№ას-110-110-2018 18 მაისი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – შპს „ს.ს.წ.ი. და ა.ს.ს.ც.“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – თ.გ.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ს.ს.წ.ი. და ა.ს.ს.ც–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი, დამსაქმებელი, საზოგადოება ან სამედიცინო ცენტრი) გენერალური დირექტორის - ი.ს–ას #8/03 ბრძანებით, თ.გ–ა (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან დასაქმებული) 2015 წლის 9 მარტიდან დაინიშნა საფინანსო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.
2. მოსარჩელის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 3000 (დასაბეგრი) ლარს.
3. 2015 წლის 9 მარტს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებას ხელს აწერდა საზოგადოების გენერალური დირექტორი.
4. 2015 წლის 1 ივნისს გენერალურმა დირექტორმა გამოსცა #23-1/03 ბრძანება მოსარჩელის 2015 წლის 1 ივნისიდან ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე იმავე ანაზღაურებით გადაყვანის შესახებ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 18).
5. მოსარჩელე არ ყოფილა რეგისტრირებული ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში. ასეთ პირად, რეესტრში რეგისტრირებული იყო მხოლოდ გენერალური დირექტორი.
6. სამედიცინო ცენტრის დამფუძნებლის 2015 წლის 12 ნოემბრის N2 გადაწყვეტილებით(შემდეგში - სადავო გადაწყვეტილება), მოსარჩელე გათავისუფლდა ფინანსური დირექტორის თანამდებობიდან. ამავე გადაწყვეტილებით, გენერალურ დირექტორს დროებით შეეზღუდა უფლებამოსილებანი ფინანსურ საკითხებსა და თანამშრომელთა დანიშვნა-გათავისუფლების სფეროებშიც. ამავე დროს, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად, გენერალური დირექტორის გარდა, დარეგისტრირდა ახალი ფინანსური დირექტორი.
7. სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელს წარმოადგენდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს საპატრიარქო.
8. 2015 წლის 14 დეკემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
8.1. მოსარჩელის მტკიცებით, დამსაქმებელმა იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა, რადგანაც ვერ დასტურდებოდა რაიმე საფუძვლიანი და ლეგიტიმური წინაპირობა, რომელიც სადავო გადაწყვეტილების მართებულობას დაასაბუთებდა.
9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მიუთითა, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა იმ მიზეზით, რომ იგი არ გამოირჩეოდა შესაბამისი შრომისუნარიანობით და ვერ ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობებს, რაც საკმარისი საფუძველი იყო სამსახურიდან დათხოვნისათვის.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის დამფუძნებლის 2015 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება №2 მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის - ერთი წლის შრომის ანაზღაურების - 36000 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით) გადახდა; მოსარჩელეს სარჩელის დანარჩენ ნაწილში უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე და 24-ე მუხლები; სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 და მე-7 მუხლები; ევროპის სოციალური ქარტიის პირველი და მე-4 მუხლები; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-4 მუხლი; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები - CASE OF SILIADIN V. FRANCE; CASE OF I.B. v. GREECE; CASE OF OBST v. GERMANY; CASE OF SCHUTH v. GERMANY; CASE OF BAKA v. HUNGARY; CASE OF IVANOVA v. BULGARIA; საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი; საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის(შემდეგში სშკ-ის) 1-ლი, მე-2, 31-ე, 37-ე, 38-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის(შემდეგში სსკ-ის) 316-ე, 317-ე და 976-ე მუხლები.
11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
12.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ მოსარჩელე, როგორც საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (დირექტორი), სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული არ ყოფილა. დამფუძნებელი პარტნიორის გადაწყვეტილებით, საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად, წესდებით განისაზღვრა მხოლოდ გენერალური დირექტორი, მასვე მიენიჭა საწარმოს დაქირავებულ მუშაკებთან შრომითი ხელშეკრულებების დადების უფლებამოსილება. სწორედ მან მიიღო სამუშაოზე მოსარჩელე, რომელიც არასდროს ყოფილა ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირი.
12.2. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ, მიუხედავად იმისა, მოსარჩელის მიერ ბოლოს დაკავებული თანამდებობა იწოდებოდა - „ფინანსურ დირექტორად“, იგი წარმოადგენდა ჩვეულებრივი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე საზოგადოების გენერალური დირექტორის მიერ დაქირავებულ პირს - დასაქმებულს და, შესაბამისად, მის გათავისუფლებაზე უფლებამოსილ პირი იყო გენერალური დირექტორი.
12.3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პარტნიორთა მიერ დირექტორის დანიშვნა განსხვავდება შრომის სამართალში არსებული ისეთი ურთიერთობისაგან, როგორიცაა: „სამუშაოზე მიღება“, „სამუშაოზე აყვანა“ ან სხვაგვარი დაქირავება. დირექტორის დანიშვნით არ ხდება მისი „მუშაკად დაქირავება“, არამედ დანიშვნა დირექტორს აქცევს შპს-ს ორგანოდ და მის კანონიერ წარმომადგენლად. დირექტორთან სამართლებრივი ურთიერთობა სრულდება, როგორც მისი გამოწვევით - ასევე ხელშეკრულების შეწყვეტით. ეს კი იმავე ორგანოს კომპეტენციაა, ვინც იგი თანამდებობაზე დანიშნა. სწორედ ზემოთ მითითებული პირობების დაცვით დანიშნულ დირექტორთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, არაფერი აქვს საერთო შრომით კანონმდებლობასთან და წესრიგდება სამეწარმეო სამართლით.
12.4. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დირექტორისა და დაქირავებული მუშაკის დანიშვნა/განთავისუფლების საკითხზე გამოსაყენებელი კანონმდებლობის განსაზღვრის თაობაზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარი პრაქტიკა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება მას არ ეწინააღმდეგება. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია ამასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ შრომის კოდექსით მოწესრიგებულია საწარმოს დირექტორსა და მის დაქირავებულ მუშაკს შორის ჩვეულებრივი შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, ხოლო დირექტორის საქმიანობა არის სამეწარმეო, მისი ურთიერთობა საზოგადოების პარტნიორებთან წესრიგდება მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით. შესაბამისად, საზოგადოების დირექტორის ფუნქციათა თავისებურებებიდან გამომდინარე, დავის გადასაწყვეტად საქართველოს შრომის კოდექსით ხელმძღვანელობა, ისევე, როგორც პირიქით - დაქირავებული მუშაკის განთავისუფლების საკითხის მეწარმეთა შესახებ კანონით მოგვარება, არ შეიძლება.
12.5. სააპელაციო პალატამ მტკიცების ტვირთის განაწილებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა - მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან არამართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. პალატის აზრით, გადაწყვეტილება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოვლენილი ნებაა, რომელიც ეწინააღმდეგება შრომით კანონმდებლობას და ამიტომაც კანონიერად იქნა ცნობილი ბათილად.
15.6. პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მოპასუხის მიერ მითითებული აუდიტის დასკვნა ვერ ჩაითვლებოდა იმის მტკიცებულებად, რომ მოსარჩელე არაკეთილსინდისიერად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს და ჰქონდა მნიშვნელოვანი ფინანსური დარღვევები. პირველ რიგში, მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა 12.11.2015წ. გადაწყვეტილებით, მოპასუხის მიერ მითითებული აუდიტის დასკვნა (ტ.I, ს.ფ.43-124) კი, თარიღდებოდა 20.12.2015წ.-ით, ანუ იგი არ იყო ჯერ მომზადებული მოსარჩელის გათავისუფლების დროს და, შესაბამისად, გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების საფუძველი ვერ იქნებოდა. მეორე მხრივ, აუდიტის დასკვნა მოიცავდა მოპასუხე საზოგადოების საგადასახადო და ფინანსურ ანგარიშგებას 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის 1 სექტემბრამდე, მოსარჩელე კი, მოპასუხე საზოგადოებაში დასაქმებული იყო მხოლოდ 2015 წლის 9 მარტიდან 2015 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით. შესაბამისად, აუდიტორული კვლევა ჩატარდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე მოსარჩელე დასაქმდებოდა და არ ასახავს მხოლოდ მოსარჩელის დასაქმების პერიოდში არსებულ შედეგებს. ამასთან, დასკვნა არ შეიცავდა მითითებას კონკრეტულად მოსარჩელის მიერ მისი ვალდებულებების უხეში დარღვევების შესახებ, რამაც გავლენა იქონია მოპასუხის ფინანსურ მდგომარეობაზე და რაც შეიძლება, გამხდარიყო მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. ერთადერთი დარღვევა, რაც მოსარჩელეს უკავშირდებოდა, იყო შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მის სახელზე 500 ლარის გაცემა, რაც, რა თქმა უნდა, ვერ შეფასდება უხეშ დარღვევად. მოპასუხე საზოგადოების წესდების მიხედვით, გენერალური დირექტორი ერთპიროვნულად მართავდა საზოგადოებას და პირადად აგებდა პასუხს მის სამეურნეო შედეგებზე. ამდენად, მოსარჩელე არ შეიძლება, მიჩნეული ყოფილიყო, თუნდაც მისი დასაქმების პერიოდში საზოგადოების სამეურნეო შედეგებზე პასუხისმგებელ სუბიექტად.
15.7. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება და მიუთითა, რომ ფინანსური დირექტორობა გახდა საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობა, რაც მოსარჩელის დასაქმებისას ასე არ ყოფილა. გადაწყვეტილებით გენერალურ დირექტორს დროებით შეეზღუდა უფლებამოსილება ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით და დადგინდა, რომ საზოგადოების ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ფინანსურ დარგში დამოუკიდებლად უნდა განეხორციელებინა ახალ ფინანსურ დირექტორს. ფინანსური დირექტორის თანამდებობა ისევ არსებობდა, თუმცა ამ თანამდებობაზე დანიშნული პირი იყო არა შრომითსამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე საწარმოსთან დაკავშირებულ პირი, არამედ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი სუბიექტი, რომელთანაც ურთიერთობა წესრიგდებოდა მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე. შესაბამისად, სასამართლომ მართებულად არ მიიჩნია რეესტრში რეგისტრირებული და მეწარმეთა შესახებ კანონის ფარგლებში პასუხისმგებელი „ფინანსური დირექტორის“ თანამდებობა იმავე ან ტოლფას თანამდებობად, ანუ შრომითსამართლებრივად საზოგადოებასთან დაკავშირებულ სამუშაო ადგილად.
15.8. პალატამ მიუთითა, რომ, რადგანაც მოსარჩელის აღდგენა მის პირვანდელ სამუშაო ადგილზე, შეუძლებელია, ამასთან, არ დგინდება არც მისი ტოლფასი თანამდებობის არსებობა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკისრა მოპასუხეს კომპენსაციის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. შესაბამისად, აპელანტის მოთხოვნა მისი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის ნაწილში, უსაფუძვლო იყო.
15.9. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გასაცემი კომპენსაციის მხოლოდ ერთი წლის მიუღებელი ხელფასის ოდენობით განსაზღვრა (36 000 ლარი), იყო გონივრული და არ არსებობდა მისი შეცვლის საფუძველი.
16. მოპასუხემ აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შემდეგი საფუძვლებით:
16.1. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელე ფინანსური დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა სამედიცინო ცენტრის 100 %-იანი წილის მფლობელი დამფუძნებლის მინდობილმა პირმა, რომელსაც ჰქონდა მისი გათავისუფლების სრული ფორმალური უფლება და საფუძველი. სასამართლომ არასწორად შეაფასა სადავო გარემოება, როგორც შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, რადგანაც საკითხი სამეწარმეო სამართლის სფეროს განეკუთვნებოდა.
16.2. კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა მხოლოდ შრომის კოდექსით და არ გამოიყენა მეწარმეთა შესახებ კანონი, ასევე არაარსებითი იყო შრომის კოდექსის 38 მუხლის გამოყენებაც.
16.3. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელე არაკომპეტენტურია, იგი არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად ასრულებდა თავის საქმიანობას, რაც დადასტურდა აუდიტის დასკვნით. დასკვნა მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, თუმცა სასამართლომ ეს მტკიცებულებად არ მიიჩნია დავის გადასაწყვეტად და მიუთითა მის საბოლოო შედგენის თარიღზე.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
20. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
21. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან კასატორს მათ წინააღმდეგ დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია (სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
22. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთი სწორად გადანაწილდა მხარეებს შორის სწორედ იმ სპეციფიკურობის გათვალისწინებით, რაც შრომითსამართლებრივი ურთიერთობისათვისაა დამახასიათებელი. განსახილველ დავაში დაცულია კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი, რაც სამართალწარმოებისას უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის (სსსკ-ის მე-4-5 მუხლები) საფუძველზე დავის განხილვასა და გადაწყვეტას.
23. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სადავო ურთიერთობა სამეწარმეოსამართლებრივი ურთიერთობის სფეროს განეკუთვნება. პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში დავის მოსაწესრიგებლად გამოყენებულ სამართლებრივ ნორმებს და მიუთითებს მსგავსი კატეგორიის დავაზე არსებულ სასამართლო პრაქტიკას, რომლის მიხედვით (იხ., სუსგ №ას-23-23-2016, 09 მარტი, 2016 წელი; 2001 წლის 30 მარტის განჩინება №3კ/259-01, 2003 წლის 26 ივნისის განჩინება №ას-68-767-03) დირექტორსა და საზოგადოებას შორის დირექტორის თანამდებობის დაკავებასთან და ამ თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობა არ არის ტიპური შრომითსამართლებრივი ურთიერთობა დამქირავებელსა და დაქირავებულ მუშაკს შორის. ეს არის თავისებური კორპორაციული ურთიერთობა, რომლის მიმართაც შრომის კოდექსის გავრცელება არ შეესაბამება მეწარმეთა შესახებ კანონის მოთხოვნებს. შრომის კოდექსით მოწესრიგებულია საწარმოს დირექტორსა და მის მიერ დაქირავებულ მუშაკს შორის შრომითი ურთიერთობა, რომელიც, ჩვეულებრივ, შრომითსამართლებრივი ხასიათისაა, ხოლო დირექტორის თანამდებობის დაკავებასთან და ამ თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს მეწარმეთა შესახებ კანონით.
24. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მოწესრიგებულია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის საკითხები. ნორმის მე-7 პუნქტი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე, სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკორპორაციო სამართალი ერთმანეთისაგან განასხვავებს საწარმოს დირექტორის დანიშვნასა და მის შრომით თანამდებობაზე განწესებას. პირის დანიშვნის ცნება მოიაზრებს დირექტორის დანიშვნას მის ორგანულ თანამდებობაზე, რაც ამ აქტის კორპორაციულსამართლებრივ და ცალმხრივ ხასიათზე მიუთითებს. იგი დირექტორის დანიშვნის ფაქტის მარეგისტრირებელი ორგანოს მეშვეობით გასაჯაროებისა და, შესაბამისად, დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის ნების შესრულების საფუძველია. სწორედ რეგისტრაციის მომენტიდან ხდება დირექტორი უფლებამოსილი, განახორციელოს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი, რაც შეეხება შრომით თანამდებობაზე განწესების აქტს, იგი წარმოადგენს იურიდიულ პირსა და დირექტორს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომლითაც მხარეებს შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ფინანსური დირექტორის თანამდებობა ჩვეულებრივი შრომითი ხასიათისაა, იგი დაინიშნა გენერალური დირექტორის მიერ გარკვეული ფუნქციების შესასრულებლად და, უდავოა, რომ, როგორც საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (დირექტორი) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, მასზე ვერ გავრცელდება მეწარმეთა შესახებ კანონი, რომელიც ეხება სწორედ იმ დირექტორს, რომელიც თავიდანვე ასეთად არჩეულია საზოგადოების დამფუძნებელთა მიერ, აღჭურვილია შესაბამისი უფლებამოსილებებით, წესდების შესაბამისად და საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (დირექტორის) შესახებ მონაცემები რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.
25. საკასაციო პალატა, ასევე, არ ეთანხმება კასატორის პრეტენზიას, რომ საზოგადოების 100 %-იანი დამფუძნებელი იყო უფლებამოსილი პირი, მიეღო მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება. სამედიცინო ცენტრის წესდების მე-8 მუხლით, საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია გენერალური დირექტორი. მას ნიშნავს დამფუძნებელი, თავის მხრივ, გენერალური დირექტორი - აღმასრულებელ დირექტორს, დირექტორებს სამკურნალო და სამეურნეო დარგში. წესდების 6.7. მუხლით, გენერალური დირექტორი ერთპიროვნულად ახორციელებს საზოგადოების მართვას და პირადად აგებს პასუხს მის სამეურნეო შედეგებზე. დებს ხელშეკრულებებს ფიზიკურ და იურიდული პირებთან, ხსნის ანგარიშებს ბანკში, საჭიროების შემთხვევაში - იღებს სესხებს, სამუშაოზე იღებს და ათავისუფლებს მუშაკებს, წყვეტს მათი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს, ამტკიცებს საზოგადოების მართვის სტრუქტურასა და საშტატო განრიგს, შეაქვს ცვლილებები მასში. ამდენად, დამფუძნებელი პარტნიორის გადაწყვეტილებით, საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად წესდებით განისაზღვრა მხოლოდ გენერალური დირექტორი, მასვე მიენიჭა საწარმოს დაქირავებულ მუშაკებთან შრომითი ხელშეკრულებების დადების უფლებამოსილება. სწორედ მან მიიღო სამუშაოზე მოსარჩელე, რომელიც არასდროს ყოფილა ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირი. როგორც ზემოთაა აღნიშნული, თავისი არსით, მოსარჩელის თანამდებობა ჩვეულებრივი შრომითი ხასიათის იყო და მისი გათავისუფლების უფლებამოსილება, ისევე, როგორც დანიშვნისა, ჰქონდა დაწესებულების გენერალურ დირექტორს და არა შპს-ს პარტნიორს.
26. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, შრომით სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალური სტანდარტი, კერძოდ, „სამართალწარმოებაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ორი ძირითადი წესი: ზოგადი წესი, რომელიც, სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად ეკისრება თითოეულ მხარეს, და სპეციალური წესი, რომელსაც თავად გამოსაყენებელი მატერიალური ნორმა აწესებს. შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს და, ამდენად, უნდა ვიხელმძღვანელოთ მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით, რომლის თანახმად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს აქვს მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები“ (შდრ. სუსგ # ას-483-457-2015, 07.10.2015).
27. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დამსაქმებელი ვალდებული იყო, ემტკიცებინა მოსარჩელის არაკომპეტენტურობა, მის მიერ საქმიანობის არაკეთილსინდისიერი და არაჯეროვანი შესრულება, რომელიც ამ უკანასკნელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა. აღნიშნულის დასამტკიცებლად კასატორმა მიუთითა აუდიტის დასკვნაზე. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს ამასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი გამოკვლევის შედეგად არ დგინდება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
28. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული ნორმის გამოყენების საკითხზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სხვა საქმეზე განმარტა შემდეგი: „დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დასახელებულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება, იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს „პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (შდრ. სუსგ Nას-951-901-2015, 29.01.2016წ.; N ას-931-881-2015., 29.01.2015წ).
29. სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიზნებისთვის ტოლფასი სამუშაო ნიშნავს, როგორც ფუნქციური დატვირთვით, ისე, შრომის ანაზღაურების მხრივ მსგავსს, განსახილველ შემთხვევაში, თუმცა სამედიცინო ცენტრის ფინანსური დირექტორის ადგილი არსებობს, მაგრამ ამ თანამდებობაზე დანიშნული პირი არის არა შრომითსამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე საწარმოსთან დაკავშირებულ პირი, არამედ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი სუბიექტი, რომელთანაც ურთიერთობა წესრიგდება მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით აღნიშნული თანამდებობის ტოლფასად მიჩნევის პირობებშიც შეუძლებელია მოსარჩელის აღდგენა. ამ თვალსაზრისით, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ უდავო გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ტოლფასად მიჩნეული თანამდებობა არ არის ვაკანტური და იგი მესამე პირმა დაიკავა, შესაბამისად, მოსარჩელის აღდგენით შეილახება ამ უკანასკნელის უფლებები, რომელიც ამ თანამდებობაზე ლეგიტიმურად არის დანიშნული, რაც დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს იმისთვის, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვას ფინანსური დირექტორის - როგორც ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნაზე.
30. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ამ ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული საკასაციო პარეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილი). აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით მოპასუხეს კომპენსაციის გადახდა სწორად დააკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, შეუძლებელი იყო მოსარჩელის აღდგენა როგორც პირვანდელ, ასევე - ტოლფას სამუშაოზე.
31. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სშკ არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის - როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ. 272).
32. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს გონივრულ და სამართლიან კომპენსაციად მიაჩნია ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე მოსარჩელის მიერ მისაღები ხელფასის ერთი წლის ოდენობა, რაც 36000 ლარს შეადგენს.
33. საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის, რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისას, დამსაქმებელმა არჩევანისას უნდა იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ განჩინებაში განმარტებულია შემდეგი: საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულისათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ ამ პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში. დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რა ღონისძიებები გაატარა დამსაქმებელმა, რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის დაკავებული თანამდებობის შენაჩუნება, ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომწესრიგებელი თითოეული საფუძვლის გამოყენებამდე, დასაბუთებული უნდა იყოს მისი გამოყენების წინაპირობა (იხ. სუსგ № ას-941-891-2015, 29.01.2016 წ.; შდრ. საქმე # 1124-1080-2016, 10.03.2017წ.).
34. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
35. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი. ამდენად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
37. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო
კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ს.ს.წ.ი. და ა.ს.ს.ც–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ შპს „ს.ს.წ.ი. და ა.ს.ს.ც–ს“ (....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1800 ლარის (საგადახდო დავალება #145, გადახდის თარიღი 26.02.2018) 70% – 1260 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი