Facebook Twitter

საქმე №ას-65-2019 15 მარტი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ო.ხ. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ს.ხ., ე.ხ. (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარება

საკითხი რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. დ.ხ–ს (შემდეგში: მოსარჩელის მამა, პირველი მოპასუხის მამამთილი, მამკვიდრებელი) ოთხი შვილი ჰყავდა: ო.ხ. (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი), გ.ხ. (შემდეგში: მოსარჩელის ძმა, პირველი მოპასუხის მეუღლე), რ.ხ. (შემდეგში: მოსარჩელის მეორე ძმა) და ს.ხ. (შემდეგში: მოსარჩელის მესამე ძმა) (იხ. გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ. 132).

2. მოსარჩელის მამა, 1976 წლის 23 ოქტომბერს გარდაიცვალა, მისი მეუღლე - 1978 წლის 6 დეკემბერს, ძმა - 1992 წელს, მეორე ძმა - 1979 წლის 27 ოქტომბერს, ხოლო მესამე ძმა - 2000 წლის 22 დეკემბერს (იხ. ტ.1, ს.ფ. 41-44; იხ. გადაწყვეტილება ტ. 2, ს.ფ. 132).

3. მამკვიდრებლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო ქ. თბილისი, .....(ტ.1, ს.ფ. 16).

4. მამკვიდრებლის სახელზე, ტექნიკური აღრიცხვის მონაცემებით, წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული უძრავი ქონება აღრიცხული არ არის (ტ.1, ს.ფ. 15).

5. ს.ხ–ს (შემდეგში: პირველი მოპასუხე, მოსარჩელის ძმის მეუღლე), 1993 წლის 1 აპრილის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული უძრავი ქონება, უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცა, მან კი, 2012 წლის 24 მაისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთარ შვილს - ე.ხ–ს (შემდეგში: მეორე მოპასუხე, პირველი მოპასუხის შვილი, მოსარჩელის ძმისშვილი) აჩუქა (იხ. ტ.1, ს.ფ. 33-34, 36-37, 55);

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი, მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კრწანისის რაიონის გამგეობისა (შემდეგში: გამგეობა) და პირველი და მეორე მოპასუხეების წინააღმდეგ, პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (იხ.ტ. 2, ს.ფ. 106-118, 136).

7. სარჩელის საფუძვლები

7.1 მოსარჩელემ, 2016 წლის 6 აპრილს სარჩელი აღძრა გამგეობის, პირველი და მეორე მოპასუხეების წინააღმდეგ და მოითხოვა 1993 წლის 1 აპრილის პრივატიზაციის ხელშეკრულებისა და 2012 წლის 24 მაისის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა.

7.2 მოსარჩელემ, წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ სადავო უძრავი ქონება მამამისის საკუთრებას წარმოადგენდა, რომლის გარდაცვალების შემდეგ, იგი სამკვიდროში არსებულ როგორც მოძრავ, ასევე - უძრავ ნივთებს დაეუფლა და სამკვიდროს ფაქტობრივად ფლობას შეუდგა.

7.3 მოსარჩელის განმარტებით, სამკვიდროს მიღების შესახებ ნოტარიუსს, ობიექტური მიზეზების გამო, დროულად ვერ მიმართა.

7.4 მოსარჩელის მტკიცებით, მოსარჩელის ძმა, იმ წლებში ირიცხებოდა ე.წ. ,,დასახლება გ–ში“. მოსარჩელის ძმის გარდაცვალების შემდეგ, ამ უკანასკნელის მეუღლე, რომელიც მასთან უკვე განქორწინებული იყო, გამგეობისა და სახლმმართველობის დახმარებით, დოკუმენტების გაყალბების საფუძველზე, ოჯახის წევრებთან ერთად, ზემოთ მითითებულ სადავო უძრავ ქონებაში ჩაეწერა და 1993 წლის 1 აპრილს შეძლო ამ სახლის პრივატიზაცია.

7.5 მოსარჩელის განმარტებით, ამ ფაქტს, პირადი პრობლემების გამო, დროულად ვერ მიაქცია ყურადღება, კერძოდ, გარდაეცვალა შვილი, განქორწინდა მეუღლესთან, ამასთან, ავამდყოფობის გამო დასჭირდა ოპერაცია და ხანგრძლივი მკურნალობა.

7.6 მოსარჩელის მტკიცებით, როგორც კი პრივატიზაციის ხელშეკრულების შესახებ შეიტყო, სამართალდამცველ ორგანოებს მიმართა, რის საფუძველზეც, მამკვიდრებლის დანაშთი ქონების მიტაცების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

7.7 მოსარჩელის მტკიცებით, პირველმა მოპასუხემ საკუთარ შვილს, კვალის დაფარვის მიზნით, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, სადავო უძრავი ქონება საკუთრებაში გადასცა.

7.8 მოსარჩელის განმარტებით, მართალია, იგი მამკვიდრებლის გარდაცვალების დროს სამკვიდროს გახნის ადგილზე რეგისტრირებული არ იყო, თუმცა მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეა, რომელსაც, კანონიდან გამომდინარე, სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით ეკუთვნის.

8. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინება

8.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 აპრილის განჩინებით, მოსარჩელის სარჩელი, გამგეობისა და პირველი მოპასუხის წინააღმდეგ, პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე მიღებულ იქნა წარმოებაში, რაზეც სასამართლომ იმსჯელა და იმავე წლის 6 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის შესახებ (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტი), ხოლო მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა პირველი და მეორე მოპასუხეების მიმართ, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და სადავო უძრავ ქონებაზე, როგორც მემკვიდრე/მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, ცალკე წარმოებად გამოეყო და ამ ნაწილში საქმე განსჯადობით იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გადაეგზავნა.

9. მოპასუხის შესაგებელი

9.1 პირველმა მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ სადავო უძრავი ქონების პრივატიზაციის შესახებ იცოდა.

9.2 პირველი მოპასუხის განმარტებით, ოჯახის ყველა წევრი დამოუკიდებლად ცხოვრობდა. მისი ოჯახი კი, სადავო სახლში დარჩა.

9.3 პირველმა მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ მოსარჩელეს ოჯახის გაფართოებისას მიღებული ერთოთახიანი ბინა დაუთმეს, სადაც იგი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, ანუ ოჯახმა მას ფაქტობრივად, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, წილი მისცა.

9.4 პირველი მოპასუხის მტკიცებით, მან სადავო სახლი მეუღლისაგან კანონიერად, მემკვიდრეობით მიიღო.

9.5 მეორე მოპასუხემ შესაგებელი არ წარადგინა.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

10.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

10.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა 1964 წლის 26 დეკემბერს მიღებული საქართველოს სსრ-ის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 539, 542-ე, 544-ე, 540-ე მუხლებით და განმარტა, რომ გადასაწყვეტი საკითხის ანალოგიური მოწესრიგება გათვალისწინებულია 1997 წლის 26 ივნისის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170-ე, 183-ე, 524-ე, 525-ე, 1306-1307-ე, 1336-ე, 1319-1320-ე, 1328-ე, 1336-ე მუხლებით; სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 70-78-ე, 102-ე, 105-ე, 230-ე მუხლებით.

10.3 საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხეებს სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გაეგზავნათ შეტყობინებები, თუმცა, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ, მათი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებაც არ უცნობებიათ სასამართლოსათვის.

10.4 საქალაქო სასამართლომ, სსსკ-ის 230-ე მუხლზე მითითებით ,,თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე“, განმარტა, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებდა.

10.5 საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს სადავო უძრავ ქონებაზე მამკვიდრებლის საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია.

11. სააპელაციო საჩივარი

11.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

12.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

12.2 სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა და გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (სსსკ-ის 390.-3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

12.3 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას (სააპელაციო საჩივარს) და ამიტომ, საქმეს მოწინააღმდეგე მხარის დაუსწრებლადაც განიხილავდა.

12.4 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია, ზოგადად, გარიგების ნიშან-თვისებები იმ თავისებურებების გათვალისწინებით, რაც, სამკვიდროს მიღების შესახებ გარიგებისთვის. მამკვიდრებლის გარდაცვალებისას სამკვიდროს მიღება მემკვიდრისათვის იმპერატიულ მოთხოვნას არ წარმოადგენს (გამონაკლისია, სახელმწიფო) და იგი მემკვიდრის ნებაზე დამოკიდებული აქტია.

12.5 სააპელაციო სასამართლომ, სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით ,,მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო“, განმარტა, რომ სამკვიდროს მიღების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო ქონების ფლობა ან მართვა. ამასთან, მიღებული სამკვიდრო, მემკვიდრის საკუთრებაა მემკვიდრეობის გახსნის დღიდან (სსკ-ის 1433-ე მუხლი). სამკვიდროს მიღების ფაქტს, განსახილველი ნორმის თანახმად, უკუძალა აქვს, ე.ი, მემკვიდრე, რომელმაც მიიღო სამკვიდრო ქონება, მისი მესაკუთრეა სამკვიდროს გახსნის დღიდან და, შესაბამისად, სამკვიდრო ქონების მოცულობა განისაზღვრება სამკვიდროს გახსნის დღეს არსებული ქონებით.

12.6 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მამკვიდრებლის უფლება, სადავო უძრავ ნივთზე ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, აღრიცხული არ არის. ამასთან, პირველი მოპასუხის საკუთრების უფლების აღრიცხვის საფუძველს, 1993 წლის 1 აპრილის პრივატიზაციის ხელშეკრულება წარმოადგენს, რომელიც ძალაშია და არ გაუქმებულა.

12.7 სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო უძრავ ნივთზე მამკვიდრებლის საკუთრების უფლება მისი გარდაცვალების მომენტისათვის, არ ვლიდნება. შესაბამისად, სადავო უძრავი ქონება მამკვიდრებლის საკუთრებას არ წარმოადგენს, რის გამოც, იგი სამკვიდრო ქონებად, რომელზეც მამკვიდრებლის ქონებრივი უფლებები შესაძლებელია გავრცელდეს, ვერ მიიჩნევა.

13. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

13.1 მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

13.2 კასატორის განმარტებით, სასამართლომ ფაქტები არასწორად შეაფასა, როდესაც მხოლოდ სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემულ დოკუმენტაციას დაეყრდნო, სადაც მამკვიდრებლის შესახებ ჩანაწერი არ მოიძებნა.

13.3 კასატორის განმარტებით, ის გარემოება, რომ მამკვიდრებლის საკუთრების შესახებ ინფორმაცია არ არის დაცული არქივში, მის ბრალეულობას არ წარმოადგენს.

13.4 მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნული დოკუმენტაცია, 90–იან წლებში სპეციალურად განადგურდა, ამის გამო კი, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლოდ ეთქვა უარი.

13.5 კასატორის განმარტებით, მამკვიდრებლის გარდაცვალების სააქტო ჩანაწერში მითითებულია, რომ მისი საცხოვრებელი ადგილი სწორედ სადავო უძრავი ქონება იყო. ეს კი, იმ უძრავ ქონებაზე მის საკუთრებას ადასტურებს.

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

17. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

20. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, ყურადღებას ამახვილებს მტკიცების საგანში შემავალ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს, სადავო უძრავ ქონებაზე მამკვიდრებლის საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

21. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე და 102-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე მითითებით ,,სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (მე-4 მუხლი); თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (102-ე მუხლი)“, განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა, რაც მოცემულ შემთხვევაში კასატორმა ვერ შეძლო საქმეში სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დასადასტურებლად, მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ პირი ამ უძრავ ქონებაში ცხოვრობდა, საკმარის მტკიცებულებას არ წარმოადგენს.

22. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, მამკვიდრებლის უფლება, სადავო უძრავ ნივთზე ტექნიკური აღრიცხვის მონაცემებით აღრიცხული არ არის და მიუთითებს, რომ მამკვიდრებლის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე, მისი გარდაცვალების მომენტისათვის არ ვლინდება, რაც მისი სამკვიდროდ მიჩნევის შესაძლებლობას გამორიცხავს. ამასთან, პირველ მოპასუხეს, 1993 წლის 1 აპრილის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული უძრავი ქონება, უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით არ გაუქმებულა და შესულია კანონიერ ძალაში.

23. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, მამკვიდრებლის საკუთრების უფლების შესახებ ინფორმაციის არარსებობა, მის ბრალეულობას არ წარმოადგენს, საკასაციო სასამართლო შეჯიბრებითების პრინციპზე მითითებით განმარტავს, რომ აღნიშნული მსჯელობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ საფუძველს არ წარმოადგენს.

24. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო.ხ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე