Facebook Twitter

№ას-191-2019 24 აპრილი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – ა.გ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოსაჩელე) – ნ.გ.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქალაქ თბილისში, ....... მდებარე #6 ბინა, მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდით №...... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება ან სადავო ქონება), 2017 წლის 28 სექტემბრიდან, გამოსყიდვის უფლებით, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ნ.გ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) საკუთრებაა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ. 15, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).

2. მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ სადავო უძრავ ქონებას ა.გ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს.

3. მოპასუხე უძრავ ნივთს არ ათავისუფლებს, მიუხედავად იმისა, რომ მფლობელობა მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.

4. 2018 წლის 11 მაისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 172-ე მუხლის პირველი ნაწილი). ის ამტკიცებდა, რომ 2017 წლის 28 სექტემბრიდან სადავო ქონების მესაკუთრეა, თუმცა მოპასუხე მაინც განაგრძობს მისი ნივთის უკანონოდ ფლობას და, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებს მას.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.

5.1. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალების ასლები გაუგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 70-ე-78-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით; აღნიშნული გზავნილი 2018 წლის 15 ივნისს ჩაჰბარდა მოპასუხის დედას. მოპასუხეს შესაგებელი უნდა წარედგინა სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. მითითებულ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.

5.2. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 2321 მუხლზე (მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას) და აღნიშნა, ვინაიდან მოპასუხემ შესაგებელი არ წარადგინა და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებია სასამართლოსათვის, არსებობდა მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა.

5.3. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობდა სსსკ-ის 170-ე, და 172-ე მუხლების საფუძვლებიდან, შესაბამისად, სარჩელში ჩამოყალიბებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას.

6. მოპასუხემ საჩივარი (იხ. ს.ფ. 43-46) წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, მისი გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით. საჩივრის ავტორის მტკიცებით, შესაგებლის წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, სახელდობრ, სასამართლო გზავნილი ჩაჰბარდა დედამისს, რომელსაც აქვს მეხსიერების მწვავე პრობლემები, შესაბამისად, იგი ვერც იმაში გაერკვა, თუ რა გზავნილი ჩაიბარა და ვერც დაიმახსოვრა, რომ ვალდებული იყო, გზავნილი ადრესატისათვის დროულად გადაეცა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს განჩინებით, მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების თაობაზე უარყოფილ იქნა. შესაბამისად, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

7.1. სასამართლომ მტკიცების ტვირთის განაწილებაზე გაამახვილა ყურადღება და მიუთითა, რომ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხის დედას, რომელსაც ჩაჰბარდა სასამართლო გზავნილი, მეხსიერების მწვავე პრობლემა აქვს, საჩივრის ავტორს ეკისრებოდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორმა ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება.

8. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით. აპელანტის მტკიცებით, დედამისს აქვს მეხსიერების მწვავე პრობლემა და სასამარლო გზავნილი მისთვის არ გადაუცია, რაც სასამართლოში შესაგებლის ვადაში წარუდგენლობის მიზეზი გახდა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

9.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ წერილობითი შესაგებლის წარსადგენად მოპასუხეს განსაზღვრული ჰქონდა 10 დღის ვადა, მაგრამ ზემოაღნიშნულ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებია სასამართლოსთვის. პალატამ აპელანტის მსჯელობა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი საპატიო მიზეზით ვერ წარადგინა, არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ საქმეში არ იყო წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასამართლო გზავნილის ჩამბარებელი პირის (მოპასუხის/აპელანტის დედის), დაავადებას (მეხსიერების მწვავე პრობლემას).

10. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა 2018 წლის 29 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ 2018 წლის 20 აგვისტოს განჩინება, მათი გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით. კასატორის მტკიცებით, დედამისს აქვს მეხსიერების მწვავე პრობლემები, რის გამოც ვერ გაერკვია, რა გზავნილი ჩაიბარა და ამასთან, ვერ დაიმახსოვრა, რომ ვალდებული იყო, ადრესატისათვის გზავნილი გადაეცა, შესაბამისად, სასამართლო გზავნილი მისთვის არ გადაუცია, რაც გახდა შესაგებლის წარდგენის ვადის გაშვების მიზეზი.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სსსკ-ის 2321 მუხლის შესაბამისად მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება.

15. სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.

16. ამდენად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიას და განმარტავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის ვლინდებოდა ყველა კანონისმიერი წინაპირობა, კერძოდ, სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოპასუხე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას სარჩელი და თანდართული მასალები დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული და ამომწურავად განმარტებული - 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ეს ფაქტობრივი წინაპირობები განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა მოთხოვნას იურიდიული თვალსაზრისით. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელ მატერიალურსამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება ქმნის თუ არა მოთხოვნის მომწესრიგებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. თავის მხრივ, მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები ამომწურავადაა რეგლამენტირებული კანონშიც და შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიჩნეულია შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო, ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არსებობს სხვა საპატიო მიზეზი, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის (სსსკ 241-ე მუხლი).

17. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ მას კანონით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებია სარჩელი და თანდართული მასალები, კერძოდ, დედამისისთვის გზავნილის ჩაბარება სასამართლომ არ უნდა მიიჩნიოს ადრესატისათვის (მოპასუხისათვის) ჩაბარებად, ვინაიდან მისი ოჯახის წევრს აქვს მეხსიერების პრობლემები, შესაბამისად, ეს უკანასკნელი ვერ გაერკვა თუ რა დოკუმენტი ჩაიბარა და არც გადაუცია იგი მოპასუხისათვის. შესაგებლის წარუდგენლობის თაობაზე კასატორის ზემოაღნიშნულ მსჯელობას საკასაციო პალატა არ ეთანხმება, ამასთან, სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და დამატებით განმარტავს, რომ კასატორმა, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სასამართლო გზავნილის ჩამბარებელი პირის/კასატორის დედის მძიმე ავადმყოფობა (მეხსიერების მწვავე პრობლემა). ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

18. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია ასევე, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ, მოსარჩელის უფლება ნივთზე, დადასტურებულია საჯარო რეესტრის ამონაწერით (სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ისეთ შემთხვევებში, როდესაც, მაგალითად, დავა უძრავ ნივთზე უფლებას შეეხება ან საქმეში წარმოდგენილია პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებები, სამართლებრივი მართლწესრიგი მოითხოვს, რომ ეს მტკიცებულებები შეფასდეს სასამართლოს მხრიდან, რაც, მოცემულ შემთხვევაში, დაცულია). ამ განჩინების აღწერილობითი ნაწილის 1.4 პუნქტში მითითებული, დადასტურებულად ცნობილი ფაქტები იურიდიულად ამართლებს ვინდიკაციურ სარჩელს 172-ე მუხლის საფუძველზე, კერძოდ, ამ ნორმის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს, რომ: ა) არის ქონების მესაკუთრე; ბ) მოპასუხე ფლობს ქონებას; გ) მფლობელს არ გააჩნია სადავო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის მართლზომიერი საფუძველი (სსკ-ის 159-ე და 162-ე მუხლები), მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ამ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს და, შესაბამისად, ისინი დამტკიცებულად მიიჩნევა.

19. აქედან გამომდინარე, პალატა ასკვნის, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ნივთის ვინდიცირების საკითხზე, ასევე, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (შდრ. სუსგ №ას-729-682-2017, 29 სექტემბერი, 2017 წელი). კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს შეუქმნიდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

21. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ა.გ–ს (.....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 11.03.2019) 70% – 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი