Facebook Twitter

საქმე №ას-237-2019 17 მაისი, 2019 წელი

№ას-237-2019 ბანკი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ს-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. მ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სს „ს-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. მ-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ 5 358.81 აშშ დოლარის ანაზღაურების, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სარეალიზაციოდ მოპასუხის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მიქცევის, ხოლო, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი, ვალდებულების დასაფარად, აღსრულების მოპასუხის სხვა ქონებაზე გავრცელებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 27 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ №-... ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის №-...2-... ხელშეკრულება და მსესხებელს გადაეცა სესხი 35 000 აშშ დოლარის ოდენობით 120 თვის ვადით, წლიური 14%-ის დარიცხვით. პირგასამტეხლო შეადგენდა 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის უზრუნველსაყოფად ამავე დღეს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა ლევ ვანეციანის (შემდგომ – მესაკუთრე) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება. აღნიშნული უძრავი ნივთის ამჟამინდელი მესაკუთრეა მოპასუხე.

3. ასევე, 2007 წლის 27 აგვისტოს საბანკო კრედიტის №-... ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი შეთანხმება, რომლის თანახმად განისაზღვრა წლის განმავლობაში ავტომატურად გაცემული თითოეული ტრანშის მაქსიმალური ოდენობა – 112 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 18%-ს, პირგასამტეხლო – 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

4. 2008 წლის 14 თებერვალს და 2011 წლის 2 მაისს იპოთეკის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება მხოლოდ საპროცენტო განაკვეთსა და დაფარვის ვადებთან დაკავშირებით. 2008 წლის ხელშეკრულებაში შესული ცვლილებით, საპროცენტო სარგებელი, 14%-ის ნაცვლად, განისაზღვრა 13.5%-ით, ხოლო 2011 წლის ხელშეკრულების მიხედვით, – 12%-ით. ამასთან, კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 55 თვე. დაფარვის თარიღად – 2015 წლის ნოემბერი.

5. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს სესხის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, გრაფიკის შესაბამისად, თუმცა ვერ შესრულდა ვალდებულება და წარმოიქმნა დავალიანება, რომელიც შეადგენს 5 358.81 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირ თანხას წარმოადგენს 3 503.75 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელს – 211.33აშშ დოლარი, ჯარიმას – 1 527.13 აშშ დოლარი, სადაზღვევო ხელშეკრულებაზე ძირი თანხა – 112 აშშ დოლარი, პროცენტი – 2.38 აშშ დოლარი, ჯარიმა – 2.22 აშშ დოლარი.

მოპასუხის პოზიცია:

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2007 წლის 27 აგვისტოდან ასრულებდა ნაკისრი ვალდებულების შესრულება. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მან დაფარა ძირი თანხა – 31 496.25 აშშ დოლარი, პროცენტი – 21 247.78 აშშ დოლარი, სულ – 52 744.03 აშშ დოლარი. სხვა სახის ვალდებულების არსებობა მოპასუხემ არ აღიარა და მიუთითა 2007 წლის 27 აგვისტოს ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად ბანკმა საკუთარი ხარჯებით დააზღვია კლიენტის უმუშევრობით გამოწვეული შემოსავლების დაკარგვა.

7. ხელშეკრულების 2.4 პუნქტზე მითითებით მოპასუხემ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, აენაზღაურებინა უმუშევრობით გამოწვეული შემოსავლების დაკარგვა. ამავე მუხლში არსებული №10 ფორმა განსაზღვრავს უმუშევრობის დაზღვევის პირობებს, ხოლო ამ ფორმის მე-8 მუხლი ადგენს ანაზღაურების გაცემის გრაფიკს, რომლის მიხედვითაც ანაზღაურება მოიცავს 6-თვიან პერიოდს და ანაზღაურების ლიმიტი შეადგენს 100%-ს. მოპასუხის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა 2015 წლის 27 მაისს. შესაბამისად, მოსარჩელის სადაზღვევო ანაზღაურების ვალდებულება წარმოეშვა სამსახურიდან განთავისუფლების მომდევნო თვიდან, ანუ სესხის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული 2015 წლის 10 ივნისიდან. გრაფიკით განსაზღვრული სესხის დაფარვის ბოლო ვადა შეადგენს 2015 წლის 5 ნოემბერს. დაზღვევის ვალდებულების წარმოშობის პერიოდი 2015 წლის 10 ივნისისა და გრაფიკით განსაზღვრული სესხის დაფარვის ბოლო ვადა ამავე წლის 5 ნოემბერი შეადგენს 6 თვეს. ეს ის პერიოდია, რომელიც უნდა აანაზღაუროს მოსარჩელემ. გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიური გადასახადი შეადგენდა 597.96 აშშ დოლარს, ხოლო ბოლო გადახდა შეადგენდა 637.79 აშშ დოლარს. სულ მოსარჩელის ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 3627.59 აშშ დოლარს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

10. 2007 წლის 27 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ №-... ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში მსესხებელს სესხის სახით გადაეცა 35 000 აშშ დოლარი 120 თვის ვადით წლიური 14%-ის დარიცხვით. პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა 0.5%-ს.

11. 2007 წლის 27 აგვისტოს სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მესაკუთრის კუთვნილი უძრავი ქონება დაიტვირთა იპოთეკით.

12. იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ამჟამინდელი მესაკუთრეა მოპასუხე.

13. 2007 წლის 27 აგვისტოს საბანკო კრედიტის №-... ხელშეკრულების ფარგლებში ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმად წლის განმავლობაში ავტომატურად გაცემული თითოეული ტრანშის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 112 აშშ დოლარით, წლიური საპროცენტო სარგებელი – 18%-ით, ხოლო პირგასამტეხლო – ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ით.

14. 2008 წლის 14 თებერვალს მხარეთა შორის დაიდო საბანკო მომსახურების 2007 წლის 27 აგვისტოს ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ ხელშეკრულება.

15. მოცემული ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით საპროცენტო განაკვეთი შემცირდა. 2.3. პუნქტის თანახმად, შეიცვალა 2007 წლის 27 აგვისტოს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების 2 მუხლის 2.1.3 ქვეპუნქტი და შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: „2.1.3. წლიური საპროცენტო სარგებელი: 13,5%1“. საკრედიტო ხელშეკრულების ყველა სხვა პუნქტი უცვლელი დარჩა.

16. 2011 წლის 2 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა 2007 წლის 27 აგვისტოს №-... საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე №1 შეთანხმება. მოცემული ხელშეკრულების 2.1.1. ქვეპუნქტის თანახმად, მე-4 მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 4.1.15 პუნქტი: „თუკი სხვაგვარად არ იქნა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული შესაბამის უზრუნველყოფის ხელშეკრულებაში, თუ უზრუნველყოფის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული უზრუნველყოფის საგანი ან უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით, ბანკი უფლებამოსილია, გადახდევინება მიაქციოს კლიენტის (მსესხებლის) ნებისმიერ ქონებაზე (მათ შორის, იმ ქონებაზეც, რომელიც არ წარმოადგენს უზრულველყოფის საგანს)“.

17. 2011 წლის 2 მაისის №2 შეთანხმებით 2007 წლის 27 აგვისტოს №-... საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა ცვლილებები და დამატებები. მოცემული ხელშეკრულების 2.1.1. ქვეპუნქტის თანახმად, 2.1.2 მუხლი – კრედიტის მოქმედების ვადა შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „2.1.2. კრედიტის მოქმედების ვადაა 55 თვე“ (სრულად დაფარვის თარიღი 11/2015წ.); 2.1.2 ქვეპუნქტის თანახმად, 2.1.3 მუხლი (წლიური საპროცენტო სარგებელი) ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „2.1.3 წლიური საპროცენტო სარგებელი 12 %“. 2.1.1. ქვეპუნქტის თანახმად, 2.3. მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 2.3.4. პუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „2.3.4. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის მიერ შესაბამისი იპოთეკური კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული გადასახდელი თანხები ბანკში გადახდილ იქნება ვადაზე ადრე, სრულად ან ნაწილობრივ, კლიენტი გადაიხდის ვადამდე დაფარული თანხის 2%-ს (ნულ პროცენტს), ყოველთვიურად შესატანი თანხის სამმაგი ოდენობით გადახდის შემთხვევაში – 0%-ს, ხოლო კლიენტის მიერ იპოთეკური კრედიტის რეფინანსირების შემთხვევაში, კერძოდ, როცა კრედიტის წინსწრებით დაფარვის წყაროს არ წარმოადგენს პირადი ხელფასი, პრემია, დივიდენდი, მემკვიდრეობით მიღებული შემოსავალი ან/და ნივთის (მოძრავი და უძრავი) და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის მართვისა და განკარგვის შესაბამისად მიღებული შემოსავალი, კლიენტი ვალდებულია, გადაუხადოს ბანკს საკომისიო წინსწრებით (ვადამდე) დაფარული თანხის 7%-ის ოდენობით“.

18. 2007 წლის 27 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ბანკი დაეხმარება კლიენტს და უზრუნველყოფს, რომ ამ უკანასკნელმა გამარტივებული წესით საკუთარი ხარჯით მოიპოვოს მისი ქონების დაზღვევის პოლისი საქართველოში მოქმედი მაღალი რეპუტაციის მქონე სადაზღვევო კომპანიისაგან. მოსარჩელე მხარის მიერ საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში დაიდო ქონების დაზღვევის ხელშეკრულება და ქონების დაზღვევის დაფინანსებისათვის აუცილებელი თანხის საჭიროების გათვალისწინებით მოსარჩელე მხარესა და მოპასუხე მხარეს შორის საბანკო კრედიტის №-... ხელშეკრულების №-... დანართით გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებით დამატებითი შეთანხმება, რომლის საფუძველზე წლიური ტრანშის სახით ხდებოდა სადაზღვევო პრემიის თანხის კრედიტის სახით გაცემა.

19. 2007 წლის 27 აგვისტოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ბანკი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს კლიენტის უმუშევრობით გამოწვეული შემოსავლების დაკარგვის დაზღვევას. კლიენტისაგან დამოუკიდებელი მიზეზით უმუშევრობის დადგომის შემთხვევაში კლიენტი ვალდებულია, წერილობით აცნობოს ამის შესახებ ბანკს, უმუშევრობის დადგომიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა და ბანკს მის მიერ მოთხოვნილი საბუთები წარუდგინოს. ამასთან, კლიენტი ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისაგან განთავისუფლდება მხოლოდ იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ბანკს სადაზღვევო კომპანიისაგან აუნაზღაურდება ამგვარი სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. ამგვარი სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე (ბენეფიციარი) იქნება მხოლოდ ბანკი, ამასთან, კლიენტს უფლება აქვს, ამგვარ დაზღვევაზე უარი თქვას. ხელშეკრულებაში არსებული დათქმის შესაბამისად, უმუშევრობით გამოწვეული შემოსავლების დაკარგვის დაზღვევით სარგებლობა განხორციელდება კლიენტის მიერ ამ ხელშეკრულებაზე თანდართული განაცხადის ფორმის (დანართი №9) შევსების შემთხვევაში. დაზღვევის განხორციელების პირობები მოცემულია ამ ხელშეკრულების №10 დანართში.

20. 2007 წლის 27 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებაში მითითებულია №10 დანართი, რომელიც ეხება უმუშევრობის დაზღვევის პირობებს, იპოთეკური მსესხებლებისათვის კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიასა და მოსარჩელეს შორის არის გაფორმებული. (ს.ფ. 309-314).

21. 2007 წლის 27 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებაში მითითებული №9 დანართი, რომელიც უმუშევრობის დაზღვევას ეხება, მოპასუხეს არ შეუვსია.

22. 2015 წლის 27 მაისის ბრძანების თანახმად, ორგანიზაციის სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტის ექსპერტი – მოპასუხე 2015 წლის 1 ივნისიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

23. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ბანკმა იკისრა საკუთარი ხარჯით კლიენტის უმუშევრობით გამოწვეული შემოსავლების დაკარგვის დაზღვევა და აღნიშნული პირობის ნამდვილობაზე კლიენტის მიერ №9 ფორმის შეუვსებლობა გავლენას ვერ მოახდენს.

24. უპირველესად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება სასამართლოს კომპეტენციაში შედის და მხარის მიერ არასწორი საფუძვლის მითითება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი არ შეიძლება გახდეს. აღნიშნულს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე და 185-ე მუხლების შინაარსიც ადასტურებს, რომელთა ანალიზიც ცხადყოფს, რომ საპროცესო კანონმდებლობა მხარეს არ ავალდებულებს მიუთითოს დავის სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული არ წარმოადგენს ხარვეზის დადგენის საფუძველს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სამართლებრივი საფუძველი სასამართლომ და არა მხარემ უნდა განსაზღვროს. მხოლოდ მხარის მითითება, რომ მეორე მხარეს აქვს მისი ვალი და ითხოვს ამ თანხის დაბრუნებას საკმარისია იმისათვის, რომ სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შესაბამისად განსაზღვროს და მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას სამართლებრივი შეფასება მისცეს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-690-651-2010).

25. კანონმდებელი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს განამტკიცებს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ხელშეკრულება მიიჩნევა მხარეთა ნების დეკლარაციად და ასახავს ხელშემკვრელი მხარეების მიერ წინასწარ შეთანხმებულ პირობებს. მხარეთა შეთანხმების შედეგად მიღებულ დოკუმენტში პირობების/დათქმების დაზუსტება შესაძლებელია ამავე მხარეების შეთანხმების გზით. მოდავე მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების, როგორც სიტყვა-სიტყვითი, ასევე, ლოგიკური განსჯის შედეგად დადგენილია, რომ 2007 წლის 27 აგვისტოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ბანკი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს კლიენტის უმუშევრობით გამოწვეული შემოსავლების დაკარგვის დაზღვევას. კლიენტისაგან დამოუკიდებელი მიზეზით უმუშევრობის დადგომის შემთხვევაში კლიენტი ვალდებულია, წერილობით აცნობოს ამის შესახებ ბანკს, უმუშევრობის დადგომიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა და ბანკს მის მიერ მოთხოვნილი საბუთები წარუდგინოს. ამასთან, კლიენტი ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისაგან გათავისუფლება მხოლოდ იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ბანკს სადაზღვევო კომპანიისაგან აუნაზღაურდება ამგვარი სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. ამგვარი სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე (ბენეფიციარი) იქნება მხოლოდ ბანკი, ამასთან, კლიენტს უფლება აქვს, ამგვარ დაზღვევაზე უარი თქვას. ხელშეკრულებაში არსებული დათქმის შესაბამისად, უმუშევრობით გამოწვეული შემოსავლების დაკარგვის დაზღვევით სარგებლობა განხორციელდება კლიენტის მიერ ამ ხელშეკრულებაზე თანდართული განაცხადის ფორმის (დანართი №9) შევსების შემთხვევაში. დაზღვევის განხორციელების პირობები მოცემულია ამ ხელშეკრულების №10 დანართში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრით სადავოა სწორედ კლიენტის მიერ №9 დანართის შეუვსებლობა და დაზღვევის ვალდებულების წარმოშობა. ცალსახაა, რომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ხსენებული პირობის განმარტების გარეშე, რადგან აშკარაა, რომ სადავო პირობა სხვადასხვანაირად ინტერპრეტირების შესაძლებლობას იძლევა. მაგალითად, რას გულისხმობდა №9 დანართზე ხელმოწერა, იყო თუ არა ის ხელშეკრულების არსებითი პირობა და ძირითად ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ავტომატურად ნიშნავდა თუ არა №9 დანართზე ხელმოწერასაც, ხელშეკრულების რომელი მხარის ნებელობის სფეროში მოქცეულ ქმედებას წარმოადგენდა აღნიშნულ დანართზე ხელმოწერა და ა.შ.

26. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 342-ე მუხლს, რომლითაც ხელშეკრულების სტანდარტული პირობების დეფინიციაა განმტკიცებული, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების სადავო დათქმა სწორედ წინასწარ ჩამოყალიბებულ, მრავალჯერადი გამოყენებისთვის გამიზნულ პირობას წარმოადგენს, რომელსაც ერთი მხარე (ამ შემთხვევაში ბანკი) მეორე მხარეს (ამ შემთხვევაში მოვალეს) უდგენს, აღნიშნული დასტურდება პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული საკრედიტო ექსპერტის ჩვენებითაც, რომლის თანახმად, კლიენტებს საჩუქრად ეძლეოდათ უმუშევრობის დაზღვევა, რომელიც სესხის ხელშეკრულების პერიოდს მოიცავდა. სააპელაციო პალატამ მოწმის ჩვენების გათვალისწინებით ჩათვალა, რომ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის აღნიშნული პირობა სესხის ხელშეკრულებებში გლობალურად არსებობდა და იგი მხარეთა შორის ინდივიდუალური მოლაპარაკების საგანს არ წარმოადგენდა. სადავო დათქმა, როგორც უკვე სასამართლოს მიერ აღინიშნა, მის სხვადასხვა სახით განმარტების საშუალებას იძლევა, რაც მის ბუნდოვანებაზე მიუთითებს, ამავე კოდექსის 345-ე მუხლით კი, სტანდარტული პირობების ბუნდოვანება ყოველთვის მეორე მხარის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

27. რადგან ხელშეკრულების სტანდარტული პირობები ძირითადად კანონით დადგენილი ნორმებისგან განსხვავებული ან მათი შემავსებელი წესების დადგენას ემსახურება, მიიჩნევა, რომ ისინი ხელშეკრულების მხარეებისთვის იმავე ძალის მატარებელია, რაც კანონს გააჩნია. ხელშეკრულების ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, კონტრაჰენტები ვალდებულნი არიან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები განუხრელად დაიცვან და მათ შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად იმოქმედონ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო პირობის განმარტება კანონის ნორმის განმარტების ტექნიკით უნდა განხორციელდეს. ნორმის განმარტებისას მნიშვნელოვანია კანონმდებლის ნებისა და ნორმის მიზნის გამოკვეთა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ბუნდოვანი პირობის განმარტება ნორმის მიზნიდან და მისი დაცვის ობიექტიდან გამომდინარე უნდა განხორციელდეს. ნიშანდობლივია, რომ იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის დაცვის ობიექტს მომხმარებელი წარმოადგენს. შესაბამისად, დაცვის ობიექტის მიზნიდან გამომდინარე, როგორც ლოგიკური, ასევე, სიტყვასიტყვითი მეთოდის გამოყენებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების სადავო პირობა კლიენტის ნებელობას დაქვემდებარებულ ქმედების განხორციელებას არ მოიცავდა, ანუ იმ შემთხვევაში თუ მას ბანკის წარმომადგენელი №9 დანართს ხელმოსაწერად არ გადასცემდა, მას შეეძლო ევარაუდა, რომ ძირითად ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ავტომატურად ნიშნავდა იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის ამოქმედებას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც, მოწმედ დაკითხული საკრედიტო ექსპერტის განმარტებით, დადგინდა, რომ კლიენტებს დაზღვევის შესახებ განმარტება ზეპირსიტყვიერად ეძლეოდათ და სხვა დოკუმენტზე ხელმოწერა არ ხდებოდა.

28. მითითებული ნორმის სხვაგვარი განმარტება მომხმარებლის საწინააღმდეგო შედეგს მოიტანდა, რაც როგორც ეროვნული, ასევე, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით განმტკიცებულ მომხმარებელთა დაცვის პრინციპებს შეეწინააღმდეგებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა ევროკავშირის სამართლებრივი ინსტრუმენტების (დირექტივები, რეგულაციები) საქართველოსთვის არასავალდებულო/სარეკომენდაციო ხასიათი, „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ მნიშვნელობისა და ევროკავშირის მიერ დამკვიდრებული კარგი სტანდარტის იმპელემენტაციის შესახებ საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულების მნიშვნელობიდან გამომდინარე, განსახილველი დავის მიზნებისთვის, მნიშვნელოვნად ჩათვალა მომხმარებელთა დაცვის სფეროში ევროპის კავშირში მოქმედი დირექტივებისა და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიმოხილვა.

29. განსახილველ დავასთან პირდაპირ კავშირშია ევროკავშირის 93/13/EEC დირექტივა უსამართლო სახელშეკრულებო პირობების შესახებ (https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=celex%3A31993L0013).

30. დირექტივით მომხმარებელთა დასაცავად სამი ძირითადი მექანიზმია გათვალისწინებული, 1) როდესაც პირობა ცალსახად არასამართლიანი არაა, თუმცა ორაზროვანია/ბუნდოვანია ან/და მისი შინაარსი საეჭვოა, ასეთი პირობა ყოველთვის მომხმარებელთა სასარგებლოდ უნდა განიმარტოს (5.1 მუხლი), 2) არასამართლიანი სტანდარტული პირობა უპირობოდ ბათილია, იგი დადების მომენტიდან, მომხმარებლისთვის სავალდებულოდ არ ითვლება, აღნიშნული არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მომხმარებელი პირობის ბათილობას არ ითხოვს (მე-6 მუხლი) C-137-08 (49-ე პარაგრაფი) და 3) მომხმარებელს, რომელიც თავს არასამართლიანი პირობის მსხვერპლად გრძნობს, უფლება აქვს, არასამართლიანი პირობებისგან დაცვის ეფექტური სამართლებრივი მექანიზმით ისარგებლოს.

31. გარდა ამისა, სხვადასხვა დროს მიღებულ გადაწყვეტილებებში, C-137-08 (46-ე პარაგრაფი), C-40/08, C-240/98 ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ მიუთითა, რომ მომხმარებელთა დაცვის სისტემა, რომელიც აღნიშნული დირექტივითაა რეგლამენტირებული, ემყარება იდეას, რომ მომხმარებელი მიმწოდებელთან შედარებით „სუსტი მხარეა“ არა მხოლოდ მოლაპარაკების შესაძლებლობის არქონის, არამედ მისი დაბალი ინფორმირებულობის სტანდარტის გამო.

32. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობა მომხმარებლის ინფორმირებულობის სტანდარტთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი საკრედიტო ურთიერთობებთან მიმართებით. ევროპის კავშირის 2008/48/EC ხელშეკრულების „ძლიერ მხარეს“ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მაქსიმალური გამჭირვალობის სტანდარტის უზრუნველყოფის ვალდებულებას აკისრებს. ზემოაღნიშნული სტანდარტების მოცემულ საქმეში იმპლემენტაცია და ბუნდოვანი სტანდარტული პირობის მომხმარებლის სასარგებლოდ განმარტების უპირობო ვალდებულებამ სააპელაციო სასამართლოს შეუქმნა რწმენა, რომ ძირითად ხელშეკრულებაზე ხელმოწერა მომხმარებელს უქმნიდა ვარაუდს, სამსახურიდან იძულებით გათავისუფლების შემთხვევაში დაზღვევის ავტომატურად ამოქმედების შესახებ. №9-დანართის ხელმოწერის ვალდებულების შესახებ მოსარჩელეს ადექვატური და საკმარისი ინფორმაცია არ მიუღია რაც ბანკის მტკიცების ტვირთის ნაკლოვანებაზე მიუთითებს.

33. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპზე. სსსკ-ის 102-ე მუხლი განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სსსკ-ის 105-ე მუხლისა.

34. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომით-სამათლებრივი დავები), მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.

35. მოცემულ შემთხვევაში სწორედ აპელანტი მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა სასამართლოს წინაშე სარწმუნოდ დაედასტურებინა ის ფაქტი, რომ დაზღვევის ასამოქმედებლად №9 დანართზე ხელმოწერის ვალდებულება მხარეს კლიენტის ინფორმირებულობის სტანდარტის სრული დაცვით მიეწოდა, ასევე ის, რომ მოცემული პირობა სტანდარტულ პირობას არ წარმოადგენდა, იგი მომხმარებელთან ინდივიდუალურად იყო შეთანხმებული და, შესაბამისად, მას სხვადასხვა დოკუმენტებზე ხელმოწერის ვალდებულება გაცნობიერებული ჰქონდა. აღნიშნულის დადასტურება კი, აპელანტმა ვერ შეძლო. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქმეში არსებობს მოწმის, საკრედიტო ექსპერტის ჩვენება, რომელიც ადასტურებს, რომ მოდავე მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმების დროს იძულებითი უმუშევრობის შესახებ დაზღვევა კლიენტებს „საჩუქრად“ გადაეცემოდათ, იგი სესხის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდს მოიცავდა და მის ასამოქმედებლად ცალკე დოკუმენტზე ხელმოწერა საჭირო არ იყო. საქმის მასალების სრულმა და ობიექტურმა გამოკვლევამ, ასევე, ეროვნულმა და საერთაშორისო სტანდარტებმა მომხმარებლის დაცვის შესახებ სააპელაციო პალატას შეუქმნა დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივარი კი არ შეიცავს იმგვარ კვალიფიციურ შედავებას სამართლებრივ ან/და ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის წინაპირობებს შექმნიდა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

36. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

37. კასატორის მითითებით, საკრედიტო ხელშეკრულებაში იმპერატიულად დაფიქსირდა, რომ უმუშევრობის დაზღვევა მოქმედებს მხოლოდ მსესხებლის მიერ №9 დანართის შევსების შემთხვევაში, კლიენტს კი შეუძლია, უარი თქვას ამგვარ დაზღვევაზე. დადგენილია, რომ მოპასუხეს არ შეუვსია აღნიშნული დანართი, შესაბამისად, კლიენტმა უარი განაცხადა უმუშევრობის დაზღვევაზე. სააპელაციო პალატა დაეყრდნო მოწმის ჩვენებას, რომელმაც განაცხადა, რომ კლიენტებს დაზღვევა საჩუქრად გადაეცემოდათ, რაშიც არანაირ თანხას არ იხდიდნენ, თუმცა დანართის შევსებით უნდა გამოეხატათ ნება საბანკო პროდუქტი და, ასევე, №10 დანართით განსაზღვრული იქნებოდა დაზღვევის პირობები.

38. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

39. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

40. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

41. 2007 წლის 27 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ №-... ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში მსესხებელს სესხის სახით გადაეცა 35 000 აშშ დოლარი 120 თვის ვადით წლიური 14%-ის დარიცხვით. პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა 0.5%-ს.

42. 2007 წლის 27 აგვისტოს სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მესაკუთრის კუთვნილი უძრავი ქონება დაიტვირთა იპოთეკით.

43. იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ამჟამინდელი მესაკუთრეა მოპასუხე.

44. 2007 წლის 27 აგვისტოს საბანკო კრედიტის №-... ხელშეკრულების ფარგლებში ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმად წლის განმავლობაში ავტომატურად გაცემული თითოეული ტრანშის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 112 აშშ დოლარით, წლიური საპროცენტო სარგებელი – 18%-ით, ხოლო პირგასამტეხლო – ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ით.

45. 2008 წლის 14 თებერვალს მხარეთა შორის დაიდო საბანკო მომსახურების 2007 წლის 27 აგვისტოს ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ ხელშეკრულება.

46. მოცემული ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით საპროცენტო განაკვეთი შემცირდა. 2.3. პუნქტის თანახმად, შეიცვალა 2007 წლის 27 აგვისტოს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების 2 მუხლის 2.1.3 ქვეპუნქტი და შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: „2.1.3. წლიური საპროცენტო სარგებელი: 13,5%1“. საკრედიტო ხელშეკრულების ყველა სხვა პუნქტი უცვლელი დარჩა.

47. 2011 წლის 2 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა 2007 წლის 27 აგვისტოს №-... საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე №1 შეთანხმება. მოცემული ხელშეკრულების 2.1.1. ქვეპუნქტის თანახმად, მე-4 მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 4.1.15 პუნქტი: „თუკი სხვაგვარად არ იქნა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული შესაბამის უზრუნველყოფის ხელშეკრულებაში, თუ უზრუნველყოფის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული უზრუნველყოფის საგანი ან უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით, ბანკი უფლებამოსილია, გადახდევინება მიაქციოს კლიენტის (მსესხებლის) ნებისმიერ ქონებაზე (მათ შორის, იმ ქონებაზეც, რომელიც არ წარმოადგენს უზრულველყოფის საგანს)“.

48. 2011 წლის 2 მაისის №2 შეთანხმებით 2007 წლის 27 აგვისტოს №-... საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა ცვლილებები და დამატებები. მოცემული ხელშეკრულების 2.1.1. ქვეპუნქტის თანახმად, 2.1.2 მუხლი – კრედიტის მოქმედების ვადა შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „2.1.2. კრედიტის მოქმედების ვადაა 55 თვე“ (სრულად დაფარვის თარიღი 11/2015წ.); 2.1.2 ქვეპუნქტის თანახმად, 2.1.3 მუხლი (წლიური საპროცენტო სარგებელი) ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „2.1.3 წლიური საპროცენტო სარგებელი 12 %“. 2.1.1. ქვეპუნქტის თანახმად, 2.3. მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 2.3.4. პუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „2.3.4. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის მიერ შესაბამისი იპოთეკური კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული გადასახდელი თანხები ბანკში გადახდილ იქნება ვადაზე ადრე, სრულად ან ნაწილობრივ, კლიენტი გადაიხდის ვადამდე დაფარული თანხის 2%-ს (ნულ პროცენტს), ყოველთვიურად შესატანი თანხის სამმაგი ოდენობით გადახდის შემთხვევაში – 0%-ს, ხოლო კლიენტის მიერ იპოთეკური კრედიტის რეფინანსირების შემთხვევაში, კერძოდ, როცა კრედიტის წინსწრებით დაფარვის წყაროს არ წარმოადგენს პირადი ხელფასი, პრემია, დივიდენდი, მემკვიდრეობით მიღებული შემოსავალი ან/და ნივთის (მოძრავი და უძრავი) და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის მართვისა და განკარგვის შესაბამისად მიღებული შემოსავალი, კლიენტი ვალდებულია, გადაუხადოს ბანკს საკომისიო წინსწრებით (ვადამდე) დაფარული თანხის 7%-ის ოდენობით“.

49. 2007 წლის 27 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ბანკი დაეხმარება კლიენტს და უზრუნველყოფს, რომ ამ უკანასკნელმა გამარტივებული წესით საკუთარი ხარჯით მოიპოვოს მისი ქონების დაზღვევის პოლისი საქართველოში მოქმედი მაღალი რეპუტაციის მქონე სადაზღვევო კომპანიისაგან. მოსარჩელე მხარის მიერ საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში დაიდო ქონების დაზღვევის ხელშეკრულება და ქონების დაზღვევის დაფინანსებისათვის აუცილებელი თანხის საჭიროების გათვალისწინებით მოსარჩელე მხარესა და მოპასუხე მხარეს შორის საბანკო კრედიტის №-... ხელშეკრულების №-... დანართით გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებით დამატებითი შეთანხმება, რომლის საფუძველზე წლიური ტრანშის სახით ხდებოდა სადაზღვევო პრემიის თანხის კრედიტის სახით გაცემა.

50. 2007 წლის 27 აგვისტოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ბანკი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს კლიენტის უმუშევრობით გამოწვეული შემოსავლების დაკარგვის დაზღვევას. კლიენტისაგან დამოუკიდებელი მიზეზით უმუშევრობის დადგომის შემთხვევაში კლიენტი ვალდებულია, წერილობით აცნობოს ამის შესახებ ბანკს, უმუშევრობის დადგომიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა და ბანკს მის მიერ მოთხოვნილი საბუთები წარუდგინოს. ამასთან, კლიენტი ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისაგან განთავისუფლდება მხოლოდ იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ბანკს სადაზღვევო კომპანიისაგან აუნაზღაურდება ამგვარი სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. ამგვარი სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე (ბენეფიციარი) იქნება მხოლოდ ბანკი, ამასთან, კლიენტს უფლება აქვს, ამგვარ დაზღვევაზე უარი თქვას. ხელშეკრულებაში არსებული დათქმის შესაბამისად, უმუშევრობით გამოწვეული შემოსავლების დაკარგვის დაზღვევით სარგებლობა განხორციელდება კლიენტის მიერ ამ ხელშეკრულებაზე თანდართული განაცხადის ფორმის (დანართი №9) შევსების შემთხვევაში. დაზღვევის განხორციელების პირობები მოცემულია ამ ხელშეკრულების №10 დანართში.

51. 2007 წლის 27 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებაში მითითებულია №10 დანართი, რომელიც ეხება უმუშევრობის დაზღვევის პირობებს, იპოთეკური მსესხებლებისათვის კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიასა და მოსარჩელეს შორის არის გაფორმებული.

52. 2007 წლის 27 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებაში მითითებული №9 დანართი, რომელიც უმუშევრობის დაზღვევას ეხება, მოპასუხეს არ შეუვსია.

53. 2015 წლის 27 მაისის ბრძანების თანახმად, ორგანიზაციის სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტის ექსპერტი – მოპასუხე 2015 წლის 1 ივნისიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

54. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ბანკმა იკისრა საკუთარი ხარჯით კლიენტის უმუშევრობით გამოწვეული შემოსავლების დაკარგვის დაზღვევა.

55. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ განმარტა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებაში იმპერატიულად დაფიქსირდა, რომ უმუშევრობის დაზღვევა მოქმედებს მხოლოდ მსესხებლის მიერ №9 დანართის შევსების შემთხვევაში, კლიენტს კი შეუძლია, უარი თქვას ამგვარ დაზღვევაზე. დადგენილია, რომ მოპასუხეს არ შეუვსია აღნიშნული დანართი, შესაბამისად, კლიენტმა უარი განაცხადა უმუშევრობის დაზღვევაზე.

56. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

57. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

58. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების პირობების სტანდარტულ პირობებად მიჩნევის სავალდებულო ნიშნებია: 1. სტანდარტული პირობები არის სახელშეკრულებო პირობები; 2. სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული პირობები; 3. სტანდარტული პირობები არის მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები; 4. სტანდარტულ პირობებს ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს; 5. სტანდარტული პირობებით უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ამ მათი შემვსები წესების დადგენა (იხ. სუსგ 10.09.2012წ. საქმე №ას-755-811-2011).

59. მოცემულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, შეიცავდა თუ არა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების სადავო პირობები სტანდარტულ პირობებად მიჩნევისათვის სავალდებულო ნიშნებს, მათ შორის, სადავო პირობები იყო თუ არა მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული, იგივე პირობებს სთავაზობდა თუ არა მხარე სხვა მომხმარებლებსაც.

60. სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

61. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

62. წინამდებარე დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია იმ საკითხის გარკვევა, წარმოადგენდა თუ არა მოპასუხის მიერ მისგან დამოუკიდებელი მიზეზით სამუშაოს დაკარგვის შემთხვევაში ბანკის მიმართ არსებული ვალდებულების დაზღვევის პირობა ხელშეკრულების სტანდარტულ პირობას.

63. კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით ვერ უარყო გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი გარემოება, რომ საქმეში არსებული მოწმის – საკრედიტო ექსპერტის ჩვენებით დადასტურდა, რომ მოდავე მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმების დროს იძულებითი უმუშევრობის შესახებ დაზღვევა კლიენტებს „საჩუქრად“ გადაეცემოდათ, იგი სესხის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდს მოიცავდა და მის ასამოქმედებლად ცალკე დოკუმენტზე ხელმოწერა საჭირო არ იყო (იხ. წინამდებარე განჩინების პ. 35).

64. მხარეთა შორის საკრედიტო ურთიერთობის წარმოშობის პერიოდში სადავო პირობა სესხის ხელშეკრულებებში სისტემატიურად ფიქსირდებოდა და იგი მხარეთა შორის ინდივიდუალური მოლაპარაკების საგანს არ წარმოადგენდა.

65. ამავდროულად, დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ ხელშეკრულების სადავო სტანდარტული პირობის გარკვეულწილად ორაზროვანი შინაარსი იძლევა სსკ-ის 345-ე მუხლის გამოყენებისა და ბუნდოვანი პირობის მეორე მხარის სასარგებლოდ განმარტების საფუძველს.

66. სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია და კასატორმა რელევანტური საწინააღმდეგო არგუმენტები ვერ წარადგინა იმ მსჯელობის გასაქარწყლებლად, რომ თუ მოპასუხეს ბანკის წარმომადგენელი №9 დანართს ხელმოსაწერად არ გადასცემდა, მას შეეძლო ევარაუდა, რომ ძირითად ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ავტომატურად ნიშნავდა იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის ამოქმედებას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც, მოწმედ დაკითხული საკრედიტო ექსპერტის განმარტებით, დადგინდა, რომ კლიენტებს დაზღვევის შესახებ განმარტება ზეპირსიტყვიერად ეძლეოდათ და სხვა დოკუმენტზე ხელმოწერა არ ხდებოდა.

67. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

68. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

69. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

70. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

71. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

72. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2019 წლის 05/02/2019 წ. №-- საგადახდო დავალებით გადახდილი 711 ლარის 70% – 497,7 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „ს-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2019 წლის 05/02/2019 წ. №-- საგადახდო დავალებით გადახდილი 711 ლარის 70% – 497,7 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი