Facebook Twitter

¹ბს-115-75-კს-03 9 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 11 ოქტომბერს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა სს “ს-მა” მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) მიმართ, რომლის საფუძველზეც მოითხოვა: 1 მოპასუხის 2000წ. 12 მარტის ¹15 გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე შპს ,,გ-ისათვის” გაცემული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიის (სერია ....., ¹.....) ბათილად ცნობა;

2. მოპასუხის 2002წ. 10 მაისის ¹142 გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე შპს “გ-ისათვის” მოდიფიცირებული და გაგრძელებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა (სერია ......, ¹......) და მიწოდების ლიცენზიების ბათილად ცნობა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 15 დეკემბრის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 29 აპრილის განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, 2003წ. 11 თებერვლიდან გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები ჩაითვალა შეჩერებულად.

ამავე სასამართლოს 2003წ. 13 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა სემეკის კერძო საჩივარი და გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 29 აპრილის გაჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

მითითებული განჩინება ამჟამად უკვე გასაჩივრებულია სს “ს-ის” წარმომადგენლის მიერ, რომელმაც კერძო საჩივრის საფუძველზე მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სადავო აქტების მოქმედების შეჩერება.

კერძო საჩივრის ავტორი თავის მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე:

1. სასამართლო უფლებამოსილი არ იყო, დასაშვებად მიეჩნია კერძო საჩივარი, ვინაიდან სსკ-ს 414-ე მუხლით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

2. სასამართლომ მოახდინა სხვადასხვა ინსტიტუტის, კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების ერთმანეთში აღრევა.

3. უსაფუძვლოა სასამართლოს არგუმენტაცია და მითითება საქართველოსა და სომხეთს შორის საერთაშორისო ხელშეკრულების არსებობაზე, ვინაიდან მსგავსი ხელშეკრულება არ არსებობს და, ბუნებრივია, არც მისი პირობების დარღვევაზე არ შეიძლება საუბარი.

ძირითადად ზემოაღნიშნულ არგუმენტებზე მითითებით მხარე ითხოვდა მისი საჩივრის დაკმაყოფილებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 7 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო კერძო საჩივრის საფუძვლებს, გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მასალები და შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას სემეკის საჩივრის დაუშვებლობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლოს მხრიდან მოცემულ ნაწილში ადგილი არა აქვს კანონის დარღვევას.

კერძოდ, სსკ-ს 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” პუნქტის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას განეკუთვნება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს, ორგანიზაციის ან თანამდებობის პირის სადავო აქტის მოქმედების შეჩერება.

ამდენად, სსკ-ს თანახმად, აქტის მოქმედების შეჩერება წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას, ხოლო რაც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე და 30-ე მუხლებში წარმოდგენილ დებულებებს, აღნიშნული სახით საქმე გვაქვს ამ ნორმებთან, რომელიც ადმინისტრაციულ აქტებთან მიმართებაში ადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას ამ უკანასკნელის თავისებურების და სპეციფიკის გათვალისწინებით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილის შესაბამისად კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ს დებულებანი.

იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ ადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების, გაუქმებისა თუ სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესახებ გამოტანილი განჩინების გასაჩივრების წესს, აღნიშნულთან მიმართებაში გამოყენებული უნდა იყოს სსკ-ს შესაბამისი ნორმები.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მითითება ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე მიღებული განჩინების სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების კონტექსტში განხილვის დაუშვებლობისა და კერძო საჩივრით გასაჩივრების შეუძლებლობის თაობაზე, რის გამოც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივარში მითითებულ ზემოაღნიშნულ საფუძვლებს.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას გასაჩივრებული განჩინების დაუსაბუთებლობის თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს: საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 20 აპრილის ¹206 ბრძანებულებით ,,გ-ას” მინიჭებული აქვს მაგისტრალური გაზსადენისა და მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა არსებითი დანადგარის მართვის, ექსპლუატაციისა და რეკონსტრუქციის უფლება. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება უდავოდ განაპირობებს საწარმოს ფუნქციონირების შეჩერებას, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს გაზის მიწოდების შეწყვეტას.

“სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, თუ ლიცენზიის მოქმედების შეჩერებამ ან ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოებრივი, ან სახელმწიფო ინტერესებისათვის ზიანის მიყენება, ლიცენზიის მფლობელს, კანონის საფუძველზე, შეიძლება მიეცეს უფლება, გარკვეული ვადით გააგრძელოს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა ლიცენზიის გამცემის ზედამხედველობით.

საკასაციო სასამართლო მიჩნევს, რომ აღნიშნული წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ იმ შემთხვევას, რომელიც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს აძლევს უფლებას არ შეაჩეროს ადმინისტრაციული აქტის მოქმედება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს “ს-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 13 მაისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.