Facebook Twitter

№ას-229-2019 17 მაისი, 2019 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მზია თოდუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.გ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ბ.ჭ–ძე, კ.ს–ი, ზ.გ–ი, მ.მ–ძე, შპს “პ–ას“ დირექტორი - პ.ქ–ი, დ.კ–ი, ვ.შ–ძე, შპს “დ–ის“ დირექტორი - ლ.მ–ი, ი.კ–ძე, გ.კ–ძე, ჟ.ჯ–ი, ლ.ც–ძე, ვ.თ–ძე და გ.თ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბერი განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით გ.გ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა ი.ბ.ა "ა.ა. 2005-ის" წევრებისათვის ბ.ჭ–ძის, კ.ს–ის, მ.მ–ძის, დ.კ–ის, ზ.გ–ის, ვ.შ–ძის, შპს “პ–ას“ დირექტორი - პ.ქ–ის, შპს “დ–ის“ დირექტორი - ლ.მ–ის, ი.კ–ძის, გ.კ–ძის, ჟ.ჯ–ის, ლ.ც–ძის, ვ.თ–ძისა და გ.თ–თვის (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებულები, როგორც, მოპასუხეები ან მოწინააღმდეგე მხარეები) მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 55 000 აშშ დოლარისა და ზიანის სახით 30 000 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრებას, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოპასუხეთა ნაწილს - გ.თ–ძეს, ვ.თ–ძეს კ.ს–სა და ბ.ჭ–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ ძირი თანხის 55 000 აშშ დოლარის გადახდა. მოსარჩელეს უარი ეთქვა ზ.გ–ის, მ.მ–ძის, დ.კ–ის, ვ.შ–ძის, შპს "პ–ას" დირექტორის პ.ქ–ის, შპს "დ–ის", ი.კ–ძის გ.კ–ძის, ჟ.ჯ–ისა და ლ.ც–ძის მიმართ სარჩელისა და ზიანის 30 000 აშშ დოლარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც გასაჩივრებული განჩინება) მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი დაზუსტებული საკასაციო საჩივრის წარმოუდგენლობის, გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის მიუთითებლობის და შესაბამისი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოუდგენლობის გამო, კასატორს მიეცა 5-დღიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს 2019 წლის 27 თებერვალს ჩაჰბარდა.

6. 2019 წლის 4 მარტს კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის 20 დღით გაგრძელება ითხოვა იმ საფუძვლით, რომ კასატორმა ამ დრომდე საჭირო თანხის მოძიება ვერ მოახერხა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის განჩინებით კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კასატორს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 5-დღიანი საპროცესო ვადა. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კასატორის წარმომადგენელს 2019 წლის 26 მარტს ჩაჰბარდა.

8. 2019 წლის 2 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა კასატორის წარმომადგენლის განცხადება ხარვეზის ნაწილობრივ შევსებისა და დანარჩენ ნაწილში ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის 10 დღით გაგრძელების თაობაზე. ამასთან კასატორის წარმომადგენელმა განცხადებას დაურთო დაზუსტებული საკასაციო საჩივარი კასაციის საფუძვლების მითითებით, და მიუთითა გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილზე. ასევე, აღსანიშნავია, რომ კასატორის წარმომადგენელმა დაზუსტებულ საკასაციო საჩივარში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზეც იშუამდგომლა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინებით კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 6 000 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდა საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა და განუხილველად დარჩებოდა. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს 2019 წლის 25 აპრილს ჩაჰბარდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

11. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განჩინება კასატორის წარმომადგენელს 2019 წლის 25 აპრილს ჩაჰბარდა.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 26 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 30 აპრილს ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი 2019 წლის 30 აპრილის ჩათვლით შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორს დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საქართველოს უზენაეს სასამართლოსათვის.

13. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

14. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

15. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან კასატორმა დადგენილ საპროცესო ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.გ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: მზია თოდუა