საქმე №ას-1345-2018 15 მარტი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ზ.თ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნოტარიუსი ე.შ. (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნოტარიუსის დადგენილების გაუქმება
საკითხი რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ერთი მხრივ, ი.ე–ას (შემდეგში: კრედიტორი), ზ.თ–ძეს (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) და თ.ა–ძეს და, მეორე მხრივ, ზ.ხ–ს (შემდეგში: მოვალე ან მსესხებელი) შორის, 2012 წლის 27 აგვისტოს, გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კრედიტორებმა მოვალეს ასესხეს თანხა, მათ შორის მოსარჩელემ - 3000 აშშ დოლარი. სესხი 2013 წლის 27 თებერვალს უნდა დაბრუნებულიყო (იხ. ტ.1, ს.ფ. 29-33);
2. წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა მოვალის უძრავი ქონება, მდებარე ქ. ამბროლაურში, .... (იხ. ტ.1, ს.ფ. 29-33);
3. ნოტარიუს ე.შ–ის (შემდეგში: ნოტარიუსი, მოპასუხე, მოწინააღმდეგ მხარე) მიერ, 2015 წლის 26 ნოემბერს, კრედიტორის სასარგებლოდ, სააღსრულებო ფურცელი (რეგისტრაციის N...) გაიცა. მოთხოვნის დაკმაყოფილება კი, განისაზღვრა აუქციონზე მოვალის საკუთრებაში არსებული იპოთეკის საგნის რეალიზაციით (იხ. ტ.1, ს.ფ. 15-17);
4. კრედიტორი, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (იხ. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტი) მესაკუთრე გახდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს NA..... განკარგულების (დამოწმების თარიღი 06/06/2013) საფუძველზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 21);
5. მოსარჩელის მიმართვის საფუძველზე, რომლითაც ეს უკანასკნელი, იპოთეკის საგნის რეალიზაციის მიზნით, სააღსრულებო ფურცლის გაცემას ითხოვდა, ნოტარიუსმა, 2017 წლის 16 აგვისტოს, სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილება გამოსცა (რეგისტრაციის N170931461) (იხ. ტ.1, ს.ფ. 25-27).
6. სარჩელის საფუძვლები
6.1 მოსარჩელემ, 2017 წლის 23 აგვისტოს სარჩელი აღძრა ნოტარიუსის წინააღმდეგ და მოითხოვა 2017 წლის 18 აგვისტოს სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ N170931461 დადგენილების გაუქმება და ნოტარიუსის დავალდებულება, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოვალის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო, მის სასარგებლოდ გასცეს სააღსრულებო ფურცელი.
6.2 მოსარჩელემ, წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ იპოთეკარი, 2013 წლის 14 ივნისს, მოვალის უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა.
6.3 მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 11 ნოემბერს, 5 თვით ადრე გაუქმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, სავარაუდოდ, დანაშაულებრივი გარიგების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მესაკუთრე (პირველი იპოთეკარი) საკუთარი თავის იპოთეკარად დაარეგისტრირა, რის გამოც იგი ამონაწერში ერთდროულად მესაკუთრედ და იპოთეკარადაც აღინიშნებოდა. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული უკანონო რეგისტრაციის გაუქმებაზე ადმინისტრაციული წესით დავობს, რაც დღემდე გრძელდება.
6.4 მოსარჩელის განმარტებით, მისი 2017 წლის 16 აგვისტოს მიმართვის საფუძველზე, ნოტარიუსმა უკანონოდ უთხრა უარი სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე.
6.5 მოსარჩელის მტკიცებით, სახელშეკრულებო მოთხოვნა დაკავშირებულია უძრავ ნივთთან, რის გამოც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 129-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადა უნდა გამოყენებულიყო.
7. მოპასუხის შესაგებელი
7.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულებისათვის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა გასულია. შესაბამისად, სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ ნოტარიუსის დადგენილების გაუქმებისა და ხანდაზმულ მოთხოვნაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველი არ არსებობს.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
8.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 128-ე, 129-ე, 130-ე, 137-ე, 138-ე, 144-ე, 145-ე, 153-ე, 286-ე, 295-ე მუხლებით; ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე, მე-40 და 52-ე მუხლებით; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანებით დამტკიცებული ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 72-ე მუხლით.
8.3 საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელის ნოტარიუსისადმი მიმართვის დროისათვის, 2017 წლის 16 აგვისტოსათვის, ხანდაზმული იყო.
8.4 სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას ემყარებოდა, შესაბამისად, იპოთეკის უფლებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე, უძრავ ნივთებთან დაკავშირებით სახელშეკრულებო მოთხოვნის სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადა ვერ გავრცელდებოდა.
9. სააპელაციო საჩივარი
9.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
10.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10.2 სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა და გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
10.3 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ დავაში, საკვანძო საკითხს წარმოადგენდა, იყო თუ არა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდისა და აღნიშნულის საფუძველზე იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება ხანდაზმული.
10.4 სააპელაციო სასამართლომ, სსკ-ის 129-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 130-ე და 145-ე მუხლებზე მითითებით ,,სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს (129.1 მუხლი); ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (130-ე მუხლი); მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა (145-ე მუხლი)“, განმარტა, რომ არ იზიარებდა აპელანტის (მოსარჩელის) მოსაზრებას ხანდაზმულობის ექვსწლიან ვადასთან დაკავშირებით.
10.5 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, ხანდაზმულობის ის ვადა უნდა იყოს გამოყენებული, რომელიც ძირითად, ე.ი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებზე ვრცელდება.
10.6 სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 153-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 286-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით ,,აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არ შეიძლება არსებობდეს (153.1 მუხლი); უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (286.1)“, განმარტა, რომ იპოთეკა სანივთოსამართლებრივი უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიებაა და ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების რისკის პრევენციაა. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისას, იპოთეკა შესრულების ადგილს იკავებს და კრედიტორს უზრუნველყოფის მეშვეობით თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას აძლევს. იპოთეკა აქცესორული უფლებაა და იგი ძირითადი მოთხოვნის გარეშე არ არსებობს, ე.ი ძირითადი მოთხოვნის ბედს იზიარებს. აქცესორული უფლების წარმოშობა, არსებობა და შეწყვეტა დამოკიდებულია ძირითად უფლებაზე.
10.7 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, ხანდაზმულია ძირითადი მოთხოვნა - ნასესხები თანხის დაბრუნება, შესაბამისად, ხანდაზმულად მიიჩნევა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის თაობაზე დამატებითი მოთხოვნაც.
10.8 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადის დენა 2013 წლის 27 თებერვლიდან დაიწყო, რაც ცხადყოფს, რომ მოსარჩელის მიერ ნოტარიუსისადმი მიმართვის დროისათვის, სამ წელზე მეტი იყო გასული.
10.9 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 138-ე მუხლი განსაზღვრავს იმ კონკრეტულ სამართლებრივ მექანიზმებს/საშუალებებს, რომელთა უფლებამოსილი პირის მიერ სათანადო ფორმით გამოყენების შემთხვევაშიც, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, კერძოდ, აღნიშნული საშუალებებია: სარჩელის შეტანა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად; განცხადებით მიმართვა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში მოთხოვნის არსებობის შესახებ; აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება.
10.10 სააპელაციო სასამართლომ, უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე მითითებით, განმარტა, რომ სსკ-ის 138-ე მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე საკუთარი მოთხოვნის დაცვის ნებას ავლენს და გარკვეულ ღონისძიებებს მიმართავს დარღვეული უფლების აღსადგენად, ამასთან, აღნიშნული ნორმის საფუძველზე, ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისათვის აუცილებელია, რომ მხარის მიერ არჩეული საშუალება ვარგისი იყოს შესაბამისი შედეგის მისაღწევად. ხანდაზმულობის ვადის დენას უფლებამოსილი პირის მხოლოდ ისეთი სარჩელი (განცხადება) წყვეტს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს. სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვისას აუცილებელია, რომ აღნიშნული ორგანო კომპეტენტური იყოს, ანუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა ამ ორგანოსადმი მიმართვის გზით უნდა წესრიგდებოდეს. თითოეულმა მხარემ თავად უნდა შეარჩიოს საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სწორი და ეფექტური საშუალება, ამ პირობის დარღვევით გამოწვეული შედეგები კი, თავად მხარის რისკია (იხ. სუსგ, საქმე Nას-960-909-2015, 4.12.2015 წელი).
10.11 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტისათვის წარდგენილი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მოთხოვნის დაკმაყოფილებას, იგი მიმართული უნდა იყოს მოთხოვნის ადრესატისადმი. ამაში კი მოიაზრება, სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის დროს, გამსესხებლის (კრედიტორი) მიერ მსესხებლის (მოვალე) მიმართ თანხის გადახდის მოთხოვნის წარდგენა, რაც, ამ შემთხვევაში, 2017 წლის 16 აგვისტომდე არ გამოვლენილა. სააპელაციო სასამართლომ, აღნიშნულიდან გამომდინარე დაასკვნა, რომ საჯარო რეესტრის მიმართ ჩანაწერის კანონიერების შემოწმების საფუძვლით დავა და შესაბამისად, სარჩელის შეტანის ფაქტი, განსახილველი მოთხოვნის მიმართ სსკ-ის 138-ე მუხლით გათვალისწინებულ შედეგს, ვერ წარმოშობს.
10.12 სააპელაციო სასამართლომ, ნოტარიუსის პროფესიული საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებზე და მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა შესრულების ძირითად მოთხოვნებზე მიუთითა, კერძოდ, ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე, მე-40 და 52-ე მუხლებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანებით დამტკიცებული ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 72-ე მუხლზე და დაასკვნა, რომ ნოტარიუსმა ზემოაღნიშნული ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად მართებულად იხელმძღვანელა, რის გამოც მოსარჩელეს სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე მართლზომიერად ეთქვა უარი.
11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
11.1 მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განჩინება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
11.2 კასატორის განმარტებით, განჩინება მიღებულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, კერძოდ, პაექრობისა და, რაც მთავარია, კითხვა–პასუხის ეტაპები არ გამართულა. შესაბამისად, სასამართლო სხდომა კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევით წარიმართა. ამასთან, განჩინების სამოტივაციო ნაწილში მითითებული კანონისა და სამართლის ნორმები გამოყენებული და განმარტებულია არასწორად, ისევე, როგორც ფაქტობრივი გარემოებები შეგნებულადა გაყალბებული, რის გამოც განჩინება იურიდიულად არ არის დასაბუთებული და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, შესაბამისად, განჩინება სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე გასაუქმებელია.
11.3 კასატორის განმარტებით, მთავარი კითხვაა: - მას რომ ნოტარიუსისათვის სააღსრულებლო ფურცლის გაცემის მიზნით იმ პერიოდში მიემართა, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო გასული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა და უძრავი ნივთის მფლობელი მისი უშუალო მოვალე აღარ იყო, ნოტარიუსს მის სასარგებლოდ გაცემულ სააღსრულებლო ფურცელში ვინ უნდა მიეთითებინა მოვალედ.
11.4 კასატორი სსკ-ის 3065 მუხლის მე–6 და მე-7 ნაწილებზე უთითებს და განმარტავს, რომ მასთან ხელშეკრულების დარღვევისათვის ანგარიშვალდებული 2015 წლის ნოემბრიდან გახდა უძრავი ნივთის შემძენი - იპოთეკარი. აქედან გამომდინარე კი, ნათელია, რომ ნოტარიუსმა 2012 წლის მონაცემებით, უძრავი ნივთის მფლობელად იპოთეკარი იმიტომ მიუთითა, რომ შემდეგ 2017 წელს მოთხოვნა სამწლიანი ვადის გათვალისწინებით ხანდაზმული ყოფილიყო. იმ შემთხვევაში კი, თუ მიუთითებდა, რომ იპოთეკარი უძრავი ნივთის მფლობელი 2015 წელს გახდა, რაც სასამართლომ ფაქტობრივად დაადასტურა, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გამოყენება დაუშვებელი იქნებოდა.
11.5 კასატორის მტკიცებით, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულების მე–8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სესხი და იპოთეკა მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება სხვა პირს გადაეცეს. ეს ცნებები კი, მოხსენიებულია ცალ-ცალკე, რასაც სსკ-ის 299–ე მუხლი ადასტურებს, ანუ ეს ორი ცნება, სესხი და იპოთეკა, აბსოლუტურად სხვადასხვა ვალდებულებაა, რაც, მოცემულ შემთხვევაში, იპოთეკის აქცესორულ ბუნებას გამორიცხავს.
11.6 კასატორი დავობს სასამართლოსეულ მსჯელობაზე, რომლის თანახმად, სასამართლო დავა, რომელიც საჯარო რეესტრში გაყალბებული ჩანაწერების გასწორებასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენას ვერ შეაჩერებდა.
11.7 კასატორის მტკიცებით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების სპეციფიკა სწორედ ისაა, რომ მოვალის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სახელშეკრულებო მოთხოვნა დგება არა მსესხებელი პირის, არამედ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მიმართ, შესაბამისად, სამართლებრივი საფუძველი, რომ მოვალესთან ედავა, არ არსებობდა.
11.8 კასატორის განმარტებით, მას თავისი მოთხოვნა უძრავი ნივთიდან უნდა დაეკმაყოფილებინა, რისთვისაც ნოტარიუსისთვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით უნდა მიემართა, მაგრამ, რადგანაც იმ პერიოდში, პირველმა იპოთეკარმა აუქციონზე უძრავი ნივთი შეისყიდა, ხოლო შემდეგ საკუთარი თავის იპოთეკარადვე დარეგისტრირდა, შემდეგ კი, მეორედ უძრავი ნივთი კვლავ აუქციონზე გაყიდა და ისევ მისი ერთპიროვნული მფლობელი გახდა, მოსარჩელე მოკლებული იყო შესაძლებლობას, ნოტარიუსისთვის სააღსრულებლო ფურცლის გამოცემის თაობაზე მიემართა, ვინაიდან, პირველი იპოთეკარის სახით უკანონოდ რეგისტრირდებოდა დამატებითი იპოთეკარი, რაც მის ინტერესებს აზიანებდა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც 2016 წლის ნოემბერში პირველი იპოთეკარი საბოლოოდ და კანონიერად გახდა უძრავი ნივთის მფლობელი, და თითქმის ერთი წლის განმავლობაში თავს არიდებდა ვალდებულებების შესრულებას, მოსარჩელემ ნოტარიუსს, სააღსრულებლო ფურცლის გაცემის მიზნით, მიმართა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მისი ადმინისტრაციული დავა სსკ-ის 138–ე მუხლის დანაწესს პირდაპირ შეესაბამება. ამასთან, კასატორის განმარტებით, მან არა მხოლოდ სასამართლოს, არამედ, ადმინისტრაციულ ორგანოებსაც მიმართა.
11.9 კასატორის მტკიცებით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, მსესხებლის (მოვალის) წინააღმდეგ სარჩელი კი არ უნდა წარადგინო სასამართლოში, არამედ ნოტარიუსს სააღსრულებლო ფურცლის გაცემის მიზნით უნდა მიმართო, რაც კრედიტორმა ორჯერ გააკეთა და ნოტარიუსმა ორივეჯერ სხვადასხვა ნომრითა და კანონის უხეში დარღვევით გასცა სააღსრულებლო ფურცელი. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით კი, მას სარჩელით მოვალის წინააღმდეგ, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, უნდა მიემართა სასამართლოსათვის.
11.10 კასატორის განმარტებით, სასამართლომ დამალა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კრედიტორმა, 2013 წელს უძრავი ნივთი აუქციონზე შეიძინა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებაა, მის მიერ წარმოებული ადმინისტრაციული დავის სამართლებრივი შეფასებისას.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იმ პრეტენზიებზე არ იმსჯელებს, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა არ აქვს საქმის გადაწყვეტისათვის.
19. მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შეუსრულებლობიდან გამომდინარეობს, რა მიზნითაც კასატორმა (მოსარჩელემ) ნოტარიუსს, სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით მიმართა, თუმცა, ამ უკანასკნელმა, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულების ხანდაზმულობის გამო, სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარი განაცხადა.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივი შეფასებისას, არსებითია სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის შემოწმება და იპოთეკის აქცესორულ ბუნებაზე მსჯელობა, რამეთუ აღნიშნული მოცემული სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის განმსაზღვრელია.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იურიდიულ ლიტერატურასა და კანონმდებლობაში ცნობილია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვადასხვა საშუალება. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებები ვალდებულების ჯეროვანი შესრულების საშუალებებია. ისინი უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით-სამართლებრივ საშუალებებად იყოფიან. სანივთო უზრუნველყოფის საშუალებებს მიეკუთვნება გირავნობა და იპოთეკა. სანივთო უზრუნველყოფის საშუალებების თავისებურება ისაა, რომ ისინი გარანტირებულს ხდიან ვალდებულების შესრულებას მისი დარღვევის შემთხვევაში და სწორედ ამ მიზანმიმართულებით ხასიათდებიან.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 286-ე მუხლი, იპოთეკის ინსტიტუტის ლეგალურ დეფინიციას ადგენს, რომლის თანახმადაც, იპოთეკა აქცესორული ხასიათის სანივთო რეალიზაციის უფლებაა და მისი დადგენისათვის აუცილებელია უზრუნველყოფილი მოთხოვნის არსებობა, რომელიც ე.წ წამყვანი მოთხოვნაა და რომლის განუყოფელი ნაწილია იპოთეკა. იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთოსამართლებრივი საშუალება, არსებითადაა დაკავშირებული უზრუნველყოფილ მოთხოვნასთან, რაც მის აქცესორულობაზე მიუთითებს, შესაბამისად, იპოთეკის ნამდვილობისათვის სავალდებულოა, არსებობდეს მოთხოვნა (სსკ-ის 153-ე მუხლი).
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, უდავოა, რომ კრედიტორებსა და მოვალეს შორის, 2012 წლის 27 აგვისტოს, გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ მოვალეს 3000 აშშ დოლარი ასესხა. ასევე უდავოა, რომ სესხის დაბრუნების ვადად 2013 წლის 27 თებერვალი განისაზღვრა. მოსარჩელემ, 2017 წლის 16 აგვისტოს, ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით მიმართა, მაშინ როდესაც სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე (სსკ-ის 129.1 მუხლი) გასული იყო, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ამ განჩინების 10.4-10.7 ქვეპუნქტებში მითითებულ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული სამართლებრივი ნორმების მართებულობას და განმარტავს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად იმსჯელეს ხანდაზმულობის იმ ვადის გამოყენებაზე, რომელიც სესხის ხელშეკრულების მოთხოვნაზე ვრცელდება. იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადი მოთხოვნა, ნასესხები თანხის დაბრუნება ხანდაზმულია, შესაბამისად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის თაობაზე დამატებითი მოთხოვნაც, ხანდაზმულად მიიჩნევა.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსხვავებით ვალდებულებითი ურთიერთობებისგან, რომლებიც რელატიური (ფარდობითი) ხასიათისაა, სანივთო-სამართლებრივი უფლებების, მათ შორის იპოთეკა აბოსლუტური ხასიათის მატარებელია, რაც თავის თავში მის გარდამავალ ხასიათს მოიცავს, კერძოდ, იპოთეკის უფლება არ წყდება მესაკუთრის ცვლილებისას, არამედ, აქცესორულია და განპირობებულია ვალდებულების არსებობით, აღნიშნული მსჯელობა კი, მოსარჩელის მიერ წინამდებარე განჩინების 11.3 ქვეპუნქტში მითითებულ კითხვას პასუხს სცემს, რაზედაც კასატორმა, წინამდებარე განჩინების 11.4 ქვეპუნტში 3065-ე მუხლის მითითებით, თვითონვე განმარტა.
25. საკასაციო სასამართლო წინამდებარე განჩინების 22-ე პუნქტში მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომლის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში, იპოთეკის აქცესორული ბუნება გამორიცხულია და განმარტავს, რომ სსკ-ის 286-ე მუხლის დეფინიცია, მის აქცესორულ ბუნებაზე, პირდაპირ მიუთითებს.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის საკასაციო პრეტენზიები, სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთების არც სამართლებრივ და არც ფაქტობრივ საფუძველს არ წარმოადგენს. სააპელაციო სასამართლომ, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის განმსაზღვრელ ყველა ფაქტობრივ-სამართლებრივ საკითზე იმსჯელა, შესაბამისად, კასატორის (მოსარჩელის) საკასაციო პრეტენზიების ძირითადი ნაწილი, მათ შორის, კასატორის მიერ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოება, თუ როდის გახდა რეალურად კრედიტორი წინამდებარე განჩინების მეორე პუნქტში მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრე, ან ნოტარიუსმა მის სასარგებლოდ სხვადასხვა ნომრით რამდენჯერ გასცა სააღსრულებლო ფურცელი, არაარსებითია მოცემული დავის გადასაწყვეტად, მით უფრო, როცა კრედიტორის სასარგებლოდ გაცემული სააღსრულებო ფურცლის კანონიერება ამ დავის ფარგლებში, არ მოწმდება.
27. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების იმ დასკვნასაც, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა არ შეწყვეტილა (სსკ-ის 138-ე მუხლი). საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „მითითებული მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე საკუთარი მოთხოვნის დაცვის ნებას ავლენს და გარკვეულ ღონისძიებებს მიმართავს დარღვეული უფლების აღსადგენად, ამასთან, აღნიშნული ნორმის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისათვის აუცილებელია, რომ მხარის მიერ არჩეული საშუალება ვარგისი იყოს შესაბამისი შედეგის მისაღწევად. ხანდაზმულობის ვადის დენას უფლებამოსილი პირის მხოლოდ ისეთი სარჩელი (განცხადება) წყვეტს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს. სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვისას აუცილებელია, რომ აღნიშნული ორგანო კომპეტენტური იყოს, ანუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება ამ ორგანოსადმი მიმართვის გზით უნდა შეიძლებოდეს. თითოეულმა მხარემ თავად უნდა შეარჩიოს საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სწორი და ეფექტური საშუალება, ამ პირობის დარღვევით გამოწვეული შედეგები კი, თავად მხარის რისკია“ (იხ. სუსგ ას-1586-1489-2012, 22.04.13 წ.).
28. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მიერ ამ განჩინების 11.8 ქვეპუნქტში მითითებულ ხანდაზმულობის შეწყვეტის წინაპირობებს და განმარტავს, რომ მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გამორიცხავდა შესაძლებლობას, რომ კასატორს საკუთარი მოთხოვნის დაცვის ნება გამოევლინა. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრის მიმართ ჩანაწერის კანონიერების შემოწმების საფუძვლით დავა და სარჩელის შეტანის ფაქტი, კასატორის მოთხოვნის მიმართ სსკ-ის 138-ე მუხლით გათვალისწინებულ შედეგს ვერ წარმოშობს. ამასთან, სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებისათვის, კასატორის მიერ კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვა, არ დასტურდება.
29. საკასაციო სასამართლო, დაუსაბუთებლობის გამო ვერ გაიზარებს კასატორის იმ პრეტენზიასაც, რომლის თანახმად, შეკითხვებისა და პაექრობის ეტაპი არ ჩატარებულა სააპელაციო სასამართლოში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის გამო გადაწყვეტილების გაუქმების ინსტიტუტს სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს და ამ საფუძვლით, მხარის (კასატორის) მოთხოვნის დაკმაყოფილება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ ამ დარღვევამ საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა გამოიწვია. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მხარის პრეტენზიებს არ გაიზიარებს. მოცემეულ შემთხვევაში, კასატორს სარწმუნოდ არ დაუსაბუთებია ზემოაღნიშნულმა დარღვევამ, რა უარყოფითი გავლენა იქონია დავის შედეგზე, აღნიშნული კი, მისი პრეტენზიის საფუძვლიანობას გამორიცხავს. მით უფრო, როცა 2018 წლის 9 ივლისის სასამართლო სხდომის დიდი ნაწილი, კასატორის სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებით მიმდინარეობდა.
30. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.თ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე