№ას-119-2019 24 აპრილი, 2019 წელი,
თბილისი
ამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოსარჩელეები) – მ.ნ., ზ.ჩ–ძე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – ნ.ჭ., ქ.რ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ.ნ–ამ (შემდეგში - პირველი მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) და ზ.ჩ–ძემ (შემდეგში - მეორე მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრეს ნ.ჭ–ასა (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) და ქ.რ–ძის (შემდეგში - მეორე მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 317-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე მუხლები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, მე-4, 102-ე და 105-ე მუხლები გამოიყენა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, პელანტების გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინებით, მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, ამავე სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით კი, მთავარი სხდომა დაინიშნა 2018 წლის 31 ოქტომბერს, 16:00 სთ-ზე. აპელანტების შუამდგომლობის საფუძველზე სხდომა გადატანილ იქნა 2018 წლის 14 ნოემბერს, 10:00 სთ-ზე.
4.2. 2018 წლის 14 ნოემბერს დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტები, რომლებსაც სხდომის თაობაზე ეცნობათ კანონის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, პირველი მოსარჩელე/აპელანტი სასამართლო სხდომის თაობაზე ინფორმირებულ იქნა 2018 წლის 5 ნოემბერს სატელეფონო შეტყობინებით (იხ. აქტი, ტ. 2. ს.ფ. 45, სადაც განმარტებულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები). მასვე ჩაჰბარდა სასამართლო უწყება მეორე მოსარჩელისთვის/აპელანტისთვის (ოჯახის წევრისთვის/მეუღლისთვის) გადასაცემად. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
5. სსსკ-ის 387-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მას შეუძლია ამავე კოდექსის 229-ე მუხლის პირობების დაცვით გამოიტანოს არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 387.1, 70-ე-78-ე, 215.3-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან არ არსებობდა სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადების სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოსარჩელეებმა. მათი განმარტებით, სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან სხდომაზე გამოცხადება ვერ შეძლეს საპატიო მიზეზით, სახელდობრ, მეორე მოსარჩელე სააპელაციო სასამართლოს სხდომის დღეს მძიმე დიაგნოზით გადაყვანილ იქნა შპს „ა.ა–ის სახელობის კლინიკაში“, საიდანაც 2018 წლის 17 ნოემბერს გაეწერა, პირველი მოსარჩელე კი, კლინიკაში ყოფნის მანძილზე უვლიდა მას.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
9. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტები, რომლებსაც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობათ მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ, სხდომაზე არ გამოცხადდნენ, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებაზე.
10. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს. სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.
11. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ (სსსკ-ის 229-242 მუხლები). შესაბამისად, აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, სსსკ-ის 229-ე მუხლის პირობების დაცვით გამოიტანოს არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
12. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ დაადგენს, რომ, აპელანტისთვის სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უწყების ჩაბარების მიუხედავად, იგი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იშუამდგომლებს ან თანხმობას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
14. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ. სუს. #ას-1445-1459-2011, 31.10.2011წ; #ას-1410-1330-2017; 30.01.208 წ).
15. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 14 ნოემბერს, 10:00 საათზე დანიშნულ მთავარ სხდომაზე, აპელანტები არ გამოცხადდნენ. ასევე დადგენილია, რომ მათი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა მეორე მოსარჩელის ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესება. ფორსმაჟორულ სიტუაციაში კი, ვერ შეძლო აღნიშნულის თაობაზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისთვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავამდყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოხმობილი ნორმა საპატიო მიზეზად განიხილავს არა მხოლოდ ავადმყოფობის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის შეუძლებლობას, არამედ იმ შემთხვევასაც, როდესაც პირი საერთოდ ვერ აცნობებს სასამართლოს გამოცხადების შეუძლებლობას და ამას მოგვიანებით დაადასტურებს კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი დოკუმენტით. ამ მხრივ პალატა ითვალისწინებს 2018 წლის 17 ნოემბერს გაცემულ, სააპელაციო სასამართლოს სხდომის დღეს პირველი მოსარჩელის ჯანმრთელობის ამსახველ, კერძო საჩივარზე დართულ სამედიცინო ცნობას (სტაციონარში მოთავსების თარიღი: 13.11.2018წ). ცნობა დამოწმებულია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელისა და მკურნალი ექიმის ხელმოწერებით, ასევე, დაწესებულების ბეჭდით, ამასთანავე, ცნობის შინაარსით ირკვევა, რომ პაციენტს აღენიშნებოდა მწვავე ცერებროვასკულური უკმარისობა უკანა ცირკულაციაში, ვერტებრული არტერიების დეფორმაცია, პაციენტს ჩაუტარდა კვლევა და, შემდგომი მკურნალობის მიზნით, მოთავსდა ნევროლოგიურ განყოფილებაში, საიდანაც 2018 წლის 17 ნოემბერს გაეწერა (იხ. ცნობა, ს.ფ. 64-65, ტ.2). ამდენად, გასაზიარებელია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ მათ სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი ჰქონდათ, რაც სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.
16. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ნ–ასა და ზ.ჩ–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი