საქმე №ას-1371-2018 15 თებერვალი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ლ. ს-ი, ლ. კ-ი (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ც–ი (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)
თანამოპასუხე თავდაპირველ სარჩელზე _ ნოტარიუსი ო. ჭ–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – სანოტარო დადგენილების ბათილად ცნობა, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა (თავდაპირველ სარჩელში), სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების გზით, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის/შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა და სარჩელის/შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. მ. ც–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნოტარიუს ო. ჭ–ის, ლ. ს-ისა და ლ. კ-ის (შემდგომში _ პირველი, მეორე და მესამე მოპასუხე, მეორე და მესამე მოპასუხეები ასევე, წოდებული, როგორც პირველი აპელანტები ან კასატორები, ხოლო, ნოტარიუსი _ როგორც მეორე აპელანტი ან კასატორის მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 27 სექტემბერს გაცემული სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ #161115574 დადგენილების ბათილად ცნობა, ამავე ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 20 სექტემბერს გაცემულ #161085085 სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა - მითითება, რომ მოსარჩელემ მემკვიდრეობით საკუთრებაში სრულად მიიღო 1993 წლის 28 ოქტომბერს გარდაცვლილი ა. კ-ის (შემდგომში _ მამკვიდრებელი) სახელზე რიცხული ქ.თბილისში, რ.ჯ-ის ქ#7-ში (ყოფილი ზ--ის გასასვლელი #7) მდებარე უძრავი ქონების (ს/კ #01.15.02.059.0--, შემდგომში _ სამკვიდრო ქონება) 1/2 ნაწილი.
1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის მამის, ა. კ-ის სახელზე ირიცხებოდა სადავო უძრავი ქონება. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 1993 წლის 28 ოქტომბერს. მისი პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ მეუღლე და შვილები: მ. ც–ი, ი. კ-ი, ლ. კ-ი და შვილიშვილი (გარდაცვლილ ე. ს-ის შვილი) ლ. ს-ი. კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით მიიღო მხოლოდ მოსარჩელემ, რადგანაც აგრძელებდა ცხოვრებას დანაშთ სახლთმფლობელობაში, ხოლო სხვა მემკვიდრეებს არც ფაქტობრივი ფლობით და არც სანოტარო ორგანოში განცხადების წარდგენის გზით სამკვიდრო არ მიუღიათ. მოპასუხეებს, ასევე, ი. კ-ს, ოჯახის შექმნის შემდეგ სადავო ფართში არ უცხოვრიათ, რეგისტრირებული არიან და ფაქტობრივად ცხოვრობენ სხვა მისამართზე. მამკვიდრებლის სახელზე რიცხული უძრავი ქონება მის სიცოცხლეში გააუმჯობესა მოსარჩელის მეუღლემ, ი. ც–მა საკუთარი ფინანსური სახსრებით, მანვე მოსარგებლისაგან გამოისყიდა მშობლების მიერ ე. ს-ის ქორწილისათვის გასხვისებული მიწის ფართი. ი. კ-მა უარი თქვა მშობლების სამკვიდროს მიღებაზე. 2016 წლის 14 ივნისს მოსარჩელემ მიმართა ნოტარიუსს სადავო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით, რაზეც 2016 წლის 20 სექტემბერს გაიცა სამკვიდრო მოწმობა #161085085 უძრავი ქონების 1/3 ნაწილზე. 2016 წლის 23 სექტემბერს მოსარჩელემ კვლავ მიმართა ნოტარიუს ქონების დარჩენილ 2/3-ზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით, მაგრამ, ამავე წლის 26 სექტემბერს მიღებული დადგენილებით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ სამკვიდროზე პრეტენზიას აცხადებდა კიდევ ორი პირველი რიგის მემკვიდრე (მოპასუხეები). თავის მხრივ, ნოტარიუსმა ამავე დღეს მიღებული სანოტარო აქტით უარი უთხრა მოპასუხეებს სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, ვინაიდან ვერ დადგინდა მათ მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღება.
1.2. მეორე და მესამე მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ და მოითხოვეს მათ მიერ 1993 წლის 28 ოქტომბერს გარდაცვლილი მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის აღიარება და სადავო ქონების 1/3-1/3 ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.
1.2.1. შეგებებული სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სადავო უძრავ ქონებაში დაიბადა და აღიზარდა შეგებებული მოსარჩელეების დედა ე. კ-ი. ლ.კ-ს მიღებული აქვს მონაწილეობა ქონების გაუმჯობესებაშიც. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ დები ფაქტობრივად დაეუფლნენ სამკვიდროს, ვინაიდან ა.კ-ის მეუღლე, მათი დედა - ტ. მ-ა ხშირად ავადმყოფობდა, შვილები და შვილიშვილები აქცევდნენ მას ყურადღებას, პატრონობდნენ, ხშირად უწევდათ მასთან ერთად ყოფნა. მამკვიდრებლის ორმოცამდე ტ. მ-ამ შეგებებულ მოსარჩელეებს გადასცა მოძრავი ნივთები, მათ შორის: მაჯის საათი, პერანგის სამაგრი ღილები, ვერცხლის კოვზები, დანა-ჩანგალი, ბროლის ჭიქები, სამარილეები, რომლებსაც დღემდე სამახსოვროდ ინახავენ. 2003 წლის 20 მარტს, ტ. მ-ას გარდაცვალების შემდეგ, თავდაპირველი მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების ქმედებებით შეგებებულ მოსარჩელეებს შეეზღუდათ სამკვიდრო ქონებით სარგებლობის უფლება.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. პირველმა მოპასუხემ თავდაპირველი სარჩელის წინააღმდეგ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა და განმარტა, რომ 2016 წლის 26 სექტემბრის სანოტარო აქტი (მთლიან ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ) შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, ვინაიდან სანოტარო ბიუროში არსებობდა მამკვიდრებლის სხვა პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეთა განცხადებები, რომლებიც პრეტენზიას გამოთქვამდნენ კუთვნილ წილზე. მართალია, 2016 წლის 27 სექტემბრის დადგენილებით მეორე და მესამე მოპასუხეს უარი ეთქვათ სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, ვინაიდან ვერ დადგინდა მათი მხრიდან სამკვიდროს დაუფლების ფაქტი, თუმცა, მემკვიდრეთა შორის წილის თაობაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, დავა სასამართლოს განსახილველია და თუ სხვა მემკვიდრეებმა სამკვიდრო ვერ მიიღეს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზეც, მხოლოდ ასეთ დროს წარმოეშობა სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეს ნოტარიუსისგან დამატებითი სამკვიდრო მოწმობის მიღების უფლებამოსილება;
2.2. მეორე და მესამე მოპასუხემ ასევე არ ცნო თავდაპირველი სარჩელი იმ დასაბუთებით, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში ნოტარიუსისათვის მიუმართაობის მიუხედავად მოპასუხეებმა მიიღეს სამკვიდრო, რადგანაც ფაქტობრივად დაეუფლენ როგორც უძრავ, ისე _ მოძრავ ქონებას. მამკვიდრებლის მეუღლე, ტ. მ-ა ცხოვრობდა სადავო მისამართზე, რომელიც გარდაცვალებამდე ავადმყოფობდა, ხოლო შვილი - ლ. კ-ი და შვილიშვილი - ლ. ს-ი სისტემატურად აკითხავდნენ მას, უვლიდნენ და ხშირად იმყოფებოდნენ სადავო სახლში, ვინაიდან მემკვიდრეთა შორის არსებობდა დავა წილთა გაყოფის თაობაზე, 2016 წლის 26 სექტემბერს ნოტარიუსის მიერ გაცემული დადგენილება კანონშესაბამისია;
2.3. თავდაპირველმა მოსარჩელემ ასევე არ ცნო შეგებებული სარჩელი და მის წინააღმდეგ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა. მისი განმარტებით, შეგებებული მოსარჩელეები ფაქტობრივი ფლობით არ დაუფლებიან სამკვიდროს. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ტ. მ-ას უვლიდნენ მხოლოდ მოსარჩელე და ი. მ-ი, მეორე და მესამე მოპასუხე მიდიოდნენ მხოლოდ სანახავად, არ დარჩენილან ღამით და 2016 წლამდე არ გამოუთქვამთ პრეტენზია სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით. ტ. მ-ას გარდაცვალების შემდეგ შეგებებული მოსარჩელეები ასევე სტრუმრობდნენ დის ოჯახს, ჰქონდათ ერთმანეთთან თბილი ურთიერთობა, რისი დასტურიცაა ლ. ს-ის მხრიდან თავდაპირველი მოსარჩელის შვილიშვილის მონათვლა 2010 წლის 28 აგვისტოს. რაც შეეხება მხარეთა აპელირებას მოძრავ ნივთებზე, ისინი მამკვიდრებლის საკუთრებას არ წარმოადგენდნენ, ამასთან, დედის _ ე. ს-ის სიცოცხლეში შვილიშვილი - ლ. ს-ი ვერ იქნებოდა მემკვიდრე.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ ნოტარიუსის 2016 წლის 27 სექტემბრის #161115574 დადგენილება, ცვლილება შევიდა 2016 წლის 20 სექტემბრის #161085085 სამკვიდრო მოწმობაში და მიეთითა, რომ მოსარჩელემ მემკვიდრეობით საკუთრებაში სრულად მიიღო 1993 წლის 28 ოქტომბერს გარდაცვლილი მამკვიდრებლის სახელზე რიცხული ქ.თბილისში, რ.ჯ-ს ქ#7-ში (ყოფილი ზ-ის გასასვლელი #7) მდებარე უძრავი ქონების 1/2 ნაწილი, ამავე გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი უარყოფილ იქნა.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა. პირველი სააპელაციო საჩივრით მოთხოვნილია გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა, ასევე, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო, მეორე სააპელაციო საჩივრით _ გადაწყვეტილების გაუქმება და აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით პირველი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მეორე სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მეორე აპელანტისათვის თავდაპირველი მოსარჩელის სასარგებლოდ პროცესის ხარჯების დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ნოტარიუსი გათავისუფლდა ამ ხარჯის გადახდისაგან, ხოლო, პროცესის ხარჯები თავდაპირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ მეორე და მესამე მოპასუხეს.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შეგებებულმა მოპასრჩელეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო, შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 1993 წლის 30 ოქტომბერს გარდაიცვალა მამკვიდრებელი. გარდაცვალების მომენტისათვის მის კანონისმიერ პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ: მეუღლე - ტ. მ-ა, შვილები: ე. კ-ი, მ. ც–ი (ქორწინებამდელი გვარი - კ-ი), ლ. კ-ი და ი. კ-ი;
1.2.2. მამკვიდრებლის გარდაცვალებისას, მის სახელზე ირიცხებოდა ქ.თბილისში, ზ-ის გასასვლელის #7-ში (კ-ის #7) მდებარე უძრავი ქონების ½ (მთლიანი სახლთმფლობელობის მახასიათებელია: უ.დ. დოკუმენტით არსებული ფართი: ლიტერი „ა“, საერთო ფართით - 62.79 კვ.მ, საცხოვრებელი ფართით - 42.63 კვ.მ, დამხმარე ფართით - 20.16 კვ.მ, სარდაფი, ფართით - 20.90 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საერთო ფართი - 736 კვ.მ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული მონაცემების თანახმად, ქალაქ თბილისის მთავრობის 2002 წლის 13 ივნისის #10.05.173 დადგენილების საფუძველზე, თბილისში, ზ-ის ქუჩას რ. ჯ-ის სახელი მიენიჭა. ა. კ-ი გარდაცვალებამდე რეგისტრირებული იყო და ფაქტობრივად დასახელებულ ქონებაში ცხოვრობდა). გარდაცვლილის მიერ დატოვებული ანდერძი საქმის მასალებში არ მოიპოვება;
1.2.3. თავდაპირველი მოსარჩელე 1971 წლის 11 თებერვლიდან რეგისტრირებულია სადავო მისამართზე. მამის გარდაცვალებისას იგი სამკვიდრო ქონებაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა;
1.2.4. მამკვიდრებლის გარდაცვალებისას, მის სამკვიდრო ქონებაში მეუღლე - ტ. კ-ი (მ-ა) ცხოვრობდა. ეს უკანაკსნელი 2003 წლის 20 მარტს გარდაიცვალა;
1.2.5. მეორე მოპასუხე 1982 წლის 27 იანვრიდან რეგისტრირებულია ქ.თბილისში, მ-ში, ზემო პლატოს მე-8 კორპუსში მდებარე #28 ბინაში, ე. ს-ი 1993 წლის 21 აპრილიდან რეგისტრირებულია ქ.თბილისში, მ-ის მე-4 კვარტალში, მე-5 კორპუსის #36 ბინაში. ე. ს-ი 2009 წლის 5 დეკემბერს გარდაიცვალა. მის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს წარმოადგენს მეორე მოპასუხე, რომელიც 1993 წლის 21 აპრილიდან რეგისტრირებულია ქ.თბილისში, მ-ში, პირველი კვარტლის მე-5 კორპუსში მდებარე #36 ბინაში. 2010 წლის 28 აგვისტოს მეორე მოპასუხემ მონათლა თავდაპირველი მოსარჩელის შვილიშვილი;
1.2.6. სამკვიდრო მოწმობის გაცემის განცხადების დამოწმების შესახებ სანოტარო აქტის N160642171 მიხედვით, ნოტარიუსს მამკვიდრებლის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით 2016 წლის 14 ივნისს მიმართა მოსარჩელემ _ შვილმა. ნოტარიუსის მიერ დადასტურებული #160642326 სანოტარო აქტის თანახმად, 2016 წლის 14 ივნისს ი. კ-მა განაცხადა, რომ მას ა. კ-ის სახელზე რიცხული სამკვიდრო ქონება არც ქონების ფაქტობრივი დაუფლებით და არც სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანით არ მიუღია. მას არ გააჩნდა პრეტენზია აღნიშნულზე და არც მომავალში ექნებოდა. მისთვის ცნობილი იყო, რომ თავდაპირველი მოსარჩელე იღებდა სამკვიდრო მოწმობას აღნიშნულ ქონებაზე. #160760967 სანოტარო აქტის მიხედვით, 2016 წლის 11 ივლისს შეგებებულმა მოსარჩელეებმა მიმართეს სანოტარო ორგანოს 1993 წლის 30 ოქტომბერს გარდაცვლილი ა. კ-ის სამკვიდრო ქონებაზე, სხვა თანამემკვიდრეებთან ერთად კუთვნილ წილზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით;
1.2.7. 2016 წლის 20 სექტემბერს თავდაპირველმა მოსარჩელემ საკუთრებაში მემკვიდრეობით მიიღო გარდაცვლილი მამის დანაშთი ქონების 1/3 ნაწილი. ნოტარიუსის მიერ დადასტურებული #161103221 სანოტარო აქტის მიხედვით, 2016 წლის 23 სექტემბერს მოსარჩელემ მიმართა მამკვიდრებლის დანაშთი ქონების დარჩენილ 2/3 ნაწილზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით, თუმცა, #161115574 დადგენილებით, განმცხადებელს უარი ეთქვა ქონების 2/3 ნაწილზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე მანამ, სანამ არ იქნებოდა წარდგენილი სასამართლოს გადაწყვეტილება მემკვიდრეების: ლ. ს-ისა და ლ. კ-ის მიერ აღნიშნული სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებაზე;
1.2.8. 2016 წლის 27 სექტემბრის #161114300 დადგენილებით, შეგებებულ მოსარჩელეებს მამკვიდრებლის დანაშთი ქონებიდან მათ კუთვნილ წილებზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე ნოტარიუსმა უთხრა უარი მანამ, ვიდრე არ იქნებოდა წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილება მემკვიდრეების მიერ სამკვიდრო ქონების მიღებაზე ფაქტობრივი ფლობით;
1.2.9. შეგებებული მოსარჩელეების მიერ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი საქმის მასალებით ვერ დგინდება (შეგებებულ მოსარჩელეებს სამკვიდრო წილის მისაღებად ნოტარიუსისათვის კანონით დადგენილ ვადაში არ მიუმართავთ, თუმცა, ისინი ამტკიცებენ, რომ სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი დაუფლების გზით მიიღეს. კერძოდ, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მათ მფლობელობაში მოექცა, როგორც მამკვიდრებლის პირადი, ასევე _ საოჯახო ნივთები, ასევე ისინი რეგულარულად მიდიოდნენ სადავო ბინაში. საქმის მასალებით სადავო მოძრავი ნივთების მამკვიდრებლისათვის კუთვნილება არ დასტურდება, ასევე, არ დგინდება მათი მემკვიდრეებისთვის გადაცემის კონკრეტული დრო. აპელანტები აცხადებდნენ, რომ ისინი მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ ხშირად მიდიოდნენ სადავო სახლში, რაც მათ სამკვიდროს მიღების ფაქტს ადასტურებდა, თუმცა, უდავოა ის ფაქტი, რომ ლ. ს-ი 1993 წლის 21 აპრილიდან რეგისტრირებულია და ცხოვრობს სხვა მისამართზე, ხოლო, ლ. კ-ი _ 1982 წლის 27 იანვრიდან. აპელანტებმა ზეპირი ახსნა-განმარტებით დაადასტურეს, რომ სადავო ქონება მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილს არ წარმოადგენდა. მეორე სააპელაციო საჩივარში აპელანტები აცხადებენ, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ ისინი დედას/ბებიას სისტემატურად „სტუმრობდნენ“, რაც სამკვიდროს ფაქტორივ ფლობას არ წარმოადგენს. ამ დასკვნას ამყარებს აპელანტების ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებიც: კერძოდ, სააპელაციო საჩივარში და ასევე, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მათ განაცხადეს, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ ისინი ძალიან ხშირად მიდიოდნენ სადავო ბინაში, თუმცა, 2003 წლიდან, მას შემდეგ რაც დედა გარდაიცვალა, მოწინააღმდეგე მხარე ყველა ღონეს ხმარობდა, რათა ისინი სამკვიდრო ქონებაში არ შეეშვა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ 2010 წლის 28 აგვისტოს ლ. ს-მა მ. ც–ის შვილიშვილი, მარიამ ც–ი მონათლა. გარდა ზემოაღნიშნულისა, ლ. ს-ი დანაშთი ქონების ფაქტობრივი ფლობის პირობებშიც კი, მამკვიდრებლის მემკვიდრედ ვერ იქნებოდა მიჩნეული. იგი მამკვიდრებლის შვილიშვილია. მამკვიდრებლის გარდაცვალებისას, 1993 წელს ცოცხალი იყო აპელანტის დედა _ ე. ს-ი, რომელიც 2009 წლის 5 დეკემბერს გარდაიცვალა. ე. ს-ი მამის სამკვიდროში შემავალ ქონებას არ დაუფლებია, უფრო მეტიც, 1993 წლის 21 აპრილიდან ის რეგისტრირებული იყო სხვა მისამართზე, დაოჯახების შემდეგ სადავო ბინაში არ ცხოვრობდა);
1.2.10. მემკვიდრეთა შორის სამკვიდროდან კუთვნილ წილზე დავის პირობებში ნოტარიუსმა იმოქმედა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის“ 88-ე მუხლისა და სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლის შესაბამისად და არ არსებობს მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობები.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა სრულად უარყოფს კასატორთა ძირითად არგუმენტს მათ მიერ სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების შესახებ და განმარტავს, რომ როგორც თავდაპირველი, ისე _ შეგებებული სარჩელის საფუძველს წარმოადგენს დაუფლების გზით სამკვიდროზე საკუთრების უფლების წარმოშობა. ორივე მხარე მიუთითებს ფაქტებზე, რომლებიც დამტკიცების შემთხვევაში, მოთხოვნას იურიდიულად გაამართლებდა, თუმცა, როგორც თავდაპირველი, ისე _ შეგებებული სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლით სადავოდაა გამხდარი სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტები, ანუ ეს ფაქტები მტკიცების საგანში შემავალია და მათი მტკიცება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, მოსარჩელეების ტვირთს წარმოადგენს. თავდაპირველმა მოსარჩელემ ხსენებული ტვირთი დაძლია, ვინაიდან მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ სადავო სახლში რეგისტრაციითა და ქონების შემდგომი მართვით მან დაადასტურა საკუთარი შინაგანი ნების არსებობა, საკუთრებაში მიეღო სამკვიდრო, რაც შეეხებათ შეგებებულ მოსარჩელეებს, პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა იძლევა კასატორთა პოზიციის საპირისპირო პრეზუმფციის დაშვების საფუძველს, კერძოდ, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მესამე მოპასუხეს ნივთთან სამართლებრივი კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6-თვიანი ვადის ფარგლებში და მან მიუხედავად სამკვიდროს თავისად მიჩნევისა, და შემდგომ, მსგავსად მესაკუთრისა, ქონების მართვის ფაქტი ვერ დაადასტურა, ამ მხრივ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები სრულად შეესაბამება საქმის მასალების კვლევის საპროცესო სტანდარტს (სსსკ-ის 105-ე მუხლი), რომელსაც კასატორი ვერ აქარწყლებს, მეორე მოპასუხესთან მიმართებით კი, სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად აღნიშნა, რომ ის არათუ დაუფლების, არამედ, პაპის დანაშთ ქონებაზე პრეტენზიის გაცხადების უფლების მქონე სუბიექტს არც კი წარმოადგენდა (იხ. სამოტივაციო ნაწილის პ.პ. 1.2.9.). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის შესაბამისად, მართებულად განსაზღვრა კანონის დროში მოქმედების პრინციპი და სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე სამკვიდროს გახსნის გამო, დადგენილი ფაქტების სუბსუმირება სამოქალაქო სამართლის კოდექსის მოწესრიგებასთან სწორად განახორციელა (მსგავს საკითხზე იხ. სასამართლო პრაქტიკა: სუსგ №ას-62-60-2016, 17 ივნისი, 2016 წელი). მან სწორად მოიძია სასარჩელო მოთხოვნათა დამფუძნებელი ნორმა _ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლი, სწორად განმარტა მისი აბსტრაქტული ელემენტები და მხარეთა შეჯიბრებითობის წარმართვით მართებულად დაადგინა დავის ფაქტობრივი გარემოებები. საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო, კასატორები ვერ ამტკიცებენ მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორები ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორები ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებენ მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
ვინაიდან წინამდებარე განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლადაა მიჩნეული, პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 1 129,8-1 129,8 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ს-ისა და ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ლ. ს-ს (პ/#0-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ქ. ო-ის მიერ კასატორის სახელით 30.10.2018წ. #12 საგადახდო დავალებით გადახდილი 1 614 ლარის 70% _ 1 129,8 ლარი.
3. კასატორ ლ. კ-ს (პ/#0-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ქ. ო-ის მიერ კასატორის სახელით 30.10.2018წ. #12 საგადახდო დავალებით გადახდილი 1 614 ლარის 70% _ 1 129,8 ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი