Facebook Twitter

№ას-1693-2018 29 მარტი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) – რ.ჭ., ნ.დ., დ.დ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „ტ.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2017 წლის 28 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა სს „ტ–მა“ (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) რ.ჭ–ის (შემდეგში - პირველი მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი), ნ.დ–ისა (შემდეგში - მეორე მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) და დ.დ–ის (შემდეგში - მესამე მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს, 2013 წლის 28 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების, 16 156,43 აშშ დოლარის, გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელდობრ: ძირითადი თანხა - 15416,90 აშშ დოლარი, პროცენტი - 515,15 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 224,38 აშშ დოლარი; პირველ და მეორე მოპასუხეებს, ძირითად თანხაზე, 15416,90 აშშ დოლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა, წლიური 14% სარგებლის სოლიდარულად გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ; ფულადი ვალდებულების დაფარვა დადგინდა ქალაქ თბილისში, ...... მდებარე #11 ბინის, საკადასტრო კოდით №......, იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით. იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, სააღსრულებო წარმოება პირველ და მეორე მოპასუხეთა კუთვნილ სხვა ქონებაზეც მიექცა.

3. აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეებს დაეკისრათ პროცენტის - 515,15 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და ამ ნაწილში სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო:

4.1. პალატამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივი ხასიათის იყო. აპელანტებმა გადაწყვეტილება 515,15 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში გაასაჩივრეს, რაც ეროვნული ვალუტით 1345.98 ლარია, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 365-ე მუხლით დადგენილ ოდენობაზე - 2 000 ლარზე ნაკლებია, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო.

5. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხეებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრით გაასაჩივრეს და შემდეგ გარემოებაზე მიუთითეს:

5.1. კერძო საჩივრის ავტორებმა სსსკ-ის 365-ე მუხლის, 2018 წლის 7 მარტის ცვლილებამდე არსებულ რედაქციაზე მითითებით აღნიშნეს, რომ დავის საგნის ღირებულება - 1345,98 ლარი, აღემატება 1000 ლარს, შესაბამისად, არსებობს განჩინების გაუქმების სამართლებრივი წინაპირობები.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად.

7. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

8. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ დავის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ოდენობას.

9. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სსსკ-ის 365-ე მუხლში 2018 წლის 7 მარტს შესულ ცვლილებაზე, რომლითაც ქონებრივ დავაში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა განისაზღვრა იმ შემთხვევებისთვის, როცა დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

10. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება, შესაბამისად, ნორმით დადგენილი შეზღუდვა იმპერატიულია და კრძალავს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას, თუ მისი ღირებულება 2000 ლარს არ აღემატება.

11. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით, მოპასუხეებს, 2013 წლის 28 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების, 16 156,43 აშშ დოლარის, გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელდობრ, ძირითადი თანხა - 15416,90 აშშ დოლარი, პროცენტი - 515,15 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 224,38 აშშ დოლარი; ასევე, დადგენილია, რომ აპელანტებმა აღნიშნული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაასაჩივრეს (იხ. სააპელაციო საჩივარი და განცხადება სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების თაობაზე, ს.ფ. 126, 158) და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გახადეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პროცენტის სახით 515,15 აშშ დოლარის დაკისრება, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის (ხარვეზის შევსების) შემოწმების მომენტში 1345.98 ლარს შეადგენდა, შესაბამისად, ცალსახაა, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება, განსახილველ შემთხვევაში, 2000 ლარზე ნაკლებია და, სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

12. აქვე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ განიხილება, რადგანაც საკანონმდებლო საფუძველი აქვს და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა). (სუსგ 28.04.2017წ. საქმე №ას-230-218-2017).

13. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი 2 000 ლარზე ნაკლები იყო, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: №ას-1648-2018, 16.11.2018; №ას-978-2018, 04.09.2018; №ას-718-718-2018, 20.09.2018; Nას-117-117-2018, 02.04.2018 და Nას-614-614-2018, 31.08.2018).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ.ჭ–ის, ნ.დ–ისა და დ.დ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი