საქმე №ას-352-2019 17 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
1. კასატორი/ მოწინააღმდეგე მხარე – ინდივიდუალური მეწარმე ა. ჭ-ე-მ-ი (მოპასუხე)
2. კასატორი/მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდივიდუალური მეწარმე ა. ჭ-ე-მ-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ პირგასამტეხლოს სახით 83 871.07 ლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 11 ივლისს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №--- ხელშეკრულება, რომლითაც განხორციელდა ხელშეკრულების №1 დანართით განსაზღვრული თეთრეულისა და სხვადასხვა ქსოვილის ნივთების შესყიდვა.
3. №1 დანართით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტების მიწოდების ვადები. ხელშეკრულების 11.4.ბ. ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო შესყიდვის ობიექტების ვადის გადაცილებით მიწოდების შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.
4. 2017 წლის 29 სექტემბრის №1 შეთანხმების თანახმად, შემსყიდველის მიერ ცნობად იქნა მიღებული ის ფაქტი, რომ მიმწოდებელი №-... ხელშეკრულების №1 დანართის პირველ (190 ცალი), მე-2, მე-7, მე-11 და მე-12 პოზიციებზე განსაზღვრული საქონლის მიწოდებას განახორციელებდა 2017 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო მე-4 და მე-5 (2500 ცალი) და მე-6 პოზიციებზე განსაზღვრული საქონლის მიწოდებას კი, – 2017 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.
5. ხელშეკრულების თანახმად, 2017 წლის 10 აგვისტომდე უნდა განხორციელებულიყო 1000 ცალი პირსაწმენდის მიწოდება. მიმწოდებლის მიერ აღნიშნული პროდუქციის მიწოდება მოხდა 13 დღის დაგვიანებით – 23 აგვისტოს. შესაბამისად, მიმწოდებელს დაეკისრა ხელშეკრულების 11.4.ბ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
6. 2017 წლის 25 აგვისტომდე უნდა განხორციელებულიყო 1000 ცალი საბნის (შალის) მიწოდება. მიმწოდებლის მიერ ვალდებულება შესრულდა 26 სექტემბერს – 32 დღის დაგვიანებით, რისთვისაც მას, ასევე, დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
7. 2017 წლის 9 სექტემბრამდე უნდა განხორციელებულიყო მზარეულისა და მრეცხავის წინსაფრების, დამლაგებლის ხალათების, სამედიცინო დანიშნულების (პაციენტის) საზაფხულო უნიფორმების, მზარეულის სამოსის, სამედიცინო ხალათისა და 2500 ცალი პირსაწმენდის (120*85) მიწოდება, რისი მიწოდების ვადა დაირღვა, კერძოდ: მზარეულისა და მრეცხავის წინსაფრები მიწოდებულ იქნა 2017 წლის 21 სექტემბერს (12 დღის დაგვიანებით), დამლაგებლის ხალათი – 26 სექტემბერს (17 დღის დაგვიანებით), ლეიბების ნაწილი (90 ერთეული) – 27 სექტემბერს (18 დღის დაგვიანებით), ხოლო ლეიბების მეორე ნაწილი (100 ერთეული) და სამედიცინო დანიშნულების (პაციენტის) საზაფხულო უნიფორმა – 10 ოქტომბერს (31 დღის დაგვიანებით), მზარეულის სამოსი და სამედიცინო ხალათი – 16 ოქტომბერს (37 დღის დაგვიანებით), 2500 ცალი პირსაწმენდი (120*85) – 10 ნოემბერს (62 დღის დაგვიანებით), 2000 ცალი თეთრეულის კომპლექტი – 17 ნოემბერს (69 დღის დაგვიანებით). შესაბამისად, მხარემ 2017 წლის 9 სექტემბრისათვის შესასრულებელი ვალდებულებები სრულად შეასრულა 69 დღის დაგვიანებით, რისთვისაც მას დაეკისრა შესაბამისი პირგასამტეხლო.
8. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა განხორციელებულიყო 4200 ცალი თეთრეულის კომპლექტის მიწოდება. მიმწოდებელმა ვალდებულება შეასრულა 2017 წლის 17 ნოემბერს – 47 დღის დაგვიანებით, რისთვისაც მას დაეკისრა პირგასამტეხლო.
9. 2017 წლის 9 ოქტომბრამდე უნდა განხორციელებულიყო ბალიშებისა და 2000 ცალი პირსაწმენდის (90*40) მიწოდება. მიმწოდებლის მიერ ბალიშები მიწოდებულ იქნა 16 ოქტომბერს – 7 დღის დაგვიანებით, ხოლო 2000 ცალი პირსაწმენდი (90*40) – 10 ნოემბერს – 32 დღის დაგვიანებით. შესაბამისად, 2017 წლის 9 ოქტომბრამდე შესასრულებელი ვალდებულება შესრულდა 32 დღის დაგვიანებით, რისთვისაც მას დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
10. მოსარჩელე მუდმივად ახსენებდა მოპასუხეს მის მიერ ვადის გადაცილების შესახებ და აკისრებდა პირგასამტეხლოს ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულებისათვის, ხოლო გადახდის ვადად თითოეულ შემთხვევაში განუსაზღვრავდა 30 კალენდარულ დღეს.
მოპასუხის პოზიცია:
11. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო არის არაგონივრულად მაღალი. პირგასამტეხლოს ოდენობა – 83 871.07 ლარი ოთხჯერ აღემატება რეალურად ამ ტენდერით მიღებულ მოგებას, რაც მძიმე მდგომარეობაში აყენებს მიმწოდებელს. გარდა ამისა, პირგასამტეხლო არასწორად არის დარიცხული დაგვიანებით ჩაბარებული ყველა საქონლის პოზიციაზე, ვინაიდან თითოეული პოზიციის დაგვიანებული დღეების მიხედვით, პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელდა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.15%-ის ოდენობით, თუმცა თუ მოსარჩელე პირგასამტეხლოს ყველა დაგვიანებით მიწოდებულ პროდუქციაზე აღრიცხავს, მისი ოდენობა უნდა გამოითვალოს კონკრეტული პოზიციის საქონლის ღირებულებიდან და არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, რადგან ამ შემთხვევაში დაირღვევა ხელშეკრულების პირობა პირგასამტეხლოს ოდენობის თაობაზე.
12. მოპასუხის განმარტებით, მხარეთა შორის გაფორმდა მიწოდებული საქონლის მიღება-ჩაბარების აქტი, რა დროსაც მხარემ მოიწონა შესრულება და არ განუცხადებია პრეტენზია ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის ჩაბარებაზე, არამედ მასზე ხელმოწერით დაადასტურა ჩაბარების ფაქტი. შესაბამისად, მოპასუხის მოსაზრებით, მოსარჩელემ აქტის დამოწმებისას დაადასტურა ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულება და განახორციელა შესაბამისი ანგარიშსწორება. ამას გარდა, მოპასუხის მიერ ვალდებულება ვერ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ იყო გამოწვეული. კერძოდ, ქსოვილის მიმწოდებელი კომპანია მდებარეობდა თურქეთში, სადაც იმ პერიოდში აღინიშნებოდა რელიგიური დღესასწაული, არ მუშაობდა არც ერთი ქარხანა. ასევე დაირღვა სასაზღვრო პროცედურა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 7000 ლარის გადახდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 14041.58 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:
15. 2017 წლის 11 ივლისს მოსარჩელესა (შემსყიდველი) და მოპასუხეს (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა №-... ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა წინამდებარე ხელშეკრულების №1 დანართით განსაზღვრული თეთრეულისა და სხვადასხვა ქსოვილის ნივთების შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 289 710 ლარს. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო, შესყიდვის ობიექტის მიწოდება განეხორციელებინა №1 დანართით განსაზღვრული ვადების შესაბამისად.
16. მხარეთა შორის 2017 წლის 11 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების 11.4. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველს მიენიჭა უფლებამოსილება, №1 დანართით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.
17. მხარეთა შორის 2017 წლის 29 სექტემბერს გაფორმდა №1 შეთანხმება 2017 წლის 11 ივლისს გაფორმებულ №-...ე ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად მოპასუხეს გაუგრძელდა საქონლის მიწოდების ვადა შემდეგ პოზიციებზე: I (190 ცალი), II, VII, XI და XII პოზიციებზე მიწოდების ვადა განისაზღვრა - 2017 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო IV, V (2500 ცალი) და VI პოზიციების მიწოდების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.
18. მოპასუხემ მხარეთა შორის 2017 წლის 11 ივლისს გაფორმებული №-... სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები ჯეროვნად არ შეასრულა, კერძოდ, მისაწოდებელი საქონლის ნაწილი შემსყიდველისათვის მიწოდებულ იქნა ვადადარღვევით. მიწოდება განხორციელდა შემდეგნაირად: 1000 ცალი პირსაწმენდი (ღირებულება 6000 ლარი) 2017 წლის 23 აგვისტოს – 13 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა 2017 წლის 10 აგვისტომდე); 1000 ცალი საბანი (შალის) (ღირებულება 2000 ლარი) 2017 წლის 26 სექტემბერს – 32 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა – 2017 წლის 25 აგვისტომდე); მზარეულისა (ღირებულება 3750 ლარი) და მრეცხავის (ღირებულება 2550 ლარი) წინსაფრები – 2017 წლის 21 სექტემბერს – 12 დღის დაგვიანებით; დამლაგებლის ხალათი (ღირებულება 1800 ლარი) 2017 წლის 26 სექტემბერს – 17 დღის დაგვიანებით; ლეიბების ნაწილის (90 ერთეული, ღირებულება 3150 ლარი) 2017 წლის 27 სექტემბერს – 18 დღის დაგვიანებით; ლეიბების მეორე ნაწილი (100 ერთეული, ღირებულება 3500 ლარი) და სამედიცინო დანიშნულების (პაციენტის) საზაფხულო უნიფორმა (ღირებულება 3600 ლარი) 2017 წლის 10 ოქტომბერს – 31 დღის დაგვიანებით; მზარეულის სამოსი (ღირებულება 11 000 ლარი) და სამედიცინო ხალათი (ღირებულება 1020 ლარი) 2017 წლის 16 ოქტომბერს – 37 დღის დაგვიანებით; 2500 ცალი პირსაწმენდი (120*85) (ღირებულება 15 000 ლარი) 2017 წლის 10 ნოემბერს – 62 დღის დაგვიანებით; 2000 ცალი თეთრეულის კომპლექტი (ღირებულება 44 000 ლარი) 2017 წლის 17 ნოემბერს – 69 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა – 2017 წლის 09 სექტემბრამდე); 4200 ცალი თეთრეულის კომპლექტი (ღირებულება 92 400 ლარი) 2017 წლის 17 ნოემბერს – 47 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა – 2017 წლის 1 ოქტომბრამდე); ბალიშები (ღირებულება 6645 ლარი) 2017 წლის 16 ოქტომბერს – 7 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა – 2017 წლის 9 ოქტომბერი); 2000 ცალი პირსაწმენდი (90*40) (ღირებულება 8 000 ლარი) 2017 წლის 10 ნოემბერს – 32 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა – 2017 წლის 9 ოქტომბერი);
19. 2017 წლის 11 ივლისს მხარეთა შორის გაფორმებული №-... სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქონლის ნაწილის მიწოდების ვადის დარღვევის გამო, ხელშეკრულებით გათვალისწინებულმა პირგასამტეხლოს ოდენობამ (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%) სულ – 83 871.07 ლარი შეადგინა.
20. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 7000 ლარის გადახდა, რასაც აპელანტი არ დაეთანხმა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სადავოდაა გამხდარი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 418-ე და 420-ე მუხლების გამოყენების მართებულობა, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება აღნიშნულ ნაწილში შეამოწმა.
21. სსკ-ის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
22. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
23. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
24. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება იმ იშვიათ გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მითითებას წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
25. სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირებისას მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ხოლო კონტიტენტური ევროპის სამართლის ქვეყნების სასამართლოები (მათ შორის, გერმანია), ასევე, უაღრესად დიდ ყურადღებას აქცევენ კრედიტორის ეკონომურ ინტერესს, კერძოდ, თუ რა ინტერესი და მნიშვნელობა გააჩნია კრედიტორს ვალდებულების დროულად შესრულების მიმართ, რაც განაპირობებს პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციულ ფუნქციას, ზოგჯერ - საკმაოდ მაღალსაც კი.
26. კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ით. მოპასუხემ ჯეროვნად არ შეასრულა 2017 წლის 11 ივლისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები და საქონლის ნაწილი შემსყიდველს მიაწოდა ვადადარღვევით. შესაბამისად, წარმოიშვა ამავე ხელშეკრულების 11.4. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
27. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების დავალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ. №ას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016 წელი). აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით, უნდა დაეკისროს მხოლოდ დაგვიანებით მიწოდებული პროდუქციის ღირებულების 0.15%, რომლის ჯამური ოდენობაც განსახილველ შემთხვევაში შეადგენს 14041.58 ლარს.
28. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს აღნიშნული ოდენობა არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს და იგი სსკ-ის 420-ე მუხლის სამართლებრივი საფუძვლით არ უნდა შემცირდეს.
29. სააპელაციო პალატამ აღნიშნული ოდენობის მართებულობას დაუკავშირა კრედიტორის ინტერესს ხელშეკრულების შესრულების მიმართ.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
30. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
31. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სსკ-ის 420-ე მუხლი. სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა ყოფილიყო თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის დარიცხული საურავის ოდენობა და არა მისი დარიცხვის მეთოდის გონივრულობა.
32. კასატორის მოსაზრებით, პირგასამტეხლოს დათვლის მეთოდის შეცვლის საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს №164-160-2016 გადაწყვეტილებაზე, სადაც პირგასამტეხლოს დათვლის მეთოდი სსკ-ის 420 მუხლის საფუძველზე შეიცვალა, თუმცა სააპელაციო პალატამ ასევე დასძინა, რომ არ არსებობდა სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენების საფუძველი. ამ კუთხით გასაჩივრებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია და მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია.
33. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემაც და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი შედეგის გაზიარება.
34. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატას არ დაუსაბუთებია, თუ რატომ არ უნდა შემცირებულიყო პირგასამტეხლოს ოდენობა 420-ე მუხლის მიხედვით და რა კრიტერიუმებით იქნა მიჩნეული 14071,58 ლარი შესაბამის ოდენობად. სააპელაციო პალატის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა კასატორისათვის შეუსაბამოდ მაღალია და ვალაუვალ მდგომარეობაში აყენებს მხარეს. სააპელაციო პალატამ ისე გააორმაგა სადავო თანხის ოდენობა, რომ მხედველობაში არ მიუღია მოვალის ფინანსური შესაძლებლობა, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების სიმცირე, იმპორტის ვადის რისკები.
35. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინებით მხარეთა საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
36. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნენ მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
37. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა, რომ 2017 წლის 11 ივლისს მოსარჩელესა (შემსყიდველი) და მოპასუხეს (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა №-... ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა წინამდებარე ხელშეკრულების №1 დანართით განსაზღვრული თეთრეულისა და სხვადასხვა ქსოვილის ნივთების შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 289 710 ლარს. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო, შესყიდვის ობიექტის მიწოდება განეხორციელებინა №1 დანართით განსაზღვრული ვადების შესაბამისად.
38. მხარეთა შორის 2017 წლის 11 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების 11.4. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველს მიენიჭა უფლებამოსილება, №1 დანართით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.
39. მხარეთა შორის 2017 წლის 29 სექტემბერს გაფორმდა №1 შეთანხმება 2017 წლის 11 ივლისს გაფორმებულ №-...-ე ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად მოპასუხეს გაუგრძელდა საქონლის მიწოდების ვადა შემდეგ პოზიციებზე: I (190 ცალი), II, VII, XI და XII პოზიციებზე მიწოდების ვადა განისაზღვრა - 2017 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო IV, V (2500 ცალი) და VI პოზიციების მიწოდების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.
40. მოპასუხემ მხარეთა შორის 2017 წლის 11 ივლისს გაფორმებული №-... სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები ჯეროვნად არ შეასრულა, კერძოდ, მისაწოდებელი საქონლის ნაწილი შემსყიდველისათვის მიწოდებულ იქნა ვადადარღვევით. მიწოდება განხორციელდა შემდეგნაირად: 1000 ცალი პირსაწმენდი (ღირებულება 6000 ლარი) 2017 წლის 23 აგვისტოს – 13 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა 2017 წლის 10 აგვისტომდე); 1000 ცალი საბანი (შალის) (ღირებულება 2000 ლარი) 2017 წლის 26 სექტემბერს – 32 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა – 2017 წლის 25 აგვისტომდე); მზარეულისა (ღირებულება 3750 ლარი) და მრეცხავის (ღირებულება 2550 ლარი) წინსაფრები – 2017 წლის 21 სექტემბერს – 12 დღის დაგვიანებით; დამლაგებლის ხალათი (ღირებულება 1800 ლარი) 2017 წლის 26 სექტემბერს – 17 დღის დაგვიანებით; ლეიბების ნაწილის (90 ერთეული, ღირებულება 3150 ლარი) 2017 წლის 27 სექტემბერს – 18 დღის დაგვიანებით; ლეიბების მეორე ნაწილი (100 ერთეული, ღირებულება 3500 ლარი) და სამედიცინო დანიშნულების (პაციენტის) საზაფხულო უნიფორმა (ღირებულება 3600 ლარი) 2017 წლის 10 ოქტომბერს – 31 დღის დაგვიანებით; მზარეულის სამოსი (ღირებულება 11 000 ლარი) და სამედიცინო ხალათი (ღირებულება 1020 ლარი) 2017 წლის 16 ოქტომბერს – 37 დღის დაგვიანებით; 2500 ცალი პირსაწმენდი (120*85) (ღირებულება 15 000 ლარი) 2017 წლის 10 ნოემბერს – 62 დღის დაგვიანებით; 2000 ცალი თეთრეულის კომპლექტი (ღირებულება 44 000 ლარი) 2017 წლის 17 ნოემბერს – 69 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა – 2017 წლის 09 სექტემბრამდე); 4200 ცალი თეთრეულის კომპლექტი (ღირებულება 92 400 ლარი) 2017 წლის 17 ნოემბერს – 47 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა – 2017 წლის 1 ოქტომბრამდე); ბალიშები (ღირებულება 6645 ლარი) 2017 წლის 16 ოქტომბერს – 7 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა – 2017 წლის 9 ოქტომბერი); 2000 ცალი პირსაწმენდი (90*40) (ღირებულება 8 000 ლარი) 2017 წლის 10 ნოემბერს – 32 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა – 2017 წლის 9 ოქტომბერი);
41. 2017 წლის 11 ივლისს მხარეთა შორის გაფორმებული №-... სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქონლის ნაწილის მიწოდების ვადის დარღვევის გამო, ხელშეკრულებით გათვალისწინებულმა პირგასამტეხლოს ოდენობამ (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%) სულ – 83 871.07 ლარი შეადგინა.
42. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
43. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
44. წინამდებარე დავა შეეხება, მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრას.
45. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
46. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
47. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
48. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
49. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
50. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
51. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
52. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
53. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, შ.1197).
54. ამდენად, პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
55. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
56. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
57. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
58. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ – გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით).
59. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
60. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.
61. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.
62. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.
63. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად გამოიყენა ზემოაღნიშნული შესაძლებლობა და განსაზღვრა სადავო პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა, რომლითაც მოხდა თავდაპირველად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობის შემცირება, შესასრულებელი ვალდებულების მოცულობასთან, არაჯეროვანი შესრულების შედეგებთან და ვადაგადაცილების პერიოდთან შესაბამისობაში მოყვანა, ამავდროულად კი, კრედიტორის უფლებების გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი პირგასამტეხლოს თანხის გაზარდა, რითაც დაიცვა მხარეთა კანონიერი ინტერესების სამართლიანი ბალანსი.
64. ამდენად, აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგოდ კასატორებს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები არ წარმოუდგენიათ.
65. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
66. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
67. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრების განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
68. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
69. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
70. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოპასუხე კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ა–ის მიერ 2019 წლის 25 თებერვლის №-- საგადახდო დავალებით გადახდილი 355 ლარის 70% – 248,5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ინდივიდუალური მეწარმე ა. ჭ-ე-მ-ის საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ინდივიდუალურ მეწარმე ა. ჭ-ე-მ-ს (საიდენტიფიკაციო/პირადი №-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ა–ის მიერ 2019 წლის 25 თებერვლის №-... საგადახდო დავალებით გადახდილი 355 ლარის 70% – 248,5 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი