საქმე №ას-427-427-2018 8 თებერვალი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“, შპს „ა-ია“, შპს „ს-ო“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ა–ი, ნ. გ-ე, ი. ბ-ე, მ. ქ–ი, ნ. ლ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის განჩინება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – პარტნიორულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ბრძანების გაუქმება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ნ. ა–მა, ნ. გ-ემ, ი. ბ-ემ, მ. ქ–მა და ნ. ლ–მა (შემდგომში _ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე მოსარჩელე, ერთობლივად წოდებული ასევე, როგორც მოსარჩელეები ან მოწინააღმდეგე მხარეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“, შპს „ა-იის“, შპს „ს-ოს“ (შემდგომში _ პირველი, მეორე ან მესამე მოპასუხე, ერთად ასევე წოდებული, როგორც მოპასუხეები, აპელანტები ან კასატორები) მიმართ და მოითხოვეს:
i ბათილად იქნას ცნობილი: სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ როგორც კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პარტნიორის 2012 წლის 16 მაისის #1-3/347 ბრძანების პირველი პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტები (რომელთა საფუძველზე შპს „ს----–-–----------------------------ოს“ კაპიტალში შეტანილ იქნა გორის რაიონის სოფ. შ-ში მდებარე 100 კვ.მ მიწის ნაკვეთი ს/კ 66.44.04.0-- და თეთრიწყაროს რაიონის სოფ. ი-აში მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ 84.14.33.0--); 2012 წლის 18 მაისის #1-3/357 ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები (რომელთა საფუძველზე შპს „ს-ოს“ კაპიტალში შეტანილ იქნა გარდაბნის რაიონის სოფ. გ-აში მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი ს/კ 81.07.06.3-- და ტყიბულის რაიონის სოფ. ს-ეში მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი ს/კ 39.03.24.0--); 2012 წლის 22 მაისის #1-3/363 ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი (რომლის საფუძველზეც შპს „ს-ოს“ კაპიტალში შეტანილ იქნა სამტრედიის რაიონის სოფ. ნ-ში მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი ს/კ 34.03.52.0--)
ii ბათილად იქნას ცნობილი: შპს „ს-ოს“ 2013 წლის 23 აგვისტოს #1-1/53 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც გარდაბნის რაიონის სოფ. გ-აში მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 81.07.06.3--), ტყიბულის რაიონის სოფ. ს-ეში მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 39.03.24.0--), თეთრიწყაროს რაიონის სოფ. ი-აში მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 84.14.33.0--), გორის რაიონის სოფ. ტ-ში მდებარე 100 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ N66.44.04.0--) და სამტრედიის რაიონის სოფ. ნ-ში მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 37.03.052.0--) შეტანილ იქნა შპს „ს-ოს“ შვილობილი კომპანიის _ შპს „ა-იის“ კაპიტალში;
iii დაევალოს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“, შპს „ს-ოსა“ და შპს „ა-იას“ მათ უკანონო მფლობელობაში არსებული, სარჩელში მითითებული მიწის ნაკვეთები ამორიცხონ შპს „ა-იის“ საწესდებო კაპიტალიდან და დაუბრუნონ მოსარჩელეებს (ნ. ა–ს - გარდაბნის რაიონის სოფ. გ-აში მდებარე 150 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ს/კ 81.07.06.3--; ნ. გ-ეს - ტყიბულის რაიონის სოფ. ს-ეში მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი ს/კ 39.03.24.0--; ი. ბ-ეს - თეთრიწყაროს რაიონის სოფ. ი-აში მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ 84.14.33.03; მ. ქ-ს - გორის რაიონის სოფ. ტ-ში მდებარე 100 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ 66.44.04.0--; ნ. ლ–ს - სამტრედიის რაიონის სოფ. ნ-ში მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ 34.03.52.0--).
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელეები გამარჯვებულად გამოცხადდნენ 2011 წლის აპრილსა და ივნისში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონებში, სადაც გასაყიდად გატანილ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100 და 150 კვ.მ მიწის ნაკვეთები. მოსარჩელეებსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების, როგორც საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, მიწის ნაკვეთები საჯარო რეესტრში აღირიცხა მოსარჩელეთა საკუთრებად. შემდგომში, შეძენილი ქონება მოსარჩელეებმა საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს შპს „მ–ს“. ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 29 დეკემბრის #1-1/2776 ბრძანებით, გაუქმდა ბრძანებები აუქციონის გამოცხადების შესახებ. ამ ბრძანებისა და საჯარო რეესტრში გაგზავნილი მიმართვების საფუძველზე, სამინისტრომ მოითხოვა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების დარეგისტრირება სახელმწიფოს საკუთრებად. მოთხოვნა დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის მიერ. აღნიშნული ქმედება მოსარჩელეთა მიერ გასაჩივრდა ჯერ ადმინისტრაციული წესით, შემდეგ _ სასამართლოში და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა. მიუხედავად სასამართლოს მითითებისა და ადმინისტრაციული წარმოების ხელახლა დაწყებისა, ეკონომიკის სამინისტრომ არ გამოსცა ახალი ადმინისტრაციული აქტი, რადგან ძალაში იყო სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2012 წლის 16, 18 და 22 მაისის #1-3/347, #1-3/357 და #1-3/363 ბრძანებები, როგორც უფლებადამდგენი დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც სადავო მიწის ნაკვეთები შეტანილი იყო შპს „ს-ოს“ კაპიტალში.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. პირველმა მოპასუხემ მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა სარჩელის წინააღმდეგ და უარყო მასში გადმოცემული ფაქტები. შესაგებლის თანახმად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანებით, ბათილად იქნა ცნობილი ამავე სამინისტროს 2011 წლის 1აპრილის #1-1/481, #1-1/488, #1-1484, #1-1/472 და 2011 წლის 27 ივნისის #1-1/1121, #1-1/1115 ბრძანებები და ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტს დაევალა შესაბამისი ღონისძიებების გატარება ქონების სახელმწიფოსათვის დაბრუნების მიზნით. აღნიშნული ბრძანება გადაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც განახორციელა სადავო მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს საკუთრებად აღრიცხვა. ხსენებული მიწის ნაკვეთები, სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტომ“ 2012 წლის 16 მაისის, 18 მაისისა და 22 მაისის ბრძანებებით შეიტანა მესამე მოპასუხის საწესდებო კაპიტალში და აღირიცხა ამ უკანასკნელის საკუთრებად, ხოლო, მესამე მოპასუხის პარტნიორთა გადაწყვეტილებით, ქონება გადაეცა მეორე მოპასუხეს და დღესაც მის საკუთრებადაა რეგისტრირებული. რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, 2014 წლის 29 მაისს სააპელაციო პალატამ საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად ცნო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანება და სამინისტროს დაავალა საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რის შესაბამისადაც, 2015 წლის 27 თებერვალს დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. მოპასუხის განმარტებით, ვინაიდან ის წარმოადგენს სადავო ქონების მესაკუთრეს, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად, სრული უფლება გააჩნდა, სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილოებით დაარსებული საწარმოსათვის გადაეცა კუთვნილი ქონება, ამ მხრივ კანონიერია ასევე ქონების მიმღები საწარმოს ქმედება, რადგანაც ქონების დღევანდელი მესაკუთრისათვის გადაცემა განხორციელდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. სწორედ სახელმწიფოს საკუთრების უფლება დავის საგანზე გამორიცხავს მეორე სასარჩელო მოთხოვნას ქონების მოსარჩელეების სასარგებლოდ გამოთხოვის თაობაზე;
2.2. მეორე მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ ასევე წარადგინა შესაგებელი, რომელიც ძირითადად მოტივირებულია იმით, რომ მან ქონება საკუთრებაში კანონიერად მიიღო. მეორე მოპასუხე დაფუძნებულია მესამე მოპასუხის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით, რომელმაც სადავო მიწის ნაკვეთები დაფუძნებულ კომპანიას კანონიერად გადასცა საკუთრებაში, ქონებაზე კერძო სამართლის სუბიექტის უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და იგი აღარ წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას;
2.3. ანალოგიური შედავება იქნა წარმოდგენილი მესამე მოპასუხის მიერაც, სადაც ქონების მიმოქცევის კანონიერებასა და ამ ქონებაზე კერძო სამართლის სუბიექტის საკუთრებაზეა მითითებული.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი პირველი მოპასუხის, როგორც კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პარტნიორის 2012 წლის 16 მაისის #1-3/347 ბრძანების პირველი პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტები (რომელთა საფუძველზე შპს „ს-ოს“ კაპიტალში შეტანილ იქნა გორის რაიონის სოფ. ტ-ში მდებარე 100 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 66.44.04.0--) და თეთრიწყაროს რაიონის სოფ. ი-აში მდებარე 150 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ს/კ (84.14.33.0--)); 2012 წლის 18 მაისის #1-3/357 ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები (რომელთა საფუძველზე შპს „ს-ოს“ კაპიტალში შეტანილ იქნა გარდაბნის რაიონის სოფ. გ-აში მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 81.07.06.3--) და ტყიბულის რაიონის სოფ. ს-ეში მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 39.03.24.0--)); 2012 წლის 22 მაისის #1-3/363 ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი (რომლის საფუძველზეც შპს „ს-ოს“ კაპიტალში შეტანილი იქნა სამტრედიის რაიონის სოფ. ნ-ში მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 34.03.52.0--)), ასევე, ბათილად იქნა ცნობილი შპს „ს-ოს“ 2013 წლის 23 აგვისტოს #1-1/53 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც გარდაბნის რაიონის სოფ. გ-აში მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 81.07.06.3--), ტყიბულის რაიონის სოფ. ს-ეში მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 39.03.24.0--), თეთრიწყაროს რაიონის სოფ. ი-აში მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 84.14.33.0--), გორის რაიონის სოფ. ტ-ში მდებარე 100 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ N66.44.04.0--) და სამტრედიის რაიონის სოფ. ნ-ში მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 37.03.052.0--) შეტანილ იქნა შპს „ს-ოს“ შვილობილი კომპანიის შპს „ა-იის“ კაპიტალში. მოპასუხეებს დაევალათ მათ უკანონო მფლობელობაში არსებული სადავო მიწის ნაკვეთები ამორიცხონ მეორე მოპასუხის საწესდებო კაპიტალიდან და დაუბრუნონ მოსარჩელეებს (ნ. ა-ს - გარდაბნის რაიონის სოფ. გ-აში მდებარე 150 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ს/კ 81.07.06.3--.; ნ. გ-ეს - ტყიბულის რაიონის სოფ. ს-ეში მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი ს/კ 39.03.24.0--.; ი. ბ-ეს - თეთრიწყაროს რაიონის სოფ. ი-აში მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ 84.14.33.0--.; მ. ქ–ს - გორის რაიონის სოფ. ტ-ში მდებარე 100 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ 66.44.04.0--.; ნ. ლ–ს - სამტრედიის რაიონის სოფ. ნ-ში მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ 34.03.52.0--.).
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ისინი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო განაცხადის მოცულობა და საკასაციო განხილვის ფაქტობრივი საფუძვლები (კასატორის პრეტენზიები):
საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელეების მიერ აუქციონზე შეძენილი ქონების შემდგომი მიმოქცევის კანონიერება, კერძოდ, სარჩელის ფარგლებში მოსარჩელეებს სურთ ქონების ვინდიცირება და მიაჩნიათ, რომ ეს ქონება მართლსაწინააღმდეგოდ ირიცხება მეორე მოპასუხის საკუთრებაში. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ბათილად ცნეს კორპორატიული აქტები, რომელთა საფუძველზეც ქონება სახელმწიფოსათვის საკუთრებაში დაბრუნების შემდგომ ჯერ მესამე მოპასუხეს გადაეცა საკუთრებაში, ხოლო, საბოლოოდ _ მის მიერ დაარსებულ მეორე კომპანიას. კასატორები არ ეთანხმებიან გასაჩივრებულ განჩინებას და მათი უმთავრესი პრეტენზია აუქციონის შემდგომ განვითარებული მოვლენების შედეგად სადავო ქონებაზე ჯერ სახელმწიფოს საკუთრების წარმოშობის კანონიერებისკენ და შემდგომ _ მესაკუთრეთა მიერ ამ ქონების მართლზომიერად განკარგვისკენაა მიმართული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას პალატა სწორედ კასატორის პრეტენზიის ფარგლებში შეამოწმებს.
1.2. ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა წინამდებარე განჩინების მიმართ:
საკასაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც კასატორებს არ მიუთითებიათ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც შესაძლოა, დაშვებული იყო საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება, კერძოდ:
1.2.1. 2011 წლის 10 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნ. ა–ს შორის გაფორმდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ. ა–მა იყიდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გარდაბნის რაიონის სოფელ გ-აში მდებარე 150.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #81.07.06.3--). აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ნივთი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შემძენის საკუთრებად;
1.2.2. 2011 წლის 5 აგვისტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნ. გ-ეს შორის გაფორმდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ. გ-ემ იყიდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ტყიბულის რაიონის სოფელი ს-ეში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N39.03.24.0--). ხელშეკრულების საფუძველზე ნასყიდობის საგანი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შემძენის საკუთრებად;
1.2.3. 2011 წლის 10 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ი. ბ-ეს შორის გაფორმდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ი. ბ-ემ შეიძინა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ი-აში მდებარე 150 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N84.14.33.0--). უძრავი ქონება აღირიცხა შემძენის საკუთრებად;
1.2.4. 2011 წლის 10 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მ. ქ–ს შორის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ. ქ-მა იყიდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გორის რაიონის სოფელ ტ-ში მდებარე 100 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N66.44.04.0--). ნასყიდობის საგანი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შემძენის საკუთრებად;
1.2.5. 2011 წლის 4 აგვისტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნ. ლ-ს შორის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და ნ. ლ–მა იყიდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, სამტრედიის რაიონის სოფელ ნ-ში მდებარე 150 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N34.03.52.0--). უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ნ.ლ–ის საკუთრებად;
1.2.6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის #1-1/2776 ბრძანებით, ძალაში შესვლიდან ბათილად იქნა ცნობილი მინისტრის 2011 წლის 1 აპრილისა და 2011 წლის 27 ივნისის ბრძანებები არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე, მათ შორის - ბრძანებები იმ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით (ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“, „ე“, „თ“, „მ“, „ნ“ ქვეპუნქტები), რომლებიც ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე მოსარჩელეთა საკუთრებად აღირიცხა;
1.2.7. 2011 წლის 30 დეკემბერს სადავო უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლება დარეგისტრირდა. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს #05/30956 მიმართვა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის #1-1/2776 ბრძანება;
1.2.8. სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2012 წლის 16 მაისის #1-3/347, 2012 წლის 18 მაისის #1-3/357 და 2012 წლის 22 მაისის #1-3/363 ბრძანებებით, შპს „ს-ოს“ კაპიტალში შეტანილ იქნა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ზოგიერთი უძრავი ქონება, მათ შორის: გორის რაიონი, სოფ. ტ-ში მდებარე 100 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ #66.44.04.0--); თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ი-აში მდებარე 150 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ #84.14.33.0--); გარდაბნის რაიონის სოფ. გ-აში მდებარე 150 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ #81.07.06.3--); ტყიბულის რაიონის სოფელ ს-ეში მდებარე 150 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ #39.03.24.0--) და სამტრედიის რაიონის სოფელ ნ-ში მდებარე 150 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ #34.03.52.0--). უძრავი ქონებები საჯარო რეესტრში აღირიცხა შპს „ს-ოს“ საკუთრებად;
1.2.9. სადავო უძრავი ნივთები (ს/კ #81.07.06.3--, #39.03.24.0--, #84.14.33.0--, #66.44.04.0-- და #34.03.52.0--) შპს „ს-ოს“ 2013 წლის 30 აგვისტოს #1-1/53 ბრძანების საფუძველზე, შპს „ა-იის“ საკუთრებად დარეგისტრირდა;
1.2.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნ. ა–ის, ნ. გ-ის, ი. ბ-ის, მ. ქ–ის, ს. ჩ–ისა და ნ. ლ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის #N1-1/2776 ბრძანების პირველი პუნქტის „თ“, „ნ“, „ბ“, ე“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტები და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამავე გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 30 დეკემბრის #05/30951, #05/30952, #05/30953, #05/30954, #05/30955, #05/30956 და 2012 წლის 26 მარტის #05/6798 მიმართვები. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
1.2.11. შპს „ს-ოს“ 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი სახელმწიფოა, ხოლო შპს „ა-იის“ 100%-იანი წილის მფლობელი პატრნიორი _ შპს „ს-ო“.
1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
1.3.1. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების, საქმის მასალებისა და მხარეთა შედავების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტითა (მიღებული გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია) და 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები (დავის ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი საპროცესო წესების დარღვევით და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა).
1.3.2. საკასაციო პრეტენზიათა დეტალურ შემოწმებამდე, პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რამდენიმე პრაქტიკულ საკითხზე: სარჩელის საგანს წარმოადგენს ქონების მოპასუხეთაგან გამოთხოვა და გამოთხოვის წინაპირობად მოსარჩელეები მიიჩნევენ სახელმწიფოსა და მოპასუხე სამეწარმეო საზოგადოებების მიერ გამოვლენილი განკარგვითი ნების მართლწინააღმდეგობრიობას, ამასთან, მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია საჯარო სამართლისათვის განკუთვნილი აქტის საფუძველზე საკუთრების მოპოვება, რომელიც შემდგომ თავად გააბათილა სახელმწიფომ. ამ მხრივ მოსარჩელეები აპელირებენ იმაზე, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სახელმწიფოს, კონკრეტულ შემთხვევაში, ეკონომიკის სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ბათილად იქნა ცნობილი. სააპელაციო პალატამ შეაფასა რა ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებები, მიიჩნია, რომ როგორც ქონების უკურეგისტრაცია სახელმწიფოს სახელზე, ისე _ მისი შემდგომი განკარგვა სამეწარმეო საზოგადოებების სახელზე მოხდა საჯარო წესრიგის წინააღმდეგ და მოთხოვნის საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი გამოიყენა.
1.3.3. საკასაციო სასამართლო, დიდი პალატის ბოლოდროინდელ პრაქტიკაზე დაყრდნობით, აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი არ წარმოადგენს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, რადგანაც მას ავტონომიური ფუნქცია არ გააჩნია, ის დეფინიციურია და კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს არ ითვალისწინებს (იხ. სუსგ [დიდი პალატა] №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი). იმის დასადგენად, პირის მიერ გამოვლენილი ნება ეწინააღმდეგება თუ არა მართლწესრიგს, გამოყენებული უნდა იქნას თავად ამ მართლწესრიგის განმსაზღვრელი სამართლის კონკრეტული დანაწესი და არა ზოგადი ხასიათის ნორმა. რასაკვირველია, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს ხსენებული დარღვევა არ წარმოადგენს, არამედ, უმთავრესია, შეფასდეს ის იურიდიული მნიშვნელობის ფაქტები, რომლებიც მოსარჩელეთა მოთხოვნას გაამართლებენ, რამდენადაც მათი ნამდვილი მიზანი არის ქონების დაბრუნება. მართალია, მოცემულ შემთხვევაში, ვინდიკაციურ სარჩელთან ერთად აღძრულია აღიარებითი მოთხოვნაც, თუმცა, დავის გადაწყვეტისათვის უმთავრეს წინაპირობებს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები ადგენენ. მოხმობილი ნორმების თანახმად, მოსარჩელე მხარე უნდა წარმოადგენდეს სადავო ქონების მესაკუთრეს, რაც ქონების შემდგომ ყოველ მიმოქცევას გახდის მართლსაწინააღმდეგოს.
1.3.4. არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია მოსარჩელეთა უფლებრივი კავშირი ნივთთან მიმართებით, კერძოდ, მოსარჩელეები კვლავ წარმოადგენენ თუ არა ქონების მესაკუთრეებს. ამ მხრივ საკასაციო პალატა, უპირველესად, მოიშველიებს ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის დამატებითი ოქმის პირველ მუხლს, რომელიც საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის უფლებას ადგენს და განსაზღვრავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, ხელი შეუწყოს მესაკუთრეს უფლებით სარგებლობაში, თუმცა, თავად საკუთრების სუბსტანციიდან გამომდინარე, საერთაშორისოსამართლებრივი დაცვა ამ უფლებით დაცული სფეროს ობიექტზე ვრცელდება უკვე წარმოშობილი საკუთრების მიმართ. საკუთრების უფლების წარმოშობასთან დაკავშირებით კონვენცია შეფასების ფართო ზღვარს უდგენს წევრ სახელმწიფოებს, რაც იმას ნიშნავს, რომ უფლების პირისათვის გადაცემის საკითხი ეროვნული კანონმდებლობით უნდა დარეგულირდეს. ამ მხრივ მხედველობაშია მისაღები სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი, რომელიც უძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობისათვის ნამდვილ ნებასთან ერთად სავალდებულოდ აწესებს წერილობითი გარიგების არსებობას და უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. საკასაციო პალატა ხსენებული ნორმის ფართო განმარტების გზით ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს (მაგ: მარეგისტრირებელი ორგანო) მხრიდან გარკვეული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება არ შეიძლება ნამდვილი მესაკუთრისათვის უფლების ჩამორთმევის საფუძველი გახდეს, რადგანაც რეგისტრაციის ფორმალური ხასიათიდან გამომდინარე, მხოლოდ ტიტულის დაკარგვა უფლების გაქარწყლებას არ იწვევს, თუმცა, უფლების განხორციელება პირის მიერ, რომლის საკუთრებაც შედავებულია, სწორ იურიდიულ დაცვაზეა დამოკიდებული.
1.3.5. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის #1-1/2776 ბრძანება ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით და ამ გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წინამდებარე საქმეზე შეუდავებელი ძალა გააჩნია (სსსკ-ის 266-ე მუხლი), თუმცა, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით არ დადგენილა უფლების საკითხი, არამედ, გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. არც სასამართლოს დაუდგენია და არც მხარეები მიუთითებენ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ახალი აქტის გამოცემით განსაზღვრა მოსარჩელეთა უფლების საკითხი, უფრო მეტიც, მან ქონება მისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ კერძო სამართლის სუბიექტს გადასცა საკუთრებაში, ხოლო ამ უკანასკნელმა _ საკუთარ შვილობილ კომპანიას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეფასება უნდა მიეცეს იმ ფაქტს, რომ დავის საგანზე მოსარჩელეთა თავდაპირველი საკუთრება საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე წარმოიშვა. სახელმწიფომ (სამინისტრო) 2011 წლის 29 დეკემბრის #1-1/2776 ბრძანებით, ბათილად ცნო საკუთარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა. მიუხედავად სასამართლოს მიერ #1-1/2776 ბრძანების ბათილად ცნობისა, სახელმწიფოსათვის მინიჭებული შეფასების ფართო ზღვრის თეორიის ფარგლებში, მოსარჩელეთა უფლებრივი მდგომარეობის განსასაზღვრად, უნდა შემოწმდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება ასევე ბათილია იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში, რომლის საფუძველზედაც დაიდო ხელშეკრულება.
1.3.6. ერთ-ერთ საქმეზე, რომელზეც დავა პარტნიორთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე სამეწარმეო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების ბათილობას ეხებოდა, საკასაციო პალატამ საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა სააპელაციო სასამართლოს იმ მითითებით, რომ მას უნდა გამოეკვლია, რა სამართლებრივი შედეგის მიღწევა სურდა მოსარჩელეს, რაში მდგომარეობდა მისი ნამდვილი იურიდიული ინტერესი, ან უნდა დადგენილიყო, ხომ არ შეიძლებოდა, მოსარჩელის არსებული მოთხოვნა მოდიფიცირებული ყოფილიყო მიკუთვნებით მოთხოვნად, რაც გამორიცხავდა აღიარებით სარჩელს და აღნიშნული სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე უნდა შეფასებულიყო (იხ. სუსგ №ას-636-594-2017, 20 დეკემბერი, 2017 წელი). მართლმსაჯულების ეფექტურობა მის საპროცესო ეკონომიაშიც გამოიხატება და სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსარჩელისათვის შეკითხვების მეშვეობით უნდა მიეცა სასარჩელო მოთხოვნის დაკონკრეტების (დაზუსტების) შესაძლებლობა (სსსკ-ის 83-ე მუხლის მეოთხე ნაწილი), რადგანაც ამ შემთხვევაში მოთხოვნილი აქტების ბათილობა, სავარაუდოდ, იმის წინაპირობას წარმოადგენს, რისი მიღწევაც სურს მოსარჩელეს, ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სარჩელის დაზუსტება, მოთხოვნის გამართულად ჩამოყალიბება არ წარმოადგენს იმ შემთხვევას, რომელიც დადგენილია სსსკ-ის 381-ე მუხლით და დაუშვებლადაა მიჩნეული სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე დავის საგნის შეცვლა ან გადიდება (იხ. სუსგ №ას-595-554-20--, 15.12.20--წ.). საკასაციო სასამართლომ ზემოხსენებულ საქმეებზე განმარტა, რომ საქმის ხელახლა განხილვის ეტაპზე მოსარჩელის მოთხოვნის შემოწმების დროს, თუკი სააპელაციო სასამართლო დაადგენდა მიკუთვნებითი მოთხოვნის დაყენების შეუძლებლად, ხოლო, განსახილველი დავისადმი მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი არ გამოიკვეთებოდა, მაშინ სარჩელი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
1.3.7. საკასაციო სასამართლო აქვე იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ მოპასუხეები, მით უფრო არსებული მდგომარეობით რეგისტრირებული მესაკუთრე ნივთის კეთილსინდისიერი შემძენი ვერ გახდება, რადგანაც, მესამე მოპასუხე წარმოადგენს სახემწიფოს 100%-იანი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს, ხოლო მეორე _ ამ საწარმოს შვილობილ კომპანიას და ისინი ერთ მხარედ შეიძლება განვიხილოთ სუბიექტურ ჭრილში, რაც არღვევს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით გარანტირებულ შემძენის კეთილსინდისიერების პრეზუმფციას და შესაბამისად, ნორმის დაცვით ფუნქციას, თუმცა, მოპასუხის კეთილსინდისიერებაზე მსჯელობა გამართლებული იქნება მხოლოდ მას შემდეგ, თუ სასამართლო დადებითად გადაწყვეტს მოსარჩელეთა საკუთრების უფლების საკითხს.
1.4. საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების პროცესუალურ-სამართლებრივი დასაბუთება:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე (საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა), საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს, რომელმაც უნდა შეამოწმოს მოთხოვნის წინაპირობები და საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი კვლევის შედეგად განსაზღვროს უფლების საკითხი.
2. პროცესის ხარჯები:
ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებით საქმის წარმოება არ დასრულებულა, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, (თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით), ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“, შპს „ა-იისა“ და შპს „ს-ოს“ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე