¹ბს-158-149(კს-06) 10 მაისი, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ა. კ.-ე და მესამე პირი _ გ. ც.-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - საქმის წარმოების შეჩერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ალ. ბ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ა. კ.-ის მიმართ ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.
მოპასუხე _ ა. კ.-მ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკაყოფილებაზე უარის თქმა.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ბ.-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ. თბილისში, ქუთაისის ¹15-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის 1993 წლის 30 მარტის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე ხანდაზმულობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ალ. ბ.-მ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 2006 წლის 6 თებერვლის სასამართლო სხდომაზე, ალ. ბ.-ის წარმომადგენელმა მ. ს.-მ წარადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის შსს III განყოფილებიდან ცნობა, რომლითაც ირკვეოდა, რომ ამავე განყოფილების წარმოებაშია სისხლის სამართლის ¹02051738 საქმე მოქ. ვ. ბ.-ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის საბუთების გაყალბების ფაქტზე.
აღნიშნულის გამო აპელანტის წარმომადგენელმა იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 6 თებერვლის განჩინებით ალ. ბ.-ის სააპელაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება სისხლის სამართლის საქმის გადაწყვეტამდე.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ა. კ.-მ და მ. ც.-მა.
კერძო საჩივარში კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განხილვა შეაჩერა არა რაიმე საპროცესო დოკუმენტის, არამედ დიდუბე-ჩუღურეთის შს სამმართველოს მესამე განყოფილების უფროსი გამომძიებლის ცნობის საფუძველზე. როგორც ცნობიდან ირკვევა, მესამე განყოფილებას წარმოებაში აქვს საქმე მოქ. ვ. ბ.-ის საცხოვრებელი ბინის საბუთების გაყალბების ფაქტზე და მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, გაყალბებულია თუ არა ვ. ბ.-ის ხელმოწერები მისი ბინის საბუთებზე. აწ. გარდაცვლილმა ვ. ბ.-მ 1993 წელს სასამართლოს მეშვეობით გაარკვია თავისი უფლებები სადავო ფართზე და დადგინდა მისი სარჩელის უსაფუძვლობა. კ.-ეების ოჯახს სადავო ფართი გადაეცა არა ვ. ბ.-ის ნება-სურვილით, არამედ გამგეობის გადაწყვეტილებით, რასაც ვ. ბ.-ის ხელმოწერა არ სჭირდებოდა და აქედან გამომდინარე, გაუგებარია, ვ. ბ.-ის ხელმოწერის გაყალბებაზე მიმდინარე გამოძიებას რა კავშირი აქვს გამგეობის გადაწყვეტილებით გაცემული ფართის საკითხის გადაწყვეტასთან, მით უფრო, რომ კერძო საჩივრის ავტორების მითითებით, სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება არა ვ. ბ.-ის ხელმოწერათა სიყალბეს, არამედ იმას, რომ თითქოს ალ. ბ.- ჩაწერილი იყო სადავო ფართში და მისი თანხმობის გარეშე მომხდარი პრივატიზაცია უკანონოა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვ. ბ.-ის ხელმოწერა საბუთებზე მართლაც გაყალბებული რომ იყოს, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ალ. ბ.-ის სააპელაციო საჩივრის გადაწყვეტისათვის.
საქართველოს სსკ-ის 279-ე მუხლის «დ" პუნქტი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულებას, თუ ამ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე. მარტო ის გარემოება, რომ შეიძლება ორივე საქმე ერთსა და იმავე ფართს ეხებოდეს, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, არ არის საქმის განხილვის შეჩერების საფუძველი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორები ითხოვდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 6 თებერვლის განჩინების გაუქმებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 10 მარტის განჩინებით ა. კ.-ისა და მესამე პირის - გ. ც.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. კ.-ისა და გ. ც.-ის კერძო საჩივარი ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლად მითითებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტზე.
მითითებული მუხლის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ სხვა კატეგორიის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა საქმის გადაწყვეტისათვის. იმავდროულად, აღნიშნული მუხლი, სასამართლოს მხრიდან, საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულებას უკავშირებს, საქმის შემდგომი განხილვის შეუძლებლობას.
ამდენად, საქმის წარმოების შეჩერებისას, სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, თუ რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მიერ განიხილება, კერძოდ, გამომდინარეობენ თუ არა ისინი ერთი და იგივე საფუძვლებიდან ან სამართლებრივი ურთიერთობიდან.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოსარჩელე (აპელანტი) ალ. ბ.-ე პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილობას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ სადავო ფართში ჩაწერილი იყო ის, რის გამოც გამგეობას არ ჰქონდა ფართის გასხვისების უფლება. საგულისხმოა, რომ მამის ვ. ბ.-ის თანხმობის სავალდებულობაზე მოსარჩელე მიუთითებს მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნაში (ს.ფ.5), არც სარჩელში და არც სააპელაციო საჩივარში ალ. ბ.-ე მოთხოვნის საფუძვლად არ მიუთითებს მამამისის ხელმოწერების გაყალბების ფაქტს.
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდის, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოების შეჩერებისას არ გამოუკვლევია და არ დაუსაბუთებია, რა სამართლებრივ კავშირშია ვ. ბ.-ის ხელმოწერის გაყალბების ფაქტი წინამდებარე დავასთან, გამომდინარეობენ თუ არა ისინი ერთიდაიგივე სამართლებრივი საფუძვლებიდან და ხელმოწერის სიყალბის ფაქტი იქონიებს თუ არა გავლენას განსახილველ დავაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება, რის გამოც კერძო საჩივარი ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. კ.-ისა და გ. ც.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 თებერვლის განჩინება და კერძო საჩივარი ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.