საქმე № 820210018002370133
საქმე №ას-1885-2018 7 მარტი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ზ. დ-ე, ე. დ-ე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ნ. გ-მა (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. დ-ისა (შემდგომში − „პირველი მოპასუხე“) და ე. დ-ის (შემდგომში − „მეორე მოპასუხე“) (შემდგომში ერთობლივად − „მოპასუხეები“, „აპელანტები“ ან „კერძო საჩივრის ავტორები“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
2. პირველმა მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, ხოლო მეორე მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.
3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ს. (ს/კ: 2-...), მოპასუხეებისა და მათი ოჯახის წევრების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.
4. რაიონული სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საჩივარი.
5. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხეების განცხადება ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების შესახებ დარჩა განუხილველი. მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.
8. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად. ხარვეზის შევსების მიზნით აპელანტებს დაევალათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 160 ლარის ოდენობით და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სააპელაციო სასამართლოში წარდგენა. აპელანტებს ასევე დაევალათ წარედგინათ ნაბეჭდი სახით შესრულებული სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია CD დისკის სახით. ხარვეზის შესავსებად აპელანტებს განესაზღვრათ 7-დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან.
9. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ასევე, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტებს გაეგზავნათ მათ მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა პირველ მოპასუხეს, 2018 წლის 13 სექტემბერს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა დამთავრდა 2018 წლის 20 სექტემბერს (ხუთშაბათს), 24:00 საათზე. აპელანტებმა კი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების შესახებ განცხადება სააპელაციო პალატაში 2018 წლის 21 სექტემბერს წარადგინეს, სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის დარღვევით - მე-8 დღეს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი იყო დაუშვებელი და უნდა დარჩენილიყო განუხილველი.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
11. კერძო საჩივრის ავტორებმა მიუთითეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
11.1. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აპელანტები ცდილობდნენ საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვას სააპელაციო სასამართლოში და მოუსპო მათ თავიანთი ინტერესების მინიმუმ ორი ინსტანციის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას;
11.2. აპელანტებს სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ დაურღვევიათ და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადის გაგრძელების შესახებ განცხადება საფოსტო განყოფილებას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ჩააბარეს.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
15. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზიას, რომ მათ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ დაურღვევიათ და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადის გაგრძელების შესახებ განცხადება საფოსტო განყოფილებას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ჩააბარეს.
16. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და ხარვეზის შესავსებად აპელანტებს განესაზღვრათ 7-დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. ამასთან, აპელანტებს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში მათი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი (იხ. ტ. 1. ს.ფ. 119-120).
17. დადგენილია ასევე, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტებს გაეგზავნათ მათ მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2018 წლის 13 სექტემბერს პირადად ჩაბარდა პირველ მოპასუხეს, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს მეორე მოპასუხის ოჯახის წევრს (შვილი), სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით (იხ. ტ. 1. ს.ფ. 122).
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
19. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ აპელანტებისათვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი 7-დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების მათთვის ჩაბარების მომდევნო დღეს - 2018 წლის 14 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 20 სექტემბერს, ხოლო ვინაიდან აპელანტებმა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების შესახებ განცხადება სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს 2018 წლის 21 სექტემბერს (ფოსტით გაგზავნის თარიღი) (იხ. ტ. 1. ს.ფ. 123-124), ანუ ერთი დღის დაგვიანებით, არსებობდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, მათი განცხადებისა და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
20. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორების შედავებას, რომ სააპელაციო პალატამ მათ მოუსპო თავიანთი ინტერესების მინიმუმ ორი ინსტანციის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობა, რითაც დაარღვია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მესამე ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).
22. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად აპელანტების სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ზ. და ე. დ-ეების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე