Facebook Twitter

საქმე №ა-3811-ბ-9-2018 13 მაისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. გ-ისა და გ. ბ-ის განცხადება, ამავე სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე და

პალატამ გამოარკვია:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით მ. გ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართეს მარიამ გურგენიძემ და გ. ბ-ემ და მოითხოვს ხსენებულ განჩინებაში დაშვებული უსწორობების გასწორება. განცხადების თანახმად:

ა) განჩინების აღწერილობითი ნაწილის 8.1. პუნქტში საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 1999 წლის 18 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე მ.გ-ემ შეიძინა გ.ბ-ის სარჩელით სადავოდ გამხდარი ბინა, რაც არასწორია, რადგანაც მ.გ-ემ შეიძინა #... ბინა, ხოლო, გ.ბ-ის სარჩელით სადავო იყო #... ბინა;

ბ) განჩინების სამოტივაციო ნაწილში სასამართლომ მიუთითა ტ. ე-ის მიერ შპს „კ.“ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებაზე, მაშინ,რ ოდესაც 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილებაშიც და საქმის მასალებშიც ეს ხელშეკრულება ნარდობადაა მოხსენიებული.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამავე პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინების აღწერილობით ნაწილში არ არის დაშვებული უსწორობა. საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შესწავლით ირკვევა, რომ მოთხოვნის ფაქტობრივ წინაპირობას განმცხადებელი სწორედ განჩინების აღწერილობითი ნაწილის 8.1. პუნქტში გადმოცემული სახით აყალიბებს, კერძოდ, აღნიშნავს, რომ 1999 წლის 18 იანვარს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მას ამავე წლის ბოლომდე უნდა გადასცემოდა ქ.თბილისში, ჭ. ქ#...-ში, მე-3 კორპუსის მე-4 სართულზე მდებარე 102 კვ.მ #20 და #... ბინა (ს/კ #01.10.17.042...). ამდენად, განმცხადებელთა ემოხსენებული პრეტენზია გაზიარებული ვერ იქნება.

რაც შეეხება განცხადებაში დასმულ მეორე არგუმენტს, პალატა მიიჩნევს, რომ 2019 წლის 31 იანვრის განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.1. პუნქტში მართლაც ტექნიკური ხასიათის შეცდომაა დაშვებული და 1996 წლის 15 ნოემბერს შპს „კ.“ და ტ. ე-ეს შორის დადებული ხელშეკრულება ნაცვლად ნარდობისა, არასწორადაა მოხსენიებული ნასყიდობის ხელშეკრულებად. ხსენებული განჩინების სამოტივაციო ნაწილი საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილებას ემყარება, რომლის სამოტივაციო ნაწილში სადავო გარიგების კვალიფიკაციას პალატა არაერთ აბზაცს უთმობს და იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ხელშეკრულება წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით გათვალისწინებულ ნარდობის პირობებზე მხარეთა შეთანხმებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ.გ-ისა და გ.ბ-ის განცხადება საქართველოს უზნაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ მხოლოდ ნაწლობრივაა საფუძვლიანი, განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.1 პუნქტიში მითითებული 1996 წლის 15 ნოემბრის „ნასყიდობის ხელშეკრულება“ უნდა გასწორდეს „ნარდობის ხელშეკრულებით“, დანარჩენ ნაწილში კი, განცხადება ექვემდებარება სასამართლოს მხრიდან უარყოფას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. გ-ისა და გ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებაში დაშვებული უსწორობების გასწორების თოაბაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.1. პუნქტში მითითებული შპს „კ.“ და ტ. ე-ეს შორის 1996 წლის 15 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ტიპი _ „ნასყიდობა“ გასწორდეს „ნარდობით“.

3. დანარჩენ ნაწილში განცხადება არ დაკმაყოფილდეს უსაფუძლობის გამო.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე