Facebook Twitter

საქმე №ას-1290-2018 6 თებერვალი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „ქ.მ.თ.“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ო. (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და პირველ ინსტანციაში საქმის განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს ,,ქ.მ.თ–სა” (შემდეგში: მოსარჩელე, მენარდე, შპს ან კომპანია, აპელანტი, კასატორი) და ა.ო–ს (შემდეგში: მოპასუხე, შემკვეთი, მოწინააღმდეგე მხარე) შორის, 2010 წლის 1 ივლისს, გაფორმდა 80.81 კვ.მ კომერციული ფართის მომსახურების შესახებ Nმკ/ბ102-002 ხელშეკრულება, შესაბამისი მომსახურების ღირებულების გადახდის ნაცვლად (იხ. ხელშეკრულება ტ. 1, ს.ფ. 12-15).

2. სარჩელის საფუძვლები

2.1მოსარჩელემ (მენარდემ) 2016 წლის 8 დეკემბერს სარჩელი აღძრა შემკვეთის წინააღმდეგ და მოითხოვა მომსახურების სანაცვლოდ გადასახდელი თანხის - 15280.96 ლარის მოპასუხისათვის (შემკვეთისათვის) დაკისრება;

2.2 მოსარჩელემ, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში ასახულ ფაქტობრივ გარემოებაზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო, მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე გაეწია შემდეგი სახის მომსახურება: საერთო ქონების დალაგება-დასუფთავება; კომუნიკაციების გამართული ფუნქციონირება; შიდა და გარე პერიმეტრის დაცვა, როგორც ელექტრონული საშუალებით, ასევე - ცოცხალი ძალით; სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მომსახურება.

2.3 მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, მოპასუხემ ვალდებულება იკისრა თავის საკუთრებაში არსებულ ფართზე გაწეული მომსახურების საფასური თვეში 404.05 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, გადახდის დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, გადაეხადა.

2.4 მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მხარეებმა, 2015 წლის 1 აპრილს გააფორმეს მომსახურების საფასურის შემცირების შესახებ შეთანხმება, კერძოდ, ყოველთვიურად გადასახდელი თანხა, ნაცვლად 1 კვ.მ-ზე 5 აშშ დოლარისა, 4.5 აშშ დოლარით განისაზღვრა.

2.5 მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ ხელშეკრულების პირობები დაარღვია, კერძოდ, ხელშეკრულების გათვალისწინებული მომსახურების თანხა არ გადაიხადა და 2015 წლის მაისიდან 2016 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდზე წარმოიშვა დავალიანება - 15 280,96 ლარი (იხ. სარჩელი-ტ.1, ს.ფ. 1-11).

3. მოპასუხის შესაგებელი

3.1 მოპასუხემ (შემკვეთმა) წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დასკვნები

4.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სხდომაზე მოსარჩელის (მენარდის) გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4.2 საქალაქო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 70-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები და 74-ე მუხლი მოიხმო და აღნიშნა, რომ კომპანიის უფლებამოსილ პირს - ოფისმენეჯერს, 2018 წლის 15 იანვარს ჩაჰბარდა სასამართლო უწყება.

4.3 იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის მიზეზები სასამართლოსთვის უცნობი იყო, სასამართლომ მოპასუხის (შემკვეთის) წარმომადგენლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სარჩელი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა.

5. მოსარჩელის საჩივრის საფუძვლები

5.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ (მენარდემ), გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება მოითხოვა.

5.2 საჩივრის ავტორის განმარტებით, მოსარჩელე მხარეს, სასამართლო სხდომაზე გამოცხადების თაობაზე, კანონით დადგენილი წესით არ ეცნობა.

5.3 საჩივრის ავტორის მტკიცებით, მოსარჩელის ერთ-ერთი რიგითი თანამშრომლისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება, შესაბამისად, უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარებულად არ უნდა ჩაითვალოს.

5.4 საჩივრის ავტორის მტკიცებით, როდესაც საქმეში სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირი - წარმომადგენელი მონაწილეობს, სასამართლოს მხრიდან შეტყობინება სწორედ მასთან უნდა გაიგზავნოს, ვინაიდან, წარმომადგენელი, არაერთი საპროცესო უფლება-მოვალეობების განუხორციელებლობის შემთხვევაში, შესაძლო სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით ინფორმირებულია, შესაბამისად, მხარის ინტერესების დაცვის სტანდარტიც უფრო მაღალია.

5.5 საჩივრის ავტორმა, ასევე განმარტა, რომ მოსარჩელის (საჩივრის ავტორის) მიერ ქ.ჯ–ძის სახელზე (შემდეგში: ყოფილი წარმომადგენელი) გაცემული მინდობილობა ატვირთულია საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში, თუმცა აღნიშნულ მინდობილობას 2017 წლის 31 დეკემბერს მოქმედების ვადა გაუვიდა. რაც შეეხება მეორე მინდობილობას, იგი გაცემულია ნ.ს–ასა და ი.კ–ას (შემდეგში: ახალი წარმომადგენლები) სახელზე, რომლის მოქმედების დრო შეუზღუდავია და მოსარჩელე მათ საკუთარი ინტერესების დაცვის უფლებამოსილებას, ნებისმიერ სასამართლო დავაში ანიჭებდა.

5.6 საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში ატვირთულია მოსარჩელის სარჩელი, მოპასუხის წინააღმდეგ, უკანონო ხელშეშლის აღკვეთისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნით, სადაც ახალი წარმომადგენლების მონაცემები ფიქსირდება, შესაბამისად, სასამართლო ინფორმირებული იყო საქმეში ადვოკატების ჩართულობის თაობაზე, და სასამართლო უწყება მათ უნდა გაგზავნოდათ.

5.7 საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ მოსარჩელეს შეგებებული სარჩელის გამოხმობის თაობაზე არ ეცნობა, რაც მხარის დროულად ინფორმირების ფარგლებს სცდება.

6. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

6.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის განჩინებით, მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა იმავე სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

6.2 საქალაქო სასამართლომ სსსკ-ის მე-4, 70-78-ე, 102-ე, 215-ე, 233-ე, 240-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ სასამართლო უწყება უფლებამოსილ პირს, ოფისმენეჯერს ჩაჰბარდა.

6.3 სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოპასუხის 2017 წლის 21 მარტის შეგებებული სარჩელი, სწორედ ოფისმენეჯერს ჩაჰბარდა იმავე წლის 24 მარტს, რაზედაც მოსარჩელემ, 28 მარტს შესაგებელი წარადგინა.

6.4 საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომლის თანახმად, სასამართლო უწყება უშუალოდ წარმომადგენელს უნდა გაგზავნოდა და განმარტა, რომ მოსარჩელის ყოფილი წარმომადგენლის მინდობილობას, 2018 წლის 22 მარტამდე, მოქმედების ვადა გაუვიდა, შესაბამისად, სასამართლო, არაუფლებამოსილ პირს ვერ აცნობებდა სხდომის თარიღის შესახებ.

6.5 საქალაქო სასამართლომ საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის გადამოწმების შემდეგ განმარტა, რომ მოსარჩელის შეგებებული სარჩელი მოპასუხის წინააღმდეგ, სადაც ახალი წარმომადგენლების საკონტაქტო მონაცემებია მითითებული და ზემოაღნიშნულ წარმომადგენლებზეც უვადოდ გაცემული მინდობილობა ერთვის, სხვა მოსამართლის წარმოებაშია.

6.6 საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სხვა საქმეზე მატერიალურად დართული მინდობილობა, სხვა დავის განხილვის ფარგლებში ვერ იქნება გამოყენებული. მით უფრო, როცა საჩივრის ავტორის (კომპანიის) წარმომადგენლებმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს, რომ მინდობილობა, სწორედ სხვა დავის ფარგლებში წარდგენილ მასალებს ერთვოდა.

6.7 საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ, თუნდაც ეს მინდობილობა განსახილველ საქმეზე ყოფილიყო წარდგენილი, სასამართლოს არ ზღუდავდა წარმომადგენლის ნაცვლად, კომპანიისათვის გაეგზავნა უწყება.

6.8 სასამართლომ ასევე განმარტა, რომ შეგებებული სარჩელი სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გაიხმეს, შესაბამისად, სასამართლო ვალდებული არ იყო, ამის თაობაზე მოსარჩელისათვის ეცნობებინა.

7. სააპელაციო საჩივარი

7.1 მოსარჩელემ (მენარდემ) სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

8.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივლისის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის განჩინება დასახელებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

8.2 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომლის თანახმად, მოსარჩელე მხარე კანონით დადგენილი წესით არ იყო მიწვეული სასამართლო სხდომაზე.

8.3 სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილზე მითითებით ,,ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით“, განმარტა, რომ მოპასუხის შეგებებული სარჩელი, კომპანიის ოფისმენეჯერს, 2017 წლის 24 მარტს ჩაჰბარდა, რაზეც მოსარჩელემ, იმავე წლის 28 მარტს, შესაგებელი წარადგინა, ეს კი, იმას ადასტურებდა, რომ მხარისათვის კორესპონდენციის ჩაბარების საფუძველზე, კომპანიამ (მოსარჩელემ) საპროცესო მოქმედება შეასრულა.

8.4 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არაუფლებამოსილი პირი არ არის ვალდებული, კომპანიისთვის განკუთვნილი გზავნილები ჩაიბაროს. ასეთ შემთხვევაში, მას შეუძლია შესაბამისი აღნიშვნით (არაუფლებამოსილების მოტივით) უწყების ჩაბარებაზე უარი განაცხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს პრეზუმფცია, რომ დაწესებულებისათვის გაგზავნილი უწყების მიმღები (ჩამბარებელი) თანამშრომელი ყოველთვის საამისოდ უფლებამოსილ პირს წარმოადგენს.

9. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

9.1 აპელანტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივლისის განჩინება და საქალაქო სასამართლოს დაუწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება მოითხოვა.

9.2 კასატორის განმარტებით, უდავოა, რომ 1. კომპანიის ოფისმენეჯერს, სასამართლო უწყება 2018 წლის 15 იანვარს ჩაჰბარდა; 2. კომპანიის ყოფილი წარმომადგენლის მინდობილობას 2017 წლის 31 დეკემბერს მოქმედების ვადა გაუვიდა; 3. სასამართლო სხდომა, 2018 წლის 22 მარტს გაიმართა; 4. მოსარჩელის მიერ ახალ წარმომადგენლების სახელზე გაცემული მინდობილობა განსახილველი საქმის პროცესამდე, საქმისწარმოების ელექტრონულ ბაზაში აიტვირთა.

9.3 კასატორი დავობს სასამართლოსეულ მსჯელობაზე, რომლის თანახმად, მინდობილობა განსახილველი საქმის ელექტრონულ სისტემაში შეცდომით აიტვირთა. ამასთან, კასატორი განმარტავს, რომ სასამართლომ, ახალი წარმომადგენლები, დაუსწრებელი გადაწყვეტილების საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით გამართულ პროცესზე, სწორედ ამ მინდობილობის საფუძველზე დაუშვა.

9.4 კასატორის განმარტებით, მიიჩნევა რომ სასამართლოსათვის და მისი აპარატისათვის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს ელექტრონულ ბაზაში ატვირთული დოკუმენტები ცნობილია. შესაბამისად, სასამართლომ იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ მოსარჩელემ პროცესის გამართვამდე სხვა წარმომადგენელზე გასცა მინდობილობა.

9.5 კასატორის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მოსამართლის თანაშემწე ადვოკატებს იმის გასარკვევად უკავშირდება, აპირებენ თუ არა პროცესზე გამოცხადებას. ამ შემთხვევაში კი, სასამართლოს აპარატი მხარის წარმომადგენელს არ დაკავშირებია.

9.6 კასატორი უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკაზე მითითებით განმარტავს, რომ მხარის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევისათვის და სხდომის გადადებისათვის არ არის სავალდებულო დაუძლეველი ძალის არსებობა, არამედ საკმარისია, თუნდაც სხვა მოვლენის არსებობა, რასაც შეეძლო, მხარის გამოცხადებისათვის ხელის შეშლა და იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღების აშკარად გამოხატული ნება არსებობს, მაგრამ ამაში მას გარემოებები ხელს უშლის, რაც დამოუკიდებელი მიზეზებით არის გამოწვეული, მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია.

9.7 კასატორის განმარტებით, გამოუცხადებლობის მიზეზის შესაფასებლად მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მხარეს უწყება იმ პერიოდში ჩაჰბარდა, როდესაც წარმომადგენელი არ ჰყავდა. ყოფილ წარმომადგენელზე გაცემულ მინდობილობას უწყების ჩაბარებამდე 2 კვირით ადრე მოქმედების ვადა გაუვიდა, ხოლო ახალ წარმომადგენლებზე მინდობილობა შემდეგ გაიცა.

9.8 კასატორის განმარტებით, ადვოკატებს, რა თქმა უნდა, შეეძლოთ პროცესის თარიღი საქმეში ჩართვის შემდეგ შეეტყოთ, მაგრამ ამ თარიღის მოუკითხაობა მხარეს ინტერესს, რომ პროცესში მიიღოს მონაწილეობა, ვერ დააკარგვინებს, მით უფრო, როცა მოსარჩელემ ინტერესი მინდობილობის გაცემით გამოავლინა.

10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

10.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

13. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები #ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; # ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; # ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; #ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; #ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; #ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება).

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად დაედო, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის სხდომაზე, მოსარჩელის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა.

16. კასატორის წარმომადგენელი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს, რომ მოსარჩელე მხარე, სასამართლო სხდომაზე სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით არ იყო მიწვეული. ამასთან, კომპანიის ყოფილი წარმომადგენლის მინდობილობის მოქმედების ვადა გასული იყო, ხოლო, ახალ წარმომადგენლებზე გაცემული მინდობილობა, ამ საქმეზე, საქმისწარმოების ელექტრონულ ბაზაში ფიქსირდებოდა, თუმცა მათ, სხდომის თარიღის შესახებ, კანონით დადგენილი წესით, არ ეცნობათ.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის განმაპირობებელია.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მოსარჩელის (მისი წარმომადგენლის) სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ფაქტი და ის, რომ მას სხდომაზე შესაძლო გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსათვის წინასწარ არ უცნობებია. აღნიშნული, თავის მხრივ, სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების მიზეზი გახდა.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები (გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები) ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

20. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობას, რაც წინამდებარე განჩინების 8.2-8.4 ქვეპუნქტებშია ასახული და სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 71-ე მუხლის პირველი ნაწილზე და 73-ე მუხლის მე-8 ნაწილზე მითითებით ,,მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩათვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს (70.1 მუხლი); სასამართლო უწყება ადრესატს ჰბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით (71.1 მუხლი); ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით (73.8 მუხლი)", განმარტავს, რომ კანონის თანახმად, საპროცესო სამართლით დადგენილი წესები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, განვრცობითი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას არ იძლევა, რადგანაც ეს სამართლებრივი ნორმების ერთიანობას დაარღვევდა და წინააღმდეგობაში მოვიდოდა პროცესუალური ფორმალიზმის პრინციპთან. ამ პრინციპის არსი კი, ისაა, რომ ყოველი საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილი წესებისა და ფორმალობების ზედმიწევნით დაცვით.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო უწყება მოსარჩელეს გაეგზავნა მის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე და ჩაჰბარდა მოსარჩელე კომპანიის ოფისმენეჯერს (იხ. ტ.1. ს.ფ. 150). მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მითითებული მისამართი წარმოადგენს მოსარჩელე კომპანიის ადგილსამყოფელს. კასატორის პრეტენზიის პასუხად, რომლის თანახმად, კომპანიის ოფისმენეჯერისათვის უწყების ჩაბარება, კომპეტენტური პირისათვის უწყების ჩაბარებად არ მიიჩნევა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კომპანიის ოფისმენეჯერი, ზოგადი განმარტების თანახმად, ოფისის მმართველს ნიშნავს, რაც, მათ შორის გულისხმობს, დამატებითი უფლებამოსილების (მინდობილობის) მინიჭების გარეშე, კომპანიის სახელზე შესული კორესპონდენციის როგორც ჩაბარების, ისე შესაბამისი პირისა თუ სამსახურისათვის გადაცემის ვალდებულებასაც. შესაბამისად, ოფისმენეჯერისათვის უწყების ჩაბარება ნიშნავს კომპანიისათვის უწყების ჩაბარებას (შდრ. იხ. სუსგ: #ას-1310-1154-2010, 15.02.2011წ; #ას-766-733-2014, 22.09.2014წ; #ას-1707-1601-2012, 4.02.2013წ).

22. საკასაციო სასამართლო, აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ კასატორის საკასაციო პრეტენზიები დაუსაბუთებელია და დამატებით განმარტავს, რომ სსსკ-ის 70.1 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, საქმის განხილვის შესახებ მხარეს აცნობოს, რა მიზნითაც უფლებამოსილია, საპროცესო დოკუმენტები ან უშუალოდ მხარეს, ან მის წარმომადგენელს ჩააბაროს. უწყების მხარისათის ჩაბარება წარმომადგენლისათვის ჩაბარებად მიიჩნევა. ამასთან, სასამართლოს დისკრეციაა, სასამართლო უწყებას, რომელ მათგანს გაუგზავნის.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომის თაობაზე, თავად მხარეს, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ეცნობა და იმ შემთხვევაში, თუ იმ პერიოდისათვის, კომპანიას ახალი წარმომადგენლები ჰყავდა, მათი გაფრთხილების შესახებ, თავად მოსარჩელეს უნდა ეზრუნა. ამასთან, სასამართლოს მიერ უწყების შინაარსის უშუალოდ მხარის და არა მისი წარმომადგენლისათვის შეტყობინება, რაიმე სახის საპროცესო დარღვევად ან გაურკვევლობის შექმნის წინაპირობად ვერ შეფასდება.

24. საკასაციო სასამართლო, დამატებით აღნიშნავს, რომ ახალ წარმომადგენლებზე გაცემული მინდობილობა, 2018 წლის 22 მარტისათვის, სასამართლოს კანცელარიის მეშვეობის, ამ საქმეზე, მატერიალური სახით არ იყო წარდგენილი საქალაქო სასამართლოში, შესაბამისად, არც საქმეს ერთვოდა, რაც კასატორის წინამდებარე განჩინების 9.3-9.4 ქვეპუნქტში მითითებულ პრეტენზიებს გამორიცხავს.

25. საკასაციო სასამართლო, კასატორის წინამდებარე განჩინების 9.5 ქვეპუნქტში მითითებულ პრეტენზიასაც არ იზიარებს და განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო პრაქტიკას არ ადგენს და მოსამართლის თანაშემწის მიერ ერთეულ საქმეზე გამოხატული კეთილი ნება, მხარეს სხდომის თარიღის შესახებ შეახსენოს, დადგენილ სასამართლო პრაქტიკად ვერ მიიჩნევა, ამასთან, ამგვარი „შეხსენების“ ვალდებულება კანონიდან არ გამომდინარეობს.

26. საქართველოს უზენაესი სასამართლომ განმარტა, რომ „სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია“ (იხ. სუსგ ას-1108-1065-2016, 18.04.2017წ.).

27. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, საპროცესო კანონმდებლობით მოწესრიგებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის და გაუქმების წინაპირობები და შემთხვევები, მოცემულ საქმეში კი კანონის სრული დაცვით გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლიანობა კასატორმა ვერ დაასაბუთა.

28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ქ.მ.თ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს "ქ.მ.თ–ს" (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, სპს საადვოკატო ბიურო კ–ია, ჟ–ის (ს/კ .....) მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 765 ლარის (საგადასახადო დავალება N1534933329, გადახდის თარიღი 2018 წლის 22 აგვისტო), 70% – 535,5 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე