Facebook Twitter

ბს-155-146(კს-06) 19 ივლისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექცია

მოწინააღმდეგე მახრე – შპს ,,ს...ი”

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 16 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა - განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 6 მაისს შპს “ს...ის" დირექტორმა გ. ნ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 27 დეკემბრის ¹3457 შეტყობინების გაუქმება, დღგ-ს ჩათვლების 20799 ლარის ოდენობით აღდგენა და საგადასახადო ინსპექციისათვის საინკასო დავალების დადების აკრძალვა.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 24 მაისის განჩინებით თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციას აეკრძალა გარკვეული მოქმედების შესრულება, კერძოდ, შპს “ს...ის" მიმართ იძულებითი ღონისძიების განხორციელება, მათ შორის ბანკში საზოგადოების ანგარიშსწორების ანგარიშზე საინკასო დავალების დადება.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 23 ივნისის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი და შპს “გ.კ.ნ.".

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით შპს “ს...ის" სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2002 წლის 27 დეკემბრის ¹01-09/3457 შეტყობინება დღგ-ს ჩათვლების გაუქმების თაობაზე და აღდგა გაუქმებული დღგ-ს ჩათვლა სულ 20799,17 ლარის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლემ თბილისის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 16 დეკემბრის განჩინებით თბილისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად იმ მოტივით, რომ აპელანტის მიერ გაშვებული იყო სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის ვადა.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის საგადასახადო ინსპექციამ, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 16 დეკემბრის განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 16 დეკემბრის განჩინება და თბილისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მიღების მიზნით გადაეგზავნა იმავე სასამართლოს.

2007 წლის 7 მარტს შპს ,,ს...ის” დირექტორმა გ. ნ-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს უზენესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 18 მაისის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივნისის განჩინებით შპს ,,ს...ის” განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 მაისის განჩინებაზე საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მითითებული განჩინება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემოსავლების სამსახურის) საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 16 დეკემბრის ¹3ბ/258-05 გასაჩივრებული განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი, აპელანტის მიერ გასაჩივრებისათვის კანონით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გაშვების მოტივით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივრის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 18 მაისის ¹ბს-155-146(კ-06) განჩინებით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება და იმ მოტივით, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისათვის ჩაბარების ფაქტი, ამ უკანასკნელის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მიღების მიზნით გადაეგზავნა იმავე სასამართლოს.

მიმდინარე წლის 07 მარტს შპს ,,ს...ის” წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 18 მაისის ¹ბს-155-146(კ-06) განჩინებაზე საქმის წარმოების განახლება.

განმცხადებელი შპს ,,ს...ის” წარმომადგენელი საქმის წარმოების განახლების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423.1 მუხლის ,,ვ” პუნქტზე. აღნიშნული პუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივნისის განჩინებით შპს ,,ს...ის” განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 მაისის ¹ბს-155-146(კ-06) განჩინებაზე საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 მაისის ¹ბს-155-146(კ-06) განჩინება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება.

საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილებით კანონშეუსაბამოდ იქნა მიჩნეული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით სერია აა-04 ¹003733 და სერია აა-04 ¹001173 გადახდილი დღგ-ის ჩათვლის გაუქმება და შპს ,,ს...ს” აღუდგა გაუქმებული დღგ-ს ჩათვლა 20799,17 ლარის ოდენობით. პროცესუალური მოწინააღმდეგის მხრიდან წარმოდგენილი იქნა თბილისის საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურეობის სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის განყოფილების ¹816 და ¹693 წერილები, რომლებიც ცხადყოფენ, რომ ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ აღსრულდა 2004 წლის 2 სექტემბერს. ამდენად უდავოა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციას ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ჩაბარდა 2004 წლის 2 სექტემბრამდე, რაც იქცა გაუქმებული დღგ-ს აღდგენის საფუძვლად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის (საუბარია 2004 წლის 8 ივლისისათვის მოქმედ რედაქციაზე) შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. აღნიშნული ვადა არის აღმკვეთი ხასიათის და ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება. იმავე საპროცესო კოდექსის 59.1 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკასაციო სასამართლო თბილისის საგადასახადო ინსპექციისათვის ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილების ჩაბარების დღედ მიიჩნევს გადაწყვეტილების აღსრულების დღეს, კერძოდ 2004 წლის 2 სექტემბერს, უდავოა, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონით დადგენილი ვადა თბილისის საგადასახადო ინსპექციას ამოეწურებოდა იმავე წლის 2 ოქტომბერს. ამ უკანასკნელის მხრიდან კი სააპელაციო საჩივარი შეტანილია 2005 წლის 12 მაისს, დაახლოებით 6 თვის შემდეგ, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის საფუძველზე წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორს გაშვებული აქვს სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონით განსაზღვრული ვადა, რაც წარმოადგენს კერძო საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1 მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემოსავლების სამსახურის) საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 16 დეკემბრის განჩინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.