საქმე №ას-1442-2018 14 დეკემბერი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს ''ყ.თ.''(მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.მ–ძე(მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ყ.თ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, მიმწოდებელი, კომპანია, აპელანტი ან კასატორი) სააბონენტო ნომერზე ... აბონენტად რეგისტრირებულია მოპასუხე ლ.მ–ძე (შემდეგში: მოპასუხე ან აბონენტი; ტ.1,ს.ფ. 19).
2. მოპასუხეს, სააბონენტო ბარათზე ერიცხება დავალიანება 7700.56 ლარის ოდენობით, საიდანაც 7662.81 ლარი შეადგენს დავალიანებას, ხოლო 37.75 ლარი - ბუნებრივი აირის მილსადენზე მიერთების საფასურს (ტ.1,ს.ფ. 19).
3. ქალაქ თბილისში, ….., 2013 წლის 31 იანვარს დაფიქსირდა ბუნებრივი აირის უკანონოდ მოხმარების ფაქტი (ტ.1,ს.ფ.28-35).
4. მოპასუხე არ წარმოადგენს 2013 წლის 31 იანვარს ქალაქ თბილისში, …… მომხდარი ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების (დატაცების) ფაქტზე სამართალდამრღვევ პირს.
5. სარჩელის საფუძვლები
5.1. კომპანიამ, 2017 წლის 16 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხისათვის 7 700.56 ლარის დაკისრება მოითხოვა.
5.2. მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მოპასუხე არ იხდის დავალიანებას.
6. მოპასუხის პოზიცია
6.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობაზე და დაუსაბუთებლობაზე მიუთითა.
6.2. მოპასუხის განმარტებით, საქმის მასალებითა და მტკიცებულებებით არ დგინდებოდა, რომ ის სამართალდამრღვევ პირს წარმოადგენდა, ამასთან, 2018 წლის 20 მარტს გამართულ სხდომაზე, მოპასუხის წარმომადგენლებმა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითეს.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7.2. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 115-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე და 477-ე მუხლებით.
7.3. სასამართლომ სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის სამწლიან ვადაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ თავისი უფლების დასაცავად სასამართლოს 2017 წლის 16 იანვარს მიმართა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა 2013 წლის იანვრის თვიდან დაიწყო, იგი ამოიწურა 2016 წლის იანვარში, შესაბამისად სარჩელი ხანდაზმული იყო.
8. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კომპანიამ, ამ გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
8.2. აპელანტმა წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში ასახულ გარემოებებზე მითითებით განმარტა, რომ მხარე უსაფუძვლოდ მდიდრდებოდა მიტაცებული ბუნებრივი აირით, რითაც კომპანიას მიადგა ზიანი.
8.3. აპელანტის განმარტებით დავის გადაწყვეტა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე უნდა მოხდეს, შესაბამისად სარჩელზე ხანდაზმულობის საერთო 10-წლიანი ვადა გავრცელდება.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივლისის განჩინებით კომპანიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
9.2. სააპელაციო სასამართლომ განსახილველ საქმეზე დადგენილ მნიშვნელოვან გარემოებებზე მიუთითა და წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში ასახულ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ დასახელებულ გარემოებას აპელანტი სააპელაციო საჩივრით არ შედავებია.
9.3. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით სამართალდარღვავში აღწერილი ქმედება გაზის ფარული დატაცების მიზნით, ბუნებრივი აირის ქსელზე თვითნებურად მილის დაერთება და ბუნებრივი გაზის აღურიცხავად მოხმარება წარმოადგენს სამოქალაქოსამართლებრივ დელიქტს.
9.4. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი“. იმავე კოდექსის 1008-ე მუხლის მიხედვით „დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ“.
9.5. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ კომპანიისათვის ზიანის დადგომის ფაქტისა და ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ კომპანიამ შეიტყო 2013 წლის 31 იანვარს, ხოლო სარჩელით სასამართლოს, 2017 წლის 16 იანვარს მიმართა, ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის დარღვევით.
9.6. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველზე, რომელიც სსკ-ის 982-ე მუხლის პირველ ნაწილს ეყრდნობოდა და რომლის მიხედვითაც განსახილველ დავაზე, საერთო, 10- წლიანი ხანდაზმულობის ვადა უნდა გავრცელებულიყო, განმარტა, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი სუბსიდიური ხასიათისაა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ ინსტიტუტის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ურთიერთობის სპეციალური მომწესრიგებელი ნორმა, როდესაც იკვეთება უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის გამოყენების უპირატესობა.
9.7. საქართველოს უზენაესი სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „კონდიქციური დანაწესების გამოყენების უმთავრესი წინაპირობა მის სუბსიდიურობაში ვლინდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების წესები მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად გვევლინება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო მოვლენათა დინამიკის გათვალისწინებით დაასკვნის, რომ გამორიცხულია სხვა უფრო სპეციალური ნორმის გამოყენება (მაგ: პოსესორული ან ვინდიკაციური სარჩელები (სანივთო სამართალი), სარჩელი ვალდებულების შესრულების შესახებ (როგორც პირველადი, ისე მეორადი მოთხოვნები) და სხვა) (სუსგ. #ას-774-723-2017, 11.10.2017)“.
9.8. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, კომპანიის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაფუძნებოდა ორ სხვადასხვა სამართლებრივ საფუძველს - ხელყოფის კონდიქციასა და დელიქტს. იმის გათვალისწინებით, რომ ხელყოფის კონდიქცია სუბსიდიურ ხასიათს ატარებს, უნდა გამოყენებულიყო დელიქტური ვალდებულებების შესახებ ნორმები, რომელთან დაკავშირებით გათვალისწინებულია ხანდაზმულობის სპეციალური ვადა, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა არ არის განხორციელებადი.
10. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივლისის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
10.2. კასატორის პრეტენზიები მისივე სააპელაციო საჩივრის გარემოებების იდენტურია. დამატებით კასატორმა განმარტა, რომ მისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სსკ-ის 982-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც უსაფუძვლო გამდიდრების მოწესრიგებაა და აღნიშნული ნორმით დადგენილი ზიანი არა ფაქტობრივად დამდგარ ზიანს, არამედ, გამდიდრების გათანაბრებას წარმოადგენს. შესაბამისად, დასახელებული მდგომარეობის, ხელყოფის კონდიქციის იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა.
10.3. ზემოაღნიშნულთან ერთად, კასატორი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ აბონენტის მიერ, ბუნებრივი აირის დატაცება არ გამომდინარეობს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, ვინაიდან აბონენტმა კომპანიის ნების საწინააღმდეგოდ გამოიყენა და ხელყო ამ უკანასკნელის ქონებრივი სახსრები და უსაფუძვლოდ გამდიდრდა. ვინაიდან უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებისათვის არ არის დადგენილი სპეციალური ხანდაზმულობის ვადა, განსახილველი შემთხვევისთვის მოთხოვნის ხანდაზმულობის ზოგადი 10-წლიანი ვადა უნდა გამოეყენებინა სასამართლოს.
11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
11.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით მიმწოდებლის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კომპანიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
17. წინამდებარე შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის, ბუნებრივი აირის უკანონოდ მოხმარების ფაქტს, რომლითაც მისივე მტკიცებით უსაფუძვლოდ გამდიდრდა აბონენტი.
18. საკასაციო სასამართლო წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში ასახულ და დადგენილ გარემოებებზე მიუთითებს და დამატებით, მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, განმარტავს, რომ კასატორი არ შედავებია იმ ფაქტს, რომ არ იყო დადგენილი სამართალდამრღვევი პირი.
19. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიასთან მიმართებით მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლების თაობაზე განმარტავს: სამართალდარღვევის ოქმით დადგენილია, რომ ბუნებრივი აირის მოხმარების უკანონო ფაქტი მოხდა 2013 წლის 31 იანვარს, რითაც კომპანიას მიადგა ზიანი.
20. ზიანის არსებობისას, ისეთ შემთხვევაში, როდესაც ასეთი ზიანის მიყენებისას კონკრეტულმა პირმა გარკვეული სარგებელი ნახა, ასეთი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძვლად, იმ შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც კასატორს სურს, შესაძლებელია, როგორც უსაფუძვლო გამდიდრების (კონდიქციური) ნორმების, აგრეთვე დელიქტური სამართლის ნორმების გამოყენება.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კონდიქციური მოთხოვნები სუბსიდიური ხასიათისაა, რაც გულისხმობს კონკრეტული სადავოსამართლებრივი ურთიერთობისას დასახელებული ნორმების გამოყენებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა სამართლებრივი ნორმების შეფარდება ასეთი ურთიერთობის გადასაწყვეტად შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც განსახილველ საქმეზეა დადგენილი, უდავოა, რომ კასატორის პრეტენზიის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს დელიქტური სამართლის ნორმები (იხ. სსკ-ის 992-ე მუხლი).
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დელიქტური ნორმების გამოყენებისას, მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავ გარემოებას, მოპასუხის ვარგისი შედავების საფუძველზე, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით სსკ-ის 1008-ე მუხლი „დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულიმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ“ წარმოადგენს. ამავე კოდექსის, 130-ე მუხლის შესაბამისად „ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ“.
23. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი ზიანის არსებობისა და მის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს თავადვე უთითებს და სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე განმარტავს, რომ 2013 წლის 31 იანვარს მოპასუხემ მიაყენა ზიანი. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი სასამართლოში 2017 წელს არის წარდგენილი, კასატორს გაშვებული აქვს დელიქტური მოთხოვნის საფუძველზე აღძრული სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის 3 - წლიანი ვადა, რაც მოპასუხის შესაგებლის პირობებში გამორიცხავს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
25. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 385 ლარის 70% – 115,5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ''ყ.თ–ის'' საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს ''ყ.თ–ს'' (ს/კ .....) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით (საქმე № ას-1442-2018) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 385 ლარის 30 %-ის 115,5 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე