Facebook Twitter

საქმე №ას-474-2019 30 აპრილი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

I საკასაციო საჩივრის ავტორი – ვ. ტ-ე (მოპასუხე)

II საკასაციო საჩივრის ავტორი – კ. კ-ე (მოპასუხე)

III საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. მ–ი (მოპასუხე)

IV საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ. თ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ-ი“ (მოსარჩელე)

მოპასუხე - დ. ა-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, კასატორების სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება ან საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

სს „კ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ა-ის, ქ. თ-ის, ნ. მ–ის, ვ. ტ-ის და კ. კ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განჩინებით დ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს მიერ 2019 წლის 27 თებერვალს მიღებულ იქნა დამატებითი განჩინება, რომლითაც ქ. თ-ის, ნ. მ–ის, ვ. ტ-ის და კ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განჩინებაზე ვ. ტ-ემ, კ. კ-ემ, ნ. მ–მა და ქ. თ-ემ წარადგინეს საკასაციო საჩივრები და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, მათი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება ან საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან ათი დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამავე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განჩინებით დ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.

ამავე სასამართლოს მიერ 2019 წლის 27 თებერვალს მიღებულ იქნა დამატებითი განჩინება, რომლითაც ქ. თ-ის, ნ. მ–ის, ვ. ტ-ის და კ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება. დამატებითი განჩინების მიღების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ თავის 2019 წლის 16 იანვრის განჩინების სამოტივაციო ნაწილში იმსჯელა დ. ა-ის, ქ. თ-ის, ნ. მ–ის, ვ. ტ-ის და კ. კ-ის სააპელაციო საჩივარზე, თუმცა განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ასახული იქნა მხოლოდ დ. ა-ის სააპელაციო მოთხოვნასთან დაკავშირებული შედეგი, ხოლო დანარჩენი აპელანტების მიმართ გადაწყვეტილება არ მიღებულა. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის დამატებითი განჩინება წარმოადგენს ამავე სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განჩინების შემადგენელ ნაწილს. გამომდინარე აქედან, კასატორებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განჩინება უნდა გაესაჩივრებინათ ამავე სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის დამატებით განჩინებასთან ერთად.

დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის დამატებითი განჩინების სარეზოლუციო ნაწილში სასამართლომ მიუთითა განჩინების გასაჩივრების წესსა და ვადაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის დამატებითი განჩინების ასლები ქ. თ-ეს, ვ. ტ-ეს, ნ. მ–ს და კ. კ-ეს გაეგზავნათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, 2019 წლის 11 მარტს სააპელაციო საჩივარში მათ მიერ მითითებულ მისამართებზე. საქმეში წარმოდგენილი შეტყობინებებით დგინდება, რომ ქ. თ-ის და ვ. ტ-ის სახელზე გაგზავნილი გზავნილები 2019 წლის 12 მარტს ჩაიბარა ოჯახის ნათესავმა დ. ა-ემ ადრესატისათვის გადასაცემად (ტ. 2, ს.ფ. 285-286), ნ. მ–ის სახელზე გაგზავნილი გზავნილი ჩაიბარა ადრესატის დედამ - მ. მ–მა 2019 წლის 12 მარტს ნ. მ–ისათვის გადასაცემად (ტ. 2, ს.ფ. 288).

რაც შეეხება კ. კ-ეს, მან უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე, რაც დასტურება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კურიერების მიერ 2019 წლის 12 მარტს შედგენილი აქტით (ტ. 2, ს.ფ. 297).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.

ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს რომ, კ. კ-ის უარი სასამართლო გზავნილის ჩაბარებაზე მიჩნეულ უნდა იქნას განჩინების ადრესატისათვის ჩაბარებად კურიერის ვიზიტის დღეს - 2019 წლის 12 მარტს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის დამატებითი განჩინება გასაჩივრების უფლების მქონე მხარეებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდათ 2019 წლის 12 მარტს, მათთვის განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღეს 2019 წლის 13 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 2 აპრილს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორებმა საკასაციო საჩივრები სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს 2019 წლის 10 აპრილს (იხ. ტ. 2 ს.ფ. 311-346), ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კასატორებმა დაარღვიეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის დამატებითი განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების ვადა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განჩინების კანონიერება კასატორების მოთხოვნის ნაწილში შეუძლებელია შემოწმდეს 2019 წლის 27 თებერვლის განჩინებისაგან დამოუკიდებლად, საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ვ. ტ-ის, კ. კ-ის, ნ. მ–ის და ქ. თ-ის საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნ. ბაქაქური