საქმე №ას-9-2019 17 აპრილი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შსს აჭარის არ პ.დ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - დ.დ. (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. დ.დ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) 2016 წლის 24 იანვრის მდგომარეობით დასაქმებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სამინისტრო) აჭარის ა/რ პ.დ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან პ.დ–ი) ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე.
2. 2016 წლის 24 იანვარს მოპასუხე მართავდა პ.დ–ის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანას - “MITSUBISHI PAJERO 3000 V6”-ს სახელმწიფო სანომრე ნიშნით - .... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ავტომანქანა ან ავტომობილი).
3. სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც გენერალური ინსპექცია) 2016 წლის 24 იანვარს პ.დ–იდან წარდგენილ იქნა #173548 ცნობა, ამავე დეპარტამენტზე რიცხული ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე, რის საფუძველზეც დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება.
4. გენერალურმა ინსპექციამ დაადგინა, რომ 2016 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 19:30 საათზე, მოპასუხე სამსახურებრივი ავტომანქანით მოძრაობდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 91-ე კილომეტრზე, რა დროსაც მან ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა ბორდიურს, რის შედეგადაც დაზიანდა ხსენებული ავტომანქანა.
5. 2016 წლის 24 იანვარს მოპასუხის მიმართ კანონით დადგენილი წესით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი #ეთ 925483, რომლის მიხედვით, ეს უკანასკნელი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ პირად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის (სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების დაზიანება) და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 250 ლარი. მოპასუხეს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისა და დაჯარიმების შესახებ მითითებული აქტი სადავოდ არ გაუხდია. მან დაკისრებული ჯარიმა დადგენილ ვადაში გადაიხადა.
6. გენერალურმა ინსპექციამ დაადგინა, რომ მოპასუხემ ჩაიდინა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომა, რაც გულისხმობს სამსახურებრივი მოვალეობებისადმი არაჯეროვან დამოკიდებულებას და ქონებრივი ზიანის მიყენებას, რაც მოპასუხის მხრიდან გამოიხატა სამსახურებრივი ავტომანქანისადმი დაუდევარ მოპყრობაში, რასაც შედეგად მოჰყვა მისი დაზიანება და რითაც სამინისტროს ქონებრივი ზიანი მიადგა. ინსპექციის დასკვნით, ავტომანქანის დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით მისი აღდგენა ან ჩამოწერა დადგენილი წესით მოპასუხის ხარჯებით უნდა მომხდარიყო.
7. სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომისათვის, ამავე წესდების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, მოპასუხის მიმართ, დისციპლინური სახდელის ნაცვლად გამოყენებულ იქნა სარეკომენდაციო ბარათი.
8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ექსპერტიზის ბიური) 2017 წლის 3 ივლისის სატრანსპორტო ტექნიკურ - ტრასოლოგიური ექსპერტიზის #003767517 დასკვნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ტრასოლოგიური დასკვნა ან პირველი ექსპერტიზის დასკვნა) მიხედვით, საექსპერტო კვლევის საგანი - 2007 წელს დამზადებული ავტომანქანა „მიცუბიში“ წარსულშიც იყო ავტო-საგზაო შემთხვევის მონაწილე და მისი აღდგენა განხორციელებული იყო არაქარხნული ანუ კუსტარული წესით. ამავე დასკვნის მიხედვით, ავტომანქანის აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით, მასზე არსებული დაზიანებისა და დეფორმაციების გათვალისწინებით ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ იყო.
9. ექსპერტიზის ბიუროს 2017 წლის 6 ივლისის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ექსპერტიზის დასკვნა, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა ან მეორე ექსპერტიზის დასკვნა) მიხედვით, დაზიანებამდე ავტომანქანის ღირებულება საორიენტაციოდ 17285.80, ხოლო ავტომანქანის ნარჩენი საბაზრო ღირებულება მასზე განვითარებული დაზიანებებისა და დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით საორიენტაციოდ - 9136.78 ლარი იყო, რისი გათვალისწინებითაც ავტომობილზე მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა მთლიანობაში 8149.02 (17285.80 - 9136.78 = 8149.02) ლარს შეადგენს.
10. 2016 წლის 7 აპრილს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, ზიანის - 24 500 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში აღწერილ ფაქტებზე მითითებით განმარტა, რომ მოპასუხემ 2016 წლის 24 იანვარს, სამსახურებრივი ავტომანქანით მოძრაობისას, ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა და ავტოსაგზაო შემთხვევისას პ.დ–ის სახელზე რიცხული ავტომანქანა დააზიანა. მოპასუხის ბრალეული ქმედების შედეგად ავტომანქანის დაზიანებით მოსარჩელისათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 24 500 ლარი, რომლის ანაზღაურებაც მოპასუხეს უნდა დაჰკისრებოდა.
11. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში მას ბრალი არ მიუძღვოდა. მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც მოპასუხის ბრალეული ქმედების შედეგად ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების ფაქტს დაადასტურებდა. გარდა ამისა, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის ოდენობა, დაზიანებული ავტომანქანის დამზადების/გამოშვების თარიღის, ექსპლუატაციაში ყოფნის ხანგრძლივობისა და პირობების გათვალისწინებით.
12. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 8 149.02 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 316-ე-317-ე, 992-ე და 408.1 მუხლები გამოიყენა.
13. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
14.1. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად, სწორად მიიჩნია დადგენილად მოპასუხის ბრალეული ქმედების შედეგად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისას, სატრანსპორტო საშუალების დაზიანების ფაქტი, რამაც მოსარჩელეს 8149.02 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა;
14.2. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და სწორად შეაფასა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა. მან ასევე სწორად მიიჩნია, რომ დასკვნის გაცემისას და ავტომანქანის ღირებულების განსაზღვრისას, საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა სამსახურმა შეფასების მიღმა დატოვა 2016 წლის 24 იანვრის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამდე ავტომანქანაზე არსებული არაერთი მექანიკური დაზიანების ფაქტი, რაც საბაზრო ღირებულების განსასაზღვრად მნიშვნელოვან ობიექტურ ფაქტორს წარმოადგენდა. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანი შეუსაბამო და დაუსაბუთებელი იყო, რაც გამორიცხავდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას;
14.3. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, ავტომობილის საბაზრო ღირებულება, მისი დამზადების წლის, ექსპლუატაციაში ყოფნის პირობებისა და ხანგრძლივობის, მსგავსი ტექნიკურად გამართული ავტომობილის დღევანდელი საბაზრო ღირებულების, საავტომობილო ბაზრობებსა და ინტერნეტ გვერდებზე მოპოვებული ინფორმაციის, ასევე, ექსპერტის ხელთ არსებული ინფორმაციის გათვალისწინებითა და შეჯერებით დაზიანებამდე საორიენტაციოდ 7 000 აშშ დოლარს - 17285.80 ლარს შეადგენდა. ხოლო ავტომანქანის ნარჩენი საბაზრო ღირებულება მისი დაზიანებებისა და დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით საორიენტაციოდ 3700 აშშ დოლარი - 9136.78 ლარია. შესაბამისად, პ.დ–ისათვის მიყენებულმა მატერიალური ზიანის ოდენობამ მთლიანობაში 17285.80 - 9136.78 = 8149.02 ლარი შეადგინა.
15. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :
15.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ დაასკვნეს, რომ პ.დ–ს თავის ბალანსზე რიცხული ავტომანქანის დაზიანების შედეგად მიადგა არა 24 500, არამედ 8149,02 ლარის მატერიალური ზიანი;
15.2. სააპელაციო პალატამ არ გამოიკვლია ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ის გარემოება, რომ ავტომანქანის საბაზრო ღირებულება, მისი ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით, საორიენტაციოდ 17 285.80 ლარს შეადგენდა.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
18.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
19. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 59.1 (პოლიციელი და სამინისტროს სხვა მოსამსახურე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და დანაშაულის ჩადენისათვის პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) ასევე, სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
19.1. კასატორის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს ზიანის მოცულობა.
19.2. სსკ-ის 992-ე მუხლის მიხედვით, განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება (შდრ. სუსგ №ას-72-72-2018, 15.02.2018).
19.3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც არსებობდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ დადგებოდა რომ არა ვალდებულების დარღვევა. აღნიშნული მუხლის თანახმად, ზიანის გამომწვევმა პირმა უნდა აღადგინოს ის თავდაპირველი მდგომარეობა, რომელიც ზიანის გამომწვევი მოვლენის გარეშე იარსებებდა. ნატურით რესტიტუციის დამაბრკოლებელ გარემოებას პირველადი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობა წარმოადგენს (სსკ-ის 409 მუხლი). ამდენად, კანონმდებელი ზიანის მიმყენებლის მიერ ზიანის ნატურით რესტიტუციის პრინციპს უპირატესობას ანიჭებს, კერძოდ, დაზარალებულს არ აქვს უფლება ზიანის მიმყენებელს ნატურით რესტიტუციის ნაცვლად, ფულადი ანაზღაურება მოსთხოვოს, თუ რესტიტუცია შესაძლებელია და ის არათანაზომიერად დიდ დანახარჯს არ მოითხოვს (შდრ. სუსგ ას-98-93-2010, 8 ივნისი, 2010 წელი).
19.4. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევისას, პ.დ–ის ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაზიანდა; ექსპერტიზის ბიუროს ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ავტომანქანის აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით, მასზე არსებული დაზიანებისა და დეფორმაციების გათვალისწინებით ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის; სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი, დადგენილია, რომ დაზიანებამდე ავტომანქანის ღირებულება საორიენტაციოდ 17285.80 ლარს შეადგენდა, ხოლო ამჟამინდელი მდგომარეობით, ავტომანქანის ნარჩენი საბაზრო ღირებულება დაზიანებებისა და დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით საორიენტაციოდ - 9136.78 ლარია, რისი გათვალისწინებითაც ავტომობილზე მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა მთლიანობაში 8149.02 (17285.80 - 9136.78 = 8149.02) ლარს შეადგენს. ამრიგად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი თანხა არა 8149.02, არამედ 24 500 ლარით უნდა განსაზღვრულიყო.
19.5. საკასაციო პალატას, კასატორის პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია ექპსერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოება, იმის თაობაზე, რომ ავტომანქანის საბაზრო ღირებულება მისი ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით, საორიენტაციოდ 17 285.80 ლარს შეადგენდა, წინამდებარე განჩინების 19.4. პუნქტში ასახული მსჯელობიდან გამომდინარე, დაუსაბუთებლად მიაჩნია.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგანაც სახეზეა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არამართლზომიერ ქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებლის ბრალი, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას და თვლის, რომ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, ზიანის სახით - 8149.02 ლარის ანაზღაურება მართებულად დაეკისრა.
21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
22. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
24. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, კანონის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შსს აჭარის არ პ.დ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი