№ ას-241-2019 25 აპრილი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. კ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ზესტაფონის რაიონის სოფელ ც-ში მდებარე უძრავი ნივთი (ს/კ: №3-...) (შემდგომში − „სადავო უძრავი ქონება“) საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია თ. კ-ის (შემდგომში − „მოსარჩელე“) საკუთრებად. სადავო უძრავ ქონებას მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ფლობს ნ. მ–ი (შემდგომში − „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“).
2. 2018 წლის 21 მაისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ, მოითხოვა მოპასუხისათვის სადავო უძრავი ქონების დაცლის დავალება და უძრავი ქონების თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
4. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაევალა სადავო უძრავი ქონების დაცლა და თავისუფალ მდგომარეობაში მისი მოსარჩელისათვის გადაცემა.
5. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ფაქტები და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა იმ საკითხის გარკვევა, გააჩნდა თუ არა მოპასუხეს მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული სადავო უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის უფლება და არსებობდა თუ არა რეგისტრირებული მესაკუთრის ვინდიკაციური მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება.
8. სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხემ სადავო უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობის დასადასტურებლად მიუთითა, რომ სადავო უძრავი ქონება, მათი ქორწინების დროისათვის, მისი ყოფილი მეუღლის − ლ. გ-ის კუთვნილება იყო, რომელშიც ქორწინებიდან დღემდე შვილებთან ერთად ცხოვრობს მოპასუხე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მიუხედავად ასეთი მითითებისა, მოპასუხეს სასამართლოსთვის რაიმე სახის მტკიცებულება, რაც გამორიცხავდა სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების ნამდვილობას, არ წარუდგენია.
9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში სადავო სახლში ცხოვრების ფაქტი მოპასუხეს ვერ აქცევდა სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლით გათვალისწინებულ მართლზომიერ მფლობელად, ვინაიდან, ამ ქონებაზე უფლება სამართლებრივად დაკარგული ჰქონდა და მისი დაკავების უფლება აღარ გააჩნდა. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლების თანახმად, მოსარჩელის სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე იყო საფუძვლიანი, რაც გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
11. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
11.1. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სადავო უძრავ ქონებაში ცხოვრებენ არასრულწლოვანი ბავშვები, მათი ოჯახი არის სოციალურად დაუცველი და არ გააჩნიათ სხვა თავშესაფარი. მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო მოპასუხეს არ შეუძლია თავისი ოჯახის სხვა თავშესაფრით უზრუნველყოფა;
11.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. სააპელაციო საჩივრით მოთხოვნილი იყო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების არა მხოლოდ ფაქტობრივი, არამედ სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებაც. არ არსებობს მოპასუხის წერილობითი თანხმობა ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვის თაობაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად;
11.3. მართალია, საკუთრების უფლება განსაკუთრებული უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკუთრების უფლების გამოყენებას არ ახლავს შეზღუდვები. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი კრძალავს უფლების ბოროტად გამოყენებას. ეს აზრი კიდევ უფრო მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლში. საკუთრების უფლების დაცვა არ შეიძლება გადაიზარდოს უფლების ბოროტად გამოყენებაში. მოსარჩელის მოთხოვნა კი სწორედ უფლების ბოროტად გამოყენებას წარმოადგენს, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოპასუხეს და მის არასრულწლოვან შვილებს მიადგებათ ზიანი. ისინი რჩებიან თავშესაფრის გარეშე და საფრთხის ქვეშ დგება მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
20. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
21. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ.1. ს.ფ. 13-14), რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ კასატორი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს.
22. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
23. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.
24. საკასაციო საჩივრის ავტორის მითითება, რომ მის ოჯახს სადავო უძრავი ქონების გარდა სხვა თავშესაფარი არ გააჩნია, იმ პირობებში, როდესაც იგი ვერ ადასტურებს სადავო ნივთის მართლზომიერად ფლობის ფაქტს, ვერ მიიჩნევა იმგვარ საკასაციო შედავებად, რაც სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას - მოსარჩელის მიერ სადავო უძრავი ქონების საკუთრების უფლებით ფლობის ფაქტს გააქარწყლებდა.
25. საკასაციო საჩივარში კასატორი უთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის მეორე ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მისი სააპელაციო საჩივრით მოთხოვნილი იყო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების არა მხოლოდ ფაქტობრივი, არამედ სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებაც, თუმცა მიუხედავად მისი წერილობითი თანხმობის არარსებობისა, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.
26. საკასაციო პალატა კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქმის განხილვის ფორმას ადგენს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა და, რიგ შემთხვევაში, ზეპირი ფორმით პროცესის ჩანიშვნისა თუ ზეპირი მოსმენის გარეშე დავის გადაწყვეტის არჩევანს სასამართლოს შეხედულებას მიანდობს. ამგვარი შინაარსის დებულებას ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლი. ამასთან, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასთან დაკავშირებული დავების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესაძლებლობას ეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის არა მეორე, არამედ მესამე ნაწილი.
27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს, რომ, თუ სააპელაციო საჩივარი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) არა მარტო სამართლებრივი თვალსაზრისით, არამედ მისი ფაქტობრივი საფუძვლიანობის შემოწმებას, მაგრამ აპელანტის მიერ არ არის წარმოდგენილი ახალი ფაქტები და მტკიცებულებები ან წარმოდგენილია ამ კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დაუშვებელი ახალი ფაქტები და მტკიცებულებები, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია მხარეთა წერილობითი თანხმობით განიხილოს საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. თუმცა აღნიშნული ნორმის მესამე ნაწილი აკონკრეტებს, რომ გარკვეული კატეგორიის დავები, მათ შორის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასთან დაკავშირებული დავები, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის მესამე ნაწილით მსგავსი კატეგორიის დავების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისათვის მხარეთა წერილობითი თანხმობის აუცილებლობა გათვალისწინებული არ არის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, აგრეთვე თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. ამდენად, რადგან მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა წარმოადგენს, დაუსაბუთებულია საკასაციო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნული პრეტენზია.
28. რაც შეეხება კასატორის მითითებას მოსარჩელის მიერ უფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკუთრების მარეგულირებელი სანივთოსამართლებრივი ნორმები აზუსტებს საკუთრებით ბოროტად სარგებლობის ინსტიტუტს. ამგვარად განიხილება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. მოცემულ შემთხვევაში იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შედეგად მოსარჩელეს სრული შესაძლებლობა ექნება, თავისუფლად ისარგებლოს საკუთარი ქონებით, მისი მოთხოვნა არ შეიძლება განხილულ იქნეს უფლების ბოროტად გამოყენებად, ვინაიდან თავად კასატორის ქმედება (სადავო უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობა) წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგოს.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
30. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.
32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ. მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე