საქმე №ას-1452-2018 14 დეკემბერი, 2018 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – გ.ს–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ''თ.ბ.'' (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გ.ს–ძესა (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, თავდები ან კასატორი) და სს ,,თ.ბ–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, ბანკი ან კრედიტორი) შორის 2010 წლის 27 სექტემბრის ,,თავდების განცხადების“ საფუძველზე, გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, თავდები იღებდა ვალდებულებას სოლიდარულად ეგო პასუხი სს ,,ჰ–ის“ (შემდეგში: მესამე პირი) მიერ ბანკთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით (15.02.2007, N480286) ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე (ტ.1,ს.ფ. 42-44).
2. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, ,,ხელშეკრულების და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში თავდები ბანკს ანიჭებს უპირობო უფლებას, მის შესახებ ბანკში არსებული ინფორმაცია, მასთან დამატებითი შეთანხმების გარეშე გადასცეს საქართველოში მოქმედ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს, ამ ბიუროს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, რის საფუძველზეც თავდები აღირიცხება ბიუროს მონაცემთა ბაზაში. გადასაცემი ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ბანკის მიმართ დავალიანების მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ პროცენტს, მოქმედების ვადას, კლიენტის მიერ სესხთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, უზრუნველყოფის საგნის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ინფორმაციას კლიენტის დამფუძნებლისა, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებისა და თავდებების შესახებ. ამ ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის შესახებ, ხოლო სასამართლო დავის არსებობის შემთხვევაში სასამართლო სამართალწარმოების და სააღსრულებო წარმოების შედეგებს, სხვა ინფორმაციას კლიენტის შესახებ, რასაც მოითხოვს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს დადგენილი პროცედურები“.
3. მხარეთა შორის, 2010 წლის 27 სექტემბერს, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საფუძველზე გაფორმდა თავდებობის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება (ტ.1,ს.ფ. 46).
4. ბანკმა, 2016 წლის 25 მაისს გასცა N250/103-01 ცნობა, რომლითაც მიმართა თავდებს და უდასტურებს, რომ 2016 წლის 24 მაისს გაუქმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფდა მესამე პირის ვადიან სესხს N482086-730336 (ტ.1,ს.ფ. 47).
5. მოსარჩელემ 2016 წლის 30 მაისს წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა ინფორმაცია, თუ რატომ გაუქმდა 2016 წლის 24 მაისს თავდებობის ხელშეკრულება და რა გახდა მისი გაუქმების საფუძველი, რეალურად როდის უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების გაუქმება და თავდებობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში იყო თუ არა მისი პირადი მონაცემები სს ,,კ.ს–ოს“ მონაცემთა ბაზაში ან/და სხვა მსგავს მონაცემთა ბაზაში (ტ.1,ს.ფ. 48).
6. აღნიშნული მიმართვის პასუხად, ბანკმა 2016 წლის 3 ივნისს მოსარჩელეს გაუგზავნა წერილი, სადაც მიუთითა, რომ მხარეებს შორის 2010 წლის 27 სექტემბერს შეწყდა ხელშეკრულება (ტ.1,ს.ფ. 49-51).
7. სს ,,კ.ს–ოს“ მონაცემთა ბაზაში მოსარჩელის შესახებ არსებულ საკრედიტო ისტორიაში N480286-730336 ხელშეკრულების საფუძველზე მითითებული იყო ,,მიმდინარე ნეგატიური სტატუსი“ (ტ.1,ს.ფ.75-110).
8. თავდებმა 2016 წლის 8 სექტემბერს, განცხადებით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რომლითაც მოითხოვა ბანკის მიერ მისი მონაცემების სს ,,კ.ს–ოს“ მონაცემთა ბაზაში დამუშავების კანონიერების შესწავლა და ბანკის მიერ მისი (თავდების) ინფორმირების წესების დარღვევაზე რეაგირება. ამავე განცხადებაში მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2016 წლის მაისის თვეში მიმართა ერთ-ერთ კომერციულ ბანკს სესხის მიღების მიზნით, თუმცა სესხის გაცემაზე უარი ეთქვა. მიზეზად კი დაუსახელეს სს ,,კ.ს–ოს“ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მოსარჩელეს, თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ბანკის წინაშე ფინანსური ვალდებულებები გააჩნდა (ტ.1,ს.ფ. 114-118).
9. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ინსპექტორის აპარატის წერილის საპასუხოდ, 2016 წლის 6 ოქტომბერს სს ,,კ.ს–ომ“ წარადგინა N PDP51… წერილი, რომლითაც კომპანია განმარტავდა, რომ 2015 წლის 5 თებერვალს -ბანკისაგან მიიღო ინფორმაცია მოსარჩელის, როგორც თავდების, სტატუსის შესახებ, ხოლო ამ თარიღამდე (2015 წლის 5 თებერვლამდე) განმცხადებლის შესახებ ინფორმაცია ბანკისაგან არ მიუღია. ბანკის 2016 წლის 25 მაისის წერილობითი მიმართვა მიიღო სს ,,კ.ს–ომ“ და ამ მოთხოვნის საფუძველზე, მის მონაცემთა ბაზაში მოსარჩელის შესახებ ყველა მონაცემი, მათ შორის თავდებობის შესახებ, 2016 წლის 30 მაისს წაიშალა. წერილში ასევე მითითებულია, რომ ვინაიდან უკვე წაშლილი იყო განმცხადებლის თავდებობის შესახებ შეცდომით მითითებული ჩანაწერი, ეს ფაქტი ზეგავლენას ვერ მოახდენდა მისი გადახდისუნარიანობის შეფასებაზე (ტ.1,ს.ფ. 119-129).
10. სარჩელის საფუძვლები
10.1. ყოფილმა თავდებმა, 2017 წლის 21 მარტს, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოითხოვა მის სასარგებლოდ ბანკს დაჰკისრებოდა:
10.1.1. მიუღებელი შემოსავლის სახით 36 486,8 აშშ დოლარის გადახდა;
10.1.2. ზიანის ანაზღაურების სახით 22 410.24 აშშ დოლარის გადახდა;
10.1.3. პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 2010 წლის 27 სექტემბრიდან 2016 წლის 25 მაისამდე პერიოდისთვის - 134 610.23 აშშ დოლარის გადახდა;
10.1.4. მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით - 50 000 აშშ დოლარის გადახდა;
10.1.5. მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით - 50 000 აშშ დოლარის გადახდა;
10.1.6. ბანკის დავალდებულება, აცნობოს საქართველოს ბაზარზე არსებულ საბნაკო დაწესებულებებს, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს 2010 წლის 27 სექტემბრიდან, 2016 წლის 24 მაისის ჩათვლით ყოფილი თავდები პირი წარმოადგენდა ფინანსური ვალდებულების მატარებელ პირს, არ შეესაბამებოდა სიმართლეს;
10.2. მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მიუთითა და განმარტა, რომ მას ბანკმა არაკეთისინდისიერი გადამხდელის სახელი და რეპუტაცია შეუქმნა, რამაც, მიაყენა, როგორც მორალური, აგრეთვე მატერიალური ზიანი. მასზე არსებულ ცრუ, პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველ ინფორმაციას ეცნობოდნენ ბანკები და საკრედიტო დაწესებულებები.
11. მოპასუხის პოზიცია
11.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
11.2. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ბანკსა და თავდებს შორის დადებული ხელშეკრულება, იმ დღესვე (2010 წლის 27 სექტემბერს) შეწყდა, შესაბამისად მოსარჩელის აპელირება თანხის უსაფუძვლო ფლობასა და განკარგვაზე იმთავითვე გამოირიცხება, რადგან კონდიქციური ურთიერთობის დამახასიათებელი გარემოებაა, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ უნდა არსებობდეს, რისი საწინააღმდეგო მდგომარეობაც გამოკვეთილია.
12. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
12.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით ყოფილი თავდების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
12.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) მე-18-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 369-ე, 408-ე, 412-ე, 413-ე, 427-ე, 891-ე, 976-ე და 991-ე მუხლებით.
12.3. სასამართლოს შეფასებით, მოპასუხეს არ განუხორციელებია ისეთი ქმედება, რაც გამოიწვევდა მისთვის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას, ხოლო მოსარჩელე მხარემ ვერ წარადგინა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
13. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
13.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თავდებმა, ამ გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
13.2. აპელანტის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, რომ ბანკმა „კ.ს–ოს“ მის შესახებ მცდარი მონაცემები 2015 წლის 5 თებერვალს მიაწოდა. თუმცა, ამ გარემოების დადასტურებულად ცნობის პირობებშიც, 73 კვირის განმავლობაში ბანკი „კ.ს–ოს“ არასწორ მონაცემებს აწვდიდა. აღნიშნულით კი დგინდება, რომ მიუხედავად აპელანტის მხრიდან ვალდებულების შესრულებისა, ბანკი თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას შესრულებულად არ თვლიდა. აპელანტის მითითებით ის გარემოება, რომ ბანკმა ვალდებულება არ შეასრულა 2010 წლის 27 სექტემბერს, დასტურდება ამ უკანასკნელის მიერ 2016 წლის 25 მაისს გაცემული ცნობით. შესაბამისად, ბანკის ასეთი აღიარების პირობებში, გამოვლენილი იყო ზიანის ანაზღაურების საკმარისი საფუძველი.
13.3. აპელანტმა დამატებით სარჩელში მითითებული პრეტენზიების მსგავსი პრეტენზიები წარუდგინა სააპელაციო სასამართლოს.
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
14.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.
14.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები, მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, შემდეგში: სსსკ 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
14.3. სააპელაციო სასამართლომ, დამატებით, წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებზე მიუთითა და განმარტა, რომ უდავო იყო, მხარეთა შორის წარმოშობილი თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, შეწყდა (იხ. სსკ-ის 427-ე მუხლი). აღნიშნულის მიუხედავად, არ დასტურდებოდა, 2015 წლის 5 თებერვლიდან 2016 წლის 25 მაისამდე ბანკის განცხადების საფუძველზე სს „კ.ს–ოს“ მონაცემთა ბაზაში თავდების შესახებ მონაცემების არსებობით, აპელანტისათვის ზიანის მიყენების ფაქტი.
14.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ, მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საფუძვლად ედებოდა სასარჩელო მოთხოვნებს, ვერ დაადასტურა სათანადო მტკიცებულებებით. ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ მიმართა სხვა საბანკო დაწესებულებას საბანკო პროდუქტით სარგებლობის მოთხოვნით და უარი ეთქვა ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ მის მიმართ საინფორმაციო ბაზაში ნეგატიური მონაცემები არსებობდა, მხარის ახსნა-განმარტების გარდა, არ დასტურდებოდა სხვა სახის მტკიცებულებებით.
14.5. სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში ასახული გარემოების გათვალისწინებით განმარტა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტილად მიჩნევის პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები არ არსებობდა.
14.6. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურებას გააჩნია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლებების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრესი მიზანია ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. ძალიან ხშირად მიღებული შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და როგორიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. კომპენსაციის მიზანი არის მოსარჩელის გამართლება საზოგადოების თვალში და მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება. ამასთან, საქმიანი რეპუტაციის ქვეშ იგულისხმება საზოგადოების მიერ პირის პროფესიული თუ სხვა საქმიანი თვისებების შეფასება. პროფესია არის ხელობა, საქმიანობა, სპეციალობა, რომელსაც გარკვეული მომზადება სჭირდება და რომლითაც ადამიანი თავს ირჩენს, ხოლო საქმიანი თვისებები, რომელსაც საქმიანი რეპუტაცია გულისხმობს, გააჩნიათ მათ, ვინც მონაწილეობს ეკონომიკურ (კომერციულ) საქმიანობაში. აქედან გამომდინარე, საქმიანი რეპუტაციის შელახვა, რასაც სსკ-ის მე-18 მუხლი ითვალისწინებს, მიმართული უნდა იყოს პირის მიერ განხორციელებული (ან განსახორციელებელი) საქმიანი ოპერაციებისათვის, მისი პროფესიული თვისებების დისკრედიტაციისათვის. ასეთი ხელყოფით პირს შესაძლოა მატერიალური ზიანიც მიადგეს, ე.ი. ხელიდან გაუშვას მოგება, დაეკარგოს კლიენტი და სხვ.
14.7. დასახელებულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაადასტურა საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტი, მხოლოდ ის ფაქტი, რომ საინფორმაციო ბაზაში გარკვეული დროის განმავლობაში მისი ნეგატიური სტატუსი ირიცხებოდა, თავისთავად არ ადასტურებდა პირის საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტს.
15. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
15.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
15.2. კასატორმა, წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში, სარჩელის საფუძვლებსა (იხ. წინამდებარე განჩინების 10.1.1-10.2. ქვეპუნქტები) და სააპელაციო პრეტენზიებში (იხ. წინამდებარე განჩინების 13.2 ქვეპუნქტი) ასახულ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ ბანკმა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიითვისა მისი კუთვნილი თანხა, რომლითაც უსაფუძვლოდ გამდიდრდა.
15.3. აღნიშნული თანხა კასატორს თავად ბანკისგან ჰქონდა სესხის სახით მიღებული, რის სანაცვლოდაც საქმის განხილვის დროისთვისაც იხდის ძირითად თანხას და პროცენტს, ამის შედეგად კი ბანკი ორმაგად მდიდრება.
15.4. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ „კ.ს–ოს“ მონაცემთა ბაზაში კასატორის თავდებობის შესახებ არასწორი მონაცემების არსებობით მას არ ადგებოდა ზიანი. კასატორის მტკიცებით, აღნიშნული პირდაპირ ზიანს აყენებდა მას, რადგან ამ დროის განმავლობაში შეზღუდული ჰქონდა საბანკო პროდუქტებით სარგებლობის შესაძლებლობა.
16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
16.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით თავდების საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თავდების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
19. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
22. წინამდებარე შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის მის მიერ თავდებობის ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ვალდებულების მიუხედავად, მისი, როგორც თავდების სტატუსის არსებობას საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მონაცემთა ერთიან ბაზაში, რის გამოც მან როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანი განიცადა.
23. საკასაციო სასამართლოს შეფასებით სააპელაციო სასამართლომ უდავოდ სწორად დაადგინა, რომ მხარეთა შორის 2010 წლის 27 სექტემბერს წარმოშობილი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა იმ დღესვე შეწყდა მოვალის მიერ კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით. სსკ-ის 427-ე მუხლის მიხედვით ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.
24. ამავე მსჯელობიდან გამომდინარე, შესრულებული ვალდებულებისა და მისი შეწყვეტის შემდეგ, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოსა და პროცენტის დაკისრება, იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს ზიანი ადგებოდა მთელი იმ დროის განმავლობაში, როდესაც საკრედიტო საინფორმაციო ბაზაში იგი კვლავ მითითებული იყო თავდებად, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ამასთან, მხარემ ვერ დაასახელა ვერც ერთი კონკრეტული მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებდა, რომ დასახელებული დროის განმავლობაში, მას ფინანსური დაწესებულებები უარს ეუბნებოდნენ საბანკო პროდუქტებით მომსახურებაზე, საინფორმაციო ბაზაში მასზე არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით.
25. საკასაციო სასამართლო კასატორის იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ ბანკი მის თანხას უსაფუძვლოდ ფლობდა და უსაფუძვლოდ მდიდრდებოდა, განმარტავს, რომ დადგენილი გარემოებაა, რომ ბანკის წინაშე ფინანსური ვალდებულება სრულად შესრულდა, შესაბამისად, ამ გარემოებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის დამატებით პირგასამტეხლოსა და პროცენტის თაობაზე შეთანხმება არ ყოფილა, კასატორის პრეტენზია, რომ ბანკს თანხით უსაფუძვლო სარგებლობისათვის უნდა დაეკისროს პროცენტი, დაუსაბუთებელია.
26. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს აგრეთვე კასატორის მოთხოვნაზე მორალურ ზიანთან დაკავშირებით. კასატორი განმარტავს, რომ მისი, როგორც თავდების შესახებ, მონაცემების შესაბამის ბაზაში უსაფუძვლოდ განთავსებით (გარკვეული პერიოდის მანძილზე არსებობით) მოსარჩელეს საქმიანი რეპუტაცია შეელახა. სსკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
27. სსკ-ის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. იმავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა, ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.
28. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს არ მიუთითებია, კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა, გარკვეული დროით საინფორმაციო ბაზაში მისი მონაცემების თუნდაც არასწორად განთავსებით საქმიანის რეპუტაციის ხელყოფა, აქედან გამომდინარე ყოვლად დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც.
29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
31. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6 000 ლარის 70% – 4 200 ლარი და ამავე საგადახდო დავალებით, ზედმეტად გადახდილი 1000 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ს–ძეს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. გ.ს–ძეს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6000 ლარის (საგადასახადო დავალება N15, გადახდის თარიღი 2018 წლის 30 აგვისტო), 70% – 4200ლარი და ამავე საგადახდო დავალებით, ზედმეტად გადახდილი 1000 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე