№ას-1844-2018 29 მარტი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) – ნ.გ–ძე, ბ.გ.
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ს.კ.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულებების ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2018 წლის 14 მარტს ს.კ–მა (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა ე.ფ–ის (შემდეგში - პირველი მოპასუხე), ნ.გ–ძის (შემდეგში - მეორე მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი), ბ.გ–ისა (შემდეგში - მესამე მოპასუხე ან კერძო საჩივის ავტორი) და ვ.ხ–ვას (შემდგომში - მეოთხე მოპასუხე) მიმართ, ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2015 წლის 12 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით №...... და მასზე აღდგა მოსარჩელის საკუთრების უფლება.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მეორე და მესამე მოპასუხეებმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით, პირველი და მეორე მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველად. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის), 369-ე, 2591, 372-ე და 374-ე მუხლებით.
5. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში არსებულ 2018 წლის 27 აგვისტოს სხდომის ოქმზე (იხ. ს.ფ. 157-162, ტ.1), რომლითაც დასტურდებოდა, რომ აპელანტები და მათი წარმომადგენელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ, მეორე მოპასუხეს/აპელანტს გასაჩივრებული გადაწყვეტილება 2018 წლის 10 სექტემბერს ჩაჰბარდა, შესაბამისად, მისთვის სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 - დღიანი ვადის ათვლა 11.09.2018 წელს დაიწყო და 24.09.2018 წელს ამოიწურა, ხოლო მესამე მოპასუხეს/აპელანტს გადაწყვეტილება 2018 წლის 5 სექტემბერს ჩაჰბარდა და მისთვის სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 - დღიანი ვადის ათვლა 06.09.2018 წელს დაიწყო და 19.09.2018 წელს ამოიწურა (იხ. ხელწერლი, ს.ფ. 175,178).
6. აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2018 წლის 5 ოქტომბერს, დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
7. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს აპელანტებმა მისი გაუქმებისა და ქვემდგომი სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
7.1. კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებით, 2018 წლის 5 და 10 სექტემბერს ჩაჰბარდათ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ხოლო დასაბუთებული გადაწყვეტილება მეორე მოპასუხეს 2018 წლის 24 სექტემბერს გადაეცა და სააპელაციო საჩივარიც, ვადის დაცვით წარადგინეს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა სააპელაციო საჩივარი ვადის დარღვევით წარადგინეს. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, სააპელაციო საჩივარი საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის დაცვითაა წარდგენილი და არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამრთლებრივი საფუძველი.
10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე, რომელიც იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად კი ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591 მუხლით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.
11. აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
12. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორებიც არ დავობენ იმაზე, რომ ესწრებოდნენ 27.08.2018 წელს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (იხ. სხდომის ოქმი, ს.ფ. 157), შესაბამისად, დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოსათვის უნდა მიემართათ 2018 წლის 16 სექტემბრიდან (მე-20 დღე) ამავე წლის 26 სექტემბრის (30-ე დღე) ჩათვლით. დადგენილია, რომ მეორე მოპასუხემ გადაწყვეტილება ორჯერ, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-14 (10.09.2018წ) და 29-ე (25.09.2018წ) დღეს ჩაიბარა (იხ. ხელწერილი, ს.ფ. 175, 177, ტ.1.). საკასაციო პალატის მოსაზრებით, ვინაიდან გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მეთოთხმეტე დღეს სასამართლო არ იყო ვალდებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება მოემზადებინა (არც ხელწერილი არ შეიცავს მითითებას, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე), ივარაუდება, რომ მან სწორედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩაიბარა, შესაბამისად, გადაწყვეტილება ჩაბარებულად 2018 წლის 25 სექტემბრიდან უნდა იქნეს მიჩნეული და გასაჩივრების ვადის ათვლაც უნდა დაიწყოს გადაწყვეტილების გადაცემის მომდევნო დღიდან - 2018 წლის 26 სექტემბრიდან და ამოიწუროს ამავე წლის 9 ოქტომბერს, 24 საათზე.
12.1. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს: როცა სასამართლო დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეს აბარებს ვადაზე ადრე, ვალდებულია, ჩაბარების ხელწერილში ნათლად და მკაფიოდ მიუთითოს, სწორედ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მხარეს ჩაჰბარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. განსახილველ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მესამე მოპასუხეს 2018 წლის 5 სექტემბერს, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მეცხრე დღეს, სწორედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩაჰბარდა. ამ თარიღის შემდგომ კი, მას გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით, სასამართლოსთვის აღარ მიუმართავს, შესაბამისად, მისთვის სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 59.1, მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა, მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის მომდევნო დღიდან, 27.09.2018 წელს დაიწყო და 10.10.2018 წელს ამოიწურა.
13. საქმის მასალებით, დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორებმა სააპელაციო საჩივარი 2018 წლის 5 ოქტომბერს წარადგინეს (იხ. ს.ფ. 202), შესაბამისად, დაცულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14 - დღიანი საპროცესო ვადა.
14. ამდენად, საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებას, რომ სააპელაციო საჩივარი ვადის დაცვით წარადგინეს.
15. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.გ–ძისა და ბ.გ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი