№ას-320-2019 24 აპრილი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – რ.მ.
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს მ. „რ.ე.“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საქმისწარმოების განახლება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2018 წლის 24 მაისს შპს მ. „რ.ე–მა“ (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა რ.მ–ას (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 34 595.94 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; ფულადი ვალდებულების დაფარვა დადგინდა ქალაქ რუსთავში, ..... მდებარე ბინა #90/91-ის (საკადასტრო კოდით - №.....), მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით. იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, სააღსრულებო წარმოება მოპასუხის კუთვნილ სხვა ქონებაზეც მიექცა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით, დაუშვებლობის გამო, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის), 63-ე, 369-ე, 2591, 373-ე და 374-ე მუხლებით.
5. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის წარმომადგენელი ესწრებოდა 30.10.2018 წელს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (იხ. ს.ფ. 68. ტ.1), შესაბამისად, გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 30 ნოემბრიდან და 2018 წლის 13 დეკემბერს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაჰბარდა 2018 წლის 14 დეკემბერს, დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ მისი გაუქმებისა და ქვემდგომი სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
6.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, ვინაიდან ფოსტას 2018 წლის 13 დეკემბერს, საღამოს საათებში მიმართა, ოპერატორმა გზავნილი 14 დეკემბრის თარიღით გაატარა. ამდენად, სააპელაციო საჩივარი ვადის დაცვით წარადგინა, რაც დასტურდება შპს „ვ–ის“ დირექტორის მიერ 2019 წლის 20 თებერვალს გაცემული, საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ ცნობით და, არ არსებობდა მისი განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მარტის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
8. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია - სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის ვადის დარღვევით შეტანის გამო, მისი განუხილველად დატოვების კანონიერება.
9. საქმის მასალებით ირკვევა, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 30 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 13 დეკემბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2018 წლის 14 დეკემბერს.
10. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მან საპროცესო ნორმების სრული დაცვით წარადგინა სააპელაციო საჩივარი. ამ გარემოების დასადასტურებლად წარმოადგინა შპს „ვ–ის“ დირექტორის წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2018 წლის 13 დეკემბერს, 23:58 საათზე. სსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება, შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულება ცალსახად ადასტურებს სააპელაციო საჩივრის ვადაში გაგზავნის ფაქტს, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობას წარმოადგენს.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება, დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო საჩივარი სააპელაციო პალატას წარედგინა კანონმდებლობის სრული დაცვით. ამდენად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.მ–ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი