№ას-1752-2018 28 მარტი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) – ე.ე–ა, ლ.კ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „თ.ბ–ი”
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი _ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
- სს „თ.ბ–ის“ (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- ლ.კ–ძესა და ე.ე–ას შემდეგში მოპასუხეებს) მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2016 წლის 26 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 5 978.21 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 5 147.74 ლარი, პროცენტი - 730.47 ლარი, ჯარიმა - 100 ლარი;
- მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2017 წლის 21 თებერვლიდან საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 5 147.74 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 8% სარგებლის გადახდა, მაგრამ არა უმეტეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა - 2019 წლის 26 იანვრისა;
- მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ 2017 წლის 21 თებერვლიდან საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 5 147.74 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლოს - 0.01%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა;
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოპასუხეებზე დაკისრებული თანხის ოდენობის განსაზღვრა 5 147,74 ლარით.
5. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით კასატორების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძლების (კასაციის მიზეზების) მითითებით და 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
6. საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორების წარმომადგენელმა და ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.
7. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 დეკემბრის განჩინებით კასატორებს გაუგრძელდათ საკასაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით და დაევალათ საკასაციო საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძლების (კასაციის მიზეზების) მითითებით და 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. 2019 წლის 4 თებერვლის განჩინებით კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით. განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
10. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე ითქვა, კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი).
11. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ 2019 წლის 4 თებერვლის განჩინება ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე, სსსკ-ის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, 2019 წლის 5 მარტს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა ერთ-ერთ კასატორების წარმომადგენელ ი.ბ–ძეს.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორებისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 6 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 11 მარტს. ამდენად, კასატორები ვალდებულნი იყვნენ ხარვეზი შეევსოთ 2019 წლის 11 მარტის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსთვის.
14. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
15. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.კ–ძის და ე.ე–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე