფ. 183).
18. 2018 წლის 11 აპრილს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტები/მათი უფლებამოსილი წარმომადგენელი. მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
19. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
20. სსსკ-ის 215.3 მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად მიიჩნევა მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
21. ამდენად, მართალია, სსსკ-ის 215-ე მუხლით ავადმყოფობა მიჩნეულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, მაგრამ ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი/კასატორი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიუთითებს მის ავადმყოფობაზე, რის დასადასტურებლადაც მის მიერ წარმოდგენილია შპს „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ მიერ გაცემული პაციენტის სამედიცინო №... ბარათი, სადაც, მართალია, აღნიშნულია, რომ პაციენტს/ მოპასუხეების წარმომადგენელს აღენიშნებოდა გულისრევა (ღებინება), თუმცა დოკუმენტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის გამოძახების თარიღი გაურკვეველია და არ დგინდება დახმარება გამოძახებულ იქნა თუ არა პროცესის დღეს - 2018 წლის 11 აპრილს (იხ. ბართი, ს.ფ. 202). ამდენად, მითითებული დოკუმენტით ვერ შეფასდება მხარის პროცესზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის განხილვაზე აპელანტების გამოუცხადებლობის საპატიოდ შეფასების დამადასტურებელი მტკიცებულება კასატორებმა ვერ წარმოადგინეს.
22. გარდა ამისა, მოსარჩელის უფლება ნივთზე, დადასტურებულია საჯარო რეესტრის ამონაწერით. ამ განჩინების აღწერილობითი ნაწილის 1-3 პუნქტში მითითებული, დადასტურებულად ცნობილი ფაქტები ამართლებს ვინდიკაციურ სარჩელს (სსკ-ის 170-ე და 172-ე მუხლების თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს, რომ: ა) არის ქონების მესაკუთრე; ბ) მოპასუხე ფლობს ქონებას; გ) მფლობელს არ გააჩნია სადავო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის მართლზომიერი საფუძველი (სკ-ის 159-ე და 162-ე მუხლები)), რის გამოც პალატა ასკვნის, რომ კასატორები ვერ ამტკიცებენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
23. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.დ–ის, ლ.დ–ის, დ.დ–ისა და მ.ს–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განჩინება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე.გასიტაშვილი